მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტი: ქალური და კაცური პროფესიები არ არსებობს


15 წლის ანასტასია ქაჯაია მეზღვაურობაზე ოცნებობს. იგი მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ირიცხება. ახალგაზრდა მატროსის პროფესიას ეუფლება და თვლის, რომ ქალური და კაცური პროფესიები არ არსებობს. არჩევანი ზღვის სიყვარულმა გააკეთებინა.

„დღე ზღვის გარეშე წარმოუდგენელია. ჩემი ყოველი დილა ზღვით იწყება. ლიცეუმში მოსვლამდე სანაპიროზე გავდივარ. ალიონის დაკვირვება, ჰორიზონტის ცქერა – ეს ჩემთვის დღის საუკეთესო დასაწყისია“.

იცის, რომ რთული არჩევანი გააკეთა, მაგრამ დაბრკოლებებს არ უფრთხის. სამეგობრო წრეც, ძირითადად, მეზღვაურების ირგვლივ ტრიალებს. 15 წლის გოგოსთვის მიმართულება იმდენად მიმზიდველია, რომ ტალღებიც არ აშინებს. ზღვა ბავშვობიდან უყვარს:

„მახსოვს, პატარა ვიყავი, ბებია ზღვაში შესვლას მიკრძალავდა, თუმცა, არასდროს ვითვალისწინებდი. ალბათ, ამ აკრძალვამ ინტერესი უფრო გამიღვივა. ჩემი მეგობრებიც ძირითადად მეზღვაურები არიან. ერთ-ერთ მათგანს ნავი ჰყავს.ზაფხულობით ყველა საღამოს ვსეირნობთ, ამის გარეშე დღე წარმოუდგენელია“.

ლიცეუმში ახლა თეორიულ ცოდნას ეუფლება. სწავლის ხარისხით კმაყოფილია. მომავალ მეზღვაურებსაც განათლების მისაღებად ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას ურჩევს. სამომავლოდ, სწავლის გაგრძელებას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში აპირებს. პრაქტიკა ჯერ არ გაუვლია, თუმცა ფიზიკური სირთულეებისთვის ფსიქოლოგიურადაც მზადაა. გოგო, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს, ყვება, რომ პროფესიის არჩევისას ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა.

„ოჯახში ერთი შვილი ვარ. ამის მიუხედავად, არასდროს ყოფილა წინააღმდეგობები ჩემი არჩევანის მიმართ. პირიქით, მშობლები ყოველთვის პატივს სცემდნენ ჩემს აზრს და დღესაც ასეა, ხელს მიწყობენ“.

იმ შემთხვევაში, თუ დილემის წინაშე აღმოჩნდება და პროფესიასა და საყვარელ ადამიანს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს – პრიორიტეტი საქმიანობა იქნება.

„საყვარელმა ადამიანმა უნდა მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ. პროფესიით, მისწრაფებებით, ხასიათით. ზღვასთნ ურთიერთობას ვერავინ ვერასდროს დამიშლის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულება ქალის საქმიანობად არ არის მიჩნეული, მე სტერეოტიპები არ მაშინებს. გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ, რატომ უნდა დავიჩაგრო, როგორც ქალი?!“

სწავლის პარალელურად მომავალ მეზღვაურს რამდენიმე ჰობი აქვს. ყველაზე ახალი – ფოტოების გადაღებაა. მღერის ბავშვობიდან, იყო რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდში, ახლა ბნსუ-ს ბენდის წევრია. მოსწონს ქართული სიმღერა.

15 წლის ანასტასია ქაჯაიას ხიბლავს ექსპერიმენტები, თავგადასავლები. უყვარს ხატვა. ქმნის პორტრეტებს. გატაცებულია ტანსაცმლის დიზაინით, უკვე შექმნა რამდენიმე კაბა.

ახლა მომავალი მეზღვაურის მთავარი ინტერესი სასწავლო სტიპენდიის მოპოვება და სასწავლო პრაქტიკის დაწყებაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი