მთავარი,სიახლეები

ენძელა მაჭავარიანი: სირცხვილი არ არის საუბარი სექსუალურ შევიწროებაზე

24.05.2019
ენძელა მაჭავარიანი: სირცხვილი არ არის საუბარი სექსუალურ შევიწროებაზე

პარლამენტარმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ბათუმელი სტუდენტის განცხადების შესახებ მისი ლექტორის, „ქართული ოცნების“ წევრის მხრიდან სექსუალური შევიწროებაზე.

„რა მნიშვნელობა აქვს ვისი წევრია, როგორც კანონი ითვალისწინებს, ისე უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კანონი მიღებული გვაქვს და კანონი უნდა აღსრულდეს ყველას მიმართ, ვინც კი გნებავთ იყოს.

ის ფაქტი, რომ ამ გოგონამ გაახმაურა, ჩემთვის უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ქალებს მოვუწოდო, სირცხვილი არ არის იმაზე საუბარი, თუ ვინმე გვავიწროვებს, ცხოვრებას არ გვაცლის. ეს სტიგმა უნდა დაძლიოს თითოეულმა ჩვენგანმა და კანონი, რომელიც მივიღეთ და რომლის გამოც ზოგჯერ საყვედურებსაც გამოთქვამდნენ, პრევენციაც იქნება ერთგვარი, რომ ასეთი რაღაცებისკენ აღარ წავიდეს სიტუაცია“, – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

_____________

სტატია იმის შესახებ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, „ბათუმელებმა“ 21 მაისს გამოაქვეყნა. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ ლექტორი მას ფეისბუქზე წერდა, სთხოვდა თამამ სელფებს და უკომპლექსოდ მოქცევას. ასევე ჰპირდებოდა, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ბრალდება „ბათუმელებთან” უარყო. მისი თქმით, ბოლო კვირაა რაც შენიშნა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს, თუმცა IT სპეციალისტთან მისვლა ვერ შეძლო.

სტუდენტმა განცხადებით მიმართა უნივერსიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

22 მაისს, კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტმა ლექტორის სტატუსი დროებით შეუჩერა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: