მთავარი,სიახლეები

მანქანების ინსპექტირების ფასს მოქალაქე საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

24.05.2019 • 1595
მანქანების ინსპექტირების ფასს მოქალაქე საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების საფასური საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. დღეს, 24 მაისს ამ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა, ანუ კოლეგიამ უნდა იმსჯელოს, არსებითად განიხილავენ თუ არა სარჩელს.

დავის საგანი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტია „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების დამტკიცების თაობაზე“.

მოსარჩელე ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არ უნდა დაედგინა ტექნიკური ინსპექტირების საფასური, რაც მსუბუქი ავტომანქანების შემთხვევაში 60 ლარია, სატვირთოს ინსპექტირება კი 100 ლარი ჯდება.

„გარდა იმისა, რომ არ არის დასაბუთებული როგორ და რა პრინციპების საფუძველზე განსაზღვრა მთავრობამ ამ სფეროში მოქმედი ყველა ბიზნეს კომპანიისთვის 60 და 100 ლარი, კერძო კომპანიებს მოესპო საშუალება დააწესოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საფასურებისგან განსხვავებული საფასურები განხორციელებული ინვესტიციების, ხარჯების, მიღებული/დაგეგმილი მოგების, შემოსავლების მიხედვით, რომელიც ყველა ცალკეული კომპანიისთვის განსხვავებულია, რაც გარდა იმისა რომ ბიზნესში არალეგიტიმური და დაუსაბუთებელი ჩარევაა, არის მისი საკუთრების უფლების შეზღუდვაც,“ – აღნიშნულია სარჩელში.

ამავე რეგულაციის მიხედვით დადგენილია ინსპექტირების ცენტრის მოსაკრებელიც, რაც, მაგალითად, დედოფლისწყაროში 500 ლარია, თელავში – 100, რუსთავში – 2500.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა თავისუფალი მეწარმეობის სფეროში არალეგიტიმური, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი შეჭრაა.

„გასათვალისწინებელია, რომ დადგენილებებით ეს არის ფიქსირებული თანხა და ინსპექტირების ცენტრს მისი გაზრდა, ან შემცირება არ შეუძლია, რაც თავისთავად არსებითად ზღუდავს კონკურენციას, ქმნის არსებითად მონოპოლიურ გარემოს და აზარალებს მომხმარებელს,“ – დასძენს მოსარჩელე ლევან ალაფიშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: