GGM – სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა თუ არ შეიცვალა, ხარისხი ვერ გაუმჯობესდება


ბოლო წლებში, ბათუმში, რამდენიმე ახალი სამედიცინო დაწესებულება ამოქმედდა. აღნიშნული ფაქტი, ზოგადად კარგია, თუმცა სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის მატებასთან ერთად, ამ სფეროში იზრდება პრობლემებიც:

  • ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა პაციენტები (პაციენტის ახლობლები) უჩივიან სამედიცინო მომსახურების ხარისხს და ხშირად საფუძვლიანადაც;
  •  ბათუმში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, ერთსა და იმავე პაციენტს, ერთ კონკრეტულ პერიოდში, განსხვავებულ კვლევებს სთავაზობენ და სხვადასხვა დიაგნოზს უსვამენ;
  • ბათუმში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები ხშირად სხვა, კონკურენტი დაწესებულების ხარისხს და ექიმების პროფესიონალიზს ეჭვქვეშ აყენებენ;
  • უკვე ერთგვარ პრაქტიკად იქცა სამკურნალოდ, თურქეთის რესპუბლიკაში წასვლა;
  • საშუალო და რთული მდგომარეობის დროს პაციენტების უდიდესი ნაწილი დიაგნოზს “ამოწმებს” სხვა ქალაქებისა და ქვეყნების კლინიკებში.

მარტივი შესამჩნევია, რომ სამედიცინო დაწესებულებების მატებასთან ერთად, თავისთავად ვერ გაიზრდებოდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, რის გამოც, ადრე 2-3 დაწესებულებაში ერთად მომუშავე სპეციალისტები სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდნენ. კონკურენტი კლინიკის ექიმები კი ერთმანეთთან ნაკლებად თანამშრომლობენ.

ახალი სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი ნაწილი მრავალპროფილურია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თითქმის ყველგან ყველაფერს მკურნალობენ (ყოველ შემთხვევაში, სერვისები აქვთ).

ჩვენი, როგორც მართვის სფეროში მოქმედი კომპანიის მოსაზრებით, ეს რეალობა გამომდინარეობს სისტემური კრიზისიდან და მისი მოგვარებისთვის, მთავარი გამოსავალი მდგომარეობს შემდეგში: 

  • მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებების ნაცვლად, ეს სფერო უნდა განვითარდეს პროფილურ მიმართულებებად. ერთ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს მხოლოდ მონათესავე მიმართულებები, სადაც იმუშავებენ ერთი პროფილის სპეციალისტები და ეს დაწესებულება გაძლიერდება, სწორედ ამ პროფილის მიმართულებით;
  • მრავალპროფილური და პროფილური სამედიცინო დაწესებულებებისთვის საკანონმდებლო დონეზე უნდა გაიზარდოს კონკრეტულ მიმართულებაზე სპეციალისტების (ექიმის) მინიმალური რაოდენობა და ძირითად თანამშრომლად დასაქმების ვალდებულება;
  • სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მოეთხოვოს სახელმწიფოსთან ერთად, პროფილის მიხედვით მედპერსონალის უწყვეტი განათლების პროგრამების ამოქმედება (ტრენინგი, სტაჟირება, კონფერენცია, პროფილურ კლინიკასთან პარტნიორობა და ა.შ.).

სამედიცინო დაწესებულებების პროფილური განვითარება შესაძლებელია, როგორც სახელმწიფოს საკანონმდებლო ჩარევებით (იძულებით), ასევე სამედიცინო დაწესებულებების (როგორც ერთ სფეროში მოქმედი ბიზნესკომპანიების) შეთანხმებით.

სამედიცინო დაწესებულებების პროფილური განვითარებით, ვფიქრობთ, მივიღებთ არანაკლებ ხუთ მთავარ შედეგს:

  • ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული კონკრეტული დარგის სპეციალისტების გუნდი და შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტირების სისტემა, ბუნებრივია, რადიკალურად გაზრდის სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარისხს (შესაძლებლობას);
  • გაიზრდება პაციენტების მხრიდან სამედიცინო დაწესებულებებისადმი და ექიმებისადმი ნდობის ხარისხი, რადგანაც დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში ჩართული იქნება კონკრეტული პროფილის ბევრი სპეციალისტი, დაწესებულება აღიჭურვება შესაბამისი ტექნოლოგიებით და რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, პაციენტებს (მათ ახლობლებს) ექნებათ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში (მაგ.: მძიმე პაციენტი) ერთ სივრცეში მოისმინონ ექიმთა გუნდის მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება – დიაგნოზი (ამ ფონზე პაციენტს/ახლობლებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აღარ დასჭირდებათ სხვაგან დიაგნოზის გადამოწმება);
  • შემცირდება საზღვარგარეთ პაციენტთა წასვლის საჭიროება, რადგანაც, აქვე, ჩვენს ქალაქში იქნება ხარისხიანი მკურნალობის მიღების შესაძლებლობა;
  • ბათუმში მაღალტექნიოლოგიური პროფილური სამედიცინო დაწესებულებების ჩამოყალიბება-გაძლიერებით იქმნება სამედიცინო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა (საქართველოს სხვა ქალაქებიდან/რეგიონებიდან და სხვა ქვეყნებიდან, კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ, ლოგიკურია, ბათუმის კლინიკებს მიმართავენ პაციენტები. სწორი მარკეტინგის პირობებში, ეს ამბავი მაღალტექნოლოგიური პროფილური კლინიკების ძლიერი მხარეა);
  • პროფილური სამედიცინო დაწესებულებები ამ დარგში ლიდერობის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად, შეეცდებიან უწყვეტ რეჟიმში კიდევ უფრო გაძლიერდნენ და მეტი პაციენტი მიიზიდონ, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებენ, როგორც მედპერსონალის კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად, ასევე ტექნოლოგიური მიმართულების გასაძლიერებლად.

ზემოაღნიშნული ინიციატივის განხილვის მიზნით, მართვის კომპანია GGM მიმდინარე წლის 7 მაისს გამართავს საჯარო ღონისძიებას (ინიციატივის წარდგენა, დისკუსია), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების, სამედიცინო დაწესებულებების, უფლებადამცველი, მედია ორგანიზაციების და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები.

მთავარი ფოტო: Luis Melendez

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი