„კვალიფიკაციის ამაღლება და არაფორმალური განათლება არის ტოპინიციატივა, გართობასთან ერთად,“ – აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დავითაძე ასე ახალგაზრდების მოთხოვნებს აღწერს. ის უკვე ერთი თვეა ახალგაზრდებს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხვდება და საჭიროებების გამოკვეთას ცდილობს.
ალექსანდრე დავითაძე მინისტრის მოადგილედ პირველ თებერვალს ზუსტად ამ მიზნით დანიშნეს – ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება. მაშინ მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კონცეფცია მომზადდებოდა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს სამინისტრო კონკრეტულად ახალგაზრდებისთვის. მინისტრის განცხადებამდე კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს მისამართით თქვა: „უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით“.
რა კონცეფცია მოამზადა განათლების სამინისტრომ ახალგაზრდებისთვის? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვის საპასუხოდ, ალექსანდრე დავითაძემ გვიპასუხა, რომ კონცეფციაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და პროექტების სამუშაო განხილვა, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება. ალექსანდრე დავითაძე ადასტურებს, რომ ახალგაზრდული პროგრამებისთვის ცალკე სტრუქტურული ერთეული შეიქმნება – „სამინისტროს ქოლგის ქვეშ“.
„ჯერ ვერ გეტყვით კონკრეტულად, როდის შეიქმნება, ან რამდენი საშტატო ერთეული დასჭირდება ცალკე სტრუქტურას… უწყებაში შეიძლება დასაქმდეს ყველა, ვისაც ახალგაზრდული სულისკვეთება აქვს. კადრების შერჩევის ფორმაზე ჯერ ვერ გეტყვით, როგორ იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, იქ მხოლოდ ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ახალგაზრდებიც უნდა იყვნენ, რადგან ნათქვამია – „მუნჯის ენა ყველაზე კარგად დედამ იცისო“, – აღნიშნა ალექსანდრე დავითაძემ „ბათუმელებთან“.
დაანონსებული საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ფონზე ახალი საბიუჯეტო სტრუქტურის შექმნა ხომ არ უკავშირდება მმართველი პოლიტიკური ძალის გაძლიერების მცდელობას მომავალი არჩევნებისთვის? – მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ახალ სტრუქტურას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ ექნება.
„ეს პროგრამები იქნება იმ მოზარდებზეც, რომლებიც 18 წლამდე არიან… ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ,“ – დასძინა ალექსანდრე დავითაძემ.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გაიზრდება ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებაც, თუმცა რამდენით, ჯერჯერობით, უცნობია. ამ დროისთვის ამ მიმართულებით გათვალისწინებული ბიუჯეტი დაახლოებით 490 ათასი ლარია.
ალექსანდრე დავითაძემ არც კონკრეტული პროგრამები დაგვისახელა, რაზეც შესაძლოა ახალმა სტრუქტურამ იმუშაოს.
„ეს იქნება ძირითადად ახალგაზრდების ინტერნაციონალიზაციისკენ მიმართული პროგრამები… როგორც შეხვედრები აჩვენებს, მოთხოვნა არის გაცვლით პროგრამებზე, არაფორმალურ განათლებაზე, მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერებაზე, ასევე გართობაზე… ყველა ეს მიმართულება გაძლიერდება,“ – გვითხრა ალექსანდრე დავითაძემ.
რა იგულისხმება „გართობაში“ და რა სახის გართობას დააფინანსებს სამინისტრო ბიუჯეტის ფულით?
„გართობაში იგულისხმება მხოლოდ შემეცნებითი პროგრამები, მხოლოდ ეს,“ – დასძინა მინისტრის მოადგილემ ჩვენთან საუბრის დროს.