განათლება,მთავარი,სიახლეები

პრემიერ-მინისტრი: პედაგოგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია იქნება

07.03.2019
პრემიერ-მინისტრი: პედაგოგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია იქნება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა. პრემიერის განცხადებით, განათლების ბიუჯეტი ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი იქნება, რაც გამოიწვევს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების წახალისებას.

„ეს ნიშნავს, რომ განათლების სექტორი გახდება ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი,“-ამბობს პრემიერი.

მამუკა ბახტაძის თქმით, ამ რეფორმით საქართველო კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებს:

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავგზავნოთ ბაკალავრის თუ  მაგისტრის დიპლომის მისაღებად“.

ბახტაძის თქმით, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და არა პრივილეგია.

„ეს ნიშნავს, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა მსოფლიო დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში.

ეს იმას ნიშნავს, რომ გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს. მიიღებენ ევროპულ სერტიფიკატს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში“.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეფორმა ხელს შეუწყობს მეცნიერების განვითარებას და საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, საცდელი მეურნეობები, კვლევითი ცენტრები, ინსტიტუტები, „შესაბამისად, ეს ნიშნავს ახალ აღმოჩენებს“.

პრემიერის განცხადებით, ხსნა არის განათლებულ საქართველოში.

მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციისას განაცხადა, რომ საქართველო გახდება მკაფიო ლიდერი რეგიონში, „თანდათანობით მივიღებთ დიდ გარდატეხას ეკონომიკასა და ბიზნესში“.

პრემიერის აზრით, ძალიან მალე „ჩვენ (საქართველოს) ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: