მთავარი,სიახლეები

ვისი მოწვევით ჩამოვიდა რუსული ჯგუფი ბათუმში დამოუკიდებლობის აღსანიშნავად

26.05.2019
ვისი მოწვევით ჩამოვიდა რუსული ჯგუფი ბათუმში დამოუკიდებლობის აღსანიშნავად

ვისი მოწვევით ჩამოვიდა ბათუმში რუსული ჯგუფი, რომლის წევრებმაც დღეს, 26 მაისს, საზეიმო მსვლელობის დროს  რუსეთის ფედერაციის დროშები გამოიყენეს? – აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ მონაწილეები ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ორგანიზატორებმა მოიწვიეს. ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი აჭარის განათლების სამინისტროა. მემედ აბაშიძის გამზირზე დროშებით მარშირებისთვის მინისტრი ინგა შამილიშვილი დღესვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„ოფიციალურად არა, მაგრამ არაოფიციალურად გვქონდა საუბარი. დაგვპირდა ორგანიზატორი, რომ რუსები არ იქნებიანო,“ – ამბობს თეა ჭანტურიშვილი, აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ფესტივალის ორგანიზატორი „კულტურისა და ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის საზოგადოებაა“. მისი ხელმძღვანელის, ანჟელა ქამუშაძის განმარტებით, დაპირება იმის შესახებ, რომ ფესტივალში რუსეთის წარმომადგენლები არ იქნებოდნენ, მართლაც მისცა სამინისტროს, ოღონდ მხოლოდ სიტყვიერად.

„…რუსეთი ამ ფესტივალში არ მონაწილეობდა. დროშები, სამწუხაროდ, იმ მონაწილეებმა გამოიყენეს, რომლებიც ეთნიკურად რუსები არიან,“ – ამბობს ანჟელა ქამუშაძე. მისივე თქმით, ფესტივალში რუსული ჯგუფი ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის მოწვევით ჩამოვიდა.

„ჩვენ ვიწვევთ ყველას, მაგრამ გაცხადებული გვაქვს, რომ რუსეთი არ იქნება ამ ფესტივალზე… შესაბამისად, რუსულ ორგანიზაციებთან არ ვთანამშრომლობთ. უკრაინულმა ორგანიზაციამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ მონაწილეობას მიიღებდა ფესტივალში ჯგუფი „სალსკი“. მე არ ვიცოდი, რომ ამ ჯგუფში მხოლოდ რუსები იყვნენ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ანჟელა ქამუშაძემ.

რატომ არ მიიჩნია საჭიროდ განათლების სამინისტრომ სამართლებრივი რეგულაციის დაწესება, რომლის მიხედვითაც რუსეთს მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის საშუალება არ ექნებოდა? – კულტურის დეპარტამენტის უფროსი, თეა ჭანტურიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შეცდომა დაუშვეს და ამაზე პასუხისმგებელი მინისტრთან ერთად სხვებიც არიან.

„სიტყვიერ დონეზე ყოველთვის იყო ამის მითითება და იურიდიულ ფორმულირებამდე არ მისულა… ეს იყო პროვოკაცია მათი მხრიდან. ჩვენ ქუჩაში ვერ დავეტაკებოდით და წეწვით ვერაფერს გავხდებოდით… მართალი ხართ, ეს უნდა იყოს გაწერილი“, – გვითხრა თეა ჭანტურიშვილმა, აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ფესტივალი აჭარის განათლების სამინისტრომ 15 ათასი ლარით, ხოლო ბათუმის მერიამ 12 ათასი ლარით დააფინანსა. ფესტივალის ორგანიზატორის მტკიცებით, მონაწილეები თავად ფარავენ ხარჯების ძირითადად ნაწილს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: