მთავარი,სიახლეები

პოლიტიკურად არასაიმედო ჯონი

30.05.2012
პოლიტიკურად არასაიმედო ჯონი

ჯონი ჯიჯიეშვილი მხატვარია, პოეტი და მწერალიც. უფრო რომელია, თავადაც არ იცის. როცა ხატავს, მაშინ მხატვარია, როცა წერს – მწერალი.

წერა საკმაოდ გვიან დაიწყო, 30 წლის ასაკში. ბავშვობაში ფეხბურთი უყვარდა ძალიან და ამიტომაც ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩააბარა. მეორე კურსზე იყო, როცა ცურვის გამოცდაზე გაცივდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა სპორტულ ცხოვრებას ჩამოაშორა. საავადმყოფოში ყოფნისას დაიწყო კითხვა, მერე აიკვიატა, მეც უნდა დავწეროო და წერა დაიწყო.

„ათი წლის შემდეგ მივხდი, რომ ასე წერას ჯობია თავი მოიკლა. სოცრეალიზმის დროა, უცხოურ მუსიკას ვუსმენდით, ვკითხულობდით. ჩემს ნაწერს მაინცადამაინც არ მიბეჭდავდნენ. ერთი-ორი დამიბეჭდეს და რომ მიხვდნენ ჩემგან კომკავშირელი მწერალი არ გამოვიდოდა, შემეშვნენ.

მე ვწერდი და მაინც მიმქონდა გამომცემლობაში, ხან ლექსები, ხან პიესები. მოთხრობას სადაც მივიტანდი, ყველას სახეზე ეწერა, „აუ, ეს კიდევ მოვიდაო“. 40 წელი დავდიოდი თბილისში „ცისკარში“ ჩემი ნაწერებით და ბოლოს 2002 წელს დამიბეჭდეს“.

ჯონი ერთი რომანის ავტორიცაა, რომელსაც შვიდი წლის მანძილზე წერდა:

„ჩემებურად ვეპყრობი ყველაფერს. ამ რომანში მთელი მწერლობა შემოვიყვანე, ლექსი, პოემა თუ პიესა რომანს ვამსახურე, ბევრ რამეს ვეჭიდებოდი მაშინ და ჩავთვალე, რომ რომანი უფრო დაიტევდა ყველაფერს“.

„დროის სული“ არ დაუბეჭდეს. გამომცემლობაში რომანს წააწერეს: „პოლიტიკურად არასაიმედო“ და თაროზე შემოდეს.

39 წლის იყო, როცა ხატვის სურვილი გაუჩნდა. ეს დროს და დაფიქრებას ითხოვდა. ბევრი მეგობარი მხატვარი ჰყავდა, სამხატვრო აკადემიაშიც დადიოდა – უყურებდა, როგორ ხატავდნენ სტუდენტები. ბოლოს გაბედა და ხატვა დაიწყო:

„ასეთ რამესთან წათამაშება არ მიყვარს. ვფიქრობდი, რომ ჩემებურად უნდა მეხატა და ამ სტიმულს მივყევი. წერისგან განსხვავებით, ხატვას გიჟური ენერგია მიაქვს. მწვანესა და ლურჯს ვერ ვიტან. მივეძალე წითელსა და ყვითელ ფერებს და ამანაც შესძინა ჩემს ნახატებს თავისებური ელფერი“.

პერიოდულად სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, სტამბაში -„ათას სისულელეს ვასწორებდი“; ჟურნალისტად – „საშინელი ცენზურა იყო, წერით ამას თავს ვარიდებდი, მაგრამ ჟურნალისტი იძულებული იყო ცენზურის ქვეშ ეწერა“; და ბათუმის განათების სისტემაში მხატვარ-გამფორმებლად, სადაც თავის ქალებსა და გადაჯვარედინებულ ძვლებს ხატავდა და წარწერებს აკეთებდა: „ასჯერ კინაღამ დენმა მომკლა. სულ მეზარებოდა მისვლა და პირველივე დღეს მაგდებდნენ სამსახურიდან. მერე ხომ იცით როგორაა, საღებავი ან ჟანგი თუ გაქვს ხელზე, ესე იგი მუშაობ. ჰოდა წავისვამდი ხელზე საღებავს და ვიყავი ასე. 70-80 მანეთი მქონდა ხელფასი. ჩემთვის საკმარისი იყო“.

როცა შინაგანად წუხს და ღელავს – შიმშილობს. შეუძლია ერთი კვირა ან მთელი თვეც იშიმშილოს. ამბობს, რომ შიმშილობა ემოციებს აცხრობს, აზროვნებას ამახვილებს და ჰუმანურ საკითხებზე აფიქრებს.

„ჩემი ნამუშევრები ერთხელ ფსიქიატრს ვაჩვენე. საგანგებოდაც მიწევდა საგიჟეთებში სიარული, ხან იქაურ სიტუაციას ვაკვირდებოდი, ხან მეგობარი იყო და სანახავად მივდიოდი, იქ ყველა გიჟი როდი იყო. ხან ღამესაც ვათევდი, სანამ ექიმები არ გამომაგდებდნენ. მაგრამ მთავარია, რომ რაღაცისთვის ხდება ეს ყველაფერი და საბოლოოდ შენვე გამდიდრებს“.

საუბრის დასასრულს ჯონი ყავას ხარშავს. „ტკბილი თუ ნახევრად ტკბილი?“- მეკითხება და დასძენს:

„ზამთრები გახსოვს?! ბნელი, უშუქო, ცივი ღამეები. აქ სულ ახალგაზრდები მოდიოდნენ. ვისხედით გვიანობამდე და ათას რამეზე ვსაუბრობდით. რთული დრო იყო, მაგრამ საინტერესო ურთიერთობები, ასეთი ურთიერთობები გავსებს“.

„ეს მეამბოხეა“ – მაჩვენებს ნახატს, –„ისე გამოვიდა, რომ მეც მეამბოხე და შეუგუებელი ვარ, მაგრამ ხანდახან გინდა მოიძებნოს ისეთი რამ, რასაც შეეგუები. არც ერთ ადამიანს არ უნდა მსხვრევადი სამყარო“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: