მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის პრობლემურ ტენდერებზე თორნიკე რიჟვაძეს პასუხს სთხოვენ

27.05.2019
ხელვაჩაურის პრობლემურ ტენდერებზე თორნიკე რიჟვაძეს პასუხს სთხოვენ

„ან თვითონ გახდა თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში არსებული კორუფციული სქემების თანამონაწილე, ან ეს იყო პიარის ნაწილი,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. მან დღეს, 27 მაისს, რეზო ხარაზთან ერთად აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი მოაწყო და მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, 30 აპრილს გაკეთებული განცხადება შეახსენა – 30 აპრილს მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლას საკადრო გადაწყვეტილებებით აპირებდა. ამ განცხადებამდე კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით დააკავეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიიტანეს იმ ტენდერებთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ხელვაჩაურში პრობლემური აღმოჩნდა. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, მიხეილ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ასეთი სულ 20 ტენდერია.

„ძირითადად ეს არის წყალსადენების მოწყობის ან რეაბილიტაციის პროექტები, ასევე საბავშვო ბაღების მშენებლობა… მაგალითად, ყოროლისთავში დაახლოებით 4 მილიონი დაიხარჯა, ახალსოფელში კი – 2 მილიონი ლარი წყალსადენის მოსაწყობად, მაგრამ ამ სოფლებს დღემდე არ აქვთ წყალი. ორთაბათუმის საბავშვო ბაღში კი დაახლოებით 100 ათასი ლარი გადაიხადეს ბაღის ხელახალი რემონტისთვის,“ – აცხადებს მიხეილ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, პასუხისმგებლობა ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს ეკისრება. არჩეულ მერს თორნიკე რიჟვაძე ვერ მოხსნის, მაგრამ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებისთვის თორნიკე რიჟვაძეს არ მიუმართავს.

„მართალია, ამ ტენდერებიდან ბევრზე დაწყებულია სასამართლო პროცესები,  მაგრამ ამგვარი უპასუხისმგებლო მიდგომებით ზარალდება მოსახლეობა…“ – გვითხრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა.

აჭარის მთავრობის აპარატში ჯერ ბრიფინგს არ გამოხმაურებიან. პრესცენტრში განაცხადეს, რომ საკითხს გაეცნობიან. ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში კი აღნიშნეს, რომ მერი თათბირს მართავს და კომენტარი მედიისთვის თათბირის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

განახლება: ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, პრობლემური ტენდერი ამ ეტაპზე ხელვაჩაურის მერიას არ აქვს და „ოპოზიციის მიერ დასახელებულ სოფლებში პროექტები წინასწარ დადგენილი ვადების შესაბამისად დასრულდება“ . მისივე თქმით, მხოლოდ ორი საქმეა სასამართლოში გასაჩივრებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: