მთავარი,სიახლეები

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლეთა აქცია

16.02.2019
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლეთა აქცია

დღეს, 16 თებერვალს, კიდევ ერთი აქცია გაიმართა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. ამჯერად აქციას ცოტა მონაწილე ჰყავდა, მაგრამ აქვე დაანონსეს კიდევ უფრო ხალხმრავალი აქცია, რომელიც შემდეგში აჭარის ტელევიზიასთან გაიმართება.

ბენო ჭელიძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი და მის თანამოაზრეები აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერს ითხოვენ და დებატებში იწვევენ ზაალ მიქელაძეს – აჭარის ჯანდაცვის მინისტრს. იმ შემთხვევაში, თუ ზაალ მიქელაძე დებატებში არ მიიღებს მონაწილეობას, ბენო ჭელიძე პირობას დებს, რომ „ახდის ფარდას მათ მოღალატეობრივ ქმედებას, როგორც აქამდე“.

ბენო ჭელიძე და მისი თანამოაზრეები ითხოვენ სასწრაფოდ ამოქმედდეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. მათ ეჭვი აქვთ, რომ სახელმწიფო გეგმავს რესპუბლიკურის ახალაშენებულ შენობა კორპორაცია „ევექსს“ მიყიდოს.

„ეს შენობა თითქმის ერთი წელია ტყუილად დგას და ფუნქციონირებაში არ უშვებენ, ფინანსებს არ ითვლიან, შტატებით არ აკომპლექტებენ. გამოვიდა ამას წინათ ჩვენი მინისტრი და შემდეგი მორიგი ტყუილი და სისულელე დააბრეხვა, რომ თითქოს 15 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს – ნაწილი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ნაწილი საქართველოს. საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი ჩვენი მუხტის გასანელებლად. ვინ დათვალა, რომ 15 მილიონი სჭირდება, საიდან იციან, რომ არ სჭირდება ან 5 მილიონი ან 30 მილიონი. რატომ არ ითვლიან, რას არ ელოდებიან? ერთადერთი ახსნა აქვთ – ის შეთქმულება გრძელდება. მათ პროგრამა მინიმუმი შეასრულეს – „ევექსის“ პროგრამა მინიმუმი იყო, რომ არ გაშვებულიყო ახალი რესპუბლიკური, მათი კონკურენტი მოქმედებაში. მაქსიმუმი იყო მისი ხელში ჩაგდება, მაგრამ მაქსიმუმი ვერ მოახერხეს… ჩვენი მაქსიმუმი იყო ეს საავადმყოფო ფუნქციონირებაში გაშვებულიყო დროულად, შარშან აგვისტოში და მინიმუმი იყო, რომ ის არ ჩაეგდო „ევექსს“ ხელში. ჩვენი პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ ეს საავადმყოფო გახდეს აჭარა-გურიის რეგიონის მთავარი საავადმყოფო, რომელიც განსაზღვრავს მაღალი დონის მომსახურებას, ნორმალურ სერვისებს, ხარისხს და ასევე ხელფასს“.

ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ გასხვისების წინააღმდეგ აქამდეც გამართა რამდენიმე აქცია იგივე ჯგუფმა, რომლებიც ნაწილობრივ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები არიან. მათი ერთ-ერთი მორიგი აქციის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისება არ იგეგმება. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ამუშავებს პროექტს, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო, ეტალონური კლინიკა, რომელიც იქნება სახელმწიფოს მართვაში, სახელმწიფოს საკუთრებაში“ და მათ შორის იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოც.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: