მთავარი,სიახლეები

თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით – თურქეთის თავდაცვის მინისტრი

26.05.2019 • 2831
თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით – თურქეთის თავდაცვის მინისტრი

“თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა დღეს, 26 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

ჰულუსი აქარის კომენტარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას.

თურქეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩამოვიდა. ჰულუსი აქარი პრემიერ-მინისტრის გარდა  საქართველოს თავდაცვის მინისტრსაც შეხვდა. მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დღესვე  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მან მილოცვის წერილი თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს გამოუგზავნა.

„საქართველო თურქეთისთვის არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი ქვეყანაა, არამედ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორიც,“ – ნათქვამია მევლუთ ჩავუშოღლუს წერილში. წერილში მევლუთ ჩავუშოღლუ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, „საქართველომ შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია განიცადა და ის წარმატების მაგალითია“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სამაგალითო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საწინდარი გახდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: