მთავარი,სიახლეები

სავალუტო ჯიხურის ძარცვაში ბრალდებულმა საფრანგეთში მოახერხა წასვლა

18.04.2019
სავალუტო ჯიხურის ძარცვაში ბრალდებულმა საფრანგეთში მოახერხა წასვლა

სავალუტო ჯიხურის ძარცვაში ბრალდებული 26 წლის ზ.ლ. დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. ის საფრანგეთშია. მან საზღვრის გადაკვეთა მას შემდეგ მოახერხა, როცა სასამართლომ გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„ეს არის ცნობა საფრანგეთის ერთ-ერთი კლინიკიდან, ის იქ მკურნალობს,“ – თქვა ადვოკატმა მზია დიასამიძემ და მოსამართლეს დოკუმენტი მიაწოდა. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებული სხდომის გამართვას მისი დასწრების გარეშე ითხოვს.

„რაზე მკურნალობს?“ – დაეჭვდა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი. მან ფრანგულ ენაზე შევსებულ დოკუმენტს გადახედა და დასძინა, რომ სამკურნალოდ უცხო ქვეყანაში წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ პროცესზე მისვლა ვერ შეძლო.

ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ ამ ეტაპზე არ გაურკვევია, რა წერია საფრანგეთიდან გამოგზავნილ დოკუმენტში. ის მოსამართლეს და პროკურორს სიტუაციის გარკვევას დაჰპირდა.

„ეს დადასტურებადია, თავისი ფეხით წავიდა, თუ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა… საჭიროა ისეთი დოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ მას არ შეუძლია გამოცხადება,“ – უთხრა ადვოკატს მოსამართლემ.

ძარცვის ეს შემთხვევა, რაზეც ზ.ლ. არის ბრალდებული, რამდენიმე თვის წინ, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. როგორც ადვოკატი ყვება, სავალუტო ჯიხურში მყოფ პირს 5 ათასი ლარი დაშინების და მუქარის გარეშე წაართვეს. რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციელებმა ზ.ლ. დააკავეს – ის სათვალთვალო კამერებში გამოჩნდა. დაკავებულმა თქვა, რომ ბრალს აღიარებდა, მაგრამ არა 5 ათასი ლარის წაღებას.

„არ ახსოვს რამდენი წაიღო,“ – დასძენს ადვოკატი მზია დიასამიძე.

ადვოკატმაც და პროკურორმაც დღევანდელი პროცესის გადადება ითხოვეს, რადგან შესაძლოა მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგეს. ადვოკატის თქმით, ის ჯარიმის დაკისრებას და პირობით მსჯავრს ითხოვს.

„ჯერ არ ვიცით, რა სასჯელზე შევთანხმდებით,“ – ამბობს პროკურორი ზურაბ კონცელიძე.

სასამართლო პროცესი თვენახევრით გადაიდო. ამ პერიოდში ბრალდებული ან შესაბამის სამედიცინო ცნობას წარმოადგენს სასამართლოში, ან საქმე შეთანხმებით დასრულდება.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: