მთავარი,სიახლეები

სილამაზის კონკურსის ფლაერები ბათუმის საჯარო სკოლებში

24.05.2019 • 2810
სილამაზის კონკურსის ფლაერები ბათუმის საჯარო სკოლებში

ბათუმის საჯარო სკოლებში ბავშვთა სილამაზის კონკურსის ფლაერები დაარიგეს. ფლაერის თანახმად, კონკურსი „მის აჭარას“, „მის საოცნებო გოგონას“, „მის ფუმფულას“ „მისტერ აჭარას“, „რაინდს“ „უფლისწულს“ და მსგავსი ტიტულებით გამოავლენს გამარჯვებულებს.

ერთ-ერთი დაწესებულება, სადაც კონკურსის ორგანიზატორებმა ფლაერები დაარიგეს, ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაა. სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი, მანანა ჯიჯავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ფლაერები სკოლაში დარიგდა, თუმცა კონკურსში მიიღებს თუ არა ბავშვი მონაწილეობას, ეს მშობელმა უნდა გადაწყვიტოს.

„თუ ისეთი კონკურსი ტარდება, რაც ეხება სკოლას, თავისთავად ნებადართულია და შემოდიან. ერთი ფლაერი მეც ვნახე მაგიდაზე, შემოსასვლელი ღიაა და ყველას აქვს უფლება რეკლამა გააკეთოს, ვისაც სურვილი აქვს მიიღებს მონაწილეობას“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია სკოლის ადმინისტრაციის პოზიცია ამ ტიპის კონკურსებზე და ეუბნებიან თუ არა მშობლებს, რა ტიპის რისკებს შეიცავს სილამაზის კონკურსები, მანანა ჯიჯავაძე პასუხობს:

„ჩემთვის მისაღები არ არის, მაგრამ მაინც მშობელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველაფერში ერკვევიან, რაც მათ აინტერესებთ“.

სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი გიორგი ბარამაშვილი ამბობს, რომ ფლაერები ქალაქის თითქმის ყველას სკოლაში დაარიგა, თუმცა, მაგალითად, ბათუმის #4 საჯარო სკოლის დირექტორმა ეს ფაქტი უარყო.

„აკრძალულია სილამაზის სტანდარტების ჩატარება? თუ აკრძალავენ კანონით, აღარ ჩავატარებ. მე განათლების სამინისტროსგანაც მაქვს წერილი „თბილისი არტ ჰოლის“ სახელზე და იქ წერია, რომ სამინისტრო მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს“, – გვეუბნება კონკურსის ორგანიზატორი გიორგი ბარამაშვილი.

კონკურსში მონაწილეობა ფასიანია.

ორგანიზატორის თქმით, სკოლებმა იციან, რა ფორმატის კონკურსს ატარებს და თვითონაც ესწრებიან მას.

„სკოლაში თუ არ შევიტანე, აბა როგორ გავავრცელო ინფორმაცია? ეს კონკურსი მეთხუთმეტედ კეთდება. ეს არ არის მარტო სილამაზის კონკურსი, არამედ ტალანტების და არტისტულობის. კონკურსზე ყველა ბავშვი ჯილდოვდება, ქართული ტრადიციული ჩოხებით გამოგვყავს ბიჭები,  ფუმფულები სპეციალურ ლექსებს კითხულობენ, დიდებს [ასაკით უფროსებს] „თამარის ტური“ აქვს, პატარები სამზარეულოში არიან და ა.შ. ამ კონკურსზე ყველა ბავშვი ჯილდოვდება და დაჩაგრული არავინ არის“, – გვეუბნება ორგანიზატორი.

„ბათუმელები“ ბათუმის რესურსცენტრსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, აქვთ თუ არა სკოლებთან ამ თემაზე საუბარი და როგორია მათი საერთო პოზიცია საბავშვო სილამაზის კონკურსებთან დაკავშირებით.

„საჯარო სკოლა არის დამოუკიდებელი და ვინ შეუშვან სკოლაში და ვინ არა, თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ტიპის აქტივობები შევზღუდოთ, მაგრამ სკოლის კარი ღიაა და ვერ ჩარაზავ. საბოლოოდ მაინც მშობლის გადასაწყვეტია ამ ტიპის კონკურსში მონაწილეობს თუ არა ბავშვი. თუმცა ბუნებრივია, სასურველი არ არის“, – გვითხრა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაძემ.

საფრანგეთის სენატმა 2013 წელს აკრძალა 16 წლამდე ასაკის ბავშვების სილამაზის კონკურსები. კონკურსების ორგანიზებისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 30 000 ევროა დაწესებული, რადგან ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის კონკურსები აზიანებენ ბავშვის ფსიქიკას.

_________________

მთავარი ფოტო სილამაზის კონკურსის ორგანიზატორის ფეისბუკის გვერდიდან

ამავე თემაზე:

რა საფრთხეს უქმნის ბავშვებს სილამაზის კონკურსები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: