მთავარი,სიახლეები

ორი ნათურა და ცივი შხაპი ავარიულ შენობაში – სად ვარჯიშობენ ჩაქველი ძალოსნები 

09.03.2019 • 3834
ორი ნათურა და ცივი შხაპი ავარიულ შენობაში – სად ვარჯიშობენ ჩაქველი ძალოსნები 

დაბა ჩაქვში ძალოსნები კვლავ ნახევრად დანგრეულ შენობაში ვარჯიშობენ. 2015 წლიდან, როცა „ბათუმელებმა“ ჩაქველ ძალოსნებზე მოამზადა სტატია – „ივარჯიშე სანამ დაღამდება“ , დღემდე მათთვის მხოლოდ ის შეიცვალა, რომ თუ აქამდე შენობაში დენი არ იყო და სპორტსმენებს დღის შუქზე უნდა მოესწროთ ვარჯიში, ახლა შენობას ელექტროენერგია აქვს, ოღონდ მეზობელი შენობიდან გადმოყვანილი.

„პარკთან დანგრეული შენობა დგას, მის უკან კიდევ ერთი ძველი შენობაა, აი, იქ უნდა მიხვიდეთ“, – ასე მიგვასწავლეს დაბა ჩაქვში დარბაზი, სადაც ძალოსნები ვარჯიშობენ.

დანგრეული შენობა იოლად ვიპოვეთ. ერთი შეხედვით ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ცელოფანაკრული ფანჯრის და ხის ძველი კარის იქეთ ვინმე იქნებოდა, მაგრამ კარებთან მიხატულმა ლურჯმა „შტანგამ“ და შენობიდან გამომავალმა ხმამ დაგვარწმუნა, რომ სწორ მისამართზე მოვედით.

ამ კარს იქეთ ძალოსნები ვარჯიშობენ

შუა ოთახში შეშის ფეჩი ანთია, შენობას ორი ნათურა სუსტად ანათებს, პლასტიკატაკრული ჭერი და იატაკი შელახულია, კედლებს საღებავი აქვს აფცქვნილი და ალაგ-ალაგ ჩამოშლილია. დარბაზის მეორე კუთხეში ელექტროგამათბობელი დგას.

ლურჯი ბრეზენტის იქეთ „გასახდელი“. გვეუბნებიან, რომ არის საშხაპეც, თუმცა ცხელი წყალი არ მოდის.

ამ პირობებში 17 წლამდე 35 სპორტსმენი ვარჯიშობს ყოველ დღე, კვირის გარდა, 4-დან 7 საათამდე.

„აქ სამი მწვრთნელი ავარჯიშებს ბავშვებს. ძალოსნობას ჩაქვში 60-70-წლიანი ისტორია აქვს. ამ დარბაზში გაიზარდა რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე; რამინ შამილიშვილი – ევროპის სამგზის ვერცხლის პრიზიორი და ბაქარ თურმანიძე, 23 წლამდე ასაკში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი. ასევე, ძალიან ბევრი საქართველოს ჩემპიონია გაზრდილი ამ დარბაზში“, – გვიყვება მწვრთნელი, სულხან დუმბაძე.

სულხან დუმბაძე, მწვრთნელი

სულხანი თავადაც საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატის 2005 წლის პრიზიორია. 11 წლის იყო, როცა პირველად მოვიდა სავარჯიშოდ ამ დარბაზში, ახლა 35 წლისაა და ამ 24 წლის განმავლობაში დარბაზი მხოლოდ ერთხელ შეაკეთეს, ისიც საკუთარი სახსრებით, შეძლებისდაგვარად.

„საშხაპე არის, მაგრამ ცივი წყალი მოდის, თბილი წყლის ფუფუნება არ გვაქვს ჯერ. კი ხედავთ რაც არის, მაგრამ ახლა გვპირდებიან ახალ დარბაზს და იმედი გვაქვს, რომ გააკეთებენო“, – ამბობს სულხანი.

მომავლის და დაპირების შესრულების იმედი აქვს მწვრთნელ ნუგზარ ჯინჭარაძესაც. ნუგზარი საქართველოს ჩემპიონია და 17 წლის ასაკიდან ამ დარბაზში დადის, ჯერ აღსაზრდელი იყო, ახლა მწვრთნელად მუშაობს.

დაპირებები ჩაქვში სპორტსმენებს პირველად არ ესმით, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ერთი პატარა დაბის სპორტსმენები საუკეთესო შედეგების მიღწევას ახერხებენ, შენობა გამართული ინფრასტრუქტურით, მათ დღემდე ვერ მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტულ დარბაზში პირობები არ არის, ჩაქვში სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული ბავშვები არიან. „ძალიან დიდი ხანია აქ დავდივარ, 9 წლის ვიყავი რომ მოვედიო“, – გვითხრა 10 წლის ავთო აბაშიძემ. მას 30 კგ აწევა შეუძლია.

ჩაქვი, ძალოსანთა დარბაზი

ოთხი წელია ამ დარბაზში ვარჯიშობს ბექა ზოიძე: „ათი წლის ვიყავი, აქ სიარული რომ დავიწყე, კვირის გარდა ყოველ დღე დავდივარ. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა სკოლაში მოვიდა მწვრთნელი, მოვეწონე და მამამ მომიყვანა. ამ სახეობას მივყვები ბოლომდე. ოთხი წლის განმავლობაში ახალი „ბლინები“ მოგვიტანეს. დარბაზი ახლა გაკეთდება ალბათ“, – გვეუბნება ბექა. მისი აზრით, დარბაზი რომ უკეთესი იყოს, აქ უფრო მეტი ბავშვი მოვიდოდა სავარჯიშოდ.

13 წლის ზუკა გაბაიძე კი ორი კვირაა, რაც სავარჯიშოდ დადის. უკვე 45 კგ-ის აწევა შემიძლიაო – გვითხრა.

ჩაქველი სპორტსმენები

ჩაქველი სპორტსმენები

დარბაზის ჭერი

ახლა დაბა ჩაქვში ძალოსნები განსაკუთრებული მონდომებით ვარჯიშობენ. 5 მარტს დასრულებულ აჭარის 17 წლამდე ასაკის ძალოსანთა პირველობაზე ხუთი ჩაქველი სპორტსმენი გახდა აჭარის ჩემპიონი სხვადასხვა წონით კატეგორიაში: ზურაბ მსხალაძე [49 კგ]; იმედა შავაძე [ 55 კგ]; ზურა შამილიშვილი [61 კგ]; ლუკა ნოღაიდელი [81 კგ]; გიგა აბაშიძე [89 კგ]. ისინი ახლა საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 22-24 მარტს გაიმართება.

აჭარის ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და  აჭარის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ბესარიონ ბასილაია გვეუბნება, რომ ჩაქვში ძალოსნების დარბაზის აშენებაზე დაპირება ცოტა ხნის წინ მიიღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, ტენდერი უნდა გამოცხადდეს პროექტზეო – ამბობს.

„55 წელია გვპირდებიან დარბაზს გაგიკეთებთო, მივეჩვიეთ უკვე დაპირებებს. სანამ არ დავინახავ, რომ აშენდება, მანამდე არ მჯერა“, – ამბობს ბესარიონ ბასილაია.

ჩაქველი სპორტსმენების სავარჯიშო დარბაზიდან 200-300 მეტრის დაშორებით აჭარის უმაღლესი საბჭო მდებარეობს, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტში ექვსი ადამიანი მუშაობს. მისულან თუ არა უმაღლესი საბჭოს წევრები სპორტდარბაზში, რომ გაცნობოდნენ, რა პირობებში ვარჯიშობენ მათ სამსახურთან ახლოს ბავშვები? ბესარიონ ბასილაიას ასეთი შემთხვევა არ ახსენდება. „მოსვლით არა, მაგრამ ერთხელ დაგვიბარეს“, – ამბობს ის, თუმცა რომელი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ, არ ახსოვს.

მარცხნივ უმაღლესი საბჭოს შენობა სპორტულ დარბაზთან

ამ თემაზე „ბათუმელების“ მიერ მომზადებული სტატიები: 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: