მთავარი,სიახლეები

ჩუმი სიკვდილის ქალაქში – „ჩერნობილელები“ აჭარიდან 33 წლის შემდეგ

14.03.2019 • 23268
ჩუმი სიკვდილის ქალაქში – „ჩერნობილელები“ აჭარიდან 33 წლის შემდეგ

1986 წლის ერთ საღამოს შოთა ზოიძე კომისარიატში დაიბარეს და უთხრეს, რომ მესამე მსოფლიო ომში უწევდა წასვლა სამშობლოს დასაცავად. 35 წლის იყო.  ჩასვეს სამხედრო მანქანაში და მოსკოვიდან კიევში, კიევიდან ტეტეროვში, ტეტეროვიდან ჩერნობილში წაიყვანეს. სამხედრო ვალდებულებაზე უარს ვერ იტყოდა – დეზერტირად გამოაცხადებდნენ. ჩერნობილის აფეთქების შესახებ გაგონილი ჰქონდა, თუმცა ვერასდროს იფიქრებდა, რომ აფეთქებიდან ორი თვის შემდეგ პარალიზებულ მეოთხე რეაქტორში ელექტროშემდუღებლად მოუწევდა მუშაობა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ სსრკ-მ საბჭოთა ქვეყნებიდან სამხედრო ვალდებული რეზერვისტებისა და სპეციალისტების გაწვევა დაიწყო, რეაქტორზე სალიკვიდაციო სამუშაოების შესასრულებლად. ათასობით ლიკვიდატორს საბჭოთა ქვეყნებიდან მეოთხე რეაქტორის დაკონსერვება, გაუვნებელყოფა და სარკოფაგში მოქცევა ევალებოდა. 1986-88 წლებში აჭარიდან სხვადასხვა სპეციალობის 200-მდე ლიკვიდატორი წაიყვანეს. ბათუმში მცხოვრები 68 წლის ელექტროშემდუღებელი, შოთა ზოიძეც ერთ-ერთი მათგანია.

ჩერნობილის რეაქტორზე ყოველდღე მუშაობდა, მანამ, სანამ რადიაციული დასხივების დასაშვები დოზა ზღვარს არ გადასცდებოდა. „გვამოწმებდნენ: თუ დასხივების დასაშვებზე დიდ დოზას მივიღებდით,  ტერიტორიას გვატოვებინებდნენ. რა დოზით ვსხივდებოდით არ გვეუბნებოდნენ, მაგას ჩვენ ვინ გვეტყოდა“, – იხსენებს შოთა ზოიძე. ის ახლა 68 წლისაა.

„100 ლარით მეხმარებოდა სახელმწიფო, როგორც ლიკვიდატორს. ეგეც მოგვიხსნეს, ჩვენ არ გაგვიშვიხართო“

ჩერნობილში ჩასულ ლიკვიდატორებს ადგილზე უხვი მოსავალი დახვდათ, მათ მკაცრად აფრთხილებდნენ, ხილი არ დაეკრიფათ და არაფერი ეჭამათ.

„ფერმებიც ბევრი იყო ჩერნობილში, აფეთქების შემდეგ უამრავი საქონელი დაკლეს. ამბობენ, რომ რადიაციული ხორცის დიდი ნაწილი საქართველოშიც გამოგზავნეს, მაგრამ თითქოს საქართველომ მიღებაზე უარი თქვა და უკან დააბრუნა“, – ამბობს შოთა ზოიძე.

საბჭოთა ხელისუფლება აფეთქებული რეაქტორის ლიკვიდატორებს ჰპირდებოდა, რომ რეაბილიტაციის მიზნით წელიწადში ოთხჯერ დაისვენებდნენ, მათ ოჯახებს კი ყოველთვიურად უზრუნველყოფდნენ საკვები პროდუქტებით.

ჩერნობილის 30-კილომეტრიან ზონაში შოთა ზოიძემ 1986 წელს 2 თვე დაჰყო. ამბობს, რომ როგორც ჩერნობილის ლიკვიდატორი, დახმარებას 100 ლარს იღებდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი ესეც მოუხსნეს და პენსიის ამარა დარჩა.

„ჩვენ არ გაგვიშვიხართ, მაშინ საბჭოთა კავშირი და სხვა წყობა იყოო – გვითხრეს და დახმარება მოგვიხსნეს“, – ამბობს შოთა ზოიძე.

ჩერნობილელები

ჩერნობილიდან დაბრუნებულმა ლიკვიდატორებმა საქართველოდან, ,,ჩერნობილელთა“ კავშირი შექმნეს. „აჭარის ჩერნობილელთა კავშირში“, როგორც ამ კავშირის წევრი, ჯუმბერ ქადაგიძე ამბობს, თავიდან 120 ადამიანი იყო. მათგან ნახევარზე მეტი უკვე გარდაცვლილია.

„ყოველ 26 აპრილს თბილისში ვიკრიბებით ჩერნობილელები, ვინც ცოცხალია მოდის და ასე ვიგებთ რამდენი დავრჩით”, – ამბობს ჯუმბერ ქადაგიძე. ჩერნობილში ლიკვიდატორად ის აფეთქებიდან ერთი წლის შემდეგ წაიყვანეს, ატომური ელექტროსადგურიდან 12 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა თვენახევრის განმავლობაში.

„26 წლის ვიყავი, რომ გამიწვიეს, მძღოლად ვმუშაობდი სატვირთოზე. რეაქტორზე მომუშავეებისთვის წყალი მიგვქონდა, დღეში სამჯერ ვიცვლიდით სპეცტანსაცმელს და ვწვავდით. დღეში სამჯერ ირეცხებოდა მანქანაც. ტელევიზორში მქონდა ნანახი, რაც ჩერნობილში ხდებოდა, მაგრამ იქ თუ აღმოვჩნდებოდი, ვერ წარმოვიდგენდი“, – ამბობს ჯუმბერ ქადაგიძე.

ჯუმბერ ქადაგიძე. ჩერნობილელთა კავშირის წევრი

ყოველთვიურად გაზის ბალონის ერთი ტალონი, ხუთი კილოგრამი შაქარი, ზეთი და ხორცი – ჯუმბერ ქადაგიძე იხსენებს, რომ ამ დახმარებას საბჭოთა კავშირის დაშლამდე იღებდნენ, შემდეგ 100-ლარიანი დახმარება დაენიშნათ. ბოლოს ესეც მოუხსნეს.

ჩუმი სიკვდილის ადგილი

„ოცდაათკილომეტრიან ზონაში რომ შევედით, ტყე ყველგან ყვითელი იყო, ცოცხლად გამხმარი. არავითარი ჩიტი, მწერი, ჭიაყელა, ჭიანჭველაც კი არ დადიოდა. ჩერნობილში მოხვედრილებს გათვითცნობიერებული გვქონდა, რომ ეს იყო ჩუმი სიკვდილის ადგილი. რადიაციის საზომი აპარატები დაგვირიგეს, სულ თან ვატარებდით, დასაშვებ დოზას რომ არ ასცდენოდა. იყო შემთხვევები, როცა ცუდად ხდებოდნენ ადამიანები და შინ მაინც არ უშვებდნენ. ყველა ხვდებოდა, რომ ეს რადიაციისგან იყო“.

როგორც ჯუმბერ ქადაგიძე ყვება, ყველას აფრთხილებდნენ, რომ არაფერი წაეღოთ შინ დაბრუნებისას ,,მკვდარი ზონიდან“. იკრძალებოდა ფოტოების გადაღებაც, მაგრამ მან ფარულად წამოიღო ფოტოები ჩერნობილიდან, სადაც ის სხვა ლიკვიდატორებთან ერთადაა გადაღებული აფეთქებული მეოთხე რეაქტორის ფონზე და სატვირთო მანქანასთან.

           
ჩერნობილში 33 წლის შემდეგ

ზუსტი მონაცემები, რამდენი ადამიანი დაიღუპა ჩერნობილის ატომური სადგურის რეაქტორის აფეთქების შედეგად, დღემდე არ არის ცნობილი. უკრაინის ქალაქ ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორის აფეთქების ფაქტს სსრკ-ის ხელისუფლება თავიდან მალავდა, საბჭოთა პრესა დუმდა. მაგრამ ბირთვული კატასროფის მასშტაბმა მათ ამის საშუალება არ მისცა: ევროპულმა და ამერიკულმა მედიასაშუალებებმა თემის ინტენსიურად გაშუქება დაიწყეს. ჩერნობილის აფეთქება ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთ შემთხვევად შეფასდა ისტორიაში. ჩერნობილის მკვდარი ზონა 200 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რადიოაქტიურმა ღრუბლებმა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილს გადაუარა. აფეთქების შედეგად დაახლოებით 200 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია რადიოაქტიურად დაბინძურდა.

მიუხედავად აკრძალვისა, 2018 წლის მონაცემებით, ჩერნობილში, 30-კილომეტრიან ზონასთან ახლოს, 130-დან 150 კაცამდე ცხოვრობს.

მარინა კოვალენკო შვილებთან, ირინასა და ალენასთან ერთად დონბასიდან ჩერნობილში 2014 წელს გადასახლდა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. როგორც BBC-სთან ამბობს, მას ომში ცხოვრებას, რადიაციულ ზონაში ცხოვრება ურჩევნია. ოჯახს თხები და კურდღლები ჰყავს. მათ გვერდით ასევე ცხოვრობს რამდენიმე მოხუცი მეზობელიც.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიაქტიული ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ნაბახტიანი ორჯერაა ნამყოფი ჩერნობილის ,,მკვდარ ზონაში“. როგორც ის ამბობს, ამ ადგილას აღარასდროს იქნება იდეალურად სუფთა გარემო და ყოველთვის იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხუთივე რეაქტორი სრულადაა დახურული ბეტონისა და მეტალის რთული კონსტრუქციით. სარკოფაგი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებითაა ჩამოსხმული და ბოლოს 2017 წელს განაახლეს. მისი დანიშნულება გამოსხივების შემცირება და ყველა იმ რადიოაქტიური ნივთიერების მუდმივი კონტროლია, რაც სარკოფაგის ქვეშ მოექცა.

დახურულ ზონაში რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება, დამარხვა – დაკონსერვება დღემდე გრძელდება.

გირჩევთ

ჩერნობილი ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ [ფოტო]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: