ჩაქვი-ციხისძირის სანაპირო ზოლისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა


ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება ახალი რეგულაციები, მოიცავს დაბა ჩაქვის, ბუკნარისა და ციხისძირის სანაპირო ზოლს – მდინარე ჩაქვისწყლის შესართავიდან ე.წ. ბობოყვათის რეზიდენციამდე. ბუკნარსა და ციხისძირში ეს ტერიტორია მოქცეულია ძირითადად ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალსა და ზღვას შორის.

ამ ტერიტორიაზე რეგულირების ახალი წესები 2019 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „იმ ობიექტებზე, რომლებზეც განაშენიანების რეგულირების წესების ძალაში შესვლამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი, ან წარდგენილია განაცხადი პროექტის შეთანხმებაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახალი წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი“.

ამ ობიექტებზე კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა შესაძლებელია განაშენიანების რეგულირების გეგმით დამტკიცებული წესების შესაბამისად. ცვლილებებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია შეითანხმებს.

დაბა ჩაქვისა და ციხისძირის ტერიტორიული განვითარების ძირითადი მიზნები [დოკუმენტიდან]:

  • ტერიტორიის ურბანული  განვითარების  პოლიტიკის  ჩამოყალიბება  და  ქალაქთმშენებლობითი  დოკუმენტაციის შემუშავება დაბალანსებული და მდგრადი განვითარებისთვის
  • ტურისტულ-სარეკრეაციო, საკუროტო და სამკურნალო პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება; სპორტულ-გასართობი კომპლექსების განვითარება
  • ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განვითარება გარემოს ხარისხის ამაღლებისა და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდის გზით
  • ურბანულ-ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • მოსახლეობისათვის ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული საარსებო გარემოს შექმნა
  • სივრცის /ტერიტორიების/ გამოყენებისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, ფიზიკური და იურიდიული, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესების ურთიერთშეთანხმება

უფლებრივი ზონირების დოკუმენტების განხორციელების მიზნით, ტერიტორია იყოფა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სამხედრო დანიშნულების, სარეკრეაციო, საკურორტო-სარეკრეაციო, საცხოვრებელ, სატრანსპორტო, საზოგადოებრივ-საქმიან და სპეციალურ ზონებად.

განაშენიანებაში მოქცეულ ტერიტორიაზე გამოყოფილია ნაკვეთები ვილებისთვის [მაქსიმუმ 3-სართულიანი], საოჯახო სასტუმროებისთვის [მაქსიმუმ 5-სართულიანი], მსხვილი სასტუმროებისთვის [მაქსიმუმ 10-სართულიანი].

ჩაქვი-ციხისძირის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსთან უშუალოდ დაკავშირებული ტერიტორია კი მოიცავს დაბა ჩაქვს და იმ ნაწილს, სადაც რკინიგზის სადგურია განთავსებული. გეგმაში აღნიშნულია, რომ „დაბა ჩაქვის რკინიგზის სადგურის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანი იქნება ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის სატრანსპორტო მომსახურებისთვის, ამასთან ამ დასახლებაში შესაძლებელია განვითარდეს საცხოვრებელი განაშენიანებაც“.

რეგულაციის ფარგლებში, დასახლებული ტერიტორიების პარალელურად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დამუშავდა სოფელ ციხისძირისა და ბუკნარის არეალში ნაკლებად დასახლებული ლანდშაფტურად შედარებით რთული რელიეფის განაშენიანების მქონე ტერიტორიის პერსპექტიული განაშენიანებაც:

„საინვესტიციო კუთხით მომავალში მიმზიდველობის უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორია დაიგეგმა როგორც სარეკრეაციო ზონა. გათვალისწინებული იქნა არსებულ მრავალფეროვან ლანდშაფტზე მინიმალური ანთროპოგენური ჩარევის უზრუნველყოფა. სარეკრეაციო ზონაში ძირითადად განთავსდა მისთვის დამახასიათებელი სამი ტიპის განაშენიანების ნაკვეთები“.

პირველი ტიპის ნაკვეთები წარმოადგენს დაბალი სიმჭიდროვის ინდივიდუალური სამ სართულამდე მანსარდით საცხოვრებელი სახლებითა და აგარაკებით განაშენიანებულ ნაკვეთებს, ფართობით 400-დან 800 კვ.მ-დე;
მეორე ტიპის ნაკვეთები ხუთ-ექვს სართულამდე საოჯახო ტიპის სასტუმრო შენობებით, ნაკვეთები ფართობით 1000-დან 2000 კვ.მ-დე;
მესამე ტიპის ნაკვეთები განაშენიანდა შედარებით დიდი მოცულობის, მაღლივი ტიპის სასტუმრო შენობებითა და კომპლექსებით, ნაკვეთები ფართობით 6000-დან 12000 კვ.მ-დე ფარგლებში.

ამ გეგმით, სოფელ ციხისძირისა და ბუკნარის არეალში დაგეგმარებული ტერიტორიის საერთო იერსახისა და ესთეტიკური მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, „ახალი მშენებლობის ან/და არსებული შენობების რეკონსტრუქციისას, თუ შენობა ნაგებობას გააჩნია ქანობიანი სახურავი ან მანსარდული ტიპის სართული – აუცილებელია ასეთი ტიპის სახურავი მოეწყოს აგურის ფერის პერფორირებული თუნუქით ან სხვა მასალით შესაბამისი ფერის (აგურის ფერი) შენარჩუნებით, გამონაკლისების გარეშე“.

დაბა ჩაქვისა და ციხისძირის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები არეგულირებს ქალაქთმშენებლობით საკითხებს, განსაზღვრავს სამართალურთიერთობას მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს; ადგენს უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენებისა და განაშენიანების სპეციალურ პირობებს.

განაშენიანების გეგმით 200 მ2-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე დასაშვებია საზოგადოებრივი   და საყოფაცხოვრებო მომსახურების/დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება განაშენიანებისათვის დაშვებულ არეალებში, ფუნქციური ზონით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად. განაშენიანებისათვის დაშვებულ არეალებში 200 მ2-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე დასაშვებია არსებული ნაგებობის რეკონსტრუქცია ფაქტობრივი ძირითადი გაბარიტების უცვლელად.

მიწის ნაკვეთებს და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც არ შეესაბამება დამტკიცებული წესების მოთხოვნებს, ენიჭებათ შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსი. ხოლო მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით არ შეესაბამება შესაბამისი ზონის განაშენიანების რეგულირების მოთხოვნებს და შესაბამისობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, ენიჭება განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა- ნაგებობების სტატუსი.

ასეთი ნაკვეთებისა და ნაგებობების შემდგომი განვითარება  [ტერიტორიის  გაფართოება, ფუნქციის/გამოყენების შეცვლა, რეკონსტრუქცია] ხორციელდება მხოლოდ შეუსაბამობის აღმოფხვრის ან შემცირების პირობით. შემცირების პირობები შესაძლებელია განისაზღვროს ეტაპობრივად, საბოლოო აღმოფხვრის მიზნით. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში კი, შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს ეხსნება შეუსაბამო სტატუსი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ტერიტორიის ისტორიული მეხსიერება და ის ობიექტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ მიკროკვარტლის ავთენტურობას. გასათვალისწინებელია შემდეგი სახის რეკომენდაციები:

  • აღნიშნული ტერიტორიის განვითარება უნდა დაიგეგმოს სწორედ ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის უნიკალურობის გათვალისწინებით. ახალმშენებლობისას ორიენტირი უნდა იქნეს აღებული მოცულობის ჰარმონიზება არსებულ  გარემოსთან
  • შესაძლებელია ახალი შენობის\შენობების განთავსება ძეგლის მიმდებარედ, თუმცა გასააზრებელია სწორედ შენობის მხატვრულ-სივრცობრივი კავშირი. ძეგლის  ინდივიდუალური დამცავი ზონების (კანონი კულტურული-მემკვიდრეობის შესახებ) შესაბამისად ახალი მოცულობა\მოცულობები უნდა ითვალისწინებდეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს და კორექტულად  ჩაეწეროს მასში
  • მოხდეს არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრულყოფილი კვლევა და განხორციელდეს სარესტავრაციო სამუშაო
  • ასევე საპროექტო უბანზე გხვდება მე-19-20 საუკუნის (მოდერნის, ნეოკლასიკური) სტილის სააგარაკო სახლები, რომლებსაც არ გააჩნია ძეგლის სტატუსი. აუცილებელია მათი სრულყოფილი კვლევა და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება (გაეწიოს რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე)“.

რეგულირების გეგმით გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ქალაქთმშენებლობითი შეზღუდვა და განსაზღვრულია მათი არეალები. კერძოდ: არსებული და სამომავლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ფიზიკური და ვიზუალური დაცვის ზონები; პეტრას ციხის, ნაკრძალისა და ანტიკური და ადრებიზანტიური სამარხოვნის დაცვის არეალები; არქეოლოგიური ზონა; სანიტარიული დაცვის ზონები; მდინარეთა გასხვისების ზოლები.

დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის ტერიტორია, რომლისთვისაც განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com