განათლება,მთავარი,სიახლეები

მოზარდები პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ [ვიდეო]

06.03.2019 • 3241
მოზარდები პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ [ვიდეო]

მოზარდები სკოლაში არა მარტო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ, არამედ სქესის ნიშნის მიხედვით ძალადობასაც რომ განიცდიან, ეს კვლევითაც დასტურდება. რამდენიმე დღის წინ კი, ერთ-ერთი ბათუმელი მოზარდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა დახურულ ჯგუფში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონკრეტული ფაქტის შესახებ შეიტყო საზოგადოებამ. საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ დაისჯება თუ არა ვინმე, ჯერჯერობით, გაურკვეველია. მოზარდები, რომლებსაც ამ საკითხზე „ბათუმელები“ სხვადასხვა ფორმატში ესაუბრა, ამბობენ, რომ მათ თაობაში პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ სხვა არაერთ შემთხვევაზე სმენიათ. ზოგი კი ამბობს, რომ პირადად ყოფილა შანტაჟის მსხვერპლი.

რა იციან მოზარდებმა პირადი ცხოვრების შესახებ, რამდენად მზად არიან იმისთვის, რომ დაიცვან პირადი უსაფრთხოება როგორც სკოლაში, ასევე ონლაინსივრცეში? რას ასწავლის მათ სკოლა და როგორია მათი განათლების ხარისხი პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით, იციან თუ არა მოზარდებმა, რომ ჩაგვრა თუ პირადი ცხოვრების ხელყოფა შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული იყოს?

ქეთი სიხარულიძე, მოსწავლე.

ქეთი სიხარულიძე მეთორმეტეკლასელია. ის ამბობს, რომ მოზარდების უმეტესობას, მათ შორის არც მას, არ აქვს შესაბამისი ცოდნა, თუ როგორ უნდა დაიცვას პირადი ინფორმაცია, რადგან ამაზე ნაკლებად საუბრობენ როგორც სკოლაში, ისე ოჯახში.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/308878876488076/

გიორგი ბალაძე მეტერთმეტეკლასელია, მისი აზრით, ჩაგვრის ობიექტი რომ არ გახდე, ამისთვის მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან, ძირითადად, ინფორმაციის გავრცელების წყარო თვითონ მოზარდები არიან: „ერთი მეგობარი მეორეს უზიარებს პირად ინფორმაციას, ვისაც, წესით, ენდობა. თუმცა შემდეგ ის სხვა  კიდევ სხვას უზიარებს და ამ ფორმით ხდება მისი გასაჯაროება“.

გიორგის თქმით, „ის ვიდეოები, რაც აქამდე იყო გავრცელებული, სწორედ ამ გზით გავრცელდა. შენ თვითონ არ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რომ ასეთი შედეგი მოჰყვეს“.

გიორგის აზრით, მოზარდები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ არ შეიძლება სხვისი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვისთვის გადაცემა. ამ ყველაფრისგან თავის დაცვა კი შესაბამისი ცოდნით არის შესაძლებელი:

„მე ვიცი, როგორ უნდა დავიცვა პირადი ინფორმაცია, კიბერუსაფრთხოების ბევრი მექანიზმი არსებობს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოლომდე დაცული ვართ და რომ შეიძლება ვინმემ არასასურველი ინფორმაცია არ გაგივრცელოს“.

ლიკა და გიორგი, მეთერთმეტეკლასელები.
ფოტო: „ბათუმელები“, ლელა დუმბაძე

ლიკა მელაძეც მეთერთმეტეკლასელია. მისი აზრითაც, კიბერბულინგისგან და, ზოგადად, ფსიქოლოგიური ძალადობისგან იმ შემთხვევაში იქნები დაცული, თუ შენს პირად ინფორმაციას არ მიაწვდი სხვას: „თუ ხელში ჩაგივარდება სხვისი პირადი ინფორმაცია, არ უნდა გააზიარო და ამის პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ მოზარდები. ვფიქრობთ, ჩვენს ასაკშიც უნდა გვქონდეს ცოდნა, თუ რა არის დანაშაული და რომ ამის გამო შეიძლება დაისაჯო კიდეც. სხვანაირად ბულინგის მაჩვენებელი არ შემცირდება“.

ლიკა საუბრობს შემთხვევებზე, როცა პირადი ინფორმაცია თანატოლებს გაუზიარებიათ და შემდეგ ეს ფაქტი გამხდარა კონფლიქტის მიზეზი.

„თუ პატარები არიან, ასეთ დროს, ძირითადად, სკოლის დირექცია ერევა, იბარებს მშობელს და შემდეგ მშობელი წყვეტს რა უნდა გააკეთოს. მაგრამ მოზარდების შემთხვევაში მშობლებამდე არ მიდის ხშირად ინფორმაცია, ზოგი ნათესავს ურეკავს და კონფლიქტში გადადის“, – ამბობს ლიკა. მისი დაკვირვებით ეს არის კონფლიქტის მოგვარების აპრობირებული მეთოდი.

„მოგვარება არის ის, რომ კომპრომატები უნდა მოისპოს“, – ამბობს გიორგი. – „ასეთ დროს კონფლიქტი გარდაუვალია. მე, პირადად, აუცილებლად ვუჩივლებ პოლიციაში და სამართლებრივ გზას მივმართავ“.

სამართლებრივი გზის მომხრეა ლიკაც.

მოზარდები გვეუბნებიან, რომ ისინი ყველაზე მეტად სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განიცდიან და შედარებით უმტკივნეულოდ რეაგირებენ სხვა ტიპის ბულინგზე.

„მინახავს ჩემი სახელითა და გვარით დარეგისტრირებული ყალბი ფეისბუკმისამართები, მაგრამ ვინც ბოლომდე მიყვება, ხვდება, რომ ეს შენ არ ხარ და მაინც გამოიჭერ ტყუილში. ასეთ დროს ადვილია ინფორმაციის გადამოწმება და სიმართლის გარკვევა, ამიტომ ეს ნაკლებად მტკივნეულია“, – გვეუბნება ლიკა.

გიორგის თქმით კი, მოზარდები  სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ კადრებისა თუ ფოტოების გავრცელებას უფრო მტკივნეულად იმიტომ აღიქვამენ, რომ ადვილად ხდებიან ჩაგვრის, დაცინვის ან მუქარის ობიექტები როგორც ოჯახის წევრების მხრიდან, ასევე ნაცნობ-მეგობრებისგან.

„წნეხშია საზოგადოების მხრიდან და ამას ძალიან განიცდიან. ბევრი ვიცი ასეთი შემთხვევა და ასეთ დროს ძალიან დასცინიან ხოლმე მსხვერპლს“.

„ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ამ თემებზე. ვსაუბრობთ იმაზეც, რა არის ეთიკური ან არასამართლებრივი და ვინც უსმენს, ის არც აკეთებს. ზოგი ფიქრობს, რომ თუ ვინმეს ვიდეოს გაავრცელებს, უფრო „მაგარი ტიპი“ გამოჩნდება, ამიტომ, ვფიქრობ მოზარდებს კანონის შიში უნდა ჰქონდეთ“, – ამბობს ლიკა.

ნიკა ბოლქვაძე, მოსწავლე.

ნიკა ბოლქვაძის აზრით, მსგავს თემებზე ხშირად უნდა საუბრობდნენ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები. „სამართლებრივი ცოდნა გვჭირდება. ვფიქრობ, ასეთი საკითხების ცოდნა მნიშვნელოვანია“.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/389933481789358/

„ბათუმელები“ კიდევ ერთ მოზარდს, მეთორმეტეკლასელ ნიკას ესაუბრა, ის ამბობს, რომ აქამდე არ უფიქრია, როგორ უნდა დაიცვას თავი კუბერბულინგისგან, თუმცა ცდილობს, ისე არავინ გაანაწყენოს, რომ მისი დაჩაგვრის სურვილი გაუჩნდეთ. „მეც ვცდილობ ზომიერი ვიყო ურთიერთობებში“, – გვეუბნება ის. ნიკას თქმით, ხშირად სმენია, როცა მოზარდები ვერ უძლებენ ფსიქოლოგიურ წნეხს და სიუციდის მცდელობებიც აქვთ“.

გივი მათითაიშვილი, მოსწავლე

გივი მათითაიშვილი მეთორმეტეკლასელია. მას მიაჩნია, რომ მოზარდები უფრო ნაკლებად იქნებიან ბულინგის მსხვერპლი, თუ მშობლებსა და მოზარდებს შორის მეტი დიალოგი იქნება. ის ასევე საუბრობს იმაზე, რომ სკოლამ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს.

მოზარდები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, გვიყვებიან იმის შესახებ, რომ მათ სჭირდებათ უფრო მეტი სიახლოვე მშობლებთან, რომ შეეძლოთ მათ ცხოვრებაში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე ღიად საუბარი და ყველაზე მისაღები გამოსავლის პოვნა კონკრეტულ მომენტში.

მოზარდები ასევე აღნიშნავენ, რომ სკოლა უნდა იყოს უფრო მეტად ორიენტირებული ბავშვთა და, ზოგადად, ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებაზე, რომ მოზარდებმა შემდეგ  ცხოვრებაში შეძლონ ამ ცოდნის გამოყენება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: