განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ დუმს სამინისტრო საპატრიარქოსა და რუსულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე

07.03.2019 • 3213
რატომ დუმს სამინისტრო საპატრიარქოსა და რუსულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტსა და რუსეთის ფედერაციის – დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე კომენტარს არ აკეთებენ. საპატრიარქოს უნივერსიტეტს ხიჭაურში [შუახევის მუნიციპალიტეტი], საპატრიარქოს გავლით, მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს – წელიწადში სამ მილიონზე მეტ ლარს იღებს ბიუჯეტიდან.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რადგან უნივერსიტეტს სახელმწიფო დაფინანსება აქვს, უნდა იყოს თუ არა მისი საგანმანათლებლო პოლიტიკა  ქვეყნის პოლიტიკასთან თანხვედრაში? მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია და რუსეთი აღიარებულია ოკუპანტ ქვეყნად როგორც საქართველოს მიერ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, უნივერსიტეტი ავტონომიურია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.

რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმების დღეს ხიჭაურის რექტორმა, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა განაცხადა, რომ ეს ურთიერთობები ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყებას.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რუსეთის – დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ბესარიონ მესხს 2000 და 2006 წლებში მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდო, მედალი – „სამშობლოს ღირსების ორდენი“, 2013 წელს კი მან მადლობა უშუალოდ პრეზიდენტ პუტინისგან მიიღო.

ბესარიონ მესხი ასევე დაახლოებულია საეკლესიო წრეებთან. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ჯილდოები.

ქმნის თუ არა ამ ტიპის ურთიერთობები პოლიტიკურ უხერხულობას და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი მსგავს შემთხვევებზე?

განათლების სპეციალისტის, სიმონ ჯანაშიას აზრით, რუსულ უნივერსიტეტებთან საგანმანათლებლო ურთიერთობები არ იქნებოდა პრობლემა იმ შემთხვევაში, ამ უნივერსიტეტებს რომ ჰქონდეთ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და არ იყვნენ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის პირდაპირი გამტარებლები.

„ზოგადად, პრობლემა არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, რუსეთის უნივერსიტეტები რომ იყვნენ ავტონომიურები. მაგრამ რუსული უნივერსიტეტები არის მთავრობის დანამატი და ხშირ შემთხვევაში, მთავრობის დაკვეთით ატარებენ კონფერენციებს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.

ამას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ რუსეთის უნივერსიტეტია, არამედ მთავრობის ნაწილთან აქვს ურთიერთობა და რუსული მთავრობის პოლიტიკის გამტარებლები ხდებიან საქართველოში“.

სიმონ ჯანაშიას თქმით, რუსული უნივერსიტეტები გაცვლით პროგრამებსაც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე აფინანსებენ, მათ შორის დასავლეთშიც.

„ბრიტანეთში როცა სკრიპალები (სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა) მოწამლეს, მაშინ რუსეთმა გამოუცხადა თავის სტიპენდიატებს, რომ დაბრუნდით რუსეთში, ხომ ხართ პატრიოტებიო. ანუ ასე მარტივად არ უყურებენ რუსები გაცვლით პროგრამებს – საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე აფინანსებენ და აქედან გამომდინარეა ეს პრობლემა“.

როგორც ჯანაშია ამბობს, ამის მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქოს, ზოგადად, ამ მიმართულებით აქვს პრობლემა და უფრო მეტად ურთიერთობს რუსეთის საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან, ვიდრე დასავლეთთან:

„დათბობა“ შეიძლება, თუ დავთმობთ იმას, რაც გვეკუთვნის და იმაშიც თუ დავეხმარებით სტუდენტებს, რომ ამ იდეოლოგიაზე მოიქცნენ, მაშინ არა მგონია, რაიმე სასიკეთო ამბავი გამოვიდეს“.

სიმონ ჯანაშიას თქმით, განათლების სამინისტრო მსგავს ურთიერთობებს უნივერსიტეტებს ვერ დაუშლის, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო დაფინანსებას იღებს, შეუძლია რეკომენდაციის მიცემა.

„შეუძლია კონსულტაციები გამართოს უნივერსიტეტთან და აუხსნას რა არის ქვეყნის პრიორიტეტები. თან, თუ ამ უნივერსიტეტს უნდა, რომ თავისი სტუდენტებისთვის უცხოეთში წასვლის შესაძლებლობები შექმნას, სხვა პროგრამებიც არსებობს, თუნდაც „ერასმუს+“, რაშიც ის არ მონაწილეობს. ამიტომ ეს აჩენს ეჭვს, რომ ამ უნივერსიტეტის და რუსეთის მთავრობის ინტერესები შეიძლება ემთხვეოდეს. და ეს პრობლემაა“.

სიმონ ჯანაშიას თქმით, განათლების სამინისტროს, საპატრიარქოსთან დადებული შეთანხმების გამო არ შეუძლია ტბელ აბუსერიძის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაფინანსება შეუწყვიტოს:

„იურიდიულად ეს შეუძლებელია, რადგან არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება და საპატრიარქო წყვეტს მისცეს უნივერსიტეტს თუ არ მისცეს. სახელმწიფოს ანგარიშსაც კი არ აჩვენებენ რაში ხარჯავენ ფულს, მაგრამ ურთიერთობა საპატრიარქოს და სამინისტროს აქვთ და არის ბევრი ეპისკოპოსი, რომელიც უარყოფითად არის განწყობილი რუსული პოლიტიკის მიმართ. ცხადია, რეკომენდაციის გაწევა შეუძლია, მაგრამ პრობლემაა ის, რომ სინამდვილეში უნივერსიტეტი უნივერსიტეტთან კი არ თანამშრომლობს, არამედ დაიწყო თანამშრომლობა რუსეთის მთავრობასთან“.

რუსეთის დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხიჭაურის, ტბელ აბუსერიძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველ მარტს გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორ-მასწავლებლების გაცვლასაც.

მთავარი ფოტო სხალთის ეპარქიის ფეისბუქგვერდიდან. მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები ხიჭაურის უნივერსიტეტში მემორანდუმის გაფორმების დღეს.

ამავე თემაზე: 

ხიჭაურის უნივერსიტეტმა რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: