სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა იგი, რომ 3 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეძლებდა მის დასაქმებას საჯარო სამსახურში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 2 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ახალშენში საბავშვო ბაღი მეწყერსაშიშ მიწაზე შენდებოდა – ტენდერი და დავა გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წელს ხარვეზიანი პროექტით და მეწყერსაშიშ ნაკვეთზე დაიწყო. პროექტი ამის გამო ვერ განხორციელდა. მშენებელ კომპანია „ლადასთან“ ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა და პროექტის ხელახლა შესაძენად ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. მერიას მშენებელი კომპანია სასამართლოში 151 842 ლარის ანაზღაურებას სთხოვს, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანია „ვეგა+“ კი დავების საბჭოში უჩივის. მუნიციპალიტეტის საქმიანობით სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც დაინტერესდნენ.

საბავშვო ბაღის მშენებლობის თაობაზე საუბარია აუდიტის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, კომპანია „ლადამ“ 2018 წელს შეისყიდა საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ახალშენში ბაღის მშენებლობისთვის შეძენილი საპროექტო დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და მისი გამოყენება მოცემულ მიწის ნაკვეთზე საბავშვო ბაღის ასაშენებლად დაუშვებელი იყო. მუნიციპალიტეტს კი პროექტის ავტორის მიმართ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსთვის დაჯარიმების მექანიზმი არ გამოუყენებია.

მოგვიანებით, იმ ადგილას, სადაც საბავშვო ბაღი უნდა აშენებულიყო, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევით აღმოჩნდა, რომ სამშენებლო უბანი მდებარეობდა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, რომლის გააქტიურების საშიშროება მოსალოდნელია. ამიტომ ამ ტერიტორიაზე ბაღის მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის.

„ლადასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მერიამ ხელახალი პროექტის შესაძენად გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიხედვითაც, ახალი ბაღის შენობა სხვა ნაკვეთზე უნდა დაპროექტდეს. სატენდერო თანხა 36 650 ლარია. ახალი ნაკვეთი იმ ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარეობს, რომელიც მეწყერსაშიშია და სადაც ბაღი უნდა აშენებულიყო.

ხელახალი პროექტის შესაძენად გამოცხადებული ტენდერიც პრობლემური აღმოჩნდა – მონაწილე შპს „ვეგა+“ დავების საბჭოში წარდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტმა მას მოსთხოვა ისეთი დოკუმენტების დადასტურება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, რომელიც არ არის შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარსადგენად, მაგალითად, „სამუშაოს დაკვეთის ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ კანონის მიხედვით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დოკუმენტის დადასტურება ნიშნავს დოკუმენტისთვის ორგანიზაციის იურიდიული ძალის მინიჭებას. მოცემულ შემთხვევაში კი, თუ შემსყიდველის ლოგიკას მივყვებით, რამდენიმე წლის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც პრეტენდენტი ინახავს ოფისში, არ ჰქონია იურიდიული ძალა, რადგან არ აქვს კვალიფიციური ელ.ხელმოწერა“.

„შემსყიდველი ორგანიზაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს და ჰგონია, რომ ყველა დოკუმენტს სჭირდება კვალიფიციური ელ.ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელ. შტამპი, მაშინ, როდესაც, კვალიფიციური ელ.ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელ. შტამპით დადასტურება საჭიროა მხოლოდ იმ დოკუმენტებისთვის, რომელიც შექმნილია უშუალოდ პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისთვის წარსადგენად, როგორიცაა, მაგალითად, ფასების ცხრილი“, – აღნიშნულია საჩივარში.

„ვეგა+“ საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ ხელვაჩაურის მერიამ, „შესყიდვის იმავე ობიექტზე გამოაცხადა ხელახალი ტენდერი, ვინაიდან წინა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ხელახალ ტენდერში, მას შემდეგ, რაც ზეპირსიტყვიერად დავუსაბუთეთ შპს „ვეგა+“-სთვის უკანონოდ მონიჭებული დისკვალიფიკაცია, მერიამ გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტები და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციისთვის აღარ არის მოთხოვნილი კვალიფიციური ელ.ხელმოწერით დადასტურება. აქედან გამომდინარე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უკანონოდ მისცა დისკვალიფიკაცია „ვეგა+“-ს, მოსთხოვა რა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ისეთი დოკუმენტების დადასტურება, რომელიც კანონის თანახმად, არ საჭიროებს ასეთ  დადასტურებას“.

შესყიდვების სააგენტოსგან მომჩივანი კომპანია მოითხოვს „ბათილად იქნეს ცნობილი სოფელ ახალშენის საბავშვო ბაღის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის სატენდერო კომისიის ოქმი, „ვეგა+“-ის დისკვალიფიკაციის თაობაზე და აუქციონის გარეშე ელექტრონულ ტენდერში „ვეგა+“ გამოცხადდეს გამარჯვებულად“.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშიდან:

ახალშენის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ლადასთან“ 770 542 ლარზე 2017 წლის ოქტომბერში გააფორმა. პროექტი კი კომპანია ARCH STYLE-სგან 2000 ლარად შეიძინა. აუდიტი თავის ანგარიშში მიუთითებს, რომ ამ მოცულობის დოკუმენტის შესყიდვა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად იმთავითვე იყო რისკის შემცველი: პროექტი არ იქნებოდა ხარისხიანი და გამოსადეგი, რაც დადასტურდა კიდეც პროექტის შესრულების ეტაპზე.

„პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარე ფერდობზე რამდენჯერმე განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია სამუშაოთა შეფერხება. მშენებელმა კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულება შეწყდა. მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 38 527 ლარი და არ აუნაზღაურებია კომპანია „ლადასთვის“ შესრულებული სამუშაოს ღირებულება. 2018 წლის მარტიდან ხელვაჩაურის სასამართლოში მიმდინარეობს დავა. შპს „ლადა“ ითხოვს 151 842 ლარის ანაზღაურებას, რაზეც ხელვაჩაურის მერია უარს აცხადებს დაუსაბუთებლობისა და კანონიერი საფუძვლის არარსებობის გამო“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო ჩაეტარებინა ნიადაგის კვლევა შენობის პროექტისა და მშენებლობისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის მომზადებამდე, რაც არ განხორციელებულა. საპროექტო დოკუმენტაციას არ ახლდა გეოლოგიური დასკვნა, ტოპოგრაფიული და გენერალური გეგმა და მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

მიწის ნაკვეთები ახალშენში: 1. მეწყერსაშიში ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღის მშენებლობა იყო დაგეგმილი; 2. ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღის შენობა ახლა უნდა დაპროექტდეს.

ხელვაჩაურის მერიის საქმიანობას დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს – ამ ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახურში ადასტურებენ, თუმცა არ საუბრობენ კონკრეტულ დეტალებზე, რას სწავლობს უსაფრთხოების სამსახური მერიაში. 

ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ, ათი დღის წინ [პირველ მარტს] „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მათთან საფინანსო სამსახური შევიდა, რომელიც  ახალშენში კიდევ ერთი პროექტის – კულტურის სახლის მშენებლობით დაინტერესდა.

ახალშენის კულტურის სახლზე საუბარია აუდიტის იმ ანგარიშში, რომელიც 2019 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნდა. აუდიტის ამავე ანგარიშში საუბარია  ახალშენის საბავშვო ბაღზეც.

ამ თემაზე:

სუს-ი ხელვაჩაურში ახალშენის კულტურის სახლის საქმეს სწავლობს

მთავარი ფოტო: მიწის ნაკვეთები ახალშენში: 1 – მეწყერსაშიში ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღის მშენებლობა იყო დაგეგმილი და 2 – მომიჯნავე ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღის შენობა ახლა უნდა დაპროექტდეს.

 

აჭარის ჯანდაცვის 2019 წლის პროგრამები – ყველა პროგრამა ერთად

2019 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი გასული წლის ბიუჯეტთან შეადრებით გაიზარდა და 17 მილიონ ლარზე მეტია. სამინისტრო 2019 წელს, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 32 პროგრამას განახორციელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ძვირადღირებულ მომსახურებას მიმდინარე წელს პირველად დააფინანსებს. 
ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით.
წელს რეგიონის მოსახლეობისთვის პირველად დაფინანსდება:
  • ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია – 80 ათასი ლარით;
  • ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია – 130 ათასი ლარით;
  • გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტები – თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტით –  25 ათასი ლარით;
  • გაიზარდა ღვიძლის ტრანპლანტაციის დაფინანსება 65 ათას ლარამდე;
  • ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი იქნება 15 ათასი ლარი.
ღვიძლისა და ძვლის ტვინის  ტრანსპლანტაცის დაფინანსება

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პროგრამით დაუფინანსდებათ ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია [საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში] წლის განმავლობაში 10 პაციენტს.

ღვიძლის ტრანპლანტაცია, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს დაუფინანსდებათ 65 000 ლარით.

[აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციის მომსახურებას 2016 წლიდან აფინანსებს. დღემდე პროგრამის ფარგლებში ისარგებლა 9 პაციენტმა, რისთვისაც გამოიყო – 370,000 ლარი].

ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში დაუფინანსდებათ:

  • ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით – 80 000 ლარით;                              
  • ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით – 130 000 ლარით.
გაფანტული სკლეროზის მკურნალობის დაფინანსება მაღალეფექტური მედიკამენტით

გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება [წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტი].

ბენეფიციარებს მედიკამენტების ღირებულება დაუფინანსდებათ  სამედიცინო დაწესებულების ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით შემდეგი პროპორციებით:

  • 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებს – 100 %-ით;
  • 70 001-დან 100 000 ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებს – 90 %-ით;
  • 100 001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 80 %-ით;
  • სხვა დანარჩენ პაციენტს – 70% -ით.

წლიური ლიმიტი  ერთ პაციენტზე შეადგენს 25 000 ლარს.

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო  მომსახურება

პროგრამა ითვალისწინებს, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების [სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით] დაფინანსებას.

პროგრამის მოსარგებლეები არიან ონკოლოგიური პაციენტები დადასტურებული დიაგნოზით.

მკურნალობა, დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

  • 1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით;
  • 1000 ლარზე მეტი, 2000 ლარის ჩათვლით – 90%-ით;
  • 2000 ლარზე მეტი, 3000 ლარის ჩათვლით – 80%-ით;
  • 3000 ლარზე მეტი – 70%-ით. არაუმეტეს 5 000 ლარისა.

სამედიცინო მომსახურება ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით დაფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით. ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი შეადგენს 15 000 ლარს.

ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) მკურნალობა დაფინანსდება   სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიების  მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით სრულად თანაგადახდის გარეშე (1 პაციენტზე არაუმეტეს – 12 ციკლისა).

პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში დაუფინანსდებათ მედიკამენტ პერტუზუმაბის ან ლაპატინიბის მკურნალობის კურსის ღირებულება ტრასტუზუმაბთან (ჰერცეპტინი) ერთად (1 პაციენტზე-8 ციკლი), წლის განმავლობაში 10 პაციენტი.

პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2-  მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში დაუფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარაეშე მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსისის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი.

ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის მოსარგებლეები არიან:

პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით;
200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები;
შშმ პირები;
ომის ვეტერანები;
ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);
მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები;
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები;
უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;
უსახლკაროები;
მარტოხელა მშობლები და მათი არასრულწლოვანი(18 წლამდე) შვილები;
ტრეპიფინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები;
პაციენტები, რომლებსაც ამ დროისთვის არა აქვთ მინიჭებული 200 000-მდე სარეიტინგო ქულა, მაგრამ მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას დააფინანსოს აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან  წარმოდგენილი შუამდგომლობით.

დაფინანსების ფორმა:

მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით;
1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით – 90%-ით;
2000 ლარზე მეტი  3000 ლარის ჩათვლით – 80%-ით;
3000 ლარზე მეტი – 70%-ით.
არაუმეტეს 5 000 ლარისა.

გაიზარდა „მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული ბენეფიციარების დაფინანსების ზღვრული ტარიფი [დაფინანსების არსებული პროპორციების დაცვით] და ნაცვლად 15 000 ლარისა არის 25 000 ლარი.
მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება

პროგრამა ითვალისწინებს, იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“.

პროგრამით მოსარგებლეები: სხვადასხვა დაავადებების მქონე პირები, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში [სპეციალისტი/ექსპერტის დასკვნის შესაბამისად].

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარებს პროგრამის  ფარგლებში დაუფინანსდებათ თანაგადახდა [წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურდან დარჩენილი თანხა] 70 %-ით, მაგრამ არაუმეტეს  25 000 ლარისა [ეროვნულ ვალუტაში დახმარების დღისათვის არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით].

აჭარის დანდაცვის სამინისტროს ზოგიერთი პროგრამის შესახებ:

გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება

პროგრამა ითვალისწინებს, მოსახლეობის  დამატებით კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

მოსარგებლეები: საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

დაფინანსების ფორმა: პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, შესრულების წესით გათვალსიწინებული პროპორციების დაცვით, არაუმეტეს დაწესებულების მიერ წინასწარ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურაში და  სამედიცინო ვაუჩერში მითითებული თანხისა. დარჩენილ თანხას დაფარავს პაციენტი.

– მკურნალობის ღირებულება – 2000 ლარის ჩათვლით  დაფინანსდება -90%-ით;
– მკურნალობის ღირებულება – 2000 ლარზე მეტი -3000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება – 80%-ით;
– მკურნალობის ღირებულება – 3000 ლარზე მეტი -5000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება – 70%-ით;
– მკურნალობის ღირებულება -5000 ლარზე მეტი დაფინანსდება -60%-ით.

პაციენტებს სტატუსის გათვალისწინებით დაუფინანსდებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული გეგმიური და ურგენტული კარდიოქირურგიული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში, რომელიც მითითებული უნდა იყოს დაწესებულების მიერ წარმოდგენილ ანგარიშ – ფაქტურაში.

არ დაფინანსდება: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის ღირებულებაზე მეტად მოთხოვნილი თანხა, განსხვავებული [ძვირადღირებული, წამლით დაფარული სტენტი] სტენტის ღირებულება, ასევე პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი. 

სახსრების ენდოპროთეზირება

ეს პროგრამა ითვალისწინებს, სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას.

მოსარგებლეები: საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე.

დაფინანსების ფორმა: მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი პროპორციებით:

– 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის ფაქტიური ხარჯის – 90%-ით;

– დანარჩენი ბენეფიციარებისათვის (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები, ფაქტიური ხარჯის – 80%-ით;

– სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური ხარჯის – 70%-ით.

დაფინანსების ზღვრული თანხა შეადგენს 5000 ლარს.

ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა

პროგრამა ითვალისწინებს, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.

მოსარგებლეები:

– 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები;

– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები,  პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები, უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი, უსახლკაროები, მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები – 70%-ით.

დაფინანსების ფორმა: დაფინანსება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს პროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ღირებულებისა, შემდეგი პროპორციებით:

– 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოზრდილი პაციენტები, 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები – 100 %-ით;
– 70 001 – დან 100 000 – ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტები – 90 %-ით;
– 100 001 – დან 200 000 – ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები – 80%-ით;
– სხვა დანარჩენი ბენეფიციარი – 70%-ით.

შენიშვნა:

  • იმ შემთხვევაში, როცა გამოკვლევების ღირებულება ნაკლებია პროგრამით გათვალისწინებულ თანხაზე, ზემოაღნიშნული პროპორციებით განსაზღვრული მაჩვენებლები გაითვლება წარმოდგენილი ღირებულებიდან.
  • თუ მომწოდებლის მომსახურების ტარიფი აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ ღირებულებას, განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს პაციენტი.
ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება

პროგრამა ითვალისწინებს,  ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით  სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

მოსარგებლეები:

– შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები;
– მოქალაქეები რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
– ასაკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
– 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
– უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;
– უსახლკაროები.

დაფინანსების ფორმა: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფარვა სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება: ძვირადღირებული [რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება წლიურ ლიმიტს – 15000 ლარს] ქირურუგიული ოპერაციული [გეგმიური, გადაუდებელი] მკურნალობის თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, მოზრდილი მოსახლეობისათვის (18 წლის ზემოთ) ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენას და შესაბამისად ცხოვრების  ხარისხის ამაღლებას.

მოსარგებლეები:

– სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
– ომის ვეტერანები;
– ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები.

დაფინანსების ფორმა: სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

– სამედიცინო მომსახურების ღირებულება -1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით;
– სამედიცინო მომსახურების  ღირებულება – 1000 ლარზე მეტი – 90%-ით; მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა;

წლის განმავლობაში არაუმეტეს  4000 ლარისა.

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარიდან დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს მატერიალური დახმარება გაეწევათ. თითოეულს 1000 ლარის ოდენობით. დახმარებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამა ითვალისწინებს. მეომრების ოჯახები ერთჯერად დახმარებას აგვისტოს თვეშიც მიიღებენ.
 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება

პროგრამა ითვალისწინებს, 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მცხოვრები, ცხრამეტი სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში დაღუპული, სამი მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას.

დაფინანსების ფორმა:

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწევა დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 23 ბენეფიციარს.

2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება

პროგრამა ითვალისწინებს, 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების  შედეგად დაღუპული, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე რეგისტრირებული, 19 სამხედრო მოსამსახურის, მიღებული დაზიანებების შედეგად  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 3 მეომრის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული 3 მეომრის  ოჯახზე მატერიალური დახმარების  გაწევას.

დაფინანსების ფორმა:

აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 25 მეომრის ოჯახს – თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს რამდენიმე სოციალურ პროგრამას ახორციელებს. მათ შორის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამასაც. სამინისტრო სპეციალური პროგრამის ფარგლებში დამატებით შრომის ანაზღაურებას გადაუხდის სოფლის სამედიცინო პერსონალსაც.

ც.

სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია

ეს პროგრამა ითვალისწინებს სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის კურსების მიწოდებას.

მოსარგებლეები: სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით და ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში.

პროგრამა მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება ანაზღაურდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა (178 ლარი). წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, 1 კურსი – არანაკლებ 30 სარეაბილიტაციო ღონისძიებისა.

ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს განსაზღვრული დიაგნოზის მქონე ბავშვთა სამედიცინო მეთვალყურეობას, ფიზიკური თერაპიას, მეტყველების თერაპიას, ბავშვისა და მშობლის ფსიქოლოგიურ დახმარებას.

მოსარგებლეები: ბავშვთა ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების,  კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის  დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლისა და მეტი (18 წლამდე) ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე, ამ მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები.

პროგრამა მოიცავს: ფიზიკურ თერაპიას; მეტყველების და ენის თერაპიას; ნევროლოგის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის მეთვალყურეობას; ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლებას.

დაფინანსების ფორმა: გაწეული მომსახურება (1 კურსი – არანაკლებ 10 დღისა და ჯამში არანაკლებ 22 ღონისძიებისა) ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 1 კურსის ღირებულება 233 ლარის ოდენობით (წელიწადში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება არაუმეტეს 7 სარეაბილიტაციო კურსი, პროგრამაში ჩართვის პერიოდის გათვალისწინებით).

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას სადღეღამისო ცენტრში.

შშ მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.

დაფინანსების ფორმა: წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, ბენეფიციარის მომსახურება დაფინანსდება დღეში – 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის  (მშობელი ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი) დღეში – 10 ლარით.

ბავშვთა ადრეული განვითარება

პროგრამა ითვალისწინებს, განსაზღვრული დიაგნოზის მქონე იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარებას, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი) მომსახურების გაწევას (თვეში არანაკლებ 8 შეხვედრისა). ამასთან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მხოლოდ ინდივიდუალურ მომსახურებას, 3 წლის ასაკის ზემოთ ჯგუფურ მომსახურებასა (არანაკლებ თვეში 4 შეხვედრისა).

მოსარგებლეები: 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც აქვთ განვითარების ეტაპების დაყოვნება, შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია პროგრამით გათვალისიწინებული ICD-10-დიაგნოზებით (მათ შორის: დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, განვითარების ზოგადი აშლილობა, მეტყველების განვითარების აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა).

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით,  არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი კურსის ღირებულება 144 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველ თვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე,  არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით.

აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. მომსახურება მოიცავს 12 კურსს (1 კურსი-15 სეანსი, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის მინიმალური რაოდენობა-12 სეანსი).

მოსარგებლეები: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარს გაწეული მომსახურება დაუფინანსდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 1 კურსის ღირებულება 300 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველთვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე.

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიწოდებას

  • სამკურნალო ფიზკულტურას;
  • მასაჟს;
  • ელექტროფორეზს;
  • ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცის;
  • მშობლისათვის სამკურნალო  ფიზკულტურის  სახლის  პირობებში  ჩატარების  სწავლებას.

მოსარგებლეები: 1 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან  სოციალურად  დაუცველი  ოჯახების  ერთიან  მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით. ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან  სახელმწიფო მზრუნველობაში.

დაფინანსების ფორმა: პროგრამით გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს ქვეპროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 160 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში ბენეფიციარს დაუფინანსდება ერთის სარეაბილიტაციო კურსი (მასაჟი -10,  სამკურნალო ფიზკულტურა -10, ელექტროფორეზი – 10).

სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, სმენაპროთეზირებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებით უზრუნველყოფას. წლის განმავლობაში დაფინანსდება 2 კურსი (კურსი მოიცავს მეტყველების თერაპიის 10 ვიზიტს, მათ შორის 5 ინდივიდუალურ და 5 ჯგუფურ მეცადინეობას,  მუსიკათერაპიის  4 ვიზიტს).

მოსარგებლეები: 3-დან 10 წლის ასაკამდე სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი  კურსი 310 ლარის ოდენობით.

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას.

მოსარგებლეები: სხვადასხვა პრობლემების თანადგომის ქსელის არმქონე დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით (ბავშვებით) ან ორსული ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა).

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით. პროგრამა ხორციელდება სოციალური ვაუჩერის მეშვეობით, მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვისა, მომსახურების მიღება შესაძლებელია წელიწადში 2-ჯერ.

ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი თავშესაფრით  უზრუნველყოფას სამჯერადი კვებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. გათვალისწინებულია პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, ასევე, ფსიქოტროპული და საჭიროებისამებრ, თანმხლები სომატური დაავადებების მედიკამენტებით მკურნალობა. პაციენტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება მულტიდისციპლინარული მეთოდით ინდივიდუალური მართვის გეგმის შესაბამისად, სხვა სომატური გართულების შემთხვევაში გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.

მოსარგებლეები: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით (F00- F009) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პირები, რომელთა მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია და ამავე დროს ვერ აკმაყოფილებენ სტაციონარული მომსახურების პირობებს.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება დღეში 25 ლარით. პროგრამა ხორციელდება სოციალური ვაუჩერის მეშვეობით, მოქმედების ვადა განისაზღვრა არაუმეტეს 6 თვისა, მომსახურების მიღება შესაძლებელია წელიწადში 2-ჯერ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, გადაადგილების პრობლემის მქონე შშ (მათ შორის ბავშვები) მქონე და ხანდაზმული პირების, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში – 14 წლისა და უფროსი ასაკის შშ სტატუსის მქონე ბავშვები/პირების სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფას.

მოსარგებლეები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის ბავშვები; მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი  ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 300 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები; პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირები; თავშესაფარის კონტიგენტი.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: ელექტრო სავარძელ-ეტლი – 3580 ლარით; მექანიკური სავარძელ-ეტლი შშმ პირებისათვის – 550 ლარით, სხვა ბენეფიციარებისათვის – 300 ლარით.

სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, სმენადაქვეითებული პირების ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას.

მოსარგებლეები: III-IV ხარისხის სმენადაქვეითებული  მოქალაქეები; 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი ხარისხის სმენადაქვეითების მქონე ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის საფუძველზე) არაუმეტეს 1400 ლარისა, სხვა ბენეფიციართათვის – 263 ლარით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების, მათ შორის იძულებითი წოლითი რეჟიმის მქონე ხანგრძლივად მოავადე პაციენტების უზრუნველყოფას დამხმარე/მოვლის საშუალებებით (ფუნქციური საწოლი, ჟანგბადის კონცენტრატორი, ასპირატორი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, კოხლეარული იმპლანტის პროცესორი და მისი სათადარიგო ნაწილები, ხმის წარმომქმნელი აპარატი).

მოსარგებლეები: შშ მქონე პირები, მათ შორის ბავშვები; მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 300000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები; პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი პირები; თავშესაფარის კონტიგენტი.

დაფინანსების ფორმა: მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულება დაფინანსდება სრულად ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტისა.

100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება

მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

დაფინანსების ფორმა: თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე.

 ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება

პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ორი ან ორზე მეტი ტყუპი.

დაფინანსების ფორმა: თანხა ტყუპისცალზე შეადგენს 1000 ლარს, ჩარიცხვა განხორციელდება მშობლის საბანკო ანგარიშზე.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა.

მოსარგებლეები: ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიანი ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.

დაფინანსების ფორმა:

  • საცხოვრებელი ფართის ღირებულების ანაზღაურდება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გამყიდველის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე, ხელშეკრულებაში ასახული ქონების ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული თანხისა.
  • იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება  აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების  შემთხვევაში,  ბენეფიციარი ფართის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.

პროგრამაში  ჩართვისათვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის  მდებარეობის მიხედვით.

შენიშვნა:  

  • ბენეფიციარი 2010 წლის 1 იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
  • პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომლებსაც სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციით სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება ან ფაქტიურ მფლობელობაში/საკუთრებაში გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამასაც.

სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურება

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 150 ლარის ოდენობი.

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 150 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 100 ლარის ოდენობით.

 

  • აჭარის ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლე 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვსთავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
  • არ დაფინანსდება სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119
ტელეფონი: +995 (0422) 247972, +995 (0422) 24-79-64
ვებ-გვერდი: www.adjara.gov.ge

 

 

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი შესაძლოა იუსტიციის სახლთან დადგან

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი შესაძლოა იუსტიციის სახლთან, გმირთა ხეივნის დასაწყისში განთავსდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობენ ქალაქის მერიაშიც და აჭარის მთავრობაშიც, თუმცა საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საბოლოო გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ უნდა მიიღოს.

აღმაშენებლის ძეგლის გმირთა ხეივანთან განთავსების საკითხი რომ განიხილება, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში დაგვიდასტურეს. „ეს სამმართველოს კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ რა დავალებასაც მივიღებთ მერიისგან, იმას შევასრულებთ“, – გვითხრეს სამმართველოში.

ბათუმის მერიამ აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ წრიულში, მემორიალური ქვა წარწერით – „აქ დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი“, 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში განათავსა. ბათუმის მერიაში მაშინ განაცხადეს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის ესკიზის შესარჩევად მერია კონკურსს გამოაცხადებდა. კონკურსი ჯერ გამოცხადებული არ არის.

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართულმა მარშმა“ ფეისბუქზე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო. „მარში“ წერდა, რომ ადგილობრივი მთავრობა ბათუმში ძეგლის დადგმას მეზობელი სახელმწიფოების მოთხოვნით ვერ ბედავდა.

ამ თემაზე: მერიამ ბათუმში დავით აღმაშენებლის მემორიალური ქვა დადგა

მერიას კონკურსიც და ტენდერიც დასრულებული ჰქონდა და ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმას აპირებდა, თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. მემორიალის განთავსება საბოლოოდ გმირთა ხეივანში გადაწყდა, სადაც მშენებლობა დაწყებულია.

ამ თემაზე: ბათუმის მერიას ძველ ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმის უფლება არ მისცეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მიდის მსჯელობა იმაზე, რომ მემორიალები და ძეგლები ამ ხეივანში განთავსდეს. დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა კი ხეივნის დასაწყისში იმ ადგილზე მოიაზრება, სადაც დღეს „ყინულის შადრევანია“.

„ყინულის შადრევანი“ ბათუმში იშლება – მონუმენტის მინის კონსტრუქციები ჩამოშლილია და შეკრულია ლითონის მავთულებით, კარგა ხანია არ მუშაობს განათება და აუზი.

ბათუმში ყინულის შადრევანი იშლება. მის ადგილას, შესაძლოა, აღმაშენებლის ძეგლი დადგან

ამ თემაზე: ბათუმში „ყინულის შადრევანი“ იშლება – რას გეგმავს მერია

მთავარი ფოტო: იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შესაძლოა აღმაშენებლის ძეგლი განთავსდეს და აღმაშენებლის გამზირი, სადაც ამ დრომდე დევს ქვა წარწერით – აქ დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი

 

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა და საფასური – ცვლილება რეგლამენტში

საქართველოს მთავრობის დადგენილებით,  „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომელიც ძალაშია 2019 წლის 5 მარტიდან.

M1 კატეგორიის ტაქსების ინსპექტირება თუ სავალდებულო იყო ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ახალი დადგენილებით ეს ტაქსები ინსპექტირებას გაივლიან ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ექვს თვეში ერთხელ;

ცალკე გამოიყო პიკაპები, რომლებიც ინსპექტირებას გაივლიან ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს.

ამასთან, M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც აღჭურვილია მხოლოდ ელექტროძრავით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური განისაზღვრა 48 ლარით.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები მათი კატეგორიისა და დანიშნულების მიხედვით:

ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები

ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო პირველი იანვრიდან გახდა. ათვლის წერტილი ავტომობილის საქართველოში რეგისტრაციის თარიღია.

ამ თემაზე:

რას შეუმოწმებენ თქვენს ავტომანქანას ტექდათვალიერების ცენტრში [ვიდეო]

 

 

რა პროექტებს და რამდენით დაუფინანსებენ სოფლებს აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები ძალაში 2019 წლის 5 მარტიდან შევიდა. მთავრობის დადგენილებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თითოეული დასახლებისთვის გადასაცემ თანხას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დაიანგარიშებს.

თანხის გაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპის დაცვით:

[checklist]

  • დასახლებას, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მცხოვრებს, გამოეყოფა 10 000 ლარი;
  • დასახლებას,სადაც მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 201-დან 400-ს, გამოეყოფა 12 000 ლარი;
  • დასახლებას, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 401-დან 1000-ს, გამოეყოფა 16 000 ლარი;
  • დასახლებას, რსადაც მცხოვრებთა რაოდენობა აღემატება 1 000-ს, გამოეყოფა 20 000 ლარი.

[/checklist]

სამინისტრო მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიიღებს.

თუ სტატისტიკის სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი ინფორმაცია, მაგრამ დასახ­ლება  რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუნიციპალი­ტე­ტების რეესტრში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს ამ დასახ­ლებაში საერთო კრების/რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან კონსულ­ტა­ციების ჩატარების ორგანიზებას და დასახლების საერთო კრების ოქმის/რეგისტრირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას, დასახლებაში არსებული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, წარუდგენს სამინისტროს.

პროექტებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნ­ველ­ყოფს მუნიციპალიტეტის მერი. ამასთან:

[checklist]

  • დასახლებაში, რსადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა დასახლების საერთო კრებაზე, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი;
  • დასახლებაში, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 501-დან 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ ასმა ამომრჩეველმა;
  • დასახლებას, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ ორასმა ამომრჩეველმა.

[/checklist]

დადგენილების მიხედვით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებია: სასმელი წყლის სისტემები [მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდებით]; წყაროების მოპირკეთება; სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები; ხიდები, ცხაურები, ხიდბორგები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; კულტურის ობიექტები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; სასაფლაოს შემოღობვა; თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები; მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

პროექტებისათვის გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა შესაბამისი მუნი­ციპალიტეტის ბიუჯეტში ხორციელდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, აჭარის მთავრობის განკარგულების საფუძველზე. ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

ბათუმში 71 წლის დედის ცემისთვის კაცი დააკავეს

დედის ცემის ბრალდებით პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შს სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. უწყების ცნობით, დედაზე 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ს. ძალადობდა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მსხვერპლი ქალი 71 წლის არის. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედას – 1948 წელს დაბადებულ რ.ს.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

„ჭაობში“ 8 ქუჩის კეთილმოწყობა დაგეგმილზე ექვსი თვით გვიან დასრულდება

„ჭაობის“ დასახლებაში 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ კომპანიასთან 25 თებერვალს გაფორმდა. თუმცა ორ დღეში ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სამუშაოების დასრულების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა. 2019 წლის 2 ივლისის ნაცვლად ქუჩების მოწესრიგება  ამავე წლის 16 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, გურამიშვილის შესახვევი, მელიქიშვილის I შესახვევი, ოსტროვის I შესახვევი, სააკაძის ქუჩა, სააკაძის შესახვევი, ჩოლოყაშვილის II შესახვევი – ამ ქუჩების კეთილმოწყობაზე ხელშეკრულება კომპანია „დაგთან“ 6 293 513 ლარზეა გაფორმებული.

ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვადის გადაწევის მიზეზი ორ კომპანიას შორის დავა გახდა, რომელიც 2018 წლის 22 აგვისტოს დაიწყო, ხელშეკრულება კი მოგვიანებით გაფორმდა, რის გამოც 2019 წლის 2 ივლისამდე ქუჩების კეთილმოწყობა ვერ დასრულდება.

ამ თემაზე:

როგორ იქმნება არაკონკურენტული გარემო ტენდერებში 

ქობულეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტებზე, 1983 წელს დაბადებული ი.რ. და 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.რ.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს ქობულეთში მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაძარცვა, საიდანაც ტექნიკა და სხვადასხვა სახის ნივთი გაიტაცა.

სამართალდამცველებმა ი.რ. მომხდარიდან მეორე დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ნაძარცვი ნივთების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე ქობულეთის რაიონში 2 საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის თებერვალში ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში მდებარე 2 საცხოვრებელი სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ძარცვის და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

მთავარი ფოტო: დაკავება ქობულეთში. ფოტო შსს

„მშობელთა სკოლა“ – როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია სკოლას, მშობელსა და შვილებს შორის

დღეს, 9 მარტს, ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ორგანიზებით ტრენინგი – „მშობელთა სკოლა“ გაიმართა, სადაც საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ძალადობა, ბულინგი და სტრესი სკოლაში. ასევე, კომუნიკაციის პრობლემები სკოლასა და მშობელს შორის და მშობელსა და შვილს შორის.

ტრენინგზე მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ, ასევე, ზოგადი განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის მექანიზმებზე.

მშობლების თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა სკოლაში ბავშვის უფლებები უგულებელყოფილია და ნაკლები ყურადღება ექცევა ბავშვის, მოზარდის ფსიქოლოგიას.

ტრენინგზე როგორც ტრენერის, ასევე, მშობლების მხრიდან მოყვანილი იყო კონკრეტული მაგალითები, რაც ნათლად აჩვენებს სკოლაში მასწავლებელსა და მოსწავლეს, ასევე, სკოლასა და მშობელს შორის კომუნიკაციის პრობლემას.

ბათუმში ტრენინგი „მშობელთა სკოლა“ მიმდინარეობს.

ერთ-ერთი მშობლის თქმით, ხშირად მშობელი აიგნორებს ბავშვის პრობლემას, მაშინ, როცა ამაზე უნდა რეაგირებდეს. „ბავშვს მოაქვს სკოლიდან პრობლემა, უყვება მშობელს, მაგრამ მშობელი ისე პასუხობს, ბავშვი მშობელს როგორც მხარდამჭერს და მისი პრობლემის მომგვარებელს, ვეღარ ხედავს“.

ამიტომ, მშობლის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ხშირად მოუსმინონ მშობლებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ექნებათ განცდა, რომ ის არ არის დაცული არც სკოლაში, არც ოჯახში.

მშობლების აზრით, სკოლა ბავშვზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაც დღეს ნაკლებადაა. მათი აზრით, ეს იმაშიც ჩანს, რომ მოსწავლე რომელიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ დადის სკოლაში, შემდეგ მას სკოლა გაცდენილ საათებს არ უნაზღაურებს და არის შემთხვევები, როცა ეს მოსწავლის კლასში ჩარჩენის მიზეზიც გამხდარა.

ორდღიანი ტრენინგი „მშობელთა სკოლა“ ბათუმში

„მშობელთა სკოლა“ ხვალ, 10 მარტსაც, გაგრძელდება. შეხვედრა ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

როგორ აფასებს პოლიციელი რისკებს, როცა ქალზე ოჯახში ძალადობენ

რა შეცვალა შინაგან საქმეთა მინისტრის ახალმა ბრძანებამ, რითაც ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი გაიწერა? – ეს შეკითხვა გოგა ხატიაშვილს დავუსვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსს. ის გუშინ, 8 მარტს, მონაწილეობდა ბათუმში გამართულ კონფერენციაში – „ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება“. შს მინისტრის ბრძანება გასული წლის სექტემბრიდან მოქმედებს.

„ყოველთვის იყო კრიტიკა, რომ პოლიციელს არ ჰქონდა ინდიკატორი, რითაც ის შეაფასებდა არსებულ სიტუაციას. რიგ შემთხვევებში არ იყო კითხვები სრულყოფილად დასმული, ან კითხვები იყო არარელევანტური. პრობლემური იყო ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენა და პროპორციული კითხვების დასმა. ახლა ეს პოლიციელს აქვს უკვე. აქ არის კითხვები ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ასევე კითხვები, რაც საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილებით მაღალ რისკზე მიუთითებს, მაგალითად, მოძალადის ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. ეს კითხვები მოიცავს, ერთის მხრივ, ძალადობის ფორმის გამოვლენას, მეორეს მხრივ – რისკების შეფასებას. რისკები გვაქვს სამდონიანი: მაღალი, საშუალო და დაბალი. ამ დოკუმენტს რომ შეავსებს, პოლიციელი თვითონ ხვდება, რომელ რისკთან აქვს საქმე. მონიტორინგის სიხშირეც უკვე ამაზეა დამოკიდებული,“ – გვითხრა გოგა ხატიაშვილმა.

პოლიციელი უკვე ამ კონკრეტული კითხვარით ხვდება მსხვერპლს, როცა ის დასახმარებლად პოლიციაში მიდის, ან პოლიციელი მიდის შემთხვევის ადგილზე. შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის განმარტებით, ეს კითხვარი და ამის შემდეგ შევსებული დოკუმენტი კარნახობს პოლიციელს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან: შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა.

გოგა ხატაიშვილის თქმით, მაღალი რისკის შემთხვევაში, პოლიციელი უკვე ვალდებულია მინიმუმ 5 სატელეფონო შეტყობინება განახორციელოს მსხვერპლთან.

„გარდა ამისა, პოლიციელი ორჯერ გეგმიურად და ორჯერ არაგეგმიურად უნდა მივიდეს მსხვერპლთან… ის ასევე უნდა შეხვდეს მოძალადეს. ამ ბრძანებით გაწერილია პოლიციელია კომუნიკაციის დეტალები მსხვერპლთან იმისთვის, რომ კონკრეტული დანაშაული ავიცილოთ თავიდან,“ – აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა „ბათუმელებთან“.

მთავარი ფოტო: შუაში გოგა ხატიაშვილი

 

 

 

 

ბათუმში ავტომობილი დაცხრილეს, დაჭრილია ერთი ადამიანი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს ბათუმში მსუბუქი ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს. დაჭრილია 30 წლამდე კაცი, რომელიც გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

შსს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით. პირველი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, მეორე მუხლი კი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას და გამოყენებას.

შსს ცნობით, ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებული არ არის და მიმდინარეობს მოკვლევა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში შეტყობინება არ შესულა და პოლიციამ გამოძიება ნატყვიარი ავტომობილის აღმოჩენის შემდეგ დაიწყო.

შემთხვევა დღეს, 9 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა.

ბათუმის მერიას ძველ ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმის უფლება არ მისცეს

ბათუმის ბულვარში 9 აპრილის მემორიალის მოწყობაზე ქალაქის მერიამ ხელშეკრულება ინდმეწრმე თეიმურაზ მახარაძესთან 2018 წლის 21 მაისს გააფორმა, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. დღეს მემორიალი, რომლის ესკიზის ავტორიც თეიმურაზ მახარაძეა, ჟიული შარტავას ქუჩაზე, გმირთა ხეივანში შენდება.

ამ ხეივანში რამდენიმე მონუმენტი დგას. მშენებარე მემორიალიდან ორ-სამ მეტრში კი დგას დაფა, რომელიც იტყობინება, რომ აქ „დაიდგმება ავღანეთის ომში დაღუპულთა მემორიალი“. ამავე ხეივანში დგას ჟიული შარტავას მემორიალიც.

„ავღანეთში დაღუპულთა მემორიალს რაც შეეხება, მის განთავსებაზე ჯერ საკრებულოს თანხმობა არ არის. ამჟამად ხეივანში 9 აპრილის მემორიალი შენდება“, – გვითხრეს ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.

„ბათუმელები“ ესკიზის ავტორს დაუკავშირდა. „გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ მემორიალი უკვე ჩამოსხმულია ბრინჯაოში და დევს მერიის საწყობში. ადგილის შეცვლამ გამოიწვია გარკვეული ცვლილებაც – გამწვანება მოითხოვა მემორიალმა, კვარცხლბეკი ამაღლდა… სივრცე მაქ დიდია და ტერიტორია გარკვეულ მოწყობას მოითხოვს, რა და როგორ – ფართო მსჯელობის საგანია. ამ ადგილის შერჩევა არა მარტო ჩემი და მერიის, არამედ სხვა სპეციალისტების, არქიტექტორების, მხატვრების ჩართულობით გადაწყდა. მემორიალის მშენებლობა მარტის ბოლომდე უნდა დავასრულოთ“, – გვითხრა თეიმურაზ მახარაძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა მემორიალის ერთ ლოკაციაზე განთავსება ზოგადად მიუღებელია: „ვინაიდან, ეს არ არის ერთი პიროვნების ქანდაკება, ამასთან, იქვე დეკორატიული ქანდაკებაც დგას და მერია გადაიტანს. როგორ მოეწყობა საბოლოოდ ადგილი, არ ვიცი.“

ბათუმის ძველ ბულვარში, უნივერსიტეტის წინ, 9 აპრილის მემორიალური ქვა რამდენიმე წელია განთავსებულია. სწორედ აქ აპირებდა მერია მემორიალის განთავსებას. როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ძველი ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ესკიზის ავტორის თქმით, უმჯობესი იყო მერიას შესაბამის სტრუქტურებთან თავიდანვე გაერკვია ტერიტორიის საკითხი და შემდეგ გამოეცხადებინა კონკურსი ესკიზის შედგენაზე.

ამონარიდი შეთანხმებიდან, რომელსაც ხელს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ინდმეწარმე თეიმურაზ მახარაძე აწერენ / სატენდერო დოკუმენტებიდან

9 აპრილის გმირთა მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ 2017 წელს მაშინ შეწყვიტა, როცა ორ პრეტენდენტს უკვე წარდგენილი ჰქონდა ესკიზები. საკონკურსო კომისიის ოქმში აღნიშნული იყო, რომ შეწყვეტის მიზანი საკონკურსო დოკუმენტაციის დახვეწა იყო. კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

ამ თემაზე: რატომ შეწყვიტა 9 აპრილის მემორიალის ესკიზზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ

ბულვარში, 9 აპრილის ხსოვნისა და დამოუკიდებლობის დღისადმი აღსანიშნავი მემორიალის დადგმასა და ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ტენდერი კი ბათუმის მერიამ 2018 წლის თებერვალში გამოაცხადა.

ამ თემაზე: 109 ათასი ლარი 9 აპრილის მემორიალისთვის ბათუმში – ესკიზი ცნობილია

ამ ტენდერში მერიის სატენდერო კომისიამ თავდაპირველად გამარჯვებულად სხვა კომპანია გამოაცხადა [შპს დეკორაციების და ქანდაკებების სახლი, რომელიც  სამუშაოების შესრულებას მერიას 81 340 ლარად სთავაზობდა]. მერიის ამ გადაწყვეტილებას თეიმურაზ მახარაძის პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ სატენდერო  კომისიამ გამარჯვებულად თეიმურაზ მახარაძე გამოავლინა და მასთან ხელშეკრულება 108 199 ლარზე გააფორმა.

9 აპრილის მემორიალი, რომელიც ძველ ბულვარში უნდა განთავსებულიყო / ფოტომონტაჟი / „წარმოდგენილი ესკიზი წარმოადგენს 4-მეტრიან დეკორატიული მტრედის ქანდაკებას კვარცხლბეკის ჩათვლით. აქედან მტრედის სილიზირებული ქანდაკება მთლიანად ბრინჯაოში იქნება ჩამოსხმული, რომელიც განასახიერებს როგორც 9 აპრილს დაღუპული ქართველი მამულიშვილების ხსოვნის დღეს, როგორც მტრედის (იგივე სულიწმინდის) მხატვრულ ფორმაში გადმოცემას, ასევე მტრედის, რომელიც აღიქმება მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლოდ“ / მემორიალის განმარტებითი ბარათიდან.
გმირთა ხეივანი ბათუმში, სადაც 9 აპრილის მემორიალი შენდება / 9.03.2019
გმირთა ხეივანი ბათუმში, სადაც 9 აპრილის მემორიალი შენდება / 9.03.2019
დაფა გმირთა ხეივანში, ბათუმში, სადაც 9 აპრილის მემორიალი შენდება / 9.03.2019

ორი ნათურა და ცივი შხაპი ავარიულ შენობაში – სად ვარჯიშობენ ჩაქველი ძალოსნები 

დაბა ჩაქვში ძალოსნები კვლავ ნახევრად დანგრეულ შენობაში ვარჯიშობენ. 2015 წლიდან, როცა „ბათუმელებმა“ ჩაქველ ძალოსნებზე მოამზადა სტატია – „ივარჯიშე სანამ დაღამდება“ , დღემდე მათთვის მხოლოდ ის შეიცვალა, რომ თუ აქამდე შენობაში დენი არ იყო და სპორტსმენებს დღის შუქზე უნდა მოესწროთ ვარჯიში, ახლა შენობას ელექტროენერგია აქვს, ოღონდ მეზობელი შენობიდან გადმოყვანილი.

„პარკთან დანგრეული შენობა დგას, მის უკან კიდევ ერთი ძველი შენობაა, აი, იქ უნდა მიხვიდეთ“, – ასე მიგვასწავლეს დაბა ჩაქვში დარბაზი, სადაც ძალოსნები ვარჯიშობენ.

დანგრეული შენობა იოლად ვიპოვეთ. ერთი შეხედვით ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ცელოფანაკრული ფანჯრის და ხის ძველი კარის იქეთ ვინმე იქნებოდა, მაგრამ კარებთან მიხატულმა ლურჯმა „შტანგამ“ და შენობიდან გამომავალმა ხმამ დაგვარწმუნა, რომ სწორ მისამართზე მოვედით.

ამ კარს იქეთ ძალოსნები ვარჯიშობენ

შუა ოთახში შეშის ფეჩი ანთია, შენობას ორი ნათურა სუსტად ანათებს, პლასტიკატაკრული ჭერი და იატაკი შელახულია, კედლებს საღებავი აქვს აფცქვნილი და ალაგ-ალაგ ჩამოშლილია. დარბაზის მეორე კუთხეში ელექტროგამათბობელი დგას.

ლურჯი ბრეზენტის იქეთ „გასახდელი“. გვეუბნებიან, რომ არის საშხაპეც, თუმცა ცხელი წყალი არ მოდის.

ამ პირობებში 17 წლამდე 35 სპორტსმენი ვარჯიშობს ყოველ დღე, კვირის გარდა, 4-დან 7 საათამდე.

„აქ სამი მწვრთნელი ავარჯიშებს ბავშვებს. ძალოსნობას ჩაქვში 60-70-წლიანი ისტორია აქვს. ამ დარბაზში გაიზარდა რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე; რამინ შამილიშვილი – ევროპის სამგზის ვერცხლის პრიზიორი და ბაქარ თურმანიძე, 23 წლამდე ასაკში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი. ასევე, ძალიან ბევრი საქართველოს ჩემპიონია გაზრდილი ამ დარბაზში“, – გვიყვება მწვრთნელი, სულხან დუმბაძე.

სულხან დუმბაძე, მწვრთნელი

სულხანი თავადაც საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატის 2005 წლის პრიზიორია. 11 წლის იყო, როცა პირველად მოვიდა სავარჯიშოდ ამ დარბაზში, ახლა 35 წლისაა და ამ 24 წლის განმავლობაში დარბაზი მხოლოდ ერთხელ შეაკეთეს, ისიც საკუთარი სახსრებით, შეძლებისდაგვარად.

„საშხაპე არის, მაგრამ ცივი წყალი მოდის, თბილი წყლის ფუფუნება არ გვაქვს ჯერ. კი ხედავთ რაც არის, მაგრამ ახლა გვპირდებიან ახალ დარბაზს და იმედი გვაქვს, რომ გააკეთებენო“, – ამბობს სულხანი.

მომავლის და დაპირების შესრულების იმედი აქვს მწვრთნელ ნუგზარ ჯინჭარაძესაც. ნუგზარი საქართველოს ჩემპიონია და 17 წლის ასაკიდან ამ დარბაზში დადის, ჯერ აღსაზრდელი იყო, ახლა მწვრთნელად მუშაობს.

დაპირებები ჩაქვში სპორტსმენებს პირველად არ ესმით, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ერთი პატარა დაბის სპორტსმენები საუკეთესო შედეგების მიღწევას ახერხებენ, შენობა გამართული ინფრასტრუქტურით, მათ დღემდე ვერ მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტულ დარბაზში პირობები არ არის, ჩაქვში სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული ბავშვები არიან. „ძალიან დიდი ხანია აქ დავდივარ, 9 წლის ვიყავი რომ მოვედიო“, – გვითხრა 10 წლის ავთო აბაშიძემ. მას 30 კგ აწევა შეუძლია.

ჩაქვი, ძალოსანთა დარბაზი

ოთხი წელია ამ დარბაზში ვარჯიშობს ბექა ზოიძე: „ათი წლის ვიყავი, აქ სიარული რომ დავიწყე, კვირის გარდა ყოველ დღე დავდივარ. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა სკოლაში მოვიდა მწვრთნელი, მოვეწონე და მამამ მომიყვანა. ამ სახეობას მივყვები ბოლომდე. ოთხი წლის განმავლობაში ახალი „ბლინები“ მოგვიტანეს. დარბაზი ახლა გაკეთდება ალბათ“, – გვეუბნება ბექა. მისი აზრით, დარბაზი რომ უკეთესი იყოს, აქ უფრო მეტი ბავშვი მოვიდოდა სავარჯიშოდ.

13 წლის ზუკა გაბაიძე კი ორი კვირაა, რაც სავარჯიშოდ დადის. უკვე 45 კგ-ის აწევა შემიძლიაო – გვითხრა.

ჩაქველი სპორტსმენები
ჩაქველი სპორტსმენები
დარბაზის ჭერი

ახლა დაბა ჩაქვში ძალოსნები განსაკუთრებული მონდომებით ვარჯიშობენ. 5 მარტს დასრულებულ აჭარის 17 წლამდე ასაკის ძალოსანთა პირველობაზე ხუთი ჩაქველი სპორტსმენი გახდა აჭარის ჩემპიონი სხვადასხვა წონით კატეგორიაში: ზურაბ მსხალაძე [49 კგ]; იმედა შავაძე [ 55 კგ]; ზურა შამილიშვილი [61 კგ]; ლუკა ნოღაიდელი [81 კგ]; გიგა აბაშიძე [89 კგ]. ისინი ახლა საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 22-24 მარტს გაიმართება.

აჭარის ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და  აჭარის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ბესარიონ ბასილაია გვეუბნება, რომ ჩაქვში ძალოსნების დარბაზის აშენებაზე დაპირება ცოტა ხნის წინ მიიღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, ტენდერი უნდა გამოცხადდეს პროექტზეო – ამბობს.

„55 წელია გვპირდებიან დარბაზს გაგიკეთებთო, მივეჩვიეთ უკვე დაპირებებს. სანამ არ დავინახავ, რომ აშენდება, მანამდე არ მჯერა“, – ამბობს ბესარიონ ბასილაია.

ჩაქველი სპორტსმენების სავარჯიშო დარბაზიდან 200-300 მეტრის დაშორებით აჭარის უმაღლესი საბჭო მდებარეობს, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტში ექვსი ადამიანი მუშაობს. მისულან თუ არა უმაღლესი საბჭოს წევრები სპორტდარბაზში, რომ გაცნობოდნენ, რა პირობებში ვარჯიშობენ მათ სამსახურთან ახლოს ბავშვები? ბესარიონ ბასილაიას ასეთი შემთხვევა არ ახსენდება. „მოსვლით არა, მაგრამ ერთხელ დაგვიბარეს“, – ამბობს ის, თუმცა რომელი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ, არ ახსოვს.

მარცხნივ უმაღლესი საბჭოს შენობა სპორტულ დარბაზთან

ამ თემაზე „ბათუმელების“ მიერ მომზადებული სტატიები: 

10 ადგილი აჭარაში, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს [სატელიტის ფოტოები]

ბათუმი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, ჩაქვი, ციხისძირი – ეს ის ადგილებია, სადაც ათეულობით მრავალწლოვანი ხე ამოთხარეს და ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში გადაიტანეს. შეკვეთილში ტერიტორია, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. შპს „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია. კომპანია „ურეკი რეზიდენსი“ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს 4 მილიონ ლარად მიჰყიდა. ბერა ივანიშვილი დღეს „ურეკი რეზიდენსის“ ერთადერთი მფლობელია.

აჭარაში ხეების ამოთხრა და გადატანა 2016 წლიდან დღემდე გრძელდება. ამ დროისთვის გადასატანადაა გამზადებული ხეები ხობულეთის სოფელ ზენითში, ბათუმში კი ორ მრავალწლოვან ხეს ახლა თხრიან.

ათი ადგილის ფოტო, სადაც მრავალწლოვანი ხეები ამოთხარეს, სატელიტიდან სხვადსხვა დროსაა გადაღებული – ხეების ამოთრხრამდე და ხეების ამოთხრის შემდეგ:

ბათუმში, თამარ მეფის გამზირთან ახლოს, მარკოზ აჭარელის მესამე შესახვევში ორ მრავალწლოვან ხეს დღესაც თხრიან. ხეებს ჯერ რკინიგზაზე გადაიტანენ, შემდეგ თამარ მეფის გამზირიდან პლაჟზე და ზღვით წაიღებენ. ამ ტერიტორიაზე ხეები ადრეც ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს.

 

ადგილი ბათუმის შემოსასვლელში მახინჯაურის დასახლებაში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები ამოთხარეს. აქ დღეს ახალგაზრდა ნერგებია დარგული.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ზღვისპირა ზოლში გასხვისებულ ტერიტორიაზე, რომელიც ინვესტორს რეკრეაციული დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა, მრავალწლიანი ხეები ზოგი მოჭრეს, ზოგი კი ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს. ხეები ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ამოთხარეს, ხეებთან მისასვლელი გზის მოსაწყობად კი ყოფილი სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორიას იყენებდნენ. ამ სამუშაოებისთვის აქ რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ნაძვი და მაგნოლია მოჭრეს.

 

ეს მწვანე კონცხზე ის ადგილია, სადაც ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა იდგა. შენობის ადგილზე სასტუმრო „მაგნოლია“ უნდა აშენდეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პროექტია. ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეებიც ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს.

 

ამ ადგილზე, ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ქაფურის ხე მოჭრეს. პარალელურად, ამ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში გადასატანად მრავალწლოვანი ხეებიც ამოთხარეს.

 

ჩაქვში, პლაჟის მიმდებარე მიწის ნაკვეთები, სადაც მრავალწლოვან ხეებს ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადასატანად თხრიან, სახელმწიფომ უპირობო აუქციონითა და პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა. [მესაკუთრე შპს „სისაიდია“ , რომლის 100% წილის მფლობელიშპს „ოლდ სითი დიველოპმენტია“. „ოლდ სითი დიველოპმენტ“-ის დირექტორი არის ირაკლი ქარსელაძე, ხოლო ამ შპს-ს 100% წილის მფლობელია პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL S.A. ირაკლი ქარსელაძე თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ამავე ფონდის მიერ დაარსებული ტურიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. თანაინვესტირების ფონდი კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წლის სექტემბერში.] ამ ადგილიდან, სადაც რკინიგზაზე სპეციალური გადასასვლელი და დროებითი პირსია მოწყობილი, არაერთი ხე გადაიტანეს შეკვეთილში.
ეს სოფელ ციხისძირში, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან ახლოს, ის ტერიტორიებია, საიდანაც არაერთი ხე გადაიტანეს შეკვეთილში. აქ ზღვასთან ახლოს ამოთხარეს ტიტას ხე, ეს იყო პირველი ხე, რომელიც ზღვით გადაიტანეს შეკვეთილში.  გავრცელებული ინფორმაციით, მრავალწლოვანი ტიტას ხე გახმა და მოჭრეს. ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა შეკვეთილში 2017 წელს „ბათუმელებს“ ტიტას ხე იმ ადგილზე აღარ დახვდა, სადაც ის 2016 წელს დარგეს. ციხისძირში პლაჟთან ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი ნერგებიც დარგეს და სკვერი მოაწყვეს, თუმცა არა იმ ადგილზე, სადაც ტიტა და სხვა ხეები ამოთხარეს.

 

ციხისძირში ამ ტერიტორიაზე ორი, გვერდი-გვერდ მდგარი მრავალწლოვანი ხეები – სექვოია და გინკგო (გინკგო ბილობა) ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს. ხეები სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთზე ამოიღეს, თუმცა რა ფორმით გასხვისდა ისინი, ვერ დავადგინეთ.

 

ესეც ციხისძირია. აქ მაგიტრალის გასწვრივ ფერდობზე მრავალწლოვანი ევკალიპტები ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს.

 

ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან ახლოს, ციხისძირში, ამ ადგილზე ორი მრავალწლოვანი მაგნოლია ამოთხარეს და გადაიტანეს. აქ უზარმაზარი ევკალიპტის ხე მოჭრეს, ვინაიდან ამოთხრილი ხეების გადატანას ხელს უშლიდა.

ამ თემაზე ნახეთ სტატია, რომელიც 2017 წლის აპრილში, ჟურნალ „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა:

ივანიშვილის დანატოვარი აჭარაში

სკოლები აჭარაში, რომლებსაც ლაბორატორიებს შეუძენენ – 100 ათასი ლარის ტენდერი

ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობისთვს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 100 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ლაბორატორიის აღჭურვილობის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ლაბორატორიის თითო ეგზემპლარს მიიღებენ შემდეგი საჯარო სკოლები:

[checklist]

  • ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლა;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლა;
  • დაბა ხულოს საჯარო სკოლა;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლა.

[/checklist]

ტენდერში გამარჯვებულმა აღნიშნულ სკოლებს ლაბორატორიის თითო ეგზემპლარი ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღეში უნდა მიაწოდოს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 20 მარტს დაიწყება და 22 მარტს შეწყდება.

ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის ჩამონათვალი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის შესაბამისი ბრძანებითაა განსაზღვრული.

 

აჭარის პროკურორი ოჯახში ძალადობის გაზრდილ მაჩვენებელზე

„პრობლემა არ მოგვარდება მხოლოდ იმით, თუ რამდენ საქმეზე დაიწყება გამოძიება, ან რამდენ შემთხვევაზე დაიწყებს დევნას პროკურატურა. ეს არ არის ამ პრობლემის მოგვარების აბსოლუტური ხერხი, თუ არ იქნება ჩართული საზოგადოების ფართო სპექტრი, თუ არ იქნება სამოქალაქო მართლშეგნება, თუ ამ სერვისებს არ ექნება მხარდაჭერა. მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ამაში ჩართული. ეს ციფრები ხან მოიმატებს, ხან – დაიკლებს…“ – აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა დღეს, 8 მარტს, ბათუმში გამართულ კონფერენციაზე – „ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება“.

„ბათუმელები“ მთავარი პროკურორის მოხსენების შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ:

ხშირად მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ის, შეაგროვა თუ არა ბრალდების მხარემ მტკიცებულებები, ან არის თუ არა დროული და ადეკვატური რეაგირება. მნიშვნელოვანია, საზოგადოების დამოკიდებულება და მენტალობა, რომელიც ასეთ მსხვერპლზე ხელახლა ზეწოლას ახორციელებს, ხელახლა ვიქტიმიზაცია ხდება. ეს ქალბატონი, ვისზეც გესაუბრეთ, პირად საუბარში ამბობდა, საღ ჭკუაზე ვარ, ვიცი, რომ მოძალადის გარეთ გამოშვებას ვითხოვ, მაგრამ მე არ მინდა მერქვას ქალი, რომელმაც შვილების მამა ციხეში ჩასვაო.

2018 წლიდან ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე მუშაობენ სპეციალიზებული პროკურორები, რომლებსაც აქვთ გავლილი შესაბამისი კურსი. ეს მოიცავს ფსიქოლოგიის კომპონენტსაც… ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირება. ამ ქალბატონის ცემას შეესწრო მისი არასრუწლოვანი შვილიც. შეიძლება, საზოგადოება თვლიდეს, რომ მსხვერპლი მხოლოდ ქალია, მაგრამ მსხვერპლი არ არის მხოლოდ ის, ვისზეც ფიზიკურად იძალადეს. როდესაც ბავშვები ამას ესწრებიან, ისინიც ხდებიან ამ ძალადობის მონაწილეები, ისინი განიცდიან ამ ფსიქოლოგიურ სტრესს.

მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს: შეიქმნა მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინაციის სამსახური. მათი დიდი უმრავლესობა ფსიქოლოგია. გარდა ამისა, მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორი გახდა პროცესუალური მხარე და ჩვენ კარგი მაჩვენებლებიც გვაქვს. ისინი აქტიურად არიან ჩართულები გამოძიების, დაკითხვის, ჩვენების მიღების პროცესში. მათ ვალდებულებაც აქვთ, თუ მსხვერპლი საჭიროებას განიცდის, სასამართლოში გაყვნენ და მათი თანდასწრებით მოხდეს ჩვენების მიცემა.

გამოწვევებზეც მინდა ვისაუბრო: როგორც ერთი და ორი წლის წინ, ახლაც პრობლემად რჩებიან დაზარალებულები, რომლებიც ძალადობის შემდეგ უარს ამბობენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე, ან თანამშრომლობენ და შემდეგ იცვლიან პოზიციებს. პოზიციის შეცვლის მოტივი არის სხვადასხვა… ოჯახში ძალადობის დროს, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გვყავდეს ნეიტრალური მოწმე, რადგან, ძირითადად, დანაშაული ხდება ოჯახის შიგნით. ამ ორი პირის, მოძალადის და მსხვერპლის გარდა, ამას არავინ ესწრება. ამიტომ, როცა დაზარალებულები გარკვეული მიზეზით უარს ამბობენ, ან ცვლიან პოზიცია, ეს განსაკუთრებით პროკურატურის გამოწვევად რჩება.

კოორდინატორების რაოდენობა ასევე არის ძალიან მცირე, გადამზადებული პროკურორების რაოდენობაც არის პრობლემა, რადგან ასეთი გვყავს სულ 130 და ისინი 4 ათასამდე დევნას ახორციელებენ. ვცდილობთ, რომ ეს რაოდენობაც გავზარდოთ.

გამოწვევად რჩება დაზარალებულებისთვის სერვისების ნაკლებობა, იგივე თავშესაფარი და იქ არსებული საწოლების რაოდენობა. არ გვაქვს ასევე მოძალადის რეაბილიტაციის პროგრამები. როცა მოძალადის მიმართ გამოყენებულია არასაპატიმრო სასჯელი. ერთია, რომ მას ავუკრძალოთ მიახლოება, მაგრამ მეორეა, თუკი მას ექნება სხვადასხვა სარეაბილიტაციო კურსის გავლის ვალდებულება. ეს შეამცირებს მსგავსი დანაშაულების ხელახლა ჩადენის შესაძლებლობას.

დაბალი მართლშეგნების გამო, ხშირად ვისმენთ საყვედურს, რომ პროკურატურა ამ პოლიტიკით ანგრევს ოჯახებს და ასე შემდეგ. ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს ამ ტაბუდადებულ თემებთან გამკლავება,“ – აღნიშნა კონფერენცია ნათია სონღულაშვილმა.

კონფერენციაზე აჭარის პროკურორმა სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა. „ბათუმელები“ რამდენიმე მონაცემს გთავაზობთ ამ პრეზენტაციიდან:

 

ნათია სონღულაშვილი

 

 

შერცხვენით დაშინება – იარაღი გოგოების წინააღმდეგ

ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება – ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც დღეს, 8 მარტს, გაიმართა ბათუმში. კონფერენციის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც, ერთი მხრივ, მუშაობენ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი, თავად არიან ბენეფიციარები. კონფერენციის პირველ ნაწილში ძალადობის ფორმებზე ისაუბრა მწერალმა და ფსიქოლოგმა თამარ თანდაშვილმა. „ბათუმელები“ მისი მოხსენების – „ძალადობის ნატიფი ფორმები“ შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას გთავაზობთ.

 თამარ თანდაშვილი, მწერალი, ფსიქოლოგი:

„გამოსვლას ერთი ამბით დავიწყებ, ისტორიით, რომელიც თებერვლის დასაწყისში შეგვემთხვა მე და ჩემს კოლეგას. ძალიან შეწუხებულმა დამირეკა, ჩემს ახლობელ ბავშვს ისეთი ისტორია გადახდა, მეშინია თავი არ მოიკლასო. პირველ რიგში, რასაც ვეკითხები ხოლმე ასეთ დროს, არის ბავშვის ასაკი, რადგან სპეციფიკა განსხვავებულია. მითხრა, რომ ბავშვი, ნიკა, 17 წლისაა, შეყვარებულმა გადაუღო შიშველი სურათები, შემდეგ ეს სურათები საიდანღაც მოხვდა ვებგვერდზე, სადაც ლამის მთელმა საქართველომ ნახა და მათ შორის მისმა ახლობლებმაც, ჩაიკეტა ოთახში და არავის არ ესაუბრება.

სუიციდთან თუ მინიმალური შეხება გქონიათ, გეცოდინებათ, რომ ოთახში გამოკეტვა კარგს არაფერს არ ნიშნავს.

17 წლის ნიკა… გავიაზრე და ვიფიქრე, რომ ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში, რომანტიკაში გამოიჭირეს. ეგრევე მიხვდა ჩემი კოლეგა და მითხრა, უი არა თამარ, ნიკა კი არა, ნინკა, ნინო ჰქვია ამ ადამიანს, გოგოაო. ნინკა გითხარი და ალბათ ნიკა გეგონაო.

ეს ისტორია რატომ იყო ჩემთვის ნიშანდობლივი და საინტერესო. აქედან გამომდინარეობს ორი დაშვება: პირველი – 17 წლის ახალგაზრდა ბიჭს ვერ დააშინებ სურათებით, სადაც ის შიშველია, თუ კი ის შიშველია ქალთან. 17 წლის ჰეტეროსექსუალი ბიჭისთვის შიშვლად ყოფნა და გოგოსთან ეროტიკული ურთიერთობა არ არის დამამცირებელი, პირიქით, ჩვენს კულტურაში ეს წახალისებულია, იმიტომ, რომ მისი სტატუსი ზევით იწევა. მეორე დაშვება – 17 წლის ნინოს ზუსტად იმავე სიტუაციაში ენგრევა ცხოვრება და ცხოვრების დანგრევა თუ ვერ მოუხერხეს, ენგრევა ფსიქიკა.

განსხვავება თითქოს ძალიან მცირეა, ორივე 17 წლისაა, ორივე ბავშვია [ფიზიოლოგიურ მომწიფებას არ ვგულისხმობ], მაგრამ ერთისთვის ეს არის წამახალისებელი საქციელი, ნინოსთვის კი ეს არის ცხოვრების დამანგრეველი.

ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ნინკაზე იყო ლაპარაკი და არა ნიკაზე და ეს ისტორია არ არის პირველი ჩემს შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ასეთი სიმძიმით მოუხდა თავისი პირველი სექსუალური გამოცდილების გამოვლინება.

პატრიარქალურ კულტურაში სამსხვერპლოდ გამზადებული ასეთი ახალგაზრდა გოგონა ბევრია. ქართული კულტურა არის ერთ-ერთი [ერთადერთი არ ვართ მსოფლიოში და ამით შეიძლება თავი ვინუგეშოთ, თუმცა მაინცდამაინც სანუგეშო არ არის], სადაც ქალი და სექსი ერთ წინადადებაში თუ ახსენე, უკვე ძალიან დამაკნინებელ შინაარსზე გაქვს ლაპარაკი. ეს ამბის თხრობა არ შეიძლება იყოს, ეს არის პორნოგრაფია. აქედან გამომდინარე, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, რა სიმძიმე შეიძლება გააჩნდეს ახალგაზრდა გოგოს, რომელიც ცდილობს თავისი ბიოლოგიის შესაბამისად რაიმე ფორმა მაინც მონახოს კულტურისთვის მისაღები თუ ოდნავ მიუღებელი, რომლის შედეგადაც ის მოახდენს თვითრეალიზებას ამ თვალსაზრისით.

ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების, სურათების გამოფენით დაშინებას ან დაშანტაჟებას ფსიქოლოგიის ენაზე ჰქვია შერცხვენით დაშინება. ეს არ არის შერცხვენა, შერცხვენა შემდეგი ეტაპია. ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ შერცხვენით დაშინება გაცილებით უარესია და ეს გამოცდილება ასეულობით მაქვს უკვე.

შერცხვენით დაშინება არის ადამიანის მუდმივად პანიკურ მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც მან არ იცის რომელი მხრიდან, საიდან და რა დიაპაზონის თავდასხმა განხორციელდება მასზე და ვინ იქნება მისი შერცხვენის ადრესატი, აუდიტორია. როგორც წესი, სწორედ ამით შესანიშნავად მანიპულირებენ ხოლმე ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა მიზანი აქვთ.

მოძალადე ერთი პროფილის არასოდეს არ არის. თუ კი ეს არის მოძალადე სადისტი, რომელიც ემოციურ კმაყოფილებას იღებს მეორე ადამიანის ტკივილის ყურებით, მეორე ადამიანის კონტროლის ქვეშ ყოფნით – ეს სხვა პროფილია. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ახალგაზრდა, თინეიჯერი, ასეთი უამრავი შემთხვევა მქონია, ამას ახალგაზრდა ადამიანები აკეთებენ, უმეტესწილად – ბიჭები. ასევე, მოძალადე შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ძალიან პრაგმატული მიზანი აქვს, ეს შეიძლება იყოს გამოძალვა: ფული ან რაღაცა ტიპის გავლენა, რომელიც მან უნდა მოახდინოს ვიღაცაზე და ეს არის სექსი. თუმცა მოძალადის პროფილები ამით არ შემოიფარგლება,

რა შეიძლება იყოს შედეგი ადამიანის შერცხვენით დაშინების? პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს თვითმკვლელობაზე ფიქრი. არ ვიცი საქართველოს სხვა რეგიონებში ამ მხრივ რა ხდება, მაგრამ თბილისში დადის ისტორიები გოგოების შესახებ, რომლებიც ფანჯრიდან გადმოხტნენ ან თავი ჩამოიხრჩვეს. არავინ არ უყურებს იმას, თუ რა ხდებოდა მათ ვირტუალურ ცხოვრებაში. უფრო მარტივ საკითხთან ხომ არ გვაქვს საქმე? სირცხვილით დაშინებასთან?!

მეორე შედეგი რაც შეიძლება იყოს, ესაა დეპრესია. დეპრესია შეიძლება იყოს არა მხოლოდ უშუალოდ ფაქტის შემდგომ, სამიდან ექვს თვემდე, როგორცაა დეპრესიის კლასიკა უმეტეს შემთხვევაში ასეთი ტიპის ტრავმაზე, არამედ შეიძლება არც მეტი არც ნაკლები ათწლეულობით გრძელდებოდეს, რადგან შეიძლება ადამიანმა ამ ტიპის ტრავმა ვერ გადაიტანოს, ვერ გადახარშოს და მიუხედავად იმისა, რომ ის ფუნქციურია ყოველდღიურობაში, ხშირად წარმატებული, ძალიან ადეკვატური, წარმოსადეგი და სტატუსიანიც, ისე, რომ ჩვენ შორიდან ვერც კი შევამჩნევთ, რომ მის ბიოგრაფიაში ასეთი ავბედითი შემთხვევა ხდებოდა, ის ადამიანი ამ დროს შეიძლება იყოს ღრმა დეპრესიაში. ეს არის ძალიან მძიმე.

მესამე შედეგი შეიძლება იყოს თვითშეფასების და თვითნდობის ვარდნა. ადამიანს ასეთ დროს ხშირად საკუთარი თავისთვის კარგი არაფერი ემეტება, თითქოს იმ სირცხვილისთვის, რომელიც გადაიტანა, მთელი ცხოვრება საკუთარ თავს სჯის.

მე მქონია შემთხვევა ერთი ახალგაზრდა ქალის, რომელსაც წარმატება წარმატებაზე ჰქონდა, იმიტომ რომ იყო ძალიან ძლიერი პროფესიონალი. ყოველი წარმატების შემდეგ ხდებოდა რაღაც მის ცხოვრებაში, რაც ამ წარმატებას ანულებდა. ფსიქოლოგიური მექანიზმია ასეთი, თუ კი რამე კარგს მიაღწიე, შენ ამისი ღირსი არა ხარ, იმიტომ, რომ შენ ასეთი სირცხვილი გადაგხდა. მოდის დანაშაულის გრძნობა, რომელიც მსხვერპლს ყველა ვარიანტში უჩნდება. რა თქმა უნდა, მსხვერპლი არასოდეს არ არის დამნაშავე, მაგრამ დანაშაულის გრძნობა სირცხვილთან ერთად, ტყუპ ძმასავით, ხელიხელჩაკიდებული დადის.

ჩვენ ვცხოვრობთ უკვე მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში, ინფორმაცია, რომელიც ჩემს ბავშვობაში უბანში და უბნის გარეთ გავრცელდებოდა მხოლოდ და ისიც ძალიან დამამცირებელი და სამარცხვინო იყო, დღეს უკვე შეიძლება შვიდ მილიარდს მიწვდეს ძალიან მარტივად, ერთი თითის დაჭერით. ეს არის გაცილებით უფრო საშიში, ვიდრე მაღალტექნოლოგიური ეპოქის იქეთ მდებარე კულტურებსა და ისტორიულ ეპოქაში, როდესაც  აუდიტორია უფრო მცირე იყო, ვიდრე ახლაა.

ეს ჩვენი რეალობაა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ორიგინალური არ ვიქნები, თუ კი ვიტყვი, რომ მიმართულება არის ორი ტიპის – ერთი არის პრევენციაზე მიმართული, როგორ არ მოხდეს ასეთი შემთხვევები, როგორ ავირიდოთ თავიდან და მეორე – როდესაც მოხდება, როგორ უნდა მოვახდინოთ მასზე რეაგირება, რომ მსხვერპლის ხელმეორედ, მესამედ და მეოთხედ ტრავმირება არ მოხდეს, როგორც დღეს ხდება ხოლმე, როგორც წესი.

პრევენციაში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო ინსტიტუტებს და მედიას. თუმცა საგანმანათლებლო ინსტიტუტების მუშაობა არის ძალიან შეზღუდული ამ მხრივ. მაგალითად, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტ CTC-ში, რომელსაც მე წარმოვადგენ, გვაქვს მოზარდთა ფსიქოლოგიური უსაფრთხოების, ახალგაზრდა გოგონათა ფსიქოლოგიური უსაფრთხოების და ფიზიკური უსაფრთხოების მოდულები, სადაც ადამიანებს ვასწავლით პირველ რიგში როგორ ამოიცნონ საფრთხე, საფრთხის მეფინგი ჰქვია ამ მოდულს, როგორ აირიდონ თავიდან ძალადობა ან როგორ ითხოვონ დახმარება. ასეთი საგანმანათლებლო პროდუქტის აუდიტორია არის ძალიან პატარა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენამდე მოაღწევენ ან ის ადამიანები, რომელთაც როგორმე ხმას ვაწვდენთ. პრობლემა კი ეროვნულია და ასეთი მცირე ჩარევებით ვერ მოვერევით. ალბათ უფრო დიდი საგანმანათლებლო ინსტიტუტების და მათ შორის განათლების სამინისტროს პრეროგატივაა, რომელთანაც ხდება ბავშვების მასიური თავმოყრა, რომ ბავშვები დაიცვას ასეთი ტიპის ძალადობისგან ცოდნის მიცემით.

მეორე არის რეაგირების საკითხი. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება მსხვერპლს, მაგრამ აქ ერთ პრობლემას ვაწყდებით – მსხვერპლი არ მოდის ადრესატამდე. არ მოდის ჩვენამდე, არ მოდის პოლიციამდე და ამ დახურული ისტორიის გამო ის ერთხელ კი არა ათჯერ შეიძლება გახდეს შანტაჟის მსხვერპლი, თავს იძვრენს ან ვერ იძვრენს და მოძალადეს თუ არ მობეზრდა მისით თამაში, ძალიან ხშირად ადამიანები ფსიქოლოგიურ მონობაში ატარებენ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლებს.

მოხსენების მომზადების დროს ყოველთვის ამომაქვს ხოლმე ჩემი პირადი სტატისტიკა ჩემი გამოცდილებიდან, რადგან 1700-მდე სესია მაქვს ჩატარებული ინდივიდუალურიც და კოლექტიურიც და მაინტერესებს, რა პროცენტულობით არის წარმოდგენილი ერთი ადამიანის მუშაობაში იმ ტიპის ძალადობა, რომელზეც უნდა ვისაუბრო. ამოვიღე ეს ქეისები, ძალიან დამამძიმებელი იყო და ასეთ დროს ფსიქოლოგებს გვაქვს ასეთი ვარჯიში, როცა ემოციებში გაიხლართები, უნდა გადაერთო რაიმე, შინაარსიან საქმიანობაზე რამდენიმე წუთით. ყველას თავისი აქვს ამორჩეული, მე პირადად ძალიან მიყვარს „ნასას“ ვებგვერდი, სადაც ახალი პლანეტარული აღმოჩენების შესახებაა ინფორმაცია. დავაჭირე ხელი ვებგვერდს და ამოხტა ამინდის პროგნოზი. მეგონა, რომ შემეშალა, რა უნდა ამინდის პროგნოზს ნასას ვებგვერდზე, მაგრამ რომ გავშალე, მივხვდი, რომ ეს იყო ამინდის პროგნოზი მარსზე. ნასამ დაიწყო ყოველდღიურად მარსის ამინდის პროგნოზირება, რომელიც ახლდება წამდაუწუმ. ეს იყო ძალიან ცინიკური და სარკასტული მეტაფორა იმ საქმიანობისა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ [კაცობრიობამ] უკვე დავიწყეთ სხვა პლანეტის კოლონიზაცია და ამ პერიოდში ჩვენ ვსხედვართ და ვმსჯელობთ იმაზე, რომ ადამიანი არ უნდა მოკლა, თუ კი ის ქალია, არ უნდა დაამცირო და ფსიქოლოგიურად ისე არ უნდა დათრგუნო, რომ მას მეცხრე სართულიდან გადმოხტომა მოუნდეს, როცა მისი ასაკი სულ რაღაც 15 თუ 16 წელია.“

ამავე თემაზე: 

პაციენტის თხოვნით დაწერილი რომანი

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის 2019 წლის პროგრამები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს რამდენიმე სოციალურ პროგრამას ახორციელებს. მათ შორის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამასაც. სამინისტრო სპეციალური პროგრამის ფარგლებში დამატებით შრომის ანაზღაურებას გადაუხდის სოფლის სამედიცინო პერსონალსაც.

სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია

ეს პროგრამა ითვალისწინებს სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის კურსების მიწოდებას.

მოსარგებლეები: სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით და ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში.

პროგრამა მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება ანაზღაურდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა (178 ლარი). წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, 1 კურსი – არანაკლებ 30 სარეაბილიტაციო ღონისძიებისა.

ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს განსაზღვრული დიაგნოზის მქონე ბავშვთა სამედიცინო მეთვალყურეობას, ფიზიკური თერაპიას, მეტყველების თერაპიას, ბავშვისა და მშობლის ფსიქოლოგიურ დახმარებას.

მოსარგებლეები: ბავშვთა ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების,  კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის  დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლისა და მეტი (18 წლამდე) ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე, ამ მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები.

პროგრამა მოიცავს: ფიზიკურ თერაპიას; მეტყველების და ენის თერაპიას; ნევროლოგის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის მეთვალყურეობას; ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლებას.

დაფინანსების ფორმა: გაწეული მომსახურება (1 კურსი – არანაკლებ 10 დღისა და ჯამში არანაკლებ 22 ღონისძიებისა) ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 1 კურსის ღირებულება 233 ლარის ოდენობით (წელიწადში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება არაუმეტეს 7 სარეაბილიტაციო კურსი, პროგრამაში ჩართვის პერიოდის გათვალისწინებით).

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას სადღეღამისო ცენტრში.

შშ მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.

დაფინანსების ფორმა: წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, ბენეფიციარის მომსახურება დაფინანსდება დღეში – 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის  (მშობელი ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი) დღეში – 10 ლარით.

ბავშვთა ადრეული განვითარება

პროგრამა ითვალისწინებს, განსაზღვრული დიაგნოზის მქონე იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარებას, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი) მომსახურების გაწევას (თვეში არანაკლებ 8 შეხვედრისა). ამასთან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მხოლოდ ინდივიდუალურ მომსახურებას, 3 წლის ასაკის ზემოთ ჯგუფურ მომსახურებასა (არანაკლებ თვეში 4 შეხვედრისა).

მოსარგებლეები: 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც აქვთ განვითარების ეტაპების დაყოვნება, შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია პროგრამით გათვალისიწინებული ICD-10-დიაგნოზებით (მათ შორის: დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, განვითარების ზოგადი აშლილობა, მეტყველების განვითარების აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა).

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით,  არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი კურსის ღირებულება 144 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველ თვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე,  არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით.

აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. მომსახურება მოიცავს 12 კურსს (1 კურსი-15 სეანსი, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის მინიმალური რაოდენობა-12 სეანსი).

მოსარგებლეები: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარს გაწეული მომსახურება დაუფინანსდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 1 კურსის ღირებულება 300 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველთვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე.

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიწოდებას

[checklist]

  • სამკურნალო ფიზკულტურას;
  • მასაჟს;
  • ელექტროფორეზს;
  • ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცის;
  • მშობლისათვის სამკურნალო  ფიზკულტურის  სახლის  პირობებში  ჩატარების  სწავლებას.

[/checklist]

მოსარგებლეები: 1 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან  სოციალურად  დაუცველი  ოჯახების  ერთიან  მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით. ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან  სახელმწიფო მზრუნველობაში.

დაფინანსების ფორმა: პროგრამით გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს ქვეპროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 160 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში ბენეფიციარს დაუფინანსდება ერთის სარეაბილიტაციო კურსი (მასაჟი -10,  სამკურნალო ფიზკულტურა -10, ელექტროფორეზი – 10).

სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, სმენაპროთეზირებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებით უზრუნველყოფას. წლის განმავლობაში დაფინანსდება 2 კურსი (კურსი მოიცავს მეტყველების თერაპიის 10 ვიზიტს, მათ შორის 5 ინდივიდუალურ და 5 ჯგუფურ მეცადინეობას,  მუსიკათერაპიის  4 ვიზიტს).

მოსარგებლეები: 3-დან 10 წლის ასაკამდე სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი  კურსი 310 ლარის ოდენობით.

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას.

მოსარგებლეები: სხვადასხვა პრობლემების თანადგომის ქსელის არმქონე დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით (ბავშვებით) ან ორსული ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა).

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით. პროგრამა ხორციელდება სოციალური ვაუჩერის მეშვეობით, მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვისა, მომსახურების მიღება შესაძლებელია წელიწადში 2-ჯერ.

ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი თავშესაფრით  უზრუნველყოფას სამჯერადი კვებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. გათვალისწინებულია პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, ასევე, ფსიქოტროპული და საჭიროებისამებრ, თანმხლები სომატური დაავადებების მედიკამენტებით მკურნალობა. პაციენტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება მულტიდისციპლინარული მეთოდით ინდივიდუალური მართვის გეგმის შესაბამისად, სხვა სომატური გართულების შემთხვევაში გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.

მოსარგებლეები: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით (F00- F009) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პირები, რომელთა მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია და ამავე დროს ვერ აკმაყოფილებენ სტაციონარული მომსახურების პირობებს.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება დღეში 25 ლარით. პროგრამა ხორციელდება სოციალური ვაუჩერის მეშვეობით, მოქმედების ვადა განისაზღვრა არაუმეტეს 6 თვისა, მომსახურების მიღება შესაძლებელია წელიწადში 2-ჯერ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, გადაადგილების პრობლემის მქონე შშ (მათ შორის ბავშვები) მქონე და ხანდაზმული პირების, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში – 14 წლისა და უფროსი ასაკის შშ სტატუსის მქონე ბავშვები/პირების სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფას.

მოსარგებლეები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის ბავშვები; მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი  ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 300 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები; პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირები; თავშესაფარის კონტიგენტი.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: ელექტრო სავარძელ-ეტლი – 3580 ლარით; მექანიკური სავარძელ-ეტლი შშმ პირებისათვის – 550 ლარით, სხვა ბენეფიციარებისათვის – 300 ლარით.

სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, სმენადაქვეითებული პირების ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას.

მოსარგებლეები: III-IV ხარისხის სმენადაქვეითებული  მოქალაქეები; 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი ხარისხის სმენადაქვეითების მქონე ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის საფუძველზე) არაუმეტეს 1400 ლარისა, სხვა ბენეფიციართათვის – 263 ლარით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების, მათ შორის იძულებითი წოლითი რეჟიმის მქონე ხანგრძლივად მოავადე პაციენტების უზრუნველყოფას დამხმარე/მოვლის საშუალებებით (ფუნქციური საწოლი, ჟანგბადის კონცენტრატორი, ასპირატორი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, კოხლეარული იმპლანტის პროცესორი და მისი სათადარიგო ნაწილები, ხმის წარმომქმნელი აპარატი).

მოსარგებლეები: შშ მქონე პირები, მათ შორის ბავშვები; მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 300000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები; პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი პირები; თავშესაფარის კონტიგენტი.

დაფინანსების ფორმა: მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულება დაფინანსდება სრულად ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტისა.

100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება

მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

დაფინანსების ფორმა: თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე.

 ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება

პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ორი ან ორზე მეტი ტყუპი.

დაფინანსების ფორმა: თანხა ტყუპისცალზე შეადგენს 1000 ლარს, ჩარიცხვა განხორციელდება მშობლის საბანკო ანგარიშზე.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა.

მოსარგებლეები: ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიანი ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.

დაფინანსების ფორმა:

[checklist]

  • საცხოვრებელი ფართის ღირებულების ანაზღაურდება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გამყიდველის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე, ხელშეკრულებაში ასახული ქონების ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული თანხისა.
  • იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება  აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების  შემთხვევაში,  ბენეფიციარი ფართის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.

[/checklist]

პროგრამაში  ჩართვისათვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის  მდებარეობის მიხედვით.

შენიშვნა:  

  • ბენეფიციარი 2010 წლის 1 იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
  • პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომლებსაც სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციით სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება ან ფაქტიურ მფლობელობაში/საკუთრებაში გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამასაც.

სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურება

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 150 ლარის ოდენობი.

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 150 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 100 ლარის ოდენობით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 2019 წელს ჯამში 32 პროგრამას განახორციელებს.

    • აჭარის ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლე 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
    • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვსთავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
    • არ დაფინანსდება სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119
ტელეფონი: +995 (0422) 247972, +995 (0422) 24-79-64
ვებ-გვერდი: www.adjara.gov.ge

 

არასწორი დიაგნოზები – რატომ არ ევალებათ საქართველოში ექიმებს უწყვეტად სწავლა 

უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სხვა პროფილის ექიმებისთვის რესერტიფიცირება 2019 წლის მდგომარეობით, სავალდებულო არაა.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, ყოველწლიურად რამდენი ადამიანი გზავნის საკუთარ დიაგნოზს გადასამოწმებლად საზღვარგარეთ, ან საქართველოში ერთი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, მეორე ექიმთან ამოწმებს. ის პირები, ვინც თვლიან, რომ მათ არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და ასევე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, ამ პრაქტიკას – დიაგნოზის რამდენიმე სპეციალისტთან გადამოწმებას, ექიმთა დაბალი კვალიფიკაციით ხსნიან.

„ბათუმელები“ ათამდე პირს ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ან მათ ოჯახის წევრებს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს არასწორად. აქვე გთავაზობთ ორ ისტორიას, პირებისა და კლინიკების მითითების გარეშე.

რეალური ისტორია 1: „ანგინა მქონდა და შედეგად ცალი გლანდი დამისივდა. მივედი ოტორინოლარინგოლოგთან. ანალიზის გარეშე ვერ ამოგჭრიო და გამიშვა თბილისში  ერთ-ერთ ცნობილ ონკოლოგიურ კლინიკაში. კლინიკაში დამისვეს დიაგნოზი – ნუშურა ჯირკვლის ლიმფომა და დამინიშნეს ქიმიოთერაპია. თავიდან შოკირებული ვიყავი დიაგნოზით. შემდეგ დავიწყე სხვადასხვა ექიმთან გადამოწმება. ვიყავი ბევრგან. ადგილობრივი პოლიკლინიკის ექიმი მეუბნებოდა, არაფერი სიმსივნის მსგავსი არ ჩანს, საშიში არაა. აბსცესია გლანდისო – კბილიდან იყო ინფექცია გადასული. დავიწყე ჩემი დიაგნოზის გადამოწმება. სხვა ონკოლოგი ვიპოვე, ასევე ცნობილ საავადმყოფოში. ამ ონკოლოგზე ლეგენდები დადის თბილისში. ამბობენ, რომ „ის არ ცდება“ დიაგნოზის დასმისას და ძალიან  ძლიერია. მნახა ამ ონკოლოგმაც და გამიშვა ქიმიოთერაპიაზე. წავედი ანკარაში. სრული გამოკვლევა ჩავიტარე.  ექიმმა  არაფერი არ გაქვს სიმსივნის მსგავსიო. წამლები დამინიშნეს და თურქეთში ყოფნისას უკვე დაიწყო დაცხრომა გლანდმა. როდესაც თურქეთიდან ჩამოვედი, მივედი იმ ონკოლოგთან და ვკითხე: „თქვენი დიაგნოზი არ გამართლდა. სიმსივნე არ მაქვს და რის საფუძველზე დამისვით ეს დიაგნოზი-მეთქი? „ცოტა მასალა დამაკლდაო, მაგრამ მე მკურნალ ექიმს ვურეკავ და ვეკითხებიო“. მეთქი, მე არ მყავს მკურნალი ექიმი და ვისთან დარეკეთ? მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე, აზრი არ ჰქონდა კამათს და წამოვედი. დიაგნოზის გადამოწმება ფინანსურადაც ძალიან ძვირი დამიჯდა. ფინანსებს რომ თავი დავანებოთ, ემოციურად საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. არ ვიცოდი რა მექნა. მერე რაღაცნაირად მოვახერხე დამშვიდება და დავაჯერე საკუთარი თავი, რომ არაფერი არ მჭირდა. ამ რწმენის წყალობით არ დავთანხმდი ქიმიოთერაპიას, თან ფიზიკურადაც კარგად ვიყავი, არც ტემპერატურა მქონდა, არაფერი მაწუხებდა. როგორ შეიძლება ასეთი დიაგნოზი გქონდეს და სისუსტე მაინც არ იგრძნო?

რატომ არ ვიჩივლე? თავიდან მქონდა სურვილი, მაგრამ გადავიფიქრე. ვიცი, რომ ვერაფერს მივაღწევ, სამწუხაროდ. მით უმეტეს თურქეთიდან რომ ჩამოვედი, იმდენად დაღლილი ვიყავი ამ ყველაფრისგან, თან იმდენად გახარებული ვიყავი, რომ სიმსივნე არ მჭირდა, აღარ მივაქციე ყურადღება. ერთადერთი რაც გავაკეთე, ლაბორატორიაში მივედი და ძალიან უხეშად ველაპარაკე იმ ექიმს, ვინც მიმტკიცებდა, რომ მჭირდა კიბო“.

რეალური ისტორია 2: „ჩემს მეუღლეს ფეხებზე, კოჭებს ზემოთ გაუჩნდა ორი ერთნაირი წითელი ლაქა. თავიდან ყელიან ფეხსაცმელს, ახალ წინდას, რას არ დავაბრალეთ, მაგრამ არ გაუარა. ბათუმში ვაპირებდით წასვლას, ზღვის სეზონი მოდიოდა, ზღვაზე ასე წასვლა ტეხავსო და დერმატოლოგთან მივიდა. დერმატოლოგმა დიაგნოზი ვერ დაუსვა და გაგზავნა ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში ძალიან ცნობილ ონკოლოგთან. უთხრა, მიდი, სინჯი აიღე, რომ დათესონ და კიბო გამოვრიცხოთო. კლინიკაში მისვლისას მიმართვა  გვქონდა სინჯის აღებაზე. ექიმმა შეიყვანა საოპერაციოში, ადგილობრივი ანესთეზია უნდა გაგიკეთოთ კანის ანათალისთვისო. ჩემი მეუღლე მანიპულაციას ვერ ხედავდა. როცა დაამთავრა ექიმმა, უთხრა ექვს-ექვსი ნაკერი დაგადე ორივე ფეხზე, სიმსივნე ამოვჭერიო. გაუკვირდა, რა სიმსივნეო. ექიმმა – „ნუ ბარემ ამოვჭერი, რაც  იყო და აწი ანალიზებით 10  დღეში  გეცოდინება ავთვისებიანი იყო თუ არაო. ერთ თვეში მოდი ნაკერების ამოსაღებად, მანამდე  „ზელიონკა“  ისვიო“. კი გაგვიკვირდა ორივეს, მაგრამ წამოვედით სახლში. ისვამდა ამ „ზელიონკას“, არც ჭრილობა ხორცდებოდა, არც სიარული შეეძლო. ამასობაში ეს ნაოპერაციები ადგილი დაცხრა და აღმოვაჩინეთ, რომ ის ლაქები კოჭზე ისევ ისეა. სხვა ადგილას ამოუჭრია კანი, სადაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ამასობაში მოვიდა ანალიზის პასუხი, უარყოფითი. არანაირი სიმსივნე არ ჰქონდა. ჩემს მეუღლეს ორივე ფეხზე აქვს ჭრილობა. ცალი ფეხი, რომელიც ექიმმა გაკერა, მოუშუშდა, მეორე ფეხზე ნაკერი დამხმარე ექთანმა დაადო, არ ხორცდებოდა. ფეხი სხვა ექიმსაც ვაჩვენეთ. აღმოჩნდა, რომ გრძივ ჭრილობაზე არასწორად ედო ნაკერი. როგორც ექიმმა გვითხრა, „ასეთ ნაკერს  სწორი  ნაწლავის  მოჭრისას ადებენ“. მივედით იმ ცნობილ კლინიკაში იმ ექიმთან, ვინც ეს ოპერაცია გაუკეთა. რამდენიმე კითხვა გვქონდა, რატომ გაუკეთეს სიმსივნის ოპერაცია, მაშინ როცა სიმსივნე არ ჰქონდა და ოპერაციის შემდეგ, რატომ დაადეს ნაკერები ისე, რომ ფეხი დაუმახინჯეს. „ერთი ვინ გიყურებს კოჭებზეო“ – ექიმმა გვითხრა. ჩემს მეუღლეს სიმსივნე არ აღმოაჩნდა. ექიმმა სრულიად უმიზეზოდ ამოჭრა ხორცი ფეხზე ორ ადგილას, თან ისე, რომ ლაქა სადაც ჰქონდა, ის ლაქები ადგილზე დაუტოვა. ჯერ არ გვიჩივლია. თუმცა გავიგეთ, რომ კიდევ არის ერთი ადამიანი, ვისაც მსგავსი ისტორია გადახდა თავს. ვაპირებთ მას დავუკავშირდეთ და საჩივარი შევიტანოთ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში“.

მარტო 2018 წელს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, სამედიცინო დახმარების ხარისხის შესახებ 209 პაციენტმა მიმართა.

2018 წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ 348 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის (162 საქმე) საკითხი განიხილა. 348 ექიმიდან 342 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ამ 342 ექიმიდან 235 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მისცეს. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 105 ექიმს შეუჩერდა. 2 ექიმს საერთოდ გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი. 348 ექიმიდან მხოლოდ 6 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა.

ათივე გამოკითხული, ვისაც „ბათუმელები“ სტატიის მომზადების პროცესში ესაუბრა, თვლის, რომ ექიმებმა სხვადასხვა დროს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. მათგან უმრავლესობას არ მიუმართავს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის, მხოლოდ ერთი აპირებს სამომავლოდ საჩივრის დაწერას.

რესპონდენტები ამას ორი ფაქტორით ხსნიან – უნდობლობა და დროში გაწელილი პროცესი.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვკითხეთ, საშუალოდ, რა დრო სჭირდება პროფესიული განვითარების საბჭოს ერთი პაციენტის საქმის განსახილველად. სააგენტოდან მოგვწერეს, რომ განხილვის ვადა დამოკიდებულია საქმის მოცულობაზე.

რას აკეთებს სახელმწიფო ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად

ზაზა ბოხუას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეს ვკითხეთ, რატომ არ არის სავალდებულო აიმაღლოს საქართველოში ექიმმა კვალიფიკაცია – სავალდებულო რესერტიფიცირება წლების წინ გააუქმა ხელისუფლებამ. შემდეგ ითქვა, რომ რესერთეფიცირება ისევ სავალდებულო გახდებოდა, მაგრამ ეს პროცესი დღემდე ისევ შეჩერებულია.

ზაზა ბოხუა: „ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ეტაპობრივად მივდივართ რესერტიფიცირებისკენ. რესერტიფიცირების მთავარი აზრი არის ის, რომ ხუთ წელიწადში ერთხელ, როგორც მთელ მსოფლიოშია და მათ შორის ევროპაში, მოხდეს სათანადო კრედიტ ქულების დაგროვების მიზნით, ექიმის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განახლება. ლაპარაკია იმ ექიმებზე, რომლებიც უკვე არიან სერტიფიცირებული. დავიწყეთ  ეტაპობრივი გადახედვა, შევქმენით სპეციალური სამუშაო ჯგუფი. სავალდებულოდ გვაქვს ჩადებული სახელმწიფო პროგრამებში. დღეისათვის მეან გინეკოლოგები და ნეონატოლოგები არიან ვალდებული რესერტიფიცირება  გაიარონ. სახელმწიფო პროგრამაში სამედიცინო დაწესებულება თუ არის ჩართული, მის კოლექტივს უნდა ჰქონდეთ გავლილი და დაგროვებული კრედიტები.

2018 წლის 19 ივლისს ჩვენ დავამტკიცეთ თვითონ სასწავლო პროცესის აკრედიტაცია, ანუ როგორ უნდა დააგროვოს ექიმმა კრედიტები. აქედან გამომდინარე, ტრენინგები არსებობს. არსებობს ონლაინ ტრენინგი, სადაც არც საფასური უნდა და არც სხვა, თვითონ ექიმი შედის და შეუძლია გაიაროს კურსი. ყველა რესურსი ქართულ ენაზეა. ექიმი თვითონ გადის, კითხულობს, ემზადება და ონლაინ აბარებს,  თუ ჩააბარებს მიიღებს კრედიტ ქულას“.

კითხვაზე, რამდენი წელი დასჭირდება სამინისტროს, რომ რესერტიფიცირება ყველა პროფილის ექიმისთვის სავალდებულო გახდეს, ზაზა ბოხუა პასუხობს:

„სავარაუდოდ, ოთხი წელი  დასჭირდება, ყველა დარგი რომ მოვიცვათ“.

რატომ არის მნიშვნელოვანი რესერტიფიცირება ექიმებისთვის

თენგიზ ვერულავა

მედიცინის აკადემიური დოქტორს, თენგიზ ვერულავა: მედიცინა მუდმივად განახლებადი სფეროა, სადაც განუწყვეტლივ ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, შემოდის ახალ-ახალი ტექნოლოგიური ინოვაციები, მკურნალობის უახლესი მეთოდები. პერიოდულად ვამარცხებთ დაავადებებს, რომლებიც განუკურნებლად მიგვაჩნდა. მაგალითად, C ჰეპატიტი – ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება, უკვე დამარცხებულად ითვლება. მეცნიერები გვაიმედებენ, რომ უახლოეს წლებში შიდსის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. ჯანდაცვის მოწინავე ტექნოლოგიების სარგებელი აშკარაა: უფრო ზუსტი და სწრაფი დიაგნოზები, მკურნალობის ეფექტური მეთოდები, გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობა. თუ ექიმი განუწყვეტლივ არ ეცნობა მედიცინის თანამედროვე მიღწევებს, მას არ ექნება პაციენტისათვის ადეკვატური, მედიცინის თანამედროვე მიღწევების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის უნარი. ამიტომაც ექიმთა პროფესიული სრულყოფისთვის საჭიროა უწყვეტი განათლების სისტემის ჩამოყალიბება და მასში ექიმების მონაწილეობა. უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა გრძელდება ექიმის მთელი პროფესიული საქმიანობის მანძილზე. მისი მიზანია ექიმის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა მედიცინის თანამედროვე მიღწევებსა და ტექნოლოგიებთან. ექიმთა რესერტიფიცირების მიზანია პაციენტებისათვის მეტი გარანტიების შექმნა და მომსახურების გაუმჯობესება.

მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში მოქმედებს უწყვეტი განათლების სისტემა, სადაც სავალდებულო წესით ექიმებს სამ ან ხუთ წელიწადში ერთხელ უწევთ გამოცდის ჩაბარება. ცხადია, აღნიშნული ზრდის ექიმების განათლების დონეს, მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

  • რამდენიმე წელია საქართველოში შეჩერებულია რესერტიფიცირება, ამ გარემოებამ ხომ არ გამოიწვია ქართული სამედიცინო სფეროს სტაგნაცია?

რასაკვირველია, ექიმთა რესერტიფიცირების შეჩერება ნეგატიურად აისახება ექიმთა პროფესიულ დონეზე, მათ მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და, შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობაზე.

რესერტიფიცირების შეჩერების მომხრეები ფიქრობენ, რომ მედიცინაც ჩვეულებრივი ბაზარია, სადაც რაც უფრო ნაკლები იქნება რეგულირება, მით უფრო ეფექტურია შედეგები. მაგრამ სამედიცინო ბაზარი არ გახლავთ ჩვეულებრივი ბაზარი. ჯანდაცვის სექტორი ეკონომიკის სპეციფიკური დარგია. სამედიცინო ბაზარსა და ჩვეულებრივ ბაზარს შორის განსხვავება განპირობებულია სამედიცინო ბაზრის სოციალურ-ეკონომიკური ბუნებით და სამედიცინო მომსახურების მიწოდების სპეციფიკურობით, კერძოდ, მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებაზე ხშირად ატარებს არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სოციალურ ხასიათსაც (“საზოგადოებრივი სიკეთე”) და მოითხოვს ცალკეულ მომხმარებლის სახსრების გაერთიანებას. სამედიცინო ბაზრის ჩავარდნები (რისკები და გაურკვევლობა, ინფორმაციის ასიმეტრია, საბაზრო ძალაუფლება, შეზღუდული კონკურენცია, გარეგანი ეფექტები) ქმნის ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმებს, რაც მოითხოვს სათანადო რეგულირების მექანიზმების შემუშავებას. რეგულაციის ერთ-ერთი ფორმა გახლავთ უწყვეტი განათლების სისტემა, რომლითაც სახელმწიფო არეგულირებს ექიმების პროფესიულ დონეს, რაც, როგორც აღვნიშნეთ, დადებითად ზემოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

  • დიაგნოზის გადამოწმება იქცა ჩვეულებრივ პრაქტიკად საქართველოში. დიაგნოზის გადამოწმება მიუთითებს ერთის მხრივ ექიმების მიმართ უნდობლობაზე და მეორეს მხრივ ექიმთა დაბალ კვალიფიკაციაზე?

ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, ამიტომ პაციენტი ცდილობს აირჩიოს მისთვის სასურველი, მაღალი პროფესიული დონის ექიმი. ხშირად იგი ცდილობს გადაამოწმოს ერთი ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი სხვა ექიმთან. ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული.

ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პაციენტზე ორიენტაცია. ამ მიზანს ემსახურება პაციენტის ინფორმირებულობას გაზრდა. ევროპულ ქვეყნებში სახელწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს პაციენტის სამედიცინო ინფორმირებულობის ამაღლებას. იქმნება სპეციალური ვებგვერდები, სადაც წარმოდგენილია ექიმების, სამედიცინო დაწესებულებების რეიტინგული სისტემა, ანუ – ექიმები რანჟირებულები არიან მათი საექიმო გამოცდილების მიხედვით (მაგალითად, მათ მიერ დაშვებული საექიმო შეცდომების მიხედვით). ამით სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს პაციენტს, რომ გაუადვილდეს მისთვის სასურველი ექიმის და სამედიცინო დაწესებულების არჩევანი. რადგან საქართველოში ასეთი სისტემა არ არის განვითარებული, პაციენტს უჭირს არჩევანის გაკეთება და იგი უმთავრესად ეფუძნება ნაცნობების, მეგობრების გადმოცემებს ექიმების პროფესიულ დონეზე.

პაციენტის არაინფორმირებულობის გამო, ცხადია, ნაკლებია ექიმებისადმი ნდობა. შესაბამისად,  ისინი ცდილობენ სხვა ექიმთან გადაამოწმონ დიაგნოზი. განსაკუთრებით დაბალია ოჯახის ექიმის მიმართ ნდობა, რაც განპირობებულია დაბალი ინფორმირებულობით ოჯახის ექიმის კომპეტენციების შესახებ… არაადექვატური ანაზღაურების გამო ოჯახის ექიმებს არ აქვთ სათანადო მომსახურების ჩატარების საკმარისი მოტივაცია. ეს უმთავრესად განპირობებულია ოჯახის ექიმების დაბალი კვალიფიკაციით, დაბალი ანაზღაურებით. სახელმწიფო და დამსაქმებლები ნაკლებად ცდილობენ ოჯახის ექიმების პროფესიულ ზრდის ხელშეწყობას. შესაბამისად, ოჯახის ექიმებს არ აქვთ პროფესიული სრულყოფისა და განვითარების შესაძლებლობა. ამას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ქვეყანაში სავალდებულო ხასიათს არ ატარებს უწყვეტი პროფესიული განათლება.

  • პაციენტებს უსვამენ სიმსივნის დიაგნოზს, უნიშნავენ სასწრაფო ქიმიოთერაპიას, ეს პაციენტები უცხოეთში ამოწმებენ დიაგნოზს და აღმოჩნდება, რომ სიმსივნე არ აქვთ. თქვენი აზრით, ეს რატომ უნდა ხდებოდეს? 

მე არ ვიტყოდი, რომ ეს ასეთი შემთხვევები ბევრია. არის ერთეული შემთხვევები, რაც გვაძლევს ასეთ მძიმე სურათს. მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება. ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები ყოველწამს შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად, დიაგნოზის დასმაც არაა მარტივი, მით უმეტეს საქართველოს პირობებში, სადაც მსოფლიოში დანერგილი ბევრი სადიაგნოსტიკო-სამკურნალო საშუალებები ჯერ კიდევ არ არის შემოსული. ამიტომაც ხდება, რომ ზოგჯერ მასალებს სადიაგნოსტიკოდ აგზავნიან საზღვარგარეთ ზუსტი დიაგნოზის დასასმელად.

 

 

ვინ იქნებიან ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები 2020 წლის არჩევნებზე

ორ წელიწადში ამერიკა ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ყოველდღიურად იზრდება დემოკრატების რიცხვი, რომლებიც სამომავლო კენჭისყრის გეგმებზე ღიად საუბრობენ.

წინაასაარჩევნო კამპანიაში უკვე ექვსი სენატორია ჩართული, მათ შორის ბერნი სანდერსი, რომელიც 2016 წელსაც იყრიდა კენჭს, 2020 წლის არჩევნებს გამოეთიშება ჰილარი კლინტონი და ნიუ-იორკის მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი.

საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის საკუთარი გეგმების შესახებ უკვე 14 დემოკრატი კანდიდატი საუბრობს.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის პოტენციური კონკურენტების შესახებ BBC მოკლედ საუბრობს.

  • ბერნი სანდერსი – ვერმონტის შტატის სენატორი

სანდერსი საკუთარ თავს სოციალ-დემოკრატად მიიჩნევს. ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც იყრიდა კენჭს,

სანდერსი 2020 წლისთვის 79 წლის იქნება, გამარჯვების შემთხვევაში ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი იქნება.

სანდერსი ხშირად ერთვება საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებში და აშშ-ში უფასო უმაღლესი განათლების იდეას უჭერს მხარს.

 

  • ელიზაბეტ უორენი – მასაჩუსეტსის შტატის სენატორი, სოციალისტი

უორენი პროგრესული მემარცხენეების საყვარელი კანდიდატია, სენატს თავი მან ფინანსური სექტორის მკაცრი რეგულაციების ინიციატივებით დაამახსოვრა 2008 წლის კრიზისის შემდეგ. კონგრესის უმაღლეს პალატაში, უოლ-სთრითის ხელმძღვანელების მოსმენისას  მან დაწვრილებით გამოკითხა ისინი და შემოსავლების არათანასწორობა გააკრიტიკა. უორენის მთავარი პრობლემა მისი გარემოცვაა, რომელიც, ძირითადად, მასაჩუსეტსელი ლიბერალი პროფესორებისგან შედგება, ისინი კი ამერიკელებს დიდ ნაწილში პოპულარობით ვერ სარგებლობენ.

 

  • ტულსი გაბარდი, კონგრესვუმენი ჰავაის შტატიდან

გაბარდი ამერიკის ისტორიაში პირველი კონგრესვუმენია, 2004-2006 წლებში მსახურობდა ერაყში, 2012 წელს კი განაცხადა, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ამერიკის ერაყში შეჭრის, აკრიტიკებდა ასევე ამერიკელი სამხედროების შეყვანას სირიაში და ამ ომს ,,სირიის ხელისუფლების დამხობის მიზნით მოწყობილ უკანონო ომს“ უწოდებდა.

2017 წლის იანვარში გაბარდი სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს შეხვდა, რითაც დიდი კრიტიკა დაიმსახურა. პროგრესული ფრთის დემოკრატი გაბარდი ,,ჰომოსექსუალ ექსტრემისტებს“ აკრიტიკებდა, მოგვიანებით კი ერთსქესიანთა ქორწინების მომხრედ იქცა.

 

  • კამილა ჰარისი, კალიფორნიელი სენატორი

ჰარისი შესაძლოა დემოკრატების ახალ სახედ იქცეს, ემიგრანტების შვილი ერთადერთი ფერადკანიანი ქალია სენატში, რომელიც კონგრესში გამუდმებით ლიბერალების მხარდამჭერია. ჰარისს კალიფორნიაში გენპროკურორად მუშაობის გამოცდილება აქვს, თუმცა მისი მოწინააღმდეგეები სენატორის კარიერის სწორედ ამ პერიოდს აკრიტიკებენ, რადგან ჰარისმა  კალიფორნიაში სისხლის სამართლის რეფორმა ვერ განახორციელა.

 

  • ემი კლუბუშარი, მინესოტას შტატის სენატორი,  იურისტი

 იდევ ერთი ყოფილი პროკურორი, რომელიც ყოველთვის მაღალ პროფესიონალიზმს აჩვენებდა მანამ, სანამ ის დაქვემდებარებული პირების შეურაცხყოფაში არ დაადანაშაულეს.

 

    • კორი ბუკერი, ნიუ-ჯერსის სენატორი, ორატორი

კორი ბუკერი საუკეთესო ორატორია და მას ამ ნიშნით ხშირად ბარაკ ობამასაც ადარებენ. კარგად იცის, როგორ იმუშაოს უოლ სტრიტის დონორებთან, თუმცა სწორედ მისი სიახლოვე ნიუ-იორკთან და დიდ ფულთან მემარცხენე დემოკრატების ეჭვს იწვევს.

 

  • ხულიანა კასტრო – კანდიდატი ობამას დაჯგუფებიდან

კასტრო საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ქალაქგანვითარების მინისტრი იყო ობამას ადმინისტრაციიდან, ასევე სან-ანტონიოს ყოფილი მერი ტეხასში.

კასტრო არ არის თავდაჯერებული ორატორი და დიდი პოპულარობითაც არ სარგებლობს, სხვა პრეტენდენტებისგან განსხვავებით. კანდიდატი 44 წლისაა და მისი საშუალებით დემოკრატები ახალგაზრდა ამომრჩევლებისა და ლათინოამერიკელი ელექტორატის მოზიდვას ცდილობენ.

 

  • კირსტენ ჯილიბრანდი, ნიუ-იორკის სენატორი, კამპანია #MeToo – ს აქტივისტი

პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში „იბრძოლებს სხვა ბავშვების უფლებების დასაცავად ისევე მამაცად, როგორც საკუთარი შვილების უფლებებისთვის იბრძვის“. ჯილიბრანდი ფემინისტური რიტორიკითაა გამორჩეული. მან სენატორი ელ ფრანკენი სამსახურიდან გაათავისუფლა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებების გამო.

 

  • პიტ ბუტიჟიჩი, საუტ-ბენდის მერი

ბუტიჟიჩი ფლოტში მსახურობდა. ავღანეთის ომის ვეტერანია. 30 წლისაც არ იყო, როცა ქალაქის მერად აირჩიეს, სადაც 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ბუტიჟიჩი არ მალავს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას და ღიად აცხადებს, რომ გეია.

 

  • ჯონ დელეინი, ყოფილი კონგრესმენი მერილენდიდან

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრა ჯერ კიდევ  2017 წელს დააანონსა. მომხრეა რესპუბლიკელებისა და დემოკრატების თანამშრომლობის, რადგან მიაჩნია, რომ მათი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად არსებობის ტაქტიკა არაეფექტურია.

 

  • მარიანა უილიამსონი, მწერალი

უილიამსონი ბესტსელერების ავტორია, მწერალს ტვიტერზე მილიონობით გამომწერი ჰყავს. პრეზიდენტობის კანდიდატი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელიცაა.

 

  • ენდრიუ იანგი, ტაივანური წარმოშობის მეწარმე

პრეზიდენტობის შესახებ 2017 წლიდან საუბრობს, იანგი ბიზნესმენია ტექნოლოგიების მიმართულებით, აშშ-ს მთავრობას ის მოუწოდებს   18-დან 64 წლამდე ამერიკის ყველა მოქალაქეს ყოველთვიურად $ 1000 გადაუხადოს, რისგანაც დაგროვდება საბაზისო, გარანტირებული შემოსავალი იმ შემთხვევაში, თუ ავტომატიზაციის პროცესის შედეგად დასაქმებულთა დიდი ნაწილი სამსახურს დაკარგავს. ენდრიუ იანგის საპრეზიდენტო კამპანიის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოახერხებს კანდიდატი საკუთარი იდეის მართებულობაში დემოკრატების დარწმუნებას.

 

  • ჯონ ჰიკენლუპერი, კოლორადოს ყოფილი გუბერნატორი

ბიზესიდან მოსული ჰიკენლუპერისთვის პოლიტიკა „შესაძლებლობების ხელოვნებაა“. კოლორადოში მისი მიღწევებიდან გამოყოფენ იარაღზე კონტროლის გამკაცრებას, სამედიცინო დაზღვევის პროგრამის გაფართოებასა და ლგბტ თემის უფლებების დაცვას. ამ მიღწევას პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების თანამშრომლობის შედეგად მიიჩნევს.

 

  • ჯეი ინსლი, ვაშინგტონის გუბერნატორი

 

ჯეი ინსლი ბევრს საუბრობს გლობალური დათბობის შესახებ. პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელებისას ჯეი ინსლიმ  მზის ბატარეების მასობრივი წარმოების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ინსლი ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგეა, ვაშინგტონში ის სამედიცინო დაზღვევის პროგრამას აფართოებს და ზრდის საარსებო მინიმუმს.

2020 წლამდე ამერიკის პრეზიდენტობის მსურველი კიდევ არაერთი კანდიდატი იქნება, საკუთარი გეგმები ყველას ჯერ არ გაუსაჯაროვებია.

აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ობამას ადმინისტრაციიდან, ჯერჯერობით კენჭისყრის შესაძლებლობებს აანალიზებს. დემოკრატი კანდიდატებიდან ბაიდენი ყველაზე პოპულარული ფიგურაა და შესაძლოა საარჩევნო მარათონის ფავორიტიც სწორედ ის გახდეს.

ყოფილ კონგრესმენს ტეხასიდან, ბეტო ორურკს ჯერ არ განუცხადებია იყრის თუ არა კენჭს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ორურკს წარსულში რეალური შანსი ჰქონდა ] ტეხასის სენატორი გამხდარიყო, თუმცა ის ამ ბრძოლაში რესპუბლიკელ ტედ კრუზთან დამარცხდა.

ყოფილ როკ-მუსიკოსს, ბეტო ორურკს დემოკრატიული პარტიის ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ, ანალიტიკოსები მას ხშირად კენედის და ობამას ამსგავსებენ.

ცნობილი ადამიანები ლადო აფხაზავას მხარდაჭერას უცხადებენ [ვიდეო]

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულშია. ის მარტის ბოლოს ქალაქ დუბაიში გაემგზავრება დაჯილდოების ცერემონიაზე. გლობალური ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს ერთი მილიონი დოლარი გადაეცემა საჩუქრად.

ლადო აფხაზავას წარმატებას უსურვებენ საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ცნობილი ადამიანები. მათ შორის მომღერალი ქეთი მელუა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

ლადო აფხაზავას ფინალში გასვლას ულოცავს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი. „ჩვენ ძალიან გვეამაყები“ – ამბობს მომღერალი ვიდეომილოცვაში.

გლობალური ჯილდოს ათეულში მოხვედრას ულოცავს ლადოს ცნობილი მორაგბე მამუკა გორგოძეც. „სულ მალე პირველი ადგილიც მომელოცოს“ – ამბობს ის.

წარმატებებს უსურვებს ლადო აფხაზავას ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი, ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი ზალ კოკაია. „ეს დიდი სტიმულია ყველა იმ მასწავლებლისთვის ვინც დაუღალავად შრომობს“ – ამბობს ის.

ასევე, ლადოს ულოცავს King’s College London-ის პროფესორი ქეთი ჭანტურია. „ეს არის შთამბეჭდავი გამარჯვება და სრულიად დამსახურებული მიღწევაა, რომლითაც უნდა ამაყობდეთ“ – ამბობს ის ვიდეომილოცვაში.

ლადო აფხაზავას ფინალში მოხვედრას ულოცავენ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“

და გლობალური ჯილდოს წარმომადგენლებიც.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში ასწავლის, ის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 2017 წელს წარადგინეს, სადაც გაიმარჯვა კიდეც. მიმდინარე წელს კი ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალშია.

ამავე თემაზე:

რაზე ისაუბრა ლადო აფხაზავამ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე

2020 წელს „საუკეთესო მასწავლებელს“, დირექტორსა და „დამსახურებულ პედაგოგს“ გამოავლენენ

2020 წლიდან ყველა საგანში „საუკეთესო მასწავლებელი“, „საუკეთესო დირექტორი“ და „დამსახურებული პედაგოგები“ გამოვლინდებიან.

ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა საზოგდაოებრივი მაუწყებლის გადაცემა – „ახალი დღეს“ ეთერში განაცხადა.

„მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ გარკვეული ინსპირაცია მოახდინა ჩვენზე და ვაპირებთ, ყოველწლიურად 15-ვე საგანში გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებელი საქართველოში.

ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც, რადგან დირექტორი, ასე ვთქვათ, მივიწყებულია და ყოველთვის ვსაუბრობთ პედაგოგებზე.

მესამე სიახლე რაც გვექნება, ის არის ის, რომ მასწავლებლები რომლებიც წლების განმავლობაში  მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში, დღეს სახლში არიან და მათ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი გვინდა მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი და გვინდა მათ მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა“.

ამავე ეთერში ბერიკა შუკაკიძემ ბიზნესმენებს კოალიცია „განათლება ყველასთვის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დროა მათ (ბიზნესმენებმა) საზოგადოებას დაუბრუნონ ის სიკეთე, რაც მათ სკოლაში მასწავლებლებისგან მიიღეს.

„კოალიცია დაკომპლექტებულია კვალიფიციური ხალხით, რომლებსაც უყვართ მასწავლებლის პროფესია და მათი მხარდაჭერა ამ პროფესიას კიდევ მეტ პოპულარობას მოუტანს,“- განაცხადა შუკაკიძემ.

ბათუმში თევზის ბაზართან გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ შენობას ააშენებს

ბათუმში, თევზის ბაზრის უკან [„მელკი მორიასთან“] მდებარე შენობებს, რომლებიც ადრე „საქნაპირდაცვას“ ეკუთვნოდა, დაანგრევენ და ნაცვლად ახალ სამსართულიან შენობას ააშენებენ. 834 კვ/მ ტერიტორია, სადაც ახალი შენობა უნდა აშენდეს, ბაქოს ქუჩაზე ზღვის პირას მდებარეობს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ეს ქონება [მიწა და შენობები] გარემოს ეროვნულ სააგენტოზე უზუფრუქტითაა გადაცემული.

ახალი შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს Modern Architectural Group-ი შეადგენს. კონკურსი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა. კომპანია პროექტს და ხარჯთაღრიცხვას 49 ათას ლარად მოამზადებს, თუმცა, ჯერ მასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.

კონკურსის პირობის მიხედვით, საპროექტო შენობებისა და ეზოს კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოების მთლიანი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1 200 000 [+10% დასაშვებია] ლარს.

ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია და სხვადასხვა დეპარტამენტები: ბათუმში ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ქვედანაყოფები [II სართული], მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი [I-II სართული], გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს საკონკურსო კომისიამ ერთ-ერთ კონკურსანტს, შპს „ექო არჩიტექტს“, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა. ეს კომპანია სააგენტოს დოკუმენტების მომზადებას 48 ათას ლარად სთავაზობდა.

დისკვალიფიკაციის გამო „ექო არჩიტექტმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესყიდვების დავების საბჭოში უჩივლა.  საჩივარში აღნიშნულია, რომ „Moder Architectural Group-ის მიერ დადგენილი ვადების დარღვევით იქნა წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია – არქიტექტურული მისადაგება არსებულ განაშენიანებასთან და არსებულ გარემოსთან, ასევე განმარტებითი ბარათი. საკონკურსო კომისიამ აღნიშნულზე ყურადღება არ გაამახვილა და პრეტენდენტს არ მიანიჭა დისკვალიფიკაცია, მაშინ როდესაც ჩვენ მოგვანიჭა დისვალიფიკაცია მხოლოდ და მხოლოდ ერთ დოკუმენტზე კვალიფიციური ხელწერის არ დადების გამო, იმ მოცემულობაში როცა ჩვენ მიერ სხვა ყველა დოკუმენტაცია სრულყოფილად იყო ატვირთული. გვრჩება არაობიექტურობის და არასამართლიანობის განცდა. მიგვაჩნია, რომ საკონკურსო კომისიამ არასამართლიანად მოახდინა დოკუმენტების შეფასება და არ განახორციელა შპს Modern Architectural Group-ის დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო“.

„ექო არჩიტექტი“ დავების საბჭოსგან ითხოვს „დაევალოს საკონკურსო კომისიას გადასინჯოს შესაბამისი ოქმი და შესყიდვის პროცედურები განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით“. საჩივარი განხილვის პროცესშია.

ფოტომონტაჟი შპს Modern architectural group-ის მიერ კონკურსზე წარდგენილი დოკუმენტიდან
შპს Modern architectural group-ის მიერ კონკურსზე წარდგენილი შენობის კონცეფცია: „აღნიშნული შენობა წარმოადგენს სამ სართულიან ნაგებობას. პირველი, სართულის, ასევე მეორე და მესამე სართულების სიმაღლეებია 3,4 მ. სადაც შეკიდული ჭერის შიგნით გათვალისწინებულია ყველა ოთახისთვის აუცილებელი იძულებითი ვენტილიაციის და კონდინცირების სისტემების მოწყობა.
სარდაფის ნიშნულზე – 2,2 მ შესაძლებელია განთავსდეს ინვენტარის საწყობი თუ ყველა ტექნიკური ოთახები – სავენტილაციო, საქვაბური და ა.შ. მეორე სართულზე არის საშუალება მოეწყოს გამწვანებული ვერანდა – ღია მოსასვენებელი ადგილი თანამშრომელთათვის, რაც აუცილებელია, რომ თანამშომლებმა შესვენება შესძლოს შენობიდან გაუსვლელად.
პირველ და მეორე სართულზე, ვესტიბიულის, გარდერობის, ბიბლიოთეკისა და სველი წერტილების გარდა, უმეტეს წილად სპეციფიური ლაბორატორიებია განთავსებული.
მესამე სართულზე კი განთავსებულია: რამდენიმე სასტუმრო ოთახი თავისი სველი წერტილებით, საკონფერენციო დარბაზი, სამზარეულო თავისი მოსასვენებლით, ადმინისტრაცია მთავარი სპეციალისტებით. დაკონკრეტებული გეგმარება და დიზაინი გაკეთდება, დეტალური მუშა ნახაზების შედგენისას, კონსტრუქციული და ინჟინრული გადაწყვეტილებების შეთანხმების შემდგომ“.

 

მთავარი ფოტო: ფოტომონტაჟი შპს Modern architectural group-ის მიერ კონკურსზე წარდგენილი დოკუმენტიდან

 

8 მარტი ბათუმში [ფოტო]

დღეს, 8 მარტს, ქალთა უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ქალებისთვის უფასოდ მუშაობს.

ამ დღეს ქუჩაში ყველაზე ბევრი ყვავილი იყიდება.
8 მარტი ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძის

ქალთა დღეს მეეზოვე ქალები არ მუშაობენ. კაცები ცენტრალურ პარკში ყვავილებს და ხეებს რგავენ. „ქოთნების ყვავილები კი ქალ თანამშრომლებს უნდა ვაჩუქოთო“.
ზღვის სანაპიროზე გოგონები სილაში თამაშობენ.
ასე გამოიყურება ცნობილი მებაღის იასონ გორდეზიანის ძეგლი 8 მარტს ბულვარში.

მზიანი ამინდის გამო, პლაჟზე და ბულვარშიც ბევრი ადამიანი ისვენებს.

8 მარტი ბათუმში

8 მარტს, „ბათუმველომ“ ქალებს ველობარათები ნახევარ ფასად შესთავაზა.

ველობარათები ნახევარ ფასად – აქციის ბოლო დღე ბათუმში

ბათუმველოს ბარათის შეძენას ქალები დღეს, რვა მარტს, ნახევარ ფასად შეძლებენ.

დღევანდელი 50 %-იანი ფასდაკლებით  ერთწლიანი ბარათის ფასი 10 ლარია,  ათდღიანი ბარათისა კი – 5 ლარი.

ველოსიპედით ერთი საათით სარგებლობის ფასი 2 ლარს შეადგენს.

აქციის გარეშე ერთწლიანი ბარათი 20 ლარი ღირს (10 ლარი ბარათის ღირებულება, 10 ლარი ირიცხება ანგარიშზე).

ათდღიანი ბარათის ფასი კი 10 ლარია (4ლარი ბარათის ღირებულება, 6 ლარი ირიცხება ანგარიშზე).

ბათუმველოს ბარათის შეძენა და ბალანსის შევსება შესაძლებელია ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში. ბარათის შეძენისას საჭიროა თან გქონდეთ პირადობის მოწმობა.

 

 

კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის 1978 წლის 14 აპრილთან დაკავშირებით

საჯარო და კერძო სკოლის უფროსკლასელებისთვის, ასევე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა და განათლების სამინისტრომ 1978 წლის 14 აპრილთან დაკავშირებით რეპორტაჟების კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილე პირმა უნდა შეკრიბოს ზეპირი ისტორიები 1978 წლის 14 აპრილის საპროტესტო დემონსტრაციის შესახებ და გაანალიზოს ეს ისტორიები.

მასალის ფორმატი შეიძლება იყოს ესე, თხზულება, ინტერვიუ, ჩანახატი.  საკონკურსო მასალები კონკურსანტებმა უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.com

საკონკურსო ნამუშევრები მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით მიიღება.

პირველი ადგილის მფლობელი 500 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილის -300 ლარით, მესამე ადგილზე გასული კი 200 ლარს მიიღებს.

კონკურსის მიზანი „თაობათა კავშირის გაძლიერება და სახელმწიფო ენის მიმართ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდაა“.

შაბათ-კვირას ბათუმში 18 გრადუსამდე დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8  მარტის  21 საათიდან  9 მარტის  21 საათამდე ბათუმში და მთელ აჭარაში, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7-12 გრადუსი ყინვა 
  • ღამით: 1-6 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 10-11 მარტს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

_____________

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება დღეს, 23 საათიდან აღდგება – კომპანია

კომპანია „ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ ავარიულად დაზიანდა 225მმ-იანი მილი, რის გამოც აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდათ შემდეგ მისამართებზე:

ხახუტაიშვილის ქუჩა; შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა: N9-დან, N15-ის ჩათვლით მონაკვეთში; ინასარიძის ქუჩა: N2-დან, N10-ის ჩათვლით მონაკვეთში; ფიროსმანის ქუჩა: N14გ-დან, N22-ის ჩათვლით მონაკვეთში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და დღეს, 8 მარტს, 23:00 საათიდან ზემოაღნიშნულ მისამართებზე აბონენტებს წყლის მიწოდება აღუდგებათ.

აღსანიშნავია, რომ ამავე მისამართებზე აბონენტებს წყლის მიწოდება 6 მარტსაც შეუწყდათ. „ბათუმის წყალში“ მაშინ განაცხადეს, რომ მიზეზი წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მშენებარე კორპუსის დაერეთების სამუშაოები იყო.

შპს „ბათუმის წყლისგან“ აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152

140 მილიონი ლარი ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობების ბლანკების შესაძენად

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს – ელექტრონული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკებს თანმდევი მომსახურებით, ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 140 მილიონ 632 ათას 631 ლარია.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირია. ის გასცემს ელექტრონულ პასპორტებს 2010 წლიდან, ხოლო პირადობის ელექტრონულ მოწმობებს – 2011 წლიდან.

დღეისათვის, როგორც სატენდერო დოკუმენტებშია აღნიშნული, გაცემულია 1,7 მილიონზე მეტი ელექტრონული პასპორტი და 3 მილიონზე მეტი პირადობის ელექტრონული მოწმობა. დოკუმენტები იწარმოება სამ პერსონალიზაციის ცენტრში [თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში], რომლებიც მოიცავენ მთელი ქვეყნის ტერიტორიას და უზრუნველყოფენ ერთი დღის ვადაში პასპორტის/პირადობის მოწმობის გაცემას თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომსახურება ფასიანია.

სატენდერო განაცხადში აღნიშნულია, რომ სააგენტო გეგმავს ახალი თაობის ელექტრონული პასპორტებისა და პირადობის ელექტრონული მოწმობების დანერგვას. შესყიდვის ობიექტს კი წარმოადგენს ტექნიკურ დავალებაში მითითებული TD-3-ისა (ბუკლეტი) და TD-1-ის ფორმატის ბლანკები [არაპერსონალიზებული დოკუმენტები].

სხვადასხვა ბლანკებთან და ბლანკის ნიმუშებთან ერთად სააგენტო ამჯერად შეიძენს: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ბლანკს – 2 400 000 ცალს, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის 7 000 ბლანკს, პირადობის ელექტრონული მოწმობის 3 500 000 ცალ ბლანკს და 150 000 ცალ დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ბლანკს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 23 მარტს დაიწყება და 26 მარტს შეწყდება.

ბათუმში ქალები 8 მარტს უფასოდ იმგზავრებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება მხოლოდ ქალებისთვის.

ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების გადაადგილების მარშრუტი ნაწილობრივ შეცვლილია. მაგალითად, მუნიციპალური ავტობუსები N: 15, 8, 4, 1 და 1ა,  ქალაქიდან ბონის მიმართულებით მოძრაობისას მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბონთან“ [ფარეხი, ბაზარი] აღარ გაივლიან.  მიზეზი მაიაკოვსკის ქუჩის მონაკვეთის ჩაკეტვაა ავტოსადგურის მიმდებარედ, სადაც  გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გოგებაშვილის ქუჩიდან მანთაშევის შლაგბაუმზე აღარ გადადიან N1 და N15 საქალაქო ავტობუსები და მიდიან ბაქოს ქუჩით. N15 აგრძელებს გზას, N1 კი გადადის ბარცხანის ხიდზე.

N8, N4 და N1ა ავტობუსები კი წერეთლის ქუჩიდან შავშეთის ქუჩის გავლით გადავლენ ბაგრატიონის ქუჩაზე და ამ ქუჩით იმოძრავებენ ბონის კულტურის სახლამდე [გოგოლის ქუჩა]. ეს ავტობუსები უკან, ქალაქში დაბრუნდებიან მაიაკოვსკის ქუჩით, ანუ, უკანა მიმართულებაზე ეს ავტობუსებიც გამოივლიან ბონის ბაზართან.

ციხისძირში საბაგირო გზა და პირსი გაკეთდება – გენგეგმა დამტკიცებულია

ციხისძირში, ავტომაგისტრალიდან პლაჟამდე საბაგირო გზისა და პლაჟზე პირსის მშენებლობის გეგმას ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ციხისძირში ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობაცაა დაგეგმილი. სამომავლოდ ამ პროექტების განხორციელებას, დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს.

„ციხისძირის ტერიტორიაზე დაგეგმარდა ახალი სატრანსპოტო ქსელი მისასვლელი გზებითა და შესაბამისი საპარკინგე ადგილებით. აქვე დაიგეგმა როგორც პასიური ისე აქტიური დასვენებისა და გართობის უბნები, გამწვანებული რეკრეაციული ზონით, ტყეპარკი ფეხმავალი მარშრუტებითა და ველობილიკები. ციხისძირის უღელტეხილის მაღლივ წერტილში განთავსდა საბაგირო გზა „ზიპლაინით“, საიდანაც ვეშვებით ზღვის პლაჟის მიმართულებით. აქვე განთავსდა ზღვის ტრანსპორტის გასაჩერებელი პირსი, რაც კიდევ ერთ დამატებით მისასვლელს ქმნის უბანში მოსახვედრად“ – აღნიშნულია რეგულირების გეგმაში.

„კონკრეტული შემოთავაზება ასეთი პროექტის განხორციელებაზე არ ყოფილა. მაგრამ პერსპექტივაში, მომავალში უნდა გაკეთდეს ველობილიკები, საბაგირო გზა, პირსი… ეს არის ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტი, რომელიც დააკავშირებს საწყლოსნო ტურიზმს სახმელეთო ტურიზმთან“, – ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი, ასლან ქათამაძე.

კითხვაზე თუ ვინ დააფინანსებს კონკრეტულ პროექტს, ასლან ქათამაძე ამბობს რომ „პროექტს სახელმწიფიო განახორციელებს, თუ მუნიციპალიტეტი, ჯერ არ არის გადაწყვეტილი და არ აქვს ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა. ესაა გენერალური გეგმის ნაწილი, ზოგადი გეგმა და უნდა განხორციელდეს“.

დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა და ახალი რეგულაციები ჩაქვი-ციხისძირის ზოლში უკვე მოქმედებს. ამ გეგმით, „ციხისძირში განაშენიანებული სივრცეები კავშირში უნდა იყოს საბაგირო გზის ინფრასტრუქტურასთან და მრავალმიზნობრივ [საფეხმავლო, საველოსიპედო] გზების/ბილიკების სისტემასთან და მორგებული ბუნებრივ გარემოსთან“.

წყარო: ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა

ამ თემაზე:

ჩაქვი-ციხისძირის სანაპირო ზოლისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

 

საპენსიო სააგენტოს დირექტორი მოსამართლეებს: ფულის დაგროვების კულტურა არ გვაქვს

“ბელგია, კანადა, ავსტრია, ჩილე, უნგრეთი… ამ ქვეყნებში საპენსიო შენატანი სავალდებულოა, როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის,” – უთხრა მოსამართლეებს ლევან სურგულაძემ, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა. მან დღეს, 7 მარტს, მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს.

საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე საპენსიო შენატანის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს. მოსარჩელეები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების შეჩერებასაც ითხოვენ. ერთ-ერთი ნორმა კი, საპენსიო შენატანის სავალდებულოობას ეხება.

“თუ შეჩერდება, ეს დააზიანებს მთლიანად პროცესს… ჩაშლის სერიოზული საფრთხე შეიქმნება, ვეღარ იქნება მიღწეული ის მნიშვნელოვანი მიზნები, რაც უნდა დადგეს,” – აღნიშნა საპენსიო სააგენტოს  ხელმძღვანელმა და იქვე დააზუსტა, რომ შესაძლოა ეს “სტაბილური და უზრუნველყოფილ ცხოვრების” მიზანს შეეხოს, ასევე “მასშტაბურ საინვესტიციო კაპიტალს”.

საპენსიო სააგენტოს უფროსს მოსამართლე მანანა კობახიძემ შეახსენა, რომ გასაჩივრებულია არა მთლიანად საპენსიო რეფორმა, არამედ კონკრეტული მუხლები.

“მაინც ფიქრობთ, რომ სავალალო იქნება შედეგი?” – იკითხა მოსამართლემ.

“კი. თუ სავალდებულოობის ნაწილი მოიხსნა, რეფორმა ჩაიშლება… ჩვენ ფულის დაგროვების კულტურა ნაკლებად გვაქვს. ჩვენ, ძირითადად, მომავლიდან ვსესხულობთ ფულს…”- აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

ლევან სურგულაძეს მოსამართლეებმა ასევე ჰკითხეს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო საპენსიო შენატანის სავალდებულო წესს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

“სტატუს კვოს აღდგენას არაფერი უდგას წინ… ყველას შეგვიძლია დავუბრუნოთ თანხა,” – თქვა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა.

მთავარი ფოტო: ლევან სურგულაძე

 

ჩაქვი-ციხისძირის სანაპირო ზოლისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება ახალი რეგულაციები, მოიცავს დაბა ჩაქვის, ბუკნარისა და ციხისძირის სანაპირო ზოლს – მდინარე ჩაქვისწყლის შესართავიდან ე.წ. ბობოყვათის რეზიდენციამდე. ბუკნარსა და ციხისძირში ეს ტერიტორია მოქცეულია ძირითადად ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალსა და ზღვას შორის.

ამ ტერიტორიაზე რეგულირების ახალი წესები 2019 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „იმ ობიექტებზე, რომლებზეც განაშენიანების რეგულირების წესების ძალაში შესვლამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი, ან წარდგენილია განაცხადი პროექტის შეთანხმებაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახალი წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი“.

ამ ობიექტებზე კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა შესაძლებელია განაშენიანების რეგულირების გეგმით დამტკიცებული წესების შესაბამისად. ცვლილებებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია შეითანხმებს.

დაბა ჩაქვისა და ციხისძირის ტერიტორიული განვითარების ძირითადი მიზნები [დოკუმენტიდან]:

[checklist]

  • ტერიტორიის ურბანული  განვითარების  პოლიტიკის  ჩამოყალიბება  და  ქალაქთმშენებლობითი  დოკუმენტაციის შემუშავება დაბალანსებული და მდგრადი განვითარებისთვის
  • ტურისტულ-სარეკრეაციო, საკუროტო და სამკურნალო პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება; სპორტულ-გასართობი კომპლექსების განვითარება
  • ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განვითარება გარემოს ხარისხის ამაღლებისა და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდის გზით
  • ურბანულ-ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • მოსახლეობისათვის ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული საარსებო გარემოს შექმნა
  • სივრცის /ტერიტორიების/ გამოყენებისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, ფიზიკური და იურიდიული, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესების ურთიერთშეთანხმება

[/checklist]

უფლებრივი ზონირების დოკუმენტების განხორციელების მიზნით, ტერიტორია იყოფა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სამხედრო დანიშნულების, სარეკრეაციო, საკურორტო-სარეკრეაციო, საცხოვრებელ, სატრანსპორტო, საზოგადოებრივ-საქმიან და სპეციალურ ზონებად.

განაშენიანებაში მოქცეულ ტერიტორიაზე გამოყოფილია ნაკვეთები ვილებისთვის [მაქსიმუმ 3-სართულიანი], საოჯახო სასტუმროებისთვის [მაქსიმუმ 5-სართულიანი], მსხვილი სასტუმროებისთვის [მაქსიმუმ 10-სართულიანი].

ჩაქვი-ციხისძირის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსთან უშუალოდ დაკავშირებული ტერიტორია კი მოიცავს დაბა ჩაქვს და იმ ნაწილს, სადაც რკინიგზის სადგურია განთავსებული. გეგმაში აღნიშნულია, რომ „დაბა ჩაქვის რკინიგზის სადგურის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანი იქნება ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის სატრანსპორტო მომსახურებისთვის, ამასთან ამ დასახლებაში შესაძლებელია განვითარდეს საცხოვრებელი განაშენიანებაც“.

რეგულაციის ფარგლებში, დასახლებული ტერიტორიების პარალელურად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დამუშავდა სოფელ ციხისძირისა და ბუკნარის არეალში ნაკლებად დასახლებული ლანდშაფტურად შედარებით რთული რელიეფის განაშენიანების მქონე ტერიტორიის პერსპექტიული განაშენიანებაც:

„საინვესტიციო კუთხით მომავალში მიმზიდველობის უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორია დაიგეგმა როგორც სარეკრეაციო ზონა. გათვალისწინებული იქნა არსებულ მრავალფეროვან ლანდშაფტზე მინიმალური ანთროპოგენური ჩარევის უზრუნველყოფა. სარეკრეაციო ზონაში ძირითადად განთავსდა მისთვის დამახასიათებელი სამი ტიპის განაშენიანების ნაკვეთები“.

პირველი ტიპის ნაკვეთები წარმოადგენს დაბალი სიმჭიდროვის ინდივიდუალური სამ სართულამდე მანსარდით საცხოვრებელი სახლებითა და აგარაკებით განაშენიანებულ ნაკვეთებს, ფართობით 400-დან 800 კვ.მ-დე;
მეორე ტიპის ნაკვეთები ხუთ-ექვს სართულამდე საოჯახო ტიპის სასტუმრო შენობებით, ნაკვეთები ფართობით 1000-დან 2000 კვ.მ-დე;
მესამე ტიპის ნაკვეთები განაშენიანდა შედარებით დიდი მოცულობის, მაღლივი ტიპის სასტუმრო შენობებითა და კომპლექსებით, ნაკვეთები ფართობით 6000-დან 12000 კვ.მ-დე ფარგლებში.

ამ გეგმით, სოფელ ციხისძირისა და ბუკნარის არეალში დაგეგმარებული ტერიტორიის საერთო იერსახისა და ესთეტიკური მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, „ახალი მშენებლობის ან/და არსებული შენობების რეკონსტრუქციისას, თუ შენობა ნაგებობას გააჩნია ქანობიანი სახურავი ან მანსარდული ტიპის სართული – აუცილებელია ასეთი ტიპის სახურავი მოეწყოს აგურის ფერის პერფორირებული თუნუქით ან სხვა მასალით შესაბამისი ფერის (აგურის ფერი) შენარჩუნებით, გამონაკლისების გარეშე“.

დაბა ჩაქვისა და ციხისძირის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები არეგულირებს ქალაქთმშენებლობით საკითხებს, განსაზღვრავს სამართალურთიერთობას მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს; ადგენს უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენებისა და განაშენიანების სპეციალურ პირობებს.

განაშენიანების გეგმით 200 მ2-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე დასაშვებია საზოგადოებრივი   და საყოფაცხოვრებო მომსახურების/დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება განაშენიანებისათვის დაშვებულ არეალებში, ფუნქციური ზონით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად. განაშენიანებისათვის დაშვებულ არეალებში 200 მ2-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე დასაშვებია არსებული ნაგებობის რეკონსტრუქცია ფაქტობრივი ძირითადი გაბარიტების უცვლელად.

მიწის ნაკვეთებს და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც არ შეესაბამება დამტკიცებული წესების მოთხოვნებს, ენიჭებათ შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსი. ხოლო მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით არ შეესაბამება შესაბამისი ზონის განაშენიანების რეგულირების მოთხოვნებს და შესაბამისობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, ენიჭება განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა- ნაგებობების სტატუსი.

ასეთი ნაკვეთებისა და ნაგებობების შემდგომი განვითარება  [ტერიტორიის  გაფართოება, ფუნქციის/გამოყენების შეცვლა, რეკონსტრუქცია] ხორციელდება მხოლოდ შეუსაბამობის აღმოფხვრის ან შემცირების პირობით. შემცირების პირობები შესაძლებელია განისაზღვროს ეტაპობრივად, საბოლოო აღმოფხვრის მიზნით. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში კი, შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს ეხსნება შეუსაბამო სტატუსი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ტერიტორიის ისტორიული მეხსიერება და ის ობიექტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ მიკროკვარტლის ავთენტურობას. გასათვალისწინებელია შემდეგი სახის რეკომენდაციები:

[checklist]

  • აღნიშნული ტერიტორიის განვითარება უნდა დაიგეგმოს სწორედ ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის უნიკალურობის გათვალისწინებით. ახალმშენებლობისას ორიენტირი უნდა იქნეს აღებული მოცულობის ჰარმონიზება არსებულ  გარემოსთან
  • შესაძლებელია ახალი შენობის\შენობების განთავსება ძეგლის მიმდებარედ, თუმცა გასააზრებელია სწორედ შენობის მხატვრულ-სივრცობრივი კავშირი. ძეგლის  ინდივიდუალური დამცავი ზონების (კანონი კულტურული-მემკვიდრეობის შესახებ) შესაბამისად ახალი მოცულობა\მოცულობები უნდა ითვალისწინებდეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს და კორექტულად  ჩაეწეროს მასში
  • მოხდეს არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრულყოფილი კვლევა და განხორციელდეს სარესტავრაციო სამუშაო
  • ასევე საპროექტო უბანზე გხვდება მე-19-20 საუკუნის (მოდერნის, ნეოკლასიკური) სტილის სააგარაკო სახლები, რომლებსაც არ გააჩნია ძეგლის სტატუსი. აუცილებელია მათი სრულყოფილი კვლევა და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება (გაეწიოს რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე)“.

[/checklist]

რეგულირების გეგმით გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ქალაქთმშენებლობითი შეზღუდვა და განსაზღვრულია მათი არეალები. კერძოდ: არსებული და სამომავლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ფიზიკური და ვიზუალური დაცვის ზონები; პეტრას ციხის, ნაკრძალისა და ანტიკური და ადრებიზანტიური სამარხოვნის დაცვის არეალები; არქეოლოგიური ზონა; სანიტარიული დაცვის ზონები; მდინარეთა გასხვისების ზოლები.

დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის ტერიტორია, რომლისთვისაც განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

 

ხულოს სოფელ ფაჩხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს სოფელ ფაჩხაში, ბახმაროს უბანში, სურმანიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამ სახლის ახლოს მდებარე ორი სახლის გადარჩენა მოხერხდა.

საცხოვრებელი ხის იყო, გარდა ამისა, ბახმაროს უბანი სოფელ ფაჩხის დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს, ამიტომ ხანძრის დროული ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა.

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

შავი ზღვის მონიტორინგის ყველაზე მასშტაბური პროექტი EMBLAS+ ბრუნდება

შავი ზღვის მონიტორინგის პროექტი ემბლას+ დაიწყო. ემბლას პროექტი პირველად 2016 წელს ჩატარდა, როცა ბათუმში უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებული ჯგუფი,  რუმინეთის კვლევითი გემით Mare Nigrum-ით შემოვიდა. მეცნიერებმა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგი ჩაატარეს, რომელიც ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს მოიცავდა. ასეთი კვლევა შავ ზღვაზე 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

ევროპის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი გემი ,,მარე ნიგრუმი” ბათუმში 2019 წლის აგვისტოში შემოვა.

ჯერ კიდევ წინა მონიტორინგის ფარგლებში მიმდინარე კვლევების პარალელურად (რომელთა მიზანია შავი ზღვის გარემოს მონაცემების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) შესაბამისად). ეს პროექტი ითვალისწინებს მცირე ზომის ქმედებებს შავი ზღვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც ძირითადად საზღვაო ნარჩენებს ეხება.

წინა კვლევის ერთ-ერთი მიზანი შავი ზღვის დანაგვიანების შეფასება იყო. შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ შავი ზღვა, კვლევის ფარგლებში შემოწმებული ლოკაციების მიხედვით – ყველაზე მეტად დაბინძურებული საქართველოშია.

მარინოლიტერი – ასე უწოდებენ ზღვაში სხვადასხვა წარმოშობის ნაგავს. ეს შეიძლება იყოს: პოლიომერიული მასალა, პენოპლასტი, ქაღალდი, ტოტები, ფიჩხები და სხვა ნივთები, რაც მდინარეების ან სხვა გზებით ხვდება ზღვაში და მის ზედაპირზე დაცურავს. როგორც კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, არჩილ გუჩმანიძემ 2016 წელს “ბათუმელებთან” საუბარში აღნიშნა, შავი ზღვის დანაგვიანების მაჩვენებელი იმაზე გაცილებით უფრო ცუდია, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ – „სამწუხაროა, მაგრამ მთლიანად შავ ზღვაში, სადაც ჩვენ ვაწარმოეთ დაკვირვება, ყველაზე დიდი რაოდენობის მარინოლიტერი საქართველოს წყლებში აღინიშნა. ასევე საგულისხმოა ის, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ნაგავი კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორის მიმდებარე წყლებშია“.

შავი ზღვის ერთობლივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა უნიკალური დაკვირვებები, რომლებიც არასდროს შესრულებულა შავი ზღვის კვლევის ისტორიაში. ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან შავი ზღვის შესახებ საინტერესო ფაქტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე: შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან.

მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა

 

 

Exit mobile version