მთავარი,სიახლეები

მხატვარი ჯონი, რომელიც თავის ნახატებს ბათუმს უტოვებს

14.03.2019
მხატვარი ჯონი, რომელიც თავის ნახატებს ბათუმს უტოვებს

ჯონი მწერალი და მხატვარია. ბათუმში, ბარათაშვილზე, პატარა, ძველ სახლში მარტო ცხოვრობს. ის საკუთარ ბიოგრაფიას რამდენიმე წინადადებაში ატევს.

„დავიბადე გურიაში, ლანჩხუთში, ჯუმათში. ფეხბურთი შემიყვარდა და თბილისში გადავედი საფეხბურთო სკოლაში. შემდგომ ფიზკულტურის ინსტიტუტში ვსწავლობდი. მერე გადავედი უნივერსიტეტში, ფილოლოგიური დავამთავრე. წერა დავიწყე. უფრო სწორად, მეგონა, რომ ვწერდი. დიდი დრო დამჭირდა, რომ წერა მესწავლა, თითქმის ათი წელი. ძიების გზები იყო რა. წერამ დამანახა ადამიანის შესაძლებლობა და ხატვასთან მიმიყვანა. გვიან დავიწყე ხატვა. 39 წლის ან 40-ის ვიქნებოდი. ასე ვიტყვი – თვითნასწავლი მხატვარი ვარ“.

საკუთარ ნახატებს არ ყიდის. ამბობს, ანდერძს დავწერ და ყველაფერი ბათუმს დარჩებაო.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2085101861544757/?eid=ARDI7fxG5c-BMp0Yid52j_HPlHSZLT9KvrW5PsCMVIEmTwpnCKIhUArj5XQxF4dwU1Ub_lF8bEN3fECt

„ასაკში ვარ. ახლა მჭირდება სტიმულის შენარჩუნება, რომ ვიმუშაო და ვწერო. ნახატების გარდა ბევრი სცენარი მაქვს, თეატრის, კინოს. როგორ ვთქვა, ეს საქმე კოლექტიურია და მე ვერ ვახერხებ კოლექტივში მუშაობას. მცდელობები მქონდა, რაღაც-რაღაც იყო და მერე მერთმეოდა საშუალება ის ჩემეული გამეკეთებინა. ისე გამეკეთებინა, როგორც მე ვხედავდი. ალბათ ერთ დღეს გავაკეთებ. ჯერჯერობით მოთმინება მაქვს. 80 წლის რომ გავხდები, მერე შეიძლება ვეღარ მოვითმინო,“ – ამბობს ჯონი ჯიჯიეშვილი.

ჯონის ახლა სოციალური პრობლემები აქვს. სახლში, სადაც ცხოვრობს, არ აქვს გათბობა და ცხელი წყალი. არც აბაზანა. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. სოციალური დახმარება ჰქონდა, მაგრამ ჯერ გაუნახევრეს, შემდეგ საერთოდ მოუხსნეს.

„სოციალური სამსახურიდან აგენტი მოვიდა. შეხედა ჩემს სახლს. ხის იატაკი გქონიაო. წავიდა. 60 ლარი მქონდა დახმარება. 30 დამრჩა. ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, საერთოდ მომიხსნეს. ახლა ვმუშაობ აღდგენაზე. მეგობრები მეხმარებიან აღდგენაში. არანაირი სხვა შემოსავალი არ მაქვს. კი ვწერ, ვხატავ, მაგრამ ფოკუსნიკი არ ვარ“.

ჯონის პატარა ოთახის კედლები მისი ნამუშევრებითაა დაფარული. ძირითადად წითელი და ყვითელი ფერები სჭარბობს, პორტრეტებიცაა და სიუჟეტური ნამუშევრებიც, თუმცა მთლად ზუსტად არც ერთი და არც მეორე. ერთ-ერთ ნახატზე ჯონი ხუმრობს – „ისაა ის, თეთრი გოგო“.

ჯონი ერთი რომანის ავტორიცაა, რომელსაც შვიდი წლის მანძილზე წერდა.

ჯონი პერიოდულად სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, მათ შორის სტამბაში -„ათას სისულელეს ვასწორებდიო“ – თქვა ერთხელ. ჯონი ახლა 76 წლისაა და არსად აღარ მუშაობს.

პოლიტიკურად არასაიმედო ჯონი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.