მთავარი,სიახლეები

ინგა შამილიშვილი მის გათავისუფლებაზე: მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს

26.05.2019
ინგა შამილიშვილი მის გათავისუფლებაზე: მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს

„მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს. მე ნამდვილად არ ვიცოდი ამ დროშების შესახებ. დანარჩენი კომენტარი შეგიძლიათ ბატონ თორნიკესთან მოიკითხოთ,“ – გვითხრა ინგა შამილიშვილმა. იგი აჭარის განათლების მინისტრის პოსტიდან დღეს, 26 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაათავისუფლა. ინგა შამილიშვილის გათავისუფლების საფუძველი ბათუმის ქუჩებში საზეიმო მსვლელობის დროს რუსული დროშების გამოჩენა გახდა. მსვლელობა იმ ფესტივალის ფარგლებში მოეწყო, რომლის ორგანიზატორიც აჭარის განათლების სამინისტროა.

აჭარის განათლების უკვე ყოფილმა მინისტრმა ჩვენთან საუბრის დროს ასევე აღნიშნა, რომ გათავისუფლების შესახებ მედიიდან შეიტყო და უშუალოდ თორნიკე რიჟვაძესთან არ უსაუბრია.

„თავიდან ვესაუბრე და ავუხსენი, რაშიც იყო საქმე… ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება რუსეთთან, დანარჩენზე კომენტარს ვერ გავაკეთებ… მე არ მითქვამს არსად, რომ ოკუპანტი არ არის. მე ვიზიარებ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ მიმართულებას, რაც აქვს ამ სახელმწიფოს, მე ვარ ქვეყნის ერთიანობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის მატარებელი და მთელი ჩემი ცხოვრება ამას ვაკეთებდი, ლექციაზე ვიქნებოდი თუ გარეთ. დანარჩენი უკვე კომენტარი შეგიძლიათ ბატონ თორნიკეს ჰკითხოთ,“ – გვითხრა ინგა შამილიშვილმა.

სამართლიანი იყო თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ ფესტივალის ორგანიზატორი განათლების სამინისტრო იყო და რჩება თუ არა „ოცნების“ გუნდში ინგა შამილიშვილი? – კითხვაზე აჭარის განათლების მინისტრმა მოკლედ გვიპასუხა: „მე ვღებულობ იმ მოცემულობას, რაც არის… მე ვიქნები იქ, სადაც საჭირო არის.“

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა რუსული დროშის გამო ინგა შამილიშვილის მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდა. რუსული დროშა გამოჩნდა ბათუმის უნივერსიტეტში 2016 წელს, მაშინ ინგა შამილიშვილი უნივერსიტეტის პრორექტორი იყო. 2018 წლის 2 ივლისს კი, ბათუმში გამართული ფესტივალის მონაწილეებს მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მადლობა რუსულ ენაზე გადაუხადა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: