მთავარი,სიახლეები

რატომ დატოვეს გეოლოგებმა მაჭახლის ხეობა, სადაც ჰესი უნდა აშენებულიყო

13.03.2019
რატომ დატოვეს გეოლოგებმა მაჭახლის ხეობა, სადაც ჰესი უნდა აშენებულიყო

მაჭახლის ხეობაში გეოლოგები აღარ მუშაობენ. ისინი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის ამზადებენ სხვადასხვა კვლევას. საპროტესტო აქციების შემდეგ გეოლოგები ხეობაში აღარ გამოჩენილან.

„ჩვენ გავესაუბრეთ გეოლოგებს. გვითხრეს, რომ შვიდკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმება და ამისთვის ამზადებდნენ კვლევას. მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ გეოლოგებმა ხეობა დატოვეს,“ – ამბობს როინ მალაყმაძე, მოძრაობა „სიტყვის კაცების“ დამფუძნებელი და მაჭახლის ხეობის მკვიდრი. მისივე თქმით, ამ მოძრაობის წევრებს ხეობაში მისული „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელი არ შეხვდა და მან ოჯახებთან ცალ-ცალკე არჩია გასაუბრება. საბოლოოდ, კომპანია ვერც ერთ ოჯახს ვერ შეუთანხმდა.

„ვახტანგ ღონღაძე ხვდებოდა მოსახლეობას. ის გარკვეულ სოციალურ პროექტებზე საუბრობს და იმაზე, რომ ეს იქნება ეკომეგობრული ჰესი, ევროსტანდარტების შესაბამისი, მაგრამ ხალხი წინააღმდეგია, რადგან სადაც აშენდა ჰესი კირნათში, მარადიდში თუ სვანეთში, ყველგან მოატყუეს ხალხი… ჩვენი მოთხოვნაა, რომ მაჭახლის ხეობა სხვა მიმართულებით განვითარდეს და ესაა ეკომიმართულება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ როინ მალაყმაძე.

მოძრაობა „სიტყვის კაცები“ პრემიერ-მინისტრისთვის წერილის გაგზავნასაც აპირებს.

რატომ დატოვეს გეოლოგებმა მაჭახლის ხეობა და აპირებს თუ არა ისევ კომპანია ჰესის მშენებლობას მაჭახლის ხეობაში? – ამ კითხვებით „სილქ როუდ ჯგუფს“ მივმართეთ. ამ კომპანიის მიერ დაფუძნებული – „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს ჰესის მშენებლობას ხეობაში, მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. „ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებთ“, – მოგვწერეს კომპანიის პრესცენტრიდან.

24 თებერვალს „სილქ როუდ ჯგუფისგან“ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში ეწერა: „ახალი კანონმდებლობის თანახმად, მზადდება გარემოსდაცვითი სკოუპინგის ანგარიში, რომელიც დასრულების შემდეგ გაეგზავნება გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხეობაში საჯარო განხილვების ორგანიზებისთვის. ამის შემდეგ მომზადდება გარემოსდაცვითი დოკუმენტი სრულყოფილად…“

მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია ჰესის წინააღმდეგ მაჭახლის ხეობაში, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: