დღეს, 24 მაისს, 18 საათზე დასრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის სურვილი სულ 9 ადამიანმა გამოთქვა.
აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები არიან:
- მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი;
- დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი;
- გიორგი წულაია, აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი;
- გოგა კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;
- ბაჩო გურაბანიძე, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი;
- ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
- ირმა ზოიძე, საგამოძიებო სტუდია REC -ის დამფუძნებელი;
- ნუგზარ ბაჩუკი ჩხეიძე, საზოგადოება „ბათუმელის“ დამფუძნებელი;
- თორნიკე მჟავანაძე, უსკოს წევრი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ჯერ კიდევ ნათია კაპანაძის გადაყენებამდე ითქვა, რომ მისი იმპიჩმენტის შემთხვევაში, ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძეს უპირებდნენ არჩევას. 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა, თორნიკე მჟავანაძე იყო „ქართული ოცნების“ აქტივისტი.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.
კონკურსის ეტაპები: განცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
სამი კალენდარული დღის ვადაში მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ უნდა განიხილოს წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისობა მოთხოვნებთან და გამოქვეყნდება იმ კანდიდატების სია, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მრჩეველთა საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უმრავლესობას დააგროვებს.
მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ახალ დირექტორს აირჩევს არაუგვიანეს 4 ივნისისა.
მთავარი ფოტო: თორნიკე მჟავანაძე ქართული ოცნების მაისურით. „ბათუმელების“ არქივიდან.