ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით გელაშვილმა, ჯგუფურ ქურდობაში ბრალდებულები გაამართლა. ამ საქმეში მთავარი მოწმე ტაქსის მძღოლი იყო, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ მას პოლიციელებმა ჩვენების მიცემა აიძულეს.
შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში მოხდა. გამოძიების ვერსიით, სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზია ევგენი გ.-მ და დათო გ.-მ გატეხეს. მაღაზიიდან იმ ღამით 1300 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტი წაიღეს, 300 ლარი და მუსიკალური ცენტრი. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა ბრალდებულების დაკავება მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაშვილის სახლში მუსიკალური ცენტრი იპოვეს. გამოძიებამ მოპარულ საკვებს ვერ მიაგნო.
„სასამართლოს ბრალდებულის ბიძაშვილმა უთხრა, რომ მუსიკალური ცენტრი იაფად იყიდებოდა და შეიძინა… მოწმე იყო ტაქსის მძღოლი, რომელმაც გამოძიების ეტაპზე ბრალდებულები ამოიცნო, სასამართლოში კი თქვა, რომ პოლიციელებმა მცემეს და მაიძულეს ეს მეთქვა, მამაჩემსაც დავადებდი ხელსო. ამაზე პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ იყო მასზე ზეწოლა…“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
ბრალდებულები ამ დროისთვის თურქეთში არიან. ადვოკატის თქმით, ისინი იქ სამუშაოდ წავიდნენ და გამოძიებამ მათი დაკავება ვერ მოასწრო. ბრალდებულებზე ამ დრომდე ძებნა იყო გამოცხადებული.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ევგენი გ.-ს და დათო გ.-ს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდათ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტმა ლექტორის სტატუსი დროებით შეუჩერა.
ბსუ-ს რექტორის, მერაბ ხალვაშის განცხადებით, თუ სასამართლო გაამართლებს ლექტორს, უნივერსიტეტი მას აღუდგენს განაცდური ლექციებს, კუთვნილ ხელფასს და სტატუსს.
„ეთიკის საბჭო იქნება დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, კანონის ზემოთ ეთიკის საბჭო არ დგას“, – აცხადებს მერაბ ხალვაში.
ეთიკის საბჭო რექტორის განცხადების საფუძველზე უნივერსიტეტში დღეს იკრიბება. სტუდენტმა ლექტორის მხრიდან შევიწროების ფაქტის შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადებით დღეს მიმართა.
უნივერსიტეტის ეთიკის კომისია დღესვე დაიწყებს საკითხის შესწავლას, თუმცა არ არსებობს დადგენილი ვადები, რომლის ფარგლებშიც კომისიამ საქმის შესწავლა უნდა შეძლოს. უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება მათ მიერ საქმის მოკვლევა.
„პირველ ეტაპზე ლექტორმა შეიჩერა თვითონ სტატუსი, რომ არ გამოჩენილიყო, ვიდრე ეს ამბავი ასე ტრიალებს. ერთობლივად შევთანხმდით – ადმინისტრაცია და ლექტორი. გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე განრიდებოდა პროცესებს და დალოდებოდა საქმის ოფიციალურ მსვლელობას.
საქმეს შესწავლა და სასამართლოს მიერ კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღება სჭირდება.
დროებით სალექციო კურსის შეჩერება არ ნიშნავს ლექტორის უნივერსიტეტიდან დათხოვნას. თუ მას სასამართლო გაამართლებს, ის უნივერსიტეტში დაბრუნდება და სტუდენტს მოუწევს თავის მართლება ცილისწამების გამო და პასუხისმგებლობის აღება“, – ამბობს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი.
ბათუმის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილები ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე საჯარო სკოლებში შევსებულია, გარეუბანში მდებარე სკოლებში კი 160 ადგილია დარჩენილი.
პირველკლასელთა რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ იზღუდება და ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლაში რეგისტრაცია გარეუბნებში მცხოვრებ ბავშვებსაც შეუძლიათ.
ბათუმში სულ 27 საჯარო სკოლაა. აქედან პირველკლასელების მიღება ამ ეტაპზე მხოლოდ შვიდ საჯარო სკოლას შეუძლია.
ეს სკოლებია: მე-4, მე-9, მე-10, მე-11, მე-17, მე-20 და 25-ე საჯარო სკოლები. ამ სკოლებში 175 ადგილი დაემატება პირველკლასელთათვის.
დადგენილი ნორმის მიხედვით, საჯარო სკოლას უფლება არ აქვს, კლასში 25-ზე მეტი მოსწავლე ჰყავდეს, თუმცა როგორც ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ისინი შეხვდნენ სკოლის დირექტორებს და ზემოთ აღნიშნულ სკოლებში ადგილების დამატებით გამონახეს გამოსავალი.
„რადგან გარკვეული კატეგორიის ბავშვები დარჩნენ დაურეგისტრირებელი, ამიტომ გადავხედეთ სკოლების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა ერთი საკლასო ოთახის დამატების, იმ სკოლებში დავამატეთ,“ – ამბობს გოჩა დავითაძე.
„ამდენი საცხოვრებელი კორპუსი შენდება და არც ბაღები ემატება და არც სკოლები. მოსახლეობა გაიზარდა, სკოლა კი წლებია არ აშენებულა, პირიქით რამდენიმე დაიხურა კიდეც წინა წლებში.
პრემიერ-მინისტრმა დააანონსა კომაროვის სკოლის მშენებლობა ბათუმში და როცა აშენდება, 250 ადგილი იქ გაჩნდება, მე-6 საჯარო სკოლაში იწყება მეორე კორპუსის მშენებლობა, რომელიც 500 ბავშვზეა გათვლილი. ვმუშაობთ, რომ მე-14 და მე-15 სკოლებშიც აშენდეს დამატებითი ფართები. გარდა ამისა, გვინდა ახალი სკოლის აშენებაც, მაგრამ ჯერ ადგილი ვერ გამოვნახეთ,“ – ამბობს გოჩა დავითაძე.
რაც შეეხება გარეუბნებში მდებარე სკოლებში თავისუფალ ადგილებს, პირველკლასელების მიღება შეუძლიათ ბათუმის 26-ე 27-ე, 28-ე, 29-ე, 30-ე და 31-ე სკოლებს. ამ სკოლებში ჯამში 160 ადგილია.
პირველკლასელთა რეგისტრაცია 12 ივნისამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის რამდენმა პირველკლასელმა ვერ მოახერხა სასურველ სკოლაში დარეგისტრირება, უცნობია. როგორც გოჩა დავითაძე ამბობს, დეტალური ინფორმაციის შეგროვებას ახლა იწყებენ.
“ბათუმის მეჩეთის საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. მორიგი პროცესი 12 ივნისს გაიმართება და მოსამართლე მხოლოდ მხარეების რეპლიკებს მოისმენს.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს პროცესის ბოლოს არ დაუმალავს, რომ ამით მან მერიას კიდევ ერთი შანსი მისცა მოლაპარაკების მისაღწევად – დღეს, 22 მაისს, გამართულ სხდომაზე ბათუმის მერიამ სხდომის კიდევ ერთხელ გადადება მოითხოვა და ივნისის პირველ კვირაში შეხვედრა დააანონსა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა სხდომის ბოლოს თქვა, რომ “შესაძლოა, მერიას მართლაც ჰქონდეს რეალური შეთავაზება”.
მოსამართლემ დარბაზს ისევ გაუმეორა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მხოლოდ სასამართლოში საქმის მოგებით მუსლიმი თემი მიზანს ვერ მიაღწევს.
“არსებობს გენერალური გეგმა?”- ჰკითხა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მერიის იურისტს არსებითი განხილვის დროს.
“არა,”- უპასუხა მოსამართლეს მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ. მოსამართლემ ეს შეკითხვა მერიის გადაწყვეტილების რეალური საფუძვლების დასადგენად დასვა. გადაწყვეტილებაში მერია აღნიშნავს იმასაც, რომ იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც ახალი მეჩეთის აშენებას აპირებენ, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.
მერიის იურისტმა პროცესზე ვერ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა პროექტების განხორციელებას გეგმავს მერია მეჩეთის ადგილას.
“ამაზე სპეციალისტები ისაუბრებენ,”- მიმართა მოსამართლეს მერიის იურისტმა.
“სპეციალისტები რატომ უნდა მოვიწვიოთ, თქვენი პროექტია ხომ, მუნიციპალურ პროექტებზეა საუბარი…”- თქვა მოსამართლემ.
კითხვა-პასუხში მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი, დავით ბერძული ჩაერთო:
“რომც იყოს დაგეგმილი პროექტები, ეს არ უშლის ხელს მეჩეთს… მას აქვს ცალკე მისასვლელი გზა,”- აღნიშნა მან.
მერიის იურისტს კითხვა მუსლიმი თემის წარმომადგენელმა, ნოდარ პაქსაძემაც დაუსვა:
“თუ პროექტებია პრობლემა, როგორ გვეუბნებოდით მაშინ, რომ თუკი სამუფთოს გადავცემდით მიწის ნაკვეთს, მივიღებდით მშენებლობის ნებართვას?”- იკითხა მან.
ვიდრე მერიის იურისტი პასუხს მოიფიქრებდა, მოსამართლემ მიმართა მოსარჩელეებს.
“თუ ეს არის გამოსავალი, რატომ არის პრობლემა?”- იკითხა მოსამართლემ. ნოდარ პაქსაძემ მასაც უთხრა, რომ ეს დისკრიმინაციული მიდგომაა და მუსლიმ თემს აქვს უფლება, დამოუკიდებლად ააშენოს ახალი მეჩეთი ბათუმში.
“ეს არაა ჩვენი დავის საგანი…”- თავი აარიდა მოსამართლემ დისკუსიის გაგრძელებას და მორიგი მოთხოვნის განხილვაზე გადავიდა – არის თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა, როცა მუსლიმ თემს მეჩეთის აშენების საშუალება არ მისცეს?
“ამ ზონაში ეკლესიების ასაშენებლად მერიისთვის არ მოუმართავთ, ჩვენ არ გაგვიცია ნებართვები… შესაბამისად, დისკრიმინაცია არ არის,”- მიიჩნევს ვახტანგ გედენიძე, ბათუმის მერიის იურისტი.
“მაგრამ იმ ზონაში არსებობს, ფაქტია, სხვა სამლოცველოები… ეს საკმარისი არგუმენტია? მერიას აქვს სხვა მექანიზმებიც… ამ მოცემულობაში რას იტყვით?”- ჩაეძია მერიის იურისტს მოსამართლე.
“თანასწორობა უნდა იყოს კანონიერების ფარგლებში. თანასწორობა ვერ იქნება კანონიერი მოთხოვნა უკანონობაში,”- აღნიშნა ვახტანგ გედენიძემ.
მოსამართლე ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობდა მერიის იურისტი სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე.
“მერიის მიზანია მიღებულ იქნეს მაქსიმალურად ოპტიმალური გადაწყვეტილება.. უნდა მოხდეს ყველას ინტერესის გათვალისწინება, მათ შორის, სახალხო დამცველის,”- აღნიშნა მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ.
“სახალხო დამცველს არ უჭირს საჭიროების შემთხვევაში იმის თქმა, რომ საქმე დისკრიმინაციასთან გვაქვს… ამ შემთხვევაში რატომ არ გააკეთა მან ეს შეფასება?”- მიუბრუნდა მოსამართლე მუსლიმი თემის იურისტებს.
“სახალხო დამცველს არ ჰქონდა ეს შეფასება, რადგან როცა ეს რეკომენდაცია გამოიცა, სასამართლო განხილვა უკვე დაწყებული იყო…”- უპასუხა მოსამართლეს მუსლიმი თემის ინტერესების დამცველმა იურისტმა, დავით ბერძულმა.
პაექრობის დასრულებამდე მოსამართლემ დარბაზს სხდომის გახანგრძლივების გამო მოუბოდიშა.
“ვიცი, მარხული ადამიანები ხართ… რა ვქნათ, ჩვენი ბრალი არ არის,”- დასძინა მოსამართლემ.
მუსლიმმა თემმა დღესვე სასამართლოს ფოიეში ლოცვა აღავლინა. სასამართლოს ადმინისტრაციას თემისთვის ხელი არ შეუშლია. ლოცვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძის გამზირზე. ბათუმის მერიამ ღონისძიებათა ჩამონათვალი უკვე გამოაქვეყნა.
მერიის ცნობით, ღონისძიებები ევროპის მოედანზე 13:00 საათზე დაიწყება და 22:30 საათამდე გაგრძელდება.
მემედ აბაშიძის გამზირზე გაიმართება ქართული ბაზარი, სადაც გამოფენილი იქნება ხელნაკეთი აქსესუარები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი ნაწარმი.
მოეწყობა ნობელების მუზეუმის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის ექსპონატების გამოფენა.
საბავშვო კუთხეში გაიმართება სპორტული და მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო შემეცნებითი, გასართობი ღონისძიებები, თემატური თამაშები, სახეზე მოხატვა. საბავშვო კუთხე მორთული იქნება ბუშტებითა და დროშებით. ღონისძიებას გააფორმებენ ზღაპრის გმირები.
ევროპის მოედანზე, სცენაზე, იმღერებენ „კახაბერი და ხანუმები“, ნოდიკო ტატიშვილი, სოფო ბედია, აჩიკო ნიჟარაძე, სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, აჩიკო გოგიტიძე, მორის მელაძე, ავთო აბესლამიძე, ვაჟა ტუღუში, გიორგი დიასამიძე, ასევე, ჯგუფები “რესპექთ“, “ეროუ“, “4 up” და “ლურჯი იალქანი“.
ბათუმის ბულვარი ზაფხულის ტურისტულ სეზონს მრავალი სიახლით ხვდება. სეზონისათვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. დაგეგმილია ზოო-კუთხის რეკონსტუქცია, ფრინველების ახალი აუზის მოწყობა, ასევე, ახალ ბულვარში ბავშვთა ატრაქციონის სრული განახლება; სულ მალე დასრულდება ველო-ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულების ეტაპზეა ი.გორდეზიანის ახალი სკვერის მოწყობა და გამწვანებითი სამუშაოები. დაწყებულია ადაპტირებული საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ირაკლი ჯინჭარაძე
„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ბულვარი ახორციელებს არაერთ ინფრასტრუქტურული პროექტს, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია ადაპტირებული პლაჟის მოწყობა. პროექტის ფარგლებში პლაჟზე გადასასვლელი ხის ბილიკები უკვე დამონტაჟდა, მოეწყობა საშხაპეები და გამოსაცვლელები, დაგეგმილია ასევე ადაპტირებული საპირფარეშოების მოწყობაც. რაც მთავარია, წელს სანაპირო ზოლი აღიჭურვება ტივტივა ეტლებით, რომელთა სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალებას მისცემს. აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“ – აცხადებს ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე. მისი თქმით, მსგავსი სრულად ადაპტირებული პლაჟი წელს ერთ ლოკაციაზე, კერძოდ, რესტორან „ძველი გემის“ წინ მოეწყობა.
ბათუმის ბულვარში არსებული პლაჟი ადაპტირდა შშმ პირებისთვისბათუმის ბულვარში არსებული პლაჟი ადაპტირდა შშმ პირებისთვის
ზაფხულის ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებით, სსიპ ბათუმის ბულვარი არსებული ველო-ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება და შეიღებება 5100 გრძ.მეტრი ველობილიკი, რომელიც მარკირებული იქნება სპეციალური ნიშნულებით. მოწესრიგებული საველოსიპედო ბილიკი მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო იქნება ველომოყვარულთათვის.
აქტიურად მიმდინარეობს ბულვარში არსებული ველობილიკის რეაბილიტაცია
ვიზიტორებისთვის დასვენების უსაფრთხო და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აიკრძალა ელექტრომობილების გადაადგილება ბათუმის ძველ ბულვარში, განხორციელდა რამდენიმე უსახური და უკანონო ობიექტის დემონტაჟი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 22 მაისს, ღრუბლიანი ამინდი, ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექაა მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ხვალაც, ძირითადად, ღამის განმავლობაში.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 21 -26 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 18, 5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ, 2-3 ბალი იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს კიდევ ერთხელ მოსთხოვა პროცესის გადადება ბათუმის მერიამ. მერიის იურისტმა თქვა, რომ სხვადასხვა ღონისძიების გამო ვერ შეხვდნენ მუსლიმ თემს და შეხვედრა ივნისის პირველ კვირაში აუცილებლად გაიმართება.
“ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ, ეს არის უსამართლობა…” – მიმართა მოსამართლეს ერთ-ერთმა მუსლიმმა.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სხდომის განხილვა აღარ გადადო და დასძინა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესი შესაძლოა დღეს დასრულდეს.
“ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა” ბათუმის მერიას სასამართლოში 2017 წელს უჩივლა. ბოლო სხდომა ამ საკითხზე 10 აპრილს გაიმართა. მუსლიმი თემი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლითაც თემს შეძენილი მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრეს.
არსებითი განხილვის გაგრძელებამდე მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ “სასამართლოს არ სურს პროცესის გაჭიანურება”. მოსამართლემ თქვა ისიც, რომ ამას ჟურნალისტების გასაგონად ამბობს.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის განმარტებით, სასამართლოში დავის მოგება არ ნიშნავს იმას, რომ მუსლიმი თემი მშენებლობის ნებართვას მიიღებს. მოსამართლემ თქვა, რომ მხარეთა შეთანხმება ამიტომაც იქნებოდა მნიშვნელოვანი, რადგან მშენებლობის საბოლოო ნებართვის მისაღებად სამი ეტაპია გასავლელი, სადავო კი ჯერ მხოლოდ პირველია.
“სასამართლოს მცდელობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, ემსახურება იმ მიზანს, რომ საკითხი გადაიჭრას სწრაფად. ეს დავა მხოლოდ სამართლებრივი არ არის საზოგადიებისთვის, ეს საკითხი რეზონანსული და სენსიტიურია… მაგრამ სასამართლო მას განიხილავს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში… მხარეს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ სასამართლო განხილვას აჭიანურებს. ყველა დავა უნდა დასრულდეს ბოლოს,” – თქვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.
ამჯერად მხარეები კითხვებს უსვამენ ერთმანეთს, რომლის შემდეგაც პაექრობა გაიმართება.
თამთა მ. [სახელი შეცვლილია] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელია. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ მას სამართლის ერთ-ერთი ლექტორი სექსუალურად ავიწროებს. სტუდენტი ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოსურათები აქვს.
თამთას თქმით, სექსუალური ხასიათის მესიჯები მან ლექტორისგან პირველად 15 დღის წინ მიიღო. ჯერ იყო მოკითხვა – „როგორ ხარ“. მერე – „გყავს თუ არა ძმა, მამა“. შემდეგ გაჩნდა მოთხოვნა – „თამამი სელფი გამომიგზავნე“. მიმოწერაში სტუდენტი ყოველ ჯერზე სთხოვს ლექტორს, შეწყვიტოს ამის მოთხოვნა.
ლექტორი სტუდენტისგან ითხოვდა ისეთი ფოტოები გაეგზავნა „თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ“.
მიმოწერას თან ახლავს ფოტოსურათებიც. ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს.
თამთა ამბობს, რომ ეს ლექტორი მას მუნიციპალურ სამართალს ასწავლის.
„პირველ კურსზე რომ ჩავაბარეთ, მაღალკურსელებმა გვითხრეს ამ და სხვა ლექტორზეც, ფრთხილად იყავით, ლექტორები სტუდენტებს წერენო. გამომწვევად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით არ იაროთო“, – ამბობს თამთა. ის დეტალურად იხსენებს, როდის და რა სახის შეტყობინებები მიიღო ლექტორისგან.
19 წლის გოგონა საკუთარი ვინაობის გასაჯაროებას არ თანხმდება, მაგრამ თანახმაა, მისი და ლექტორის მიმოწერა გავასაჯაროვოთ.
„თავიდან სოციალურ ქსელში მომწერა. უბრალოდ მკითხულობდა, როგორ ვიყავი და მეც თავაზიანად ვპასუხობდი. მერე საკუთარი ფოტო გამომიგზავნა და ჩემი სელფიც მთხოვა, მკითხა, შევძლებდი თუ არა „თამამი სელფები“ გამეგზავნა მისთვის – ,,თითქოს ზღვაზე ვიყავი“, რაზეც ჩემგან უარი მიიღო, მაგრამ მაინც აგრძელებდა თხოვნას, რომ ,,მომეხსნა კომპლექსები“ და „არ შემშინებოდა“, რადგან ,,ყველაფერი ჩვენს შორის დარჩებოდა“ და ყველაფერი ,,ჩვენ გვეცოდინება მხოლოდ”. ცდილობდა, ფოტოების გაგზავნაზე დავეყოლიებინე. მეგონა, გაჩერდებოდა და მაქსიმალურად ზრდილობიანად, მშვიდად მივუთითებდი, რომ ასეთი საქციელი შეუფერებელია ლექტორისთვის. ბოლოს ისიც კი მივწერე, რომ უსინდისოდ იქცეოდა. მაგრამ არ წყვეტდა მიმოწერას“, – ყვება თამთა.
ბსუ-ს ლექტორისა და სტუდენტის მიმოწერის სქრინები
ლექტორის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებით სტუდენტმა სამართალდამცავებს უკვე მიმართა, მერე კი ყველაფერი კურსელებს უამბო.
თამთა და მისი კურსელები ამ ლექტორის ლექციებზე დასწრებას აღარ აპირებენ. ისინი ლექტორის შეცვლას ითხოვენ. ამის თაობაზე სტუდენტებმა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანს, ლევან ჯაყელსა და ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს გუშინ, 20 მაისს მიმართეს.
„სამართალმცოდნეობის დეკანთან, ლევან ჯაყელთან შევედით და ყველაფერი მოვუყევით, დეკანმა ომარ ფარტენაძეს დაუძახა და სასწრაფოდ ჩვენი ლექტორის შემცვლელის პოვნა დაავალა. რექტორსაც ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ არ გავჩერდებოდი, ამას ლექტორისგან არ მოვითმენდი. „რა შემცვლელი, სასწრაფოდ უნდა წავიდეს უნივერსიტეტიდანო“ – ამბობდა რექტორი, გულის წვეთები დასჭირდა, მისგან და ლევან ჯაყელისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით“, – ამბობს სტუდენტი.
გუშინ, 20 მაისს, სტუდენტების ამ ჯგუფთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს ლევან ჯაყელიც – ბსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი. ის ამბობს, რომ ყველაფრის საქმის კურსშია და სტუდენტებმა მას მიმოწერებიც გააცნეს. მისივე თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ამ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.
„შემაშფოთებელი ამბავია, ემოციებს ვერ ვმალავ, მიმოწერა სტუდენტებმა გამაცნეს”, – ამბობს დეკანი. კითხვაზე, ყოფილა თუ არა აქამდე უნივერსიტეტში მსგავსი შემთხვევა, ლევან ჯაყელი პასუხობს, რომ დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა მისივე თქმით ყოფილა „მიმოთქმა და ასეთები, ბევრი რამ…“
„ეთიკური გადაცდომა დადასტურდება – ეთიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, სამართლებრივი დარღვევის შემთხვევაში იმოქმედებს სასამართლო. თუ სასამართლო არ დაადასტურებს სექსუალური შევიწროების ფაქტს, უნივერსიტეტის ეთიკის კომისია გამოსცემს საყვედურს, გაფრთხილებას, შენიშვნას, შესაძლოა ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში”, – ამბობს ფაკულტეტის დეკანი.
ლევან ჯაყელი მუნიციპალური სამართლის ლექტორს გუშინ, 20 მაისს, შეხვდა და ვითარება გააცნო. ასევე, სთხოვა შეეწყვიტა საკითხის გარკვევამდე სტუდენტების ამ კონკრეტულ ჯგუფთან სალექციო კურსი, რასაც ლექტორი დათანხმდა, თუმცა მან ლევან ჯაყელის თქმით, ბრალდება უარყო.
სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი ბრალდებას „ბათუმელებთანაც” უარყოფს. ის გუშინ, გვიან ღამით გაემგზავრა უკრაინაში მივლინებით. მან ჩვენს ზოგიერთ კითხვას სმს-ებით უპასუხა. გვითხრა, რომ დაბრუნების შემდეგ გაარკვევს ყველაფერს.
„ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა, ფეისბუქით თითქმის არ ვსარგებლობ, გარდა პოლიტიკური შეფასებებისა, ვიღაცამ შეიძლება ჩემი სახელით ისარგებლა. ბოლო ერთი კვირაა შევამჩნიე, რომ ჩემი გვერდი გატეხილია… დროის უქონლობის გამო „აიტიშნიკთან” ვერ მივედი, საარჩევნო სიტუაციებიდან გამომდინარე. ვინც ამ შეკვეთებს აკეთებს, სავარაუდოდ ვიცი და მერე ადრესატი მიიღებს პასუხს”, – მოწერა „ბათუმელებს“ თამთას ლექტორმა.
მისი თქმით, ყველაფერი გუშინ ღამით გაიგო და სტუდენტისთვის მისაწერად და სიტუაციის ასახსნელად დრო არ ჰქონდა. ლექტორი სრულიად უარყოფს ყველა ბრალდებას.
მივლინებიდან ის 28 მაისს დაბრუნდება.
ბსუ-ს ლექტორთან სხვა კითხვებიც გვქონდა, თუმცა მან მოგვწერა, რომ მეტს ვეღარ გვიპასუხებდა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ამავდროულად ბათუმის საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირიც არის. ის ასევე სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ გავლენიანი წევრია ბათუმში. თუმცა, როგორც ბსუ-ს რექტორი, მერაბ ხალვაში ამბობს, ეს მას, როგორც უნივერსიტეტის რექტორს, ხელს არ შეუშლის სასამართლოს მიერ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში უმკაცრესი ზომები მიიღოს.
„არავის თანამდებობას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ყველა ლექტორი უნდა ურთიერთობდეს სტუდენტებთან საუნივერსიტეტო ეთიკის ნორმების დაცვით. ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, ეს არის უმნიშვნელოვანესი, ძალიან არასასიამოვნო ამბავი, მაგრამ რა უნდა ვქნათ”, – ამბობს მერაბ ხალვაში, რომელიც აღნიშნავს, რომ აქამდე მისთვის მსგავსი პრობლემით სტუდენტს არასდროს მიუმართავს.
„ამ ლექტორს დიდი გავლენები აქვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. ალბათ ფიქრობს, რომ ყველაფერი გაუვა, მაგრამ მე არ გავჩერდები, დავიცავ ყველა სტუდენტს იმისგან, რასაც მე მწერდა. არაფრის მეშინია. მაგრამ ყველა ჩემნაირი არ არის, სამომავლოდ შეიძლება უამრავ სუსტ ადამიანს სუიციდიც კი აფიქრებინოს მსგავსმა შემთხვევამ“, – ამბობს თამთა.
შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ხომ არ გაგრძელდება ამ საქმის გამოძიებაც წლობით ისე, როგორც არაერთი სხვა სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში ხდება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე „ბათუმელებმა“ შს სამინისტროში იკითხა, თუ არსებობს ინსტრუმენტი ამ საქმის ოპერატიულად გამოსაძიებლად? შსს-ში გვიპასუხეს, რომ ამ მუხლის საქამეების გამოძიებაზე არავითარი დათქმა და ვადები არ არსებობს.
მთავარი ფოტო: ბსუ-ს ლექტორისა და სტუდენტის მიმოწერის სქრინები.
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარისაუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდესდონორიორგანიზაციისშეხედულებებს.
მარიხუანას შეძენისა და შენახვის კუთხით დღეს, 21 მაისს, ახალი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვა.
პოლიციელებმა სამი ადამიანის დაჯარიმება თბილისში მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა მათ ჩხრეკის დროს მცირე ოდენობით მარიხუანა აღმოუჩინეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებმა თქვეს, რომ მარიხუანა სახლში მიჰქონდათ იმისთვის, რომ პირად სივრცეში მოეწიათ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანებს მარიხუანას შენახვისთვის დაჯარიმებას უპირებდნენ – მარიხუანას მცირე ოდენობის ქონისთვის პოლიციელები მოქალაქეებს აღარ აჯარიმებდნენ, რადგან მარიხუანას მოწევა კანონით დასჯადი აღარ არის.
დავის საგანი ამჯერად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილი გახდა, რომლის მიხედვითაც, „მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“ ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ადამიანებს სისხლის სამართლის წესით დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.
რა არის სამართლიანი, თუკი მარიხუანას მოწევა დასჯადი არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, კანონი მის შეძენას და შენახვას კრძალავს?
„კანონმდებლობა არ იცნობს მცენარე მარიხუანას მცირე ოდენობით კანონიერად შეძენის, შენახვის, გადატანის ან გადაგზავნის რეგულაციებს და, შესაბამისად, დადგენილია მარიხუანას შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის ბლანკეტური აკრძალვა, რაც გამორიცხავს მცირე ოდენობით მარიხუანის ნებისმიერი ფორმით შეძენას, რაც მოხმარების (კანონიერი ქმედების) აუცილებელი წინაპირობაა. ამდენად, კანონიერად მოხმარების შესაძლებლობას და მას მთლიანად უკანონოდ აცხადებს, რის გამოც, პირი იძულებული ხდება, გაიაროს უკანონო პროცედურა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობისთვის, რაც არაპირდაპირ გულისხმობს მარიხუანას მოხმარების დასჯადობას,“ – აღნიშნულია შუამდგომლობაში, რომლითაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტებმა – ნიკოლოზ სიმონიშვილმა და გიორგი ანთაძემ სასამართლოს მიმართეს. ამ ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ კანონი ამ ნაწილში ბუნდოვანია და სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უნდა მიემართა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართა და დაკავებულების ქმედება სამართალდარღვევად მიიჩნია, თუმცა მათ ჯარიმის შეფარდების ნაცვლად მხოლოდ შენიშვნა მისცა. საია-ს იურისტები ამ გადაწყვეტილების შეფასებას მას შემდეგ აპირებენ, როცა სასამართლოს დასაბუთება მათთვის ოფიციალურად ცნობილი გახდება.
შუამდგომლობაში, რომლითაც საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, ხაზგასმულია საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება „გივი შანიძის საქმეზე“, რომლის მიხედვითაც, „გართობისა და რეკრეაციული მიზნით მარიხუანის მოხმარების სისხლის სამართლის წესით დასჯადობა არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით.“
შუამდგომლობაში აღნიშნულია ისიც, რომ „პარლამენტმა თავი აარიდა ამ საკითხის რეგულირებას და არ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებისთვის სრული საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად.“
“არ აქვს აზრი არაფერს, იწელებოდა პროცესები… მოწმეები ვინც გვყავდა, ისინიც აღარ მოვიდნენ, რომ სიმართლე ეთქვათ. ჩვენ ერთიანად ისე გამოგვყარეს სამსახურიდან, რომ არავის უთქვამს, რატომ გაგვიშვეს,” – გვითხრა ირაკლი მამულაძემ. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც “იალჩინ მარკეტს” სასამართლოში უჩივლა, სამსახურში აღდგენა მოითხოვა და განაცდურის ანაზღაურებაც.
“იალჩინ მარკეტიდან” 10 კონსულტანტი ერთდროულად 2017 წლის 24 ნოემბერს გაათავისუფლეს. კონსულტანტებს მენეჯერთან ჰქონდათ კონფლიქტი და გასაუბრება დირექტორთან მოითხოვეს.
“ეს მოხდა ღამის საათებში, ადგილზე დირექტორი მივიდა, მაგრამ მას თანამშრომლების პრეტენზია არ მოუსმენია, უთხრა, რომ უშვებდა ყველას ერთიანად სამსახურიდან, რადგან ისინი თავთავიანთ ადგილებზე არ იყვნენ და ერთად შეგროვდნენ, დირექტორისთვის პრეტენზიები რომ ეთქვათ,” – განმარტავს ზურაბ ცეცხლაძე, რომელიც პროფესიული კავშირების იურისტია და სასამართლოში სამსახურიდან გათავისუფლებულების ინტერესებს იცავდა.
“დასაქმებულების მიერ სამუშაო ადგილის ჯგუფურად და თვითნებურად მიტოვება”, – ასე შეაფასა კონსულტანტების მოქმედება დამსაქმებელმა ბრძანებაში. თუმცა გათავისუფლების ბრძანებები კონსულტანტებმა სასამართლოში ჩივილის შემდეგ ნახეს. მანამდე არცერთი გათავისუფლებულისთვის ბრძანება არ ჩაუბარებიათ.
რამდენად სამართლიანი იყო ამ ფორმით დასაქმებულების გათავისუფლება? – ამ კითხვით “იალჩინ მარკეტის” ინტერესების დამცველს, ირაკლი ქამადაძეს მივმართეთ, ვიდრე მოსამართლე დარბაზში შემოვიდა. იურისტმა გვიპასუხა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.
სარჩელში, რომლითაც 10-მა ყოფილმა კონსულტანტმა სასამართლოს მიმართა, აღწერილია სხვა პრობლემებიც: 12-საათიანი სამუშაო დღე, შესვენება ნახევარი საათი და ჯარიმა 1 ლარი თითოეულ დაგვიანებულ წუთზე. კონსულტანტები მარკეტში 350 და 400 ლარად მუშაობდნენ.
გათავისუფლებიდან სამი დღის შემდეგ პროფკავშირმა დამსაქმებელს ბრძანებების წარმოდგენა სთხოვა, თუმცა ბრძანებები “იალჩინ მარკეტმა” მხოლოდ სასამართლოში წარმოადგინა. სარჩელში ხაზგასმულია ეჭვიც, რომ ბრძანებები გვიან მომზადდა ძველი თარიღით.
რატომ თქვეს უარი ყოფილმა კონსულტანტებმა დავის გაგრძელებაზე? – იურისტი ზურაბ ცევხლაძე ამბობს, რომ მოწმეების გარეშე რთული იქნებოდა ამ დარღვევების დადასტურება.
“მორიგება საუკეთესო გამოსავალია, კანონმდებელიც ამბობს ამას,” – დასძინა ზურაბ ცეცლაძემ.
მორიგება ხელფასის ნაწილობრივ ანაზღაურებაზე შედგა – “იალჩინ მარკეტი”ყოფილ თანამშრომლებს 1000-1000 ლარს გადაუხდის.
“მერე აღარ მინდაო ვეღარ იტყვით, იცოდეთ…” – მიმართა ორ მოსარჩელეს მოსამართლე სალიხ შაინიძემ. დღევანდელ პროცესს მხოლოდ ორი მოსარჩელე დაესწრო.
მოსამართლემ მოსარჩელეებს ასევე უთხრა, რომ ბაჟის საფასურიც დაუბრუნდებათ – 100 ლარი.
“ნაყინს შეჭამთ ალბათ ამით,” – დაასრულა მოსამართლემ ღიმილით და დარბაზიდან გავიდა.
როგორ აისახება დავის ასე დასრულება შრომით ურთიერთობებზე ზოგადად და ვინ ვერ დაეხმარა სამსახურიდან გათავისუფლებულებს ამჯერად? – ვკითხეთ პროფკავშირების იურისტს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
“რეალურად დამსაქმებელს ერთჯერადად მოუწევს ათი ათასი ლარის გადახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ იგივეს იგი სხვა ვითარებაში აღარ გააკეთებს, ეს არის შედეგი,” – აღნიშნა ზურაბ ცეცხლაძემ.
“ვინც მოიგო დავა, რა შეიცვალა? არაფერი იცვლება… მე ისევ კონსულტანტად ვმუშაობ უკვე სხვა მარკეტში, აღარ მინდა ამაზე საუბარი,” – ეს კიდევ ერთმა მოსარჩელემ, თამარ შარაძემ გვითხრა, ვიდრე ის სასამართლო შენობას დატოვებდა.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2017-2019 წლის პირველ ნახევარში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის თქმით, საჯარო უწყების მიერ განხორციელებული ხარჯები კითხვებს აჩენს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი 2017-2018 წლებში 382-ჯერ იყო ჩართული სასამართლო დავაში.
აქედან, 11 საქმე შეეხებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაცია-ავტორიზაციის მინიჭების ან გაუქმების საკითხებს. ამ პერიოდში ცენტრმა 139 საქმე წააგო, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტს 210 934 ლარი აზარალა.
„ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
ამავე წლებში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მოადგილეების, სამსახურებისა და სამმართველოს ხელმძღვანელების მიმართ გაცემულ ხელფასებზე, პრემიებსა და სახელმწიფო დანამატებზე 985 677 ლარი დაიხარჯა.
„ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017-2019 წლის პირველ ნახევარში, სამივლინებო ხარჯების სახით, 171 208 ლარი დახარჯა. ქვეყნის შიგნით მივლინებაში 13 473 ლარი, ქვეყნის გარეთ კი – 157 734 ლარი“, – ნათქვამია ახალგაზრდა ადვოკატების კვლევაში.
მივლინებაში გამოხატული ღირებულება, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გულისხმობს მხოლოდ სასტუმროს ხარჯებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, სასამართლომ შეაჩერა ავტორიზაციის საბჭოს მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელს 2019-2020 წლებში სტუდენტების მიღება ეკრძალებოდა.
თუმცა, „საბჭოს მიერ სადავო და შეჩერებული გადაწყვეტილებების თაობაზე, ცენტრი ინფორმაციას არ გასცემს. ამჟამად ცენტრის მიმართ ორგანიზაციის წარმოებაშია საერთო სასამართლოებში მიმდინარე სამი საქმე“, – აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სამი წლის მანძილზე, მივლინების დროს სასტუმროებში დახარჯული თანხები
ბათუმელი გარემოვაჭრეები, რომლებიც მერიამ წერეთლის ქუჩიდან ავტოსადგურის შენობაში გადაიყვანა, პირობებით უკმაყოფილონი არიან. დღეს, 21 მაისს, ისინი მერიის წარმომადგენელს შეხვდნენ და სავაჭრო ადგილის შეცვლა მოითხოვეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე აგებულ სავაჭრო ცენტრში მყიდველი არ შედის, რის გამოც შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
ერთ-ერთი მოვაჭრე, ლია შაინიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ისინი მერთან შეხვედრას და პირობების შეცვლას მოითხოვენ.
„ვითხოვთ მერთან შეხვედრას, იქნებ უკეთესი გამოსავალი მოძებნოს. მოვიდეს და ნახოს, რომ აქ მყიდველი არ შემოდის. მუშაობა არ არის, როდემდე ვიქნებით ასე.
მოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მყიდველი არ შედის.
კლიენტი არ შემოდის, რადგან მიუდგომელი ადგილია, დახურულია სივრცე. ერთი მხრიდან სამშენებლო მასალები გვადგას, მეორე კუთხიდან – მიკროავტობუსები და არც ჩანს გარედან. არ გაამართლა ამ ადგილმა,“ – გვეუბნება ის.
ლია შაინიძე ამბობს, რომ თავდაპირველად შეთანხმება იყო იმაზე, რომ გარემოვაჭრეებს დაუთმობდნენ წინა ხედს რკინიგზის მხრიდან, სადაც განთავსდებოდა მოვაჭრეებისთვის ჯიხურები.
„შემდეგ არ ვიცი, რატომ მოგვცეს უკანა მხარე სამშენებლო მასალების ტერიტორიაზე. გამოდის, საწყობში ვზივართ. ავტოსადგურის წინა მხარეს თუ დავსხდებით, ხალხი დაგვინახავს და ვაჭრობაც იქნება.“
ერთ-ერთი მოვაჭრე აქციის დროს შეუძლოდ გახდა.
ავტოსადგურის ტერიტორიაზე მერიის მიერ მომზადებული სიის მიხედვით, 104 მოვაჭრეა, თუმცა, როგორც ლია შაინიძემ გვითხრა, ადგილზე მხოლოდ 20 მოვაჭრეა. „იძულებული არიან ქუჩა-ქუჩა იარონ, რომ საღამოს პურის ფული მიიტანონ. ჩვენ გვინდა კანონმორჩილი ვიყოთ, თუმცა არ გვინდა მშიერი დაგვირჩეს ოჯახი,“ – გვეუბნება ლია შაინიძე.
ლია შაინიძე ამბობს, რომ თუ მერია პირობებს არ შეცვლის, იძულებული იქნებიან, პერმანენტული აქციები დაიწყონ.
სადგურის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ გარემოვაჭრეებმა აქცია ორ მაისს გამართეს. ბათუმის მერიამ წერეთლის ქუჩის გათავისუფლება გარემოვაჭრეებისგან მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, რასაც გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ბათუმის მერიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართავს. განცხადებაში ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ეხმიანება საპატიო ბათუმელის წოდების მინიჭებას იმ ადამიანისთვის, რომელიც ორი წლის წინ ბსუ-ს სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ჯგუფი მოუწოდებს ბათუმის მერიასა და სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე იმ კომისიის წევრებს, რომელთა მხარდაჭერითაც მოხდა ამ წოდების მინიჭება – კარგად დაფიქრდნენ იმ ღირებულებებზე, რასაც „საპატიო ბათუმელის” წოდების მიღმა მოიაზრებენ.
საპატიო ბათუმელის წოდება 28 მაისს, „ბათუმობა 2019“-ზე ხუთ ადამიანს მიანიჭეს.
“საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა ადამიანს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, რომელსაც ორი წლის წინ სტუდენტი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ცხადია, სექსუალური შევიწროების ბუნებიდან გამომდინარე, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იმთავითვე რთული იყო, თუმცა, გამოძიება მალევე შეწყდა ფაქტების არარსებობის გამო…. რასაც წინ უძღოდა სტუდენტი ქალის გარდაცვალება უბედური შემთხვევის შედეგად”, – წერს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი.
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფს ასევე აინტერესებს, რა კრიტერიუმებით ხდება საპატიო ბათუმელის წოდებაზე წარდგენილი ადამიანების შეფასება:
„ამ კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე, საპატიო ბათუმელის წოდება ატარებს სწორედ იმ მესიჯს, რომ:
1. ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების განხორციელება არ არყევს „საპატიო მამაკაცის“ იმიჯს და როგორც ფაქტები ცხადყოფს, პირიქით, აძლიერებს მას;
2. ქალაქის ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაული ნორმიდან გადახვევა არ არის.
ხელისუფლებისა და სახელმწიფო სასწავლო დაწესებულების მხრიდან სექსუალური შევიწროების საკითხის ამგვარი უგულებელყოფა განსაკუთრებით უხერხულია გლობალური Me Too კამპანიის ფონზე. ეს შემთხვევა ცდება ერთი კონკრეტული დანაშაულის ფარგლებს და ქალთა მიმართ ძალადობის სისტემური და ინსტუციონალიზებული კვლავწარმოების თვალსაჩინო მაგალითია”.
ორი წლის წინ, ამავე საქმეზე ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა, ასევე ქალთა მოძრაობამ, კავშირმა – “ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის”, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (ვისგი); პლატფორმამ – “ქალები საქართველოდან”, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა, „ქალთა მზერამ“ და „აუდიტორია 115-მა“,საჯარო განცხადებაგაავრცელა.
უკვე მეხუთედ ეწვია სკოლა ევრო 2000-ის 25 მოსწავლე (მე–10 და მე-11 კლასები) გერმანული ენის პედაგოგების ირმა დავითაძისა და მაია დუმბაძის ხელმძღვანელობით პარტნიორ სკოლას გერმანიაში. ქალაქ ელმსჰორნის ბისმარკის სახელობის გიმნაზია სკოლა ევრო-2000-ის ოფიციალური პარტნიორია, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს მოსწავლეებს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრონ გერმანიაში, ერთი წლის შემდეგ კი თავად უმასპინძლონ გერმანელ თანატოლებს.
პირველი მაისიდან ათი მაისის ჩათვლით განხორციელებული პროექტი მრავალმხრივად დატვირთული იყო და მოიცავდა როგორც სასწავლო-შემეცნებით, ასევე კულტურულ და გასართობ აქტივობებს.
სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს
ქართველი მოსწავლეები გაეცნენ გერმანული განათლების სისტემას და გახდნენ გერმანული სასკოლო ცხოვრების უშუალო თანამონაწილენი, გერმანელ მოსწავლეებთან ერთად ჯგუფებში იმუშავეს პროექტზე „დავიცვათ ჩვენი გარემო“ და წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. ერთობლივი ექსკურსიები ჰამბურგში, ლუბეკსა და ლუნებურგში შესანიშნავი საშუალება იყო არა მხოლოდ გერმანიის სამი ქალაქის და მათი ღირსშესანიშნოებების გასაცნობად, არამედ გერმანელ თანატოლებთან დაახლოების და მათთან გერმანულ ენაზე საუბრის.
წინასწარ გაწერილი და საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამის მიუხედავად, მოსწავლეებს მაინც ჰქონდათ თავისუფალი დრო, რომელიც კარგად გამოიყენეს ერთობლივი გასართობი აქტივობების ჩასატარებლად. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ქართველი მოსწავლეები გერმანიაში ყოფნის დროს ცხოვრობენ გერმანულ ოჯახებში, საუბრობენ მხოლოდ გერმანულად და საკუთარი თვალით ეცნობიან გერმანულ ყოფა-ცხოვრების, არიან საქართველოს წარმომადგენლები და აცნობენ გერმანელ მასპინძლებს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს ტრადიციებისა და ჩვენი კულტურის მრავალფეროვნების ფართო მასშტაბით წარდგენის საშუალება ჩვენს მოსწავლეებს მიეცათ სკოლაში გამართულ გერმანულ-ფრანგულ-ქართულ საღამოზე, სადაც მათ ქართული ჰანგებითა და ცეკვის ხელოვნებით არა თუ გერმანელი მასპინძლები, არამედ მოწვეული ფრანგი სტუმრებიც კი აღაფრთოვანეს.
სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს
გაცვლითი პროგრამის მიზანი მიღწეულია. უამრავი დადებითი შთაბეჭდილებით, ბევრი ახალი ინფორმაციით დატვირთული, გაფართოებული თვალსაწიერით და რაც მთავარია, ახალი მეგობრების შეძენით გამოწვეული სიხარულის განცდით დაბრუდნენ ევრო 2000-ის მოსწავლეები მშობლიურ სკოლაში. ახლა გერმანელი სტუმრების რიგია. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მომავალი სასწავლო წლის მაისს, რათა ჩვეული მასპინძლობა გავუწიოთ ჩვენს უცხოელ სტუმრებს და კიდევ უფრო გავამყაროთ ქართულ-გერმანული მეგობრობა ორივე სკოლის მოსწავლეებს შორის.
მოსწავლეთა შთაბეჭდილებები
ირაკლი ვარშანიძე, მე-10 ბ კლასი: გაცვლითი პროგრამა გერმანიაში, საერთო ჯამში, იყო ძალიან კარგი და ნამდვილად გვაჩუქა დაუვიწყარი დღეები როგორც გერმანელ, ასევე ქართველ ბავშვებს. პირველ რიგში, პროექტი და პროგრამა იყო ძალიან კარგად დაგეგმილი და ნამდვილად საინტერესო აქტივობებს ითვალისწინებდა. პროექტმა, რომელიც ბუნების დაცვას უკავშირდებოდა, ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. მუშაობა იყო ნამდვილად სახალისო და, რა თქმა უნდა, საინტერესო. გერმანელ ბავშვებთან კონტაქტი არ გაგვიჭირდა და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ. ასევე ძალიან კარგად გავატარეთ თავისუფალი დრო და საბოლოოდ ძალიან დადებითი ემოციებით დავბრუნდით შინ.
ანა ციხელაშვილი, მე-11 გ კლასი: გაცვლითი პროგრამა, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ მივიღე მინაწილეობა, დაუვიწყარი გამოცდილება იყო ჩემთვის. პირველად მინდა დავიწყო იმ თბილი დახვედრით, რომელიც ბავშვებმა მოგვიწყვეს, ძალიან მეგობრულ კლასთან მოგვიწია ურთიერთობა, თითოეული ბავშვი ცდილობდა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა და მაქსიმალურად დაგვხმარებოდნენ იმაში, რომ უცხო გარემოში არ გვეგრძნო თავი. გერმანელ მოსწავლეებთან ერთად ვიმუშავეთ საინტერესო თემებზე და გავაკეთეთ პრეზენტაციები, ბევრი ახალი და განსხვავებული ინფორმაცია მივიღე მუშაობის პროცესში. მასწავლებელი, მიხაელი, ძალიან მოწესრიგებული და მომზადებული იყო ამ გაცვლითი პროგრამისთვის, თითოეული წუთი წინასწარ განსაზღვრული ქონდა. დავათვალიეთ სამი ძალიან ლამაზი ქალაქი: ჰამბურგი, ლუბეკი და ლუნებურგი. ძალიან მომეწონა სამივე ქალაქის არქიტექტურა, ქუჩები, ხიდები. ერთ-ერთი დადებითი მხარე, რაც გერმანიას აქვს, ვფიქრობ, ყველაზე ღირსეული მხარეც კი, არის ის, რომ ქვეყანა ძალიან ზრუნავს გარემოზე, თითოეულ ოჯახში, სკოლსა და ქუჩებშიც კი იგრძნობა, რომ ბუნების მეგობრები არიან გერმანელები. ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბრო ჩემს ოჯახზე გერმანიაში. გოგონა, რომლის ოჯახშიც ეს ათი დღე გავატარე, ძალიან მეგობრული აღმოჩნდა, საერთო ინტერესები აღმოვაჩინეთ და ხშირად ვსაუბრობდით უამრავ თემაზე. ოჯახის სხვა წევრებიც ძალიან მზრუნველები და მეგობრულები იყვნენ, განსაკუთრებით დედას დავუმეგობრდი. საბოლოოდ კი მინდა ვთქვა, რომ ეს 10 დღე მართლაც ძალიან კარგად გავატარე, გავიუბჯობესე გერმანული ენის ცოდნა, ბევრი ახალი რამ ვისწავლე, ბევრი მეგობარიც შევიძინე და ახალი მიზნებით დავბრუნდი საქართველოში.
სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს
ნიკა ბერიძე, 10 ბ კლასი: ბავშვობიდანვე გადავწყვიტე ევროპაში მიმეღო განათლება, შესაბამისად გამიხარდა იმის გაგება, რომ მომეცა საშუალება წავსულიყავი გერმანიაში მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამით. რადგან ბავშვს მანამდეც ვეკონტაქტებოდი სოციალური ქსელის მეშვეობით, დარწმუნებული ვიყავი,რომ ხასიათით კარგად შევეწყობოდით ერთმანეთს და ასეც მოხდა. უმეტესობა მოზარდებისა ძალიან თავაზიანი და მეგობრულია. მომეწონა, თუ როგორ მიმიღეს ოჯახში-ძალიან თბილად, ერთად დავსხედით დიდ მაგიდასთან, მივირთვით გერმანელი დედის მიერ გამოცხობილი ნამცხვარი და გავეცანი მათ. მომეწონა გერმანელთა პუნქტუალურობა და მათი მოპყრობა ნივთებთან (თუნდაც ნაგავთან). ისინი აფასებენ ყველანაირ შრომას და იქ არა არის დისკრიმინაცია. 10 დღის განმავლობაში კარგად გავეცანი ევროპელთა ცხოვრებას, გავავრცე ენის ცოდნა და მივხვდი, რომ ქართულ საჭმელს არაფერი სჯობს. მთლიანობაში, პროგრამამ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა და დაზუსტებით გადავწყვიტე, განათლება გავაგრძელო გერმანიაში, რის საშუალებასაც მაძლევს სკოლა. ასევე, დიდ მადლობას ვუხდი სკოლის დირექციასა და მასწავლებლებს, რომელთა გარეშე არაფერი მოხერხდებოდა.
რუსუდან ბეჟანოვა, მე-10 ბ კლასი: გერმანიაში წასვლა ჩემთვის დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი გამოცდილება იყო. პროგრამის ფარგლებში, ვეწვიეთ სხვადასხვა ქალაქს, სადაც გავიცანით უამრავი ხალხი, დავათვალიერეთ ისტორიული ადგილები და გავიგეთ ბევრი რამ, რაც უჩვეულოდ და განსხვავებულად მოგვეჩვენა. მიმაჩნია, რომ, საქართველოსა და გერმანიის წესები და ცხოვრების სტილი ერთმანეთისგან განსხვავდება. რაც მთავარია, მივიღე ისეთი გამოცდილება, რომელიც დამეხმარება ჩემი მომავალი ცხოვრების დაგეგვმაში.
სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს
ბათუმის საკრებულოში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარში კვადროციკლებისა და ელექტრომობილების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით უნდა გადავადდეს. უკვე მზადაა დადგენილების პროექტი, რომელიც ადრე დამტკიცებულ დოკუმენტში აკრძალვის ამოქმედების თარიღის ცვლილებას ითვალისწინებს:
„ნაცვლად 2019 წლის პირველი მაისისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბერს“.
ცვლილების მიზეზად კი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ასახელებენ.
იცვლება ადგილიც, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე შეზღუდვა ისევ შენარჩუნდება, კვადროციკლები ბათუმის დელფინარიუმიდან ახალი ბულვარის მიმართულებით და ახალი ბულვარიდან დელფინარიუმამდე მხოლოდ ველობილიკზე იმოძრავებენ. გარდა ამისა, ისინი დაამონტაჟებენ ჯიპიარესებსა და სიჩქარის მარეგულირებელ ჩიპებს, რომლითაც ბულვარის ადმინისტრაცია მათ გადაადგილებას დააკვირდება. კონტროლისთვის ასევე შეიძენენ სპეციალურ სკანერს, რომლითაც ბულვარის ადმინისტრაცია მოახდენს იდენტიფიცირებას, მოძრაობს თუ არა ბულვარში მხოლოდ ნებადართული კვადროციკლი ან ელექტრომობილი.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ მოწყობილობებს თავად კვადროციკლების მეპატრონეები შეიძენენ და ბულვარის ადმინისტრაცია ამ ხარჯებს არ გაიღებს.
ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლითა და ელექტრომობილით გადაადგილება, საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან აიკრძალა. ცვლილების ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო. უწყების დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის განმარტებით, აკრძალვის აუცილებლობა გახშირებულმა ავარიამ განაპირობა.
„ეს შემთხვევები იმდენად მომრავლდა, კონტროლს ვერ ავუდივართ. ძირითადად, საფრთხეში არიან ბავშვები. იყო სერიოზული დაზიანების, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში ტრავმის მიღების შემთხვევებიც“, – განმარტა ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკითხის წარდგენისას.
ამის შემდეგ კვადროციკლების მეპატრონეებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. ისინი ამბობდნენ, რომ ელექტრომობილებისა და კვადროციკლების გაქირავება მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა: „ამ შემოსავლის გარეშე ვერც ოჯახში მივიტანთ ფულს და ვერც სესხებს დავფარავთ“.
გადაწყვეტილების ცვლილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რომლებიც აკრძალვის თარიღის გადავადებას გულისხმობს, თან ახლავს ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წერილიც, რომელიც მან საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს, ნატალია ზოიძეს გაუგზავნა. ის წერს, რომ ეთანხმება ფრაქციის თავმჯდომარეს აკრძალვის გადავადების თაობაზე, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
ბულვარის ტერიტორიაზე 1200-მდე კვადროციკლი მოძრაობდა. მათი მეპატრონეები ამბობდნენ, რომ თუკი მუშაობის გაგრძელების უფლებას მისცემდნენ, კვადროციკლების რაოდენობას 300-მდე შეამცირებდნენ. მთავრობამ კი მათ ახალი ბულვარის ტერიტორია შესთავაზა სამუშაოდ დროებით, ვიდრე სხვა გამოსავალს იპოვიდნენ. როგორც ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, შეთანხმდნენ რაოდენობის შემცირებაზეც.
2019 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში თავშესაფრის სტატუსის მიღება უცხო ქვეყნის 264-მა მოქალაქემ ითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პირველ კვარტალში მხოლოდ სამ მოქალაქეს მიანიჭეს ლტოლვილის სტატუსი. აქედან ერთი რუსეთის მოქალაქეა, ორის მოქალაქეობა კი – დაუდგენელი, ისინი არასრულწლოვნები არიან.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად საქართველოში ლტოლვილის სტატუსს ირანელები ითხოვენ. ჯამში 264 ადამიანიდან 117 ირანის მოქალაქეა. საქართველოში ლტოლვილის სტატუსი ევროკავშირის წევრი ქვეყნის – ნიდერლანდების მოქალაქემაც ითხოვა, თუმცა მას საქართველომ თავშესაფარი არ მისცა. საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღებას ძირითადად ერაყის, ბანგლადეშის, ინდოეთის, თურქეთის, სირიის მოქალაქეები ითხოვენ.
იანვარში, თებერვალსა და მარტში საქართველომ შემოსული განცხადებებიდან 137 ადამიანს უთხრა უარი ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე, 20 მოქალაქე კი, დროებითი განთავსების ცენტრში მოათავსა. ამავე პერიოდში საქართველოდან უცხო ქვეყნის 23 მოქალაქე გააძევეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს რეადმისიის მონაცემებსაც, ანუ როცა საქართველოს მოქალაქე მიდის არალეგალურად უცხო ქვეყანაში, იქ დეპორტაციას უკეთებენ, საქართველოში ბრუნდება და აქ მხარდაჭერის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა სურს. რეადმისიის პროგრამაში ჩართვის სურვილი 2019 წლის პირველ კვარტალში სულ 795 საქართველოს მოქალაქეს გამოუთქვამს, მათგან ყველაზე მეტი – 364 ადამიანი გერმანიიდან არის დაბრუნებული, 102 – საფრანგეთიდან.
მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ გამოცდაზე რეგისტრაცია 24 მაისამდე გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ათი ათასზე მეტმა პედაგოგმა გაიარა რეგისტრაცია.
როგორი იქნება 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ განთავსებულ ცხრილში.
საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრაციის უფლება აქვთ:
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს;
პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს;
მასწავლებლობის მსურველებს, რომელთაც დიპლომის საფუძველზე აქვთ მასწავლებლობის უფლება;
თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისთვის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 21 მაისის 21 საათიდან 22 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, თუმცა ხვალ, 22 მაისს, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 21 -26 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 23 მაისს საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, მომდევნო 2 დღეს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.
ბათუმში აღმოსავლეთ-დასავლეთის მეგობრობისა და მშვიდობის რალი გაიმართება, რომელმაც სტარტი გერმანიაში 11 მაისს აიღო – ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საკონსულო ავრცელებს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მეგობრობისა და მშვიდობის რალი წელს მეცხრამეტედ იმართება. საკონსულოს ინფორმაციით, რალს თვალს ადევნებენ ევროპის წამყვანი სპორტული ჟურნალები, თურქული და გერმანული ტელეარხები.
დღეს, 20 მაისს რალში მონაწილე 37 ავტომანქანა ართვინის გავლით ბათუმში შემოვა. ღონისძიება 21 მაისს, სამშაბათს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით მდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
დღეს, 20 მაისს, ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩინელი მეწარმის, ლაო ჯინ ჯაოს პირადი ნივთებისა და ჩაის კულტურასთან დაკავშირებული ჭურჭლის გამოფენა გაიმართა.
ლაო ჯინ ჯაო მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა ჩაქვში. მუზეუმში დაცულია ლაო ჯინ ჯაოს წყვილი ქოში, ქუდი, რომელსაც ის ჩაიში მუშაობის დროს იყენებდა. ასევე, ლარნაკები, ვაზები და სხვა ნივთები, რომლებიც ჩაის კულტურასთან არის კავშირში და რომელთანაც შეხება ჰქონდა ჩინელ მეწარმეს.
ჩაის მოსამზადებელი ჭურჭელი
სწორედ ლაო ჯინ ჯაომ ჩაუყარა საფუძველი აჭარაში, ჩაქვში ჩაის კულტურის განვითარებას. ის საქართველოში რუსი ვაჭრის, პოპოვის მოწვევით ჩამოვიდა და მისი მამულების მმართველი იყო.
ჩაის საკრეფი კალათა
მის სახელს უკავშირდება ჩაქვში ორენჟერიისა და ჩაის გადამამუშავებელი პირველი ფაბრიკის შექმნა. ლაო ჯინ ჯაოს მიერ მოყვანილი ჩაი ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნეოდა.
1900 წელს, ჩაის მსოფლიო გამოფენაზე პარიზში, ჩაქვში მოყვანილ ჩაის ოქროს მედალი მიანიჭეს.
ლაო ჯინ ჯაოს პირადი ნივთები – შანდლები და მუსიკალური ინსტრუმენტი
დღეს გამოფენაზე მუზეუმის თანამშრომლებიც დააჯილდოვეს სამუზეუმო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის. ისტორიკოსმა ოთარ გოგოლიშვილმა ლაო ჯინ ჯაოს შესახებ და საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჩაის კულტურასთან დაკავშირებული ნივთების გამოფენა ბათუმში
ოთარ გოგოლიშვილი ამბობს, რომ ის ლაო ჯინ ჯაოს შესახებ წიგნს წერს, რომელიც სექტემბერში გამოვა. მისი თქმით, წიგნში შესულია ჩინელ მეწარმესთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალები, რომლებიც წლების განმავლობაშია შეგროვებული.
დღეს მუზეუმში სტუმრებს დარბაზის შესასვლელში ჩაითა და სუშით გაუმასპინძლდნენ.
ლაო ჯინ ჯაოს პირადი ნივთები ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში
ბათუმის წყლის ინფორმაციით, მილზე ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, შესაძლოა ხვალ, 21 მაისს, დილის საათებში დაფიქსირდეს წყლის ამღვრევის ფაქტი. “მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, სისტემიდან ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით. ამღვრეული წყალი შეიცავს მხოლოდ დროთა განმავლობაში მილზე მიკრულ მინერალებს,” – წერს ბათუმის წყალი.
წყალმომარაგების ამღვრევის ფაქტი შესაძლოა დაფიქსირდეს: კლდიაშვილის, ყაზბეგის, მეტაქსას, ზუბალაშვილისა და ფალიაშვილის ქუჩებზე. ხოლო რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების მონაკვეთში შემდეგ ქუჩებზე: გრიბოედოვის ქუჩა; ლერმონტოვის ქუჩა; თაყაიშვილის ქუჩა; სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა; ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა; მელიქიშვილის ქუჩა; 26 მაისის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას ქუჩა; ლუკა ასათიანის ქუჩა;
ასევე, გრიბოედოვის და ლუკა ასათიანის ქუჩების მონაკვეთში შემდეგ ქუჩებზე: გორგილაძის ქუჩა; ფარნავაზ მეფის ქუჩა; ახვლედიანის ქუჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 ათასი ლარის გადახდა მოუწევს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად იმ ქალის საქმეზე, რომელმაც ქმრისგან მრავალჯერ ძალადობის და პოლიციელების უმოქმედობის შემდეგ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე ქალმა 16-ჯერ მიმართა პოლიციას. ოჯახში მისულმა პოლიციელებმა ორჯერ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, ერთხელ – გამოძიება დაიწყეს, თუმცა ვერაფერი დაადგინეს და ძიება შეწყვიტეს. სასამართლოს გარდაცვლილი ქალის დედამ მიმართა შსს-ს და პროკურატურის წინააღმდეგ და ეს მას შემდეგ გააკეთა, როცა ქალის გარდაცვალების შემდეგ მოძალადე კაცი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაასამართლეს.
„სასამართლოს დასაბუთება ჯერ ჩვენთვის უცნობია, მაგრამ სარეზოლუციო უკვე გამოცხადდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 25 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. ჩვენთვის უცნობია, რატომ არ დააკმაყოფილა სასამართლომ ჩვენი სარჩელის მოთხოვნა პროკურატურასთან მიმართებით. პროკურატურა ახორციელებს ზედამხედველობას გამოძიების პროცესზე,“ – გვიყვება მიშა ჯახუა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის სასამართლოში ძალადობის მსხვერპლი ქალის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდა.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს შემაკავებელ ორდერებზე, რომლებიც პოლიციას ქალზე ძალადობის კუთხით გამოძიების დაწყებამდე ჰქონდა გამოცემული. მიშა ჯახუა მიიჩნევს, რომ გამოძიებას სისტემურად უნდა დაენახა ძალადობის შემთხვევები და მხოლოდ ერთი ფაქტის შეფასებით არ უნდა შემოფარგლულიყო.
„ძიების შეწყვეტის ოფიციალური მიზეზი იყო ის, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდა ის, რომ მსხვერპლს ფიზიკური ძალადობის შედეგად არ განუცდია ტკივილიო. ძალადობის მუხლი ითვალისწინებს ტანჯვის განცდასაც, რაც გამოიხატება სისტემატურ ძალადობაში. ამ შემთხვევაში მხოლოდ გარეგნული, ფიზიკური დაზიანებები არ არის მთავარი. საქმეში არ არის ასეთი სახის ფსიქოლოგის დასკვნა, რაც აღწერდა მსხვერპლის განცდებს…“ – გვიყვება მიშა ჯახუა.
მსხვერპლი ქალი რამდენიმე წელი ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელიც პერიოდულად ძალადობდა მასზე. თვითმკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ქალმა ამ პერიოდის შემდეგაც მიმართა პოლიციას.
„სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით თქვა ის, რომ კონკრეტული ფაქტები არ იყოს შეფასებული მოწყვეტილად და შეფასდეს სისტემურად. შესაძლოა, ძალადობის კონკრეტული ფაქტი არ იყოს მაღალი ხარისხის ფიზიკური დაზიანებებით, მაგრამ ერთობლიობაში უნდა შეფასდეს რეაგირების მიღების დროს,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მიშა ჯახუა.
რას გააკეთებენ პოლიციელები ამჯერად, როცა მათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი დაურეკავს და შველას ითხოვს, რას შეცვლის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება? – მიშა ჯახუას თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად აისახება პრაქტიკაზე.
„თუმცა ამ კუთხით ნაწილობრივ პრაქტიკა უკვე შეცვალა შსს-მ, პოლიციელები უკვე სხვაგვარად, სპეციალური მეთოდოლოგიით აფასებენ სიტუაციას,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა მიშა ჯახუამ.
აჭარის მთავრობა მერიას სთხოვს, კლუბ „დინამო ბათუმის“ ასპროცენტიანი წილი საკუთრებაში გადასცეს, მთავრობა კლუბის გასხვისებას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიას წერილობით უკვე მიმართა. კლუბს, პირდაპირი წესით, შპს „ლამინი ჯგუფს“ 49-წლიანი მართვის უფლებით გადასცემენ. სანაცვლოდ მმართველს ყოველწლიურად 100 000 ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია 72 626 კვ.მ [7,2 ჰექტარი] ტერიტორია, რომელზეც ანგისის ბაზაა განთავსებული.მერიაში ამ თემაზე უკვე იმსჯელეს და თანხმობისთვის ბათუმის საკრებულოს მიმართეს, საკრებულომ კი ეს საკითხი მომავალი სხდომის დღის წესრიგში ჩასვა. სხდომა 24 მაისსაა ჩანიშნული.
„ლამინი ჯგუფი“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი ქეთინო ბერიძეა, ხოლო კომპანიის დირექტორი – არჩილ ბერიძე, რომელსაც აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, ის მთავრობასთან თანასაკუთრებაში ფლობს შპს „ახალ ტექნოლოგიას“. მას აქვს ასევე სამშენებლო ბიზნესი.
ბათუმის „დინამოს“ გასხვისების პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში, სავალდებულოა კლუბის მართვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავება. ეს კონცეფცია ახალმა მმართველმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა შეათანხმოს.
წინასწარი პირობით, განვითარების კონცეფცია უნდა მოიცავდეს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, სადაც განთავსებული იქნება საცხოვრებელი არანაკლებ ორმოც ბავშვზე; მათთვის გათვალისწინებული უნდა იყოს თეორიული მეცადინეობისთვის საჭირო ფართობი და ტექნიკური აღჭურვილობა. მწვრთნელებისთვის საჭირო საცხოვრებელი და სამუშაო ფართობები, კვებისა და სამედიცინო მომსახურების ბლოკი, სარეაბილიტაციო ცენტრი, საკონფერენციო და სავარჯიშო დარბაზები.
წილის ახალმა მმართველმა ქონების გადაცემიდან ექვს თვეში უნდა შეძლოს მიწის ნაკვეთის გენერალური გეგმის შემუშავება [გრგ], შვიდი თვის ვადაში კი უნდა მოამზადოს პროექტის ვიზუალური ესკიზი და შესათანხმებლად წარუდგინოს მესაკუთრეს. გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის შემდეგ მზად უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო დოკუმენტი მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ამის შემდეგ კი წილის მმართველმა უნდა დაიწყოს მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით, რომელიც სამ წელში უნდა დაასრულოს.
სარგებლობის პერიოდის განმავლობაში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელება, შეინარჩუნოს საბავშვო აკადემია, უზრუნველყოს მისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას ან ფიფას სტანდარტებით ფუნქციონირება.
წინასწარ გაწერილი პირობების მიხედვით, კლუბი ბათუმის „დინამო“ ვალდებული იქნება ყოველწლიურად გაიაროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დადგენილი ლიცენზირება და მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონატებში.
წილის მმართველმა პროექტისთვის არანაკლებ 9 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და შესაბამისი ანგარიშები ყოველწლიურად წარუდგინოს ქონების მესაკუთრეს. ამ ყველაფრის დასაზღვევად კი მთავრობა 200 000-ლარიან საბანკო გარანტიას ითხოვს 38 თვის ვადით.
ფოტო არქივიდან: ბათუმის „დინამო“
საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ვებგვერდზე „ლამინი გრუპი” ოფიციალურ პარტნიორად არის დასახელებული.
ბათუმის „დინამოს“ გაყიდვის საკითხი 2012 წელსაც განიხილებოდა.
ჩაქვის, ციხისძირისა და ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალსა თუ საავტომობილო გზებზე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს საკმაოდ ხშირად შენიშნავთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი აქ გადაადგილება საავტომობილო მოძრაობას უქმნის საფრთხეს და კანონითაც იკრძალება.
მსხვილფეხა პირუტყვს მეთვალყურის/მეხრეს გარეშე მაგისტრალებზე განსაკუთრებით ხშირად შენიშნავთ დილის და საღამოს საათებში. ფოტო: მარიამ დუმბაძე
პირუტყვის საავტომობილო გზაზე გადაადგილება მუნიციპალიტეტმა უნდა გააკონტროლოს. იმ შემთხვევაში, თუკი მსხვილფეხა პირუტყვი საავტომობილო გზაზე აღმოჩნდება, მუნიციპალიტეტს მეპატრონის დაჯარიმება შეუძლია. პირუტყვის დასახსნელად საქონლის მეპატრონეს ჯარიმის სახით 50 ლარის გადახდა მოუწევს, ხელმეორედ დაჯარიმების შემთხვევაში კი – 100 ლარის. თუ საქონლის მეპატრონე იურიდიული პირია, ჯარიმა უფრო მაღალია და დაჯარიმების პირველ შემთხვევაში 100 ლარს, განმეორების შემთხვევაში კი 200 ლარს შეადგენს.
როგორც ქობულეთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, წელს ქობულეთის „სანდასუფთავების“ სამსახურმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სამი მეპატრონე, ფიზიკური პირი, დააჯარიმა, გასულ წელს კი – 7 ფიზიკური პირი.
წუხელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი ფეხბურთელი ამ კლუბსა და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ დააკავეს. სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია: „უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს“. ბათუმის „დინამომ“ გუშინ „ვიტ ჯორჯიას“ 2:0 მოუგო.
გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ბათუმის „დინამოს“ სპორტულ დირექტორთან, ასლან ბალაძესთან.
ბატონო ასლან, გუშინ ბათუმის „დინამოსთან“ თამაშის დასრულების შემდეგ „ვიტ ჯორჯიას“ 5 ფეხბურთელის დაკავება რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორისთვის?
უბრალოდ, ეს არის დამთხვევა, მეტი არაფერი. ჩვენი თამაში დაემთხვა [ვიტ ჯორჯიასთან]. ბათუმის „დინამო“ არ არის არავითარ მაქინაციებში ჩართული, არც იყო და არც იქნება არასდროს. ეს არის გამორიცხული. ჩვენ ვგმობთ ასეთ რაღაცებს. ვინც ნახა ეს თამაში, ჩვენც გაოცებული ვიყავით – უბრალოდ, გამოძიება მიდიოდა, ეტყობა თავიდან ეს გუნდი იყო ეჭვმიტანილი, ვიტ ჯორჯიას ვგულისხმობ და დაემთხვა ჩვენს თამაშს.
თქვენ გაეცანით სუს-ის განცხადებას?
ვიცი ეს ყველაფერი, გავიგე, წავიკითხე. უბრალოდ, ხდება ეს ყველაფერი… ჩვენ არ ვართ ის კლუბი, რომ ასეთ საქმეებში… კიდევ გიმეორებთ, ჩვენ ვითამაშეთ სუფთა ფეხბურთი. ვინც ნახა ეს თამაში, ყველა მიხვდება, რა მონდომება იყო ბათუმის „დინამოს“ მხრიდან. უბრალოდ, დამთხვევა იყო – „ვიტ ჯორჯიას“ რომ ეთამაშა სხვა გუნდთან, იქ მოხდებოდა ეს ამბავი. ეტყობა მიჰყვნენ ბოლომდე ამ კლუბს, შსს იყო თუ სუს-ი, არ ვიცი, ვინც იყო და დაემთხვა ჩვენს თამაშს. ჩვენ ამ სიტუაციაში არავითარი წვლილი არ გვაქვს.
მე როგორც წავიკითხე, იმიტომ ახსენეს ჩვენი გუნდი, რომ ბოლო მომენტშიც აინტერესებდათ იმ გუნდის მოქმედება და იქვე გასახდელში მოხდა [დაკავება]. ჩემთვის გასაკვირი იყო, რატომ არ მოხდა ეს [დაკავება] თამაშამდე, თუ იცოდნენ. ალბათ ბოლომდე უნდოდათ სიტუაციაში გარკვევა.
თუმცა, სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ გუშინდელი „თამაშის ორბურთიანი სხვაობით დასრულება წინასწარი იყო გადაწყვეტილი“.
კიდევ ვიმეორებ, ბათუმის „დინამოსთან“ ეს იყო დამთხვევა. უბრალოდ, ამ გუნდს ჩვენთან მოუწია თამაში. ჩვენ ვითამაშეთ სუფთად. სხვათა შორის, ძალიან მძიმე თამაში იყო. ის გოლები, რომლებიც გავიტანეთ და გამარჯვებამდე მივიყვანეთ თამაში, არავითარ ეჭვს არ ბადებდა. „ვიტ ჯორჯიას“ ამბავი ჩვენი საქმე არ არის. იცოდეს სულ ყველამ, რომ ბათუმის „დინამო“ ამ საქმეში არ იყო და არც იქნება მომავალში. ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს, გვიყვარს მაყურებელი და ქართული ფეხბურთი.
ჩვენ ეჭვი რომ შეგვპარვოდა გუშინ რამეში, თამაში არ ჩატარდებოდა. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, როცა ის ხალხი შემოვიდა. შევიდნენ გასახდელში, არავითარი ფორიაქი არ ყოფილა, გაესაუბრნენ, დაადეს ხელბორკილები და გაიყვანეს.
თუ დადგინდება, რომ თამაშები გაყიდულია, ამას რა გაგრძელება მოჰყვება კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის?
მე მომხრე ვარ იმის, რომ მკაცრად დაისაჯოს ის ხალხი, ვინც ამაში მონაწილეობს ან მონაწილეობას ხელს უწყობს. თუ დამტკიცდა, რომ ეს ნამდვილი ამბავია, მოქმედი ფეხბურთელები, ვინც მონაწილეობდნენ, მიიღებენ დისკვალიფიკაციას. ევროპაშიც იყო ასეთი, მსოფლიოშიც მოდებული არიან ეს „ტოტალიზატორშიკები“ და ბევრი ქვეყანა იყენებს ამ მეთოდს. სადამსჯელო მოქმედებები არის სხვადასხვა – მაგალითად, კლუბი იხსნება გათამაშებიდან. ფეხბურთელები ისჯებიან. ასევეა ჯარიმდება კლუბი.
თიბისის ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს.
საწყის ეტაპზე ვენდუზე 3 კატეგორიის, ჯამში 5000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული, რომელთაც ყოველდღიურად 200-ზე მეტი დასახელების ახალი ნივთი ემატება. უახლოეს მომავალში ვებგვერდს ახალი კატეგორიის პროდუქცია დაემატება, მათ შორის – ეზოს და სახლის ინვენტარის მიმართულებით.
Vendoo გამოირჩევა კომფორტული და მარტივი ვებგვერდით, სწრაფი მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ნივთის დაბრუნების განსაკუთრებული პირობებით. სასურველი პროდუქციის შეძენა ნებისმიერ დროს, 24/7-ზეა შესაძლებელი, კვალიფიციური კონსულტანტები კი მომხმარებელს სრულფასოვან სატელეფონო და ონლაინმომსახურებას გაუწევენ.
Vendoo.ge გაყიდვების გამარტივებული პლატფორმაა ბიზნესების წარმომადგენლებისთვისაც. პლატფორმა მათ გამართული სასაწყობე სისტემით, ონლაინმარკეტინგული მომსახურებითა და სწრაფი მიწოდების სერვისით უზრუნველყოფს. აღნიშნული მომსახურება პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდონ და გააფართოვონ ბიზნესი.
ვენდუ მუდმივი გაუმჯობესებისა და დახვეწის პროცესშია. შესაბამისად, ვებგვერდს ყოველდღიურად ემატება ახალი პროდუქტები, სერვისები და ფუნქციები.
მომხმარებლებს, რომლებიც ვენდუზე 1 ივნისამდე დარეგისტრირდებიან, მთელი ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.
ვენდუს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: vendoo.ge.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 22 მაისიდან 7 ივნისამდე, ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, გორის, ქობულეთის შემოვლითი გზისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
[checklist]
22 მაისის 08:00 საათიდან 23 მაისის 08:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კმ-ებზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში. [/checklist]
დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბების ჩაკეტვის პერიოდში, ფოთიდან მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 13-ე კმ-ზე არსებული სატრანსპორტო კვანძიდან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზების გავლით.
სარფიდან მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 30-ე კმ-ზე არსებული სატრანსპორტო კვანძიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გავლით.
[checklist]
29 მაისის 08:00 საათიდან 31 მაისის 08:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა იკრძალება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში – ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე;
5 ივნისის 08:00 საათიდან 7 ივნისის 08:00 საათამდე კი, ამავე [ჩაქვი-მახინჯაურის] გვირაბში – ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე.
[/checklist]
ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში – გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება 2019 წლის 22 მაისის 08:00 სთ-დან 24 მაისის 08:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე;
ხოლო, 2019 წლის 29 მაისის 08:00 სთ-დან 31 მაისის 08:00 სთ-მდე, გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბებისშემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბებისშემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
ივენთკომპანია „კლიკი“ ბათუმში რუსეთში მცხოვრები მომღერლის, ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს ჩამოყვანას აპირებს. განცხადება კონცერტის შესახებ განთავსებულია კლუბ „UP2U ბათუმის“ ფეისბუქგვერდზე.
ამ განცხადების თანახმად, ქეთა თოფურია და ჯგუფი A-Studio ბათუმში 27 ივლისს იმღერებს.
ქეთა თოფურია რამდენიმე წელია რაც რუსეთში ცხოვრობს და ცნობილია მისი ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მიმართ. ქეთა თოფურიამ და ჯგუფმა A-Studio-მ 2018 წელს პუტინის მხარდამჭერ კლიპში, სახელად „გზამკვლევი ვარსკვლავი“, იმღერეს. კლიპი ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერების Team Putin-ის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.
ქეთა თოფურია ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კლიპში.
მომღერალს არაერთხელ გამოუხატავს თავისი პოზიცია რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებითაც, 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი თოფურიამ ინტსაგრამზე რუსეთის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და კომენტარებში აღნიშნა, რომ პუტინის არ არჩევის შემთხვევაში რუსეთში ცხოვრება აუტანელი გახდებოდა.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ გააკეთეს არჩევანი A-Studio-სა და ქეთა თოფურიაზე და იციან თუ არა, რომ ისინი პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობდნენ, კლუბის მენეჯერი ირაკლი თირანიშვილი გვეუბნება: „ჩვენ ვაკეთებთ კონცერტებს და პოლიტიკას არ ვეხებით, დიდად არ გვაინტერესებს. ვისაც მოსწონს ის მოვა, ვისაც არ მოსწონს – არა“.
ირაკლი თირანიშვილი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამავე დროს დასძენს, რომ ბიზნესი უფრო მნიშვნელოვანია.
„ამ საკითხს ბიზნესის ჭრილიდან ვუყურებთ. ძალიან ბევრის სურვილია მოუსმინოს ამ ჯგუფს, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა ქვეყანაში (აგვისტოს ომი). ჩვენ ვმუშაობთ ტურისტულ სეგმენტზე, ბათუმი არის ტურისტული ზონა და აქ არ არიან მხოლოდ ბათუმელები და ქართველები,“ – გვითხრა კლუბის მენეჯერმა.
კითხვაზე, თუ ვისი მხრიდან იყო შეკვეთა, მენეჯერი პიროვნებებს და კომპანიებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ქეთა თოფურიასთან მისი მეგობრები მეგობრობენ და მათი სურვილი იყო ჯგუფის ბათუმში ჩამოსვლა:
„არიან სპონსორები, ვინც შეგვიკვეთა, ჩემი მეგობრები არიან, ჩვენ მხოლოდ დავუკავშირდით და ჩამოგვყავს“.
კითხვაზე, რას ფიქრობს იმაზე, რომ ქეთა თოფურია პუტინის მხარდამჭერ ჰიმნს მღერის, ირაკლი თირანიშვილი ამბობს: „არ ვიცით რატომ უმღერა, ალბათ რაღაც დავალება ჰქონდათ. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა მოხდა იქ“.
სუს-ის მიერ 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია. სუს-მა წუხელ, 19 მაისს, „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ – ორი, „ჭიათურის“ ერთი ფეხბურთელი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, ეს ფეხბურთელები საფეხბურთო მატჩებს ყიდდნენ.
ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობას.
საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია მატჩების გარიგებასთან დაკავშირებით. სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად აქამდეც მოხდა გამოვლენილი მოთამაშეებისა თუ სხვა პირების ჩამოშორება საფეხბურთო საქმიანობიდან სხვადასხვა ვადით. ამ საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ყოველთვის აუცილებელია პროცედურების მკაცრი დაცვა და ზოგჯერ სპორტული სამართალი არ არის დანაშაულის პრევენციისთვის საკმარისი ბერკეტი.
სავარაუდოდ, კვლავ ჰქონდა ადგილი მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულაციის ცალკეულ შემთხვევებს, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება და შესაბამისი მასალა გაავრცელა. სამწუხაროდ, ყველა სრულად ვერ ითავისებს, რომ მსგავსი მოქმედება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უარყოფით გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტული გუნდის სახელსა და იმიჯზე, არამედ მთელ საფეხბურთო ოჯახზე.
მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს თანამშრომლობას საგამოძიებო უწყებებთან. ამ პროცესის პარალელურად სფფ-ის იურიდიული ორგანოები საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში დამატებით იმსჯელებენ, რათა არც ერთი მსგავსი დანაშაული არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე.
ბაგა-ბაღ „მადაგასკარში“ ეროვნული სამოსის დღე სახალისო ფოტოსესიით აღნიშნეს. აღსაზრდელები ეროვნულ სამოსში გამოეწყვნენ და სხვადასხვა ადგილას ტრადიციულ ქართულ სამოსში გადაიღეს ფოტოები. გთავაზობთ ამ დღის ამსახველ გამორჩეულ ფოტოებს:
ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღებაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღებაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღებაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღებაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღებაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღებაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღებაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები – ეროვნული სამოსის დღე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუშინ, 19 მაისს, „ვიტ ჯორჯიასა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრის ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი.
„2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს“, – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ერთ-ერთ სასტუმროში გადაღებული ფარული ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, ექვსი პირი ადგენს საფეხბურთო მატჩების „დათმობის წესებს“.
კადრებში ჩანს თანხის გადაცემის პროცესიც. თითოეული მათგანი სავარაუდოდ 2 ათას დოლარს იღებს.
სქრინი სუს-ის მიერ გავრცელებული კადრებიდან – ფეხბურთელები თანხის სანაცვლოდ წაგების გეგმებს ადგენენ
ახლახან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურა გაავრცელა განცხადება, რაც წუხელ ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. სუს-მა წუხელ სხვადასხვა ქალაქში ფეხბურთელები დააკავა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაკავებულები არიან ორგანიზატორები – ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.
2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.
ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.
ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.
გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
„ვიტ ჯორჯიას“ 5 ფეხბურთელი დააკავეს, „ლანჩხუთის გურიის“ – 2 ფეხბურთელი.
ცეცხლაურის ნაგავსაყართან მისასვლელი და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთების სამუშაოებისთვის აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ 2 მილიონამდე ლარი გამოყო. ქობულეთში, ოჩხამურის ტერიტორიაზე, ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 1 855 739 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის პროექტი დამუშავებულია 2014 წელს, მაგრამ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდგომ საჭირო გახდა დაპროექტებული გზის მიერთების მოწყობა ახლად აშენებულ საავტომობილო გზასთან.
პროექტის მიხედვით, ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების სიგრძე ჯამში 996 მეტრია: „ქობულეთის შემოსავლელ გზაზე გათვალისწინებულია ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლების მოწყობა შესაბამისად 100+80 და 180+80 გრძივი მეტრით, რისთვისაც საჭიროა მიწის ვაკისის გაგანიერება 1-2 მეტრით. გაგანიერების მცირე სიგანიდან გამომდინარე გათვალისწინებულია მიწის ვაკისის გაგანიერება გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობით მიწის ვაკისის ორივე მხრიდან სიმაღლით 2 მეტრი. ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლებიდან საპროექტო გზის მიერთებამდე გათვალისწინებულია პანდუსების მოწყობა გზის ორივე მხრიდან სიგრძით 524+472 მეტრი, სადაც პანდუსების გადაკვეთაზე გათვალისწინებულია წრიული კვანძის მოწყობა. პროექტით ასევე გათვალისწინებულია გზის აღჭურვა დამატებითი სტანდარტული საგზაო ნიშნებით და საფარის მონიშვნა“.
„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისს დასრულდება. სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს.
შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის საფირმო სახელწოდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის ბრძანების საფუძველზე შეიცვალა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, დირექტორი კი – გია ხალვაში.
„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“, ანუ ყოფილი „ჰიგიენა 2009“, აჭარის მყარი ნარჩენების პროექტს ახორციელებს. ამ კომპანიის ანგარიშიდან 5 მილიონამდე ლარის მითვისებაში სასამართლომ, 2017 წლის მაისში, კომპანიის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 4 მილიონ 984 ათას 200 ლარი მიითვისა.
დაბრუნდა თუ არა კომპანიის ანგარიშზე აღნიშნული თანხა ან თანხის ნაწილი და კონკრეტულად რამდენი? – ამ კითხვაზე თავის დროზე „ბათუმელებს“ პასუხი არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიაწოდა და არც „ჰიგიენა 2009“-მ.
აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, მაგრამ 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ აითვისა. ამის გამო სახელმწიფო წლებია ვალდებულების საკომისიოს იხდის.
7 მილიონი ევროდან, რაც ნაგავსაყრის პროექტს უნდა მოხმარდეს, 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი ააშენებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 14-17 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
„შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს,“ – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით.