მთავარი,სიახლეები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა

14.03.2019 • 1313
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 13 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.

ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება მაისამდე. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 1-ელ მაისს გაიმართება. ამ სხდომაზე გადაწყდება შენარჩუნდება თუ შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთი.

რეფინანსირების განაკვეთი პირდაპირ კავშირშია კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთთან. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ან შემცირება ავტომატურად იწვევს იმ სესხების საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას, რომლებიც ლარშია გაცემული და მიბმულია რეფინანსირებაზე.

ზოგადად, კომერციული ბანკები სების მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს ამატებენ მინიმუმ 2%-ს და ისე გასცემენ სესხებს ლარში.

„თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს… საგარეო რისკების შენელებასთან ერთად, იანვარში ეროვნულმა ბანკმა განაგრძო ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი, რომელიც გასული წლის ივლისში დაიწყო.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორების თანახმად, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება და საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკებიც დაბალია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესის შემდგომი გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება მოთხოვნის პოტენციური დონიდან ჩამორჩენა“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სდომაზეც შეამცირა. მაშინ, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 72 745 მომხმარებელს შეუმცირდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: