საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,5-ჯერ, 158 მილიონ 723 ათას 600 აშშ დოლარითაა შემცირებული. შესაბამისად, 2017 წელს აჭარის რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო 193 მილიონი აშშ დოლარი, 2018 წელს კი [წინასწარი მონაცემებით] მხოლოდ 35 მილიონი აშშ დოლარი.
რა ოდენობის უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის ინვესტიციები განხორციელდა აჭარაში 2017 და 2018 წელს – ამ ინფორმაციის მისაღებად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით 2019 წლის იანვარშიც მივმართეთ. სამინისტროდან მაშინ, ასევე წერილობით, გვიპასუხეს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ.
აღნიშნულ ინფორმაციებს სამინისტროსგან ვითხოვდით წლების შესაბამისად – ეკონომიკის სექტორების, ქვეყნებისა და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით.
„თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მეთოდოლოგიის დახვეწის აუცილებლობის გამო, 2017 წლიდან აღარ აღრიცხავს კერძო სექტორის მიერ აჭარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციების მაჩვენებელს და ეკონომიკური ანალიზის მიზნით იყენებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მაჩვენებელს“ – მოგვწერეს სამინისტროდან.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2018 წლის წინასწარი მონაცემები საქსტატმა გუშინ, 11 მარტს გამოაქვეყნა. დაზუსტებულ მონაცემებს კი 2019 წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს, „რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] ინფორმაციით, თითქმის 35%-ით არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთელი ქვეყნის მასშტაბითაც. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 მილიარდ 232 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34,9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის საქსტატი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, რამდენიმე საწარმოს გადასვლას საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას [სასესხო დავალიანების დაფარვას] ასახელებს.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, 49.6 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 19,5 პროცენტით, მეორეზე – გაერთიანებული სამეფო 16,5 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ნიდერლანდი, 13,6 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა [განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით] კი 2018 წელს 52,3 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 277,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22,5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 209,9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი, 157,2 მლნ. აშშ დოლარით.
ამ თემაზე:
აჭარის ეკონომიკის სამინისტრო: რეგიონში კერძო ინვესტიციებზე ინფორმაციას არ ვფლობთ