მთავარი,სიახლეები

მუხლი შეიცვალა და დამძიმდა – „სტუდენტისა და ლექტორის საქმე“ 

24.05.2019 • 2106
მუხლი შეიცვალა და დამძიმდა – „სტუდენტისა და ლექტორის საქმე“ 

პროკურატურამ მუხლი შეუცვალა საქმეს, რომელშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. გამოძიება ამ დრომდე 150-ე „იძულების“ მუხლით იყო დაწყებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას“.

იძულების მუხლი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 139-ე მუხლის მეორე ნაწილი – 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამ მუხლის მეორე ნაწილი „მძიმე შედეგის“ დადგომას ითვალისწინებს.

„სისხლის სამართლის კოდექსის“ 139-ე მუხლი ამგვარადაა განმარტებული: „პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას, რომელიც ჩადენილია ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ან დაზარალებულის უმწეობის, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით.“

სექსუალური შევიწროება ამ დრომდე არ არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი. 3 მაისიდან სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: