მთავარი,სიახლეები

როგორ გამოიყურება ახალი რესპუბლიკური და როდის გაიხსნება 2,2 მილიონით გაძვირებული შენობა (ფოტო)

06.03.2019 • 2345
როგორ გამოიყურება ახალი რესპუბლიკური და როდის გაიხსნება 2,2 მილიონით გაძვირებული შენობა (ფოტო)

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მშენებელ კომპანიასა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ შორის დადებული ბოლო შეთანხმებით 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

გარდა ამისა, ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი 2 211 987 ლარით გაძვირდა. შესაბამისად, მშენებლობა აჭარის ბიუჯეტს, საბოლოოდ, 24 384 751 ლარი დაუჯდება. ამ თანხის 93% [22 741 273 ლარი] მშენებელი კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია.

როდის დასრულდება მშენებლობა? – შპს „სტადიონში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ძირითადი, მათ შორის სახანძრო და შიდა კოსმეტიკური სამუშაოების 99,99 პროცენტი დასრულებულია და ახლა გარკვეულ ხარვეზებს ასწორებენ. ამიტომ, მშენებელ კომპანიას ვადა აღარ გაუგრძელდება და მას მშენებლობის დასრულების ვადის დარღვევისთვის ყოველდღიურად პირგასამტეხლო ერიცხება. მშენებელ კომპანიას ამ დროისთვის ჯარიმა დაახლოებით 80 ათასი ლარი აქვს გადასახდელი.

შპს „სტადიონში“ ამბობენ, რომ მშენებლობა 2019 წლის აპრილამდე საბოლოოდ დასრულდება. 2019 წლის 5 აპრილამდე აქვს ვადა კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის წარდგენილ საბანკო გარანტიასაც.

შპს „საბა კონსტრაქშენთან“ საავადმყოფოს მშენებლობაზე ხელშეკრულება 2016 წლის 18 იანვარს გაფორმდა და მშენებლობა 2018 წლის 18 მაისამდე უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში ცვლილება 11-ჯერ შევიდა.

„სტადიონში“ აცხადებენ, რომ პროექტის 2,2 მილიონი ლარით გაძვირება ახალი რეგულაციების ამოქმედებამ გამოიწვია, რაც თავდაპირველ პროექტში არ იყო გათვალისწინებული: „პროექტში შევიდა ცვლილება სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, ასევე გაუმჯობესდა სამედიცინო აირების მხრივ და სხვა. ობიექტი უკვე დაერთებულია ელექტროქსელზე, საკანალიზაციო და წყლის სისტემებზე. შენობას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად ჩავიბარებთ. რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებას – მშენებლობის ნებართვის გამცემი ბათუმის მერიაა და ეს საკითხიც მის კომპეტენციაში შედის“.

მშენებლობის დასრულების შემდეგ დღის წესრიგში დადგება საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარით აღჭურვის საკითხი, რისთვისაც თანხა ამ დრომდე არ არის გამოყოფილი – არც აჭარის და არც საქართველოს ბიუჯეტში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობაში სასწრაფოდ ამოქმედებას მოითხოვს საავადმყოფოს თანამშრომელთა ერთი ჯგუფი. ერთ-ერთი ბოლო აქცია საავადმყოფოს თანამშრომლებმა 2019 წლის 16 თებერვალს გამართეს. მათ ეჭვი აქვთ, რომ სახელმწიფო გეგმავს რესპუბლიკურის ახალაშენებული შენობა კორპორაცია „ევექსს“ მიჰყიდოს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ამ კლინიკის გაყიდვა არ იგეგმება და ის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება.

საავადმყოფოს აღჭურვის, მედპერსონალის გადამზადებასა და საავადმყოფოს მართვის შესახებ ახალ ინფორმაციას „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდება და მიღებისთანავე მოგაწვდით.

ახალი საავადმყოფოს შენობა ბათუმში / 6.03.2019 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო / 11.01.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო / 11.01.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო / 11.01.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“

ამავე თემაზე:

ახალი კლინიკისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში თანხა არ იქნება – რაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: