მთავარი,სიახლეები

როცა ყოფილი პატიმარი ათსულიან ოჯახს არჩენს

06.03.2019
როცა ყოფილი პატიმარი ათსულიან ოჯახს არჩენს

48 წლის ბადრი გობრონიძის ათსულიან ოჯახში, სადაც ის მეუღლესთან, დასთან, დედასთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს, მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობს – თავად ბადრი და მისი და.

8 წელი სახანძრო სამსახურში მუშაობდა და ინდმეწარმეობასაც ეწეოდა. 2009-2012 წლებში კი ბადრი ციხეში აღმოჩნდა – ფინანსური გადაცდომების ბრალდებით მიუსაჯეს პატიმრობა. ერთი მუხლით რვა წელს უსჯიდნენ, მერე მუხლით – ხუთს. ჯამში 13 წელი უნდა ყოფილიყო პატიმრობაში, თუმცა, როგორც ბადრი ჰყვება, საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა, რისთვისაც ოჯახმა 20 000 ლარი გადაიხადა.

ბადრი გობრონიძეს ახლა მეტალოპლასტმასის, ლამინატის, ხის პანელებისა და თაბაშირ-მუყაოს ტიხრების საამქრო აქვს. საამქროში სამნი მუშაობენ და თანაბრად ინაწილებენ მოგებასა და ზარალსაც.

სარემონტო მასალებზე მუშაობა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადება გათავისუფლების შემდეგ ისწავლა.

„ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სახანძროში ვეღარ ვიმუშავებდი ნასამართლობის გამო. იძულებული გავხდი, ახალი საქმე მესწავლა. ოჯახს დიდი ზიანი მიადგა ჩემი პატიმრობით, ფეხს რომ წამოკრავ რაიმეს, წაიქცევი და ძლივს დგები – ასე ვარ, ვწვალობ და ნელ-ნელა ფეხზე ვდგები“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.

ბადრი გობრონიძემ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის შესახებ თანასოფლელისგან შეიტყო, პროგრამაში ჩაერთო და მას შემდეგ, რაც მისი საქმიანობა შეამოწმეს, საამქროსთვის საჭირო ინვენტარი გადაეცა უფასოდ.

ბადრის თქმით, ამ დახმარებას მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

„კარგად იცით, როგორ უჭირთ ყოფილ პატიმრებს დასაქმება, ნებისმიერი საქმის თავიდან დაწყება. ბევრი ასეთი პროექტი უნდა არსებობდეს, ჩემ ირგვლივ ამ პროგრამის დახმარებით ბევრმა ყოფილმა პატიმარმა მეცხოველეობას მიჰყო ხელი, ზოგმა თხილი მოაშენა, ან საამქრო მოაწყო“. – ამბობს პროექტის ბენეფიციარი.

მიუხედავად იმისა, რომ ბადრი სოფელში ცხოვრობს და მიწის ნაკვეთიც აქვს, იქ ვერაფერი მოჰყავს, რადგან მიწა დაქანებულია, შესაბამისად, შეუძლებელია ნაკვეთის დამუშავება პროდუქტის მოსაყვანად.

მეტალოპლასტმასის საამქროში მუშაობა ბადრი გობრონიძისთვის ერთადერთი საშუალებაა ათსულიანი ოჯახის სარჩენად.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: