მთავარი,სიახლეები

ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთი არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს

17.04.2019
ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთი არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს

16 აპრილს, სამშაბათს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა იმ შესაძლო გზებსა და საშუალებებზე ისაუბრა, რითაც უახლოეს ხანებში იქნება შესაძლებელი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ხანძრის გაჩენიდან მეორე დღეს განაცხადა, რომ პირვანდელი სახით კათედრალი 5 წელიწადში უნდა აღდგეს.  სპეციალისტების თქმით, რთულია ამ ეტაპზე განისაზღვროს, რა დრო დასჭირდება და ზუსტად რა ფინანსურ რესურსს მოითხოვს აღდგენითი სამუშაოები.

გამოცემა  FIGARO-ს ინფორმაციით მინისტრთა საბჭო ელისეს სასახლეში შეიკრიბება და სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებს პერიოდულად რეკონსტრუქციის საკითხებზე. საბჭოს განცხადების მიხედვით შემოწირულობების ხარჯვითი ნაწილი იქნება სრულიად გამჭვირვალე და განისაზღვრება თითოეული ევროს დანიშნულება ნოტრ-დამის აღდგენისას.

რეკონსტრუქციის სპეციალურმა საბჭომ შეიმუშავა შემომწირველთა წამახალისებელი მიდგომა: ფიზიკური პირები და კომპანიები, რომლებიც ტაძრის აღსადგენად შეწირავენ თანხას, სანაცვლოდ ისინი კომუნალურ გადასახადებზე მიიღებენ ფასდაკლებას.

შეიქმნა სპეციალური ვებპორტალიც www.rebatirnotredame.gouv.fr სადაც მსურველებს ოთხ სხვადასხვა ფონდში თანხის ჩარიცხვით შეეძლებათ კათედრალის რეკონსტრუქციაში წვლილის შეტანა.


არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსი დამწვარი კოშკის აღსადგენად

კათედრალის კოშკი, რომლის ჩამონგრევის კადრებიც 15 აპრილს პირდაპირ ეთერში მთელმა მსოფლიომ ნახა, 1859 წელს ააგო არქიტექტორ ეჟენ ვიოლე ლე დუკმა. პრემიერ მინისტრის ედუარდ ფილიპის განცხადების მიხედვით საფრანგეთი არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს. ახალი კოშკი ან ძველის იდენტური ასლი უნდა იყოს ან ჰქონდეს პირვანდელი ფორმები მაგრამ ჰარმონიულად ერწყმოდეს მას თანამედროვე არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებიც.

დღეს, საფრანგეთის დროით 16:00 საათზე ელისეს სასახლეში კათედრალის აღდგენის საქმეში ჩართული პირები შეიკრიბნენ. მათ კათედრალის აღდგენის საკითხებსა და არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსზე დეტალურად უნდა იმსჯელონ.

ნოტრ-დამის აღდგენის საკითხებით დაინტერესებული სპეციალური საბჭოს შემადგენლობაშია პრეზიდენტი მაკრონი, პრემიერი, მინისტრები, პარიზის მერი, საფრანგეთის ეროვნული საბჭოსა და ეროვნული სენატის პრეზიდენტები, ასევე იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზული და წარმომადგენლები ნოტრ-დამიდან – არქიეპისკოპოსი და სხვები. შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

წყარო: LE FIGARO

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: