ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

კირნათი ჰესის პროექტის გამო მარადიდში კერძო საკუთრებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

27.05.2019 • 4433
კირნათი ჰესის პროექტის გამო მარადიდში კერძო საკუთრებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჰესის მშენებელ კომპანიას, „აჭარ ენერჯი-2007“-ს ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა კერძო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც პროექტის განხორციელების არეალშია მოხვედრილი.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ექსპროპრიაციას დაექვემდებარა სოფელ მარადიდში მდებარე მიწის ნაკვეთები:

985 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 346 კვ.მ და ნარგავები – თანამესაკუთრეები: ზეინაბ დიდმანიძე, სერვეთ დიდმანიძე, ტარიელ დიდმანიძე;

161 კვ.მ და 395 კვ.მ მიწის ნაკვეთები, მათზე არსებული ნარგავები – მესაკუთრე ირინე დიდმანიძე.

„ვინაიდან, კომპანიის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის  შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა  არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. [საქართველოს კანონმდებლობით], თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში.

„აჭარ ენერჯი-2007“-მა უკვე ააშენა ჰესი – „ხელვაჩაური  1“ და ამჯერად „კირნათი ჰესს“ აშენებს. კომპანიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით როგორც სახელმწიფოსაგან, ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, „კირნათი ჰესის“ მშენებლობის ნებართვა ძალაშია 2019 წლის სექტემბრამდე. ჰესის მშენებლობის არეალში მდებარე მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა კი უნდა განხორციელდეს 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით: საბოლოოდ „ჰესების საერთო სიმძლავრე მიაღწევს – 98.731 მეგავატს.  მთავრობასთან დადებული მემორანდუმის შესაბამისად, კომერციული ოპერირების თარიღიდან ათწლიან პერიოდში და 8 თვის განმავლობაში [იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი] გამომუშავებული ელექტროენერგია განკუთვნილი იქნება საქართველოს შიდა მოხმარებისათვის.“

მდინარე ჭოროხზე მშენებარე კირნათი ჰესი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მთავარი ფოტო: მდინარე ჭოროხზე მშენებარე კირნათი ჰესი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: