მთავარი,სიახლეები

რატომ დაუჭირა მხარი ნატა იმედაიშვილმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს

19.04.2019 • 1933
რატომ დაუჭირა მხარი ნატა იმედაიშვილმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს

„თუკი  8 თვის შემდეგ წავიდოდა ნათია კაპანაძე იმიტომ, რომ მისი უფლებამოსილების ვადა იწურებოდა, ესე იგი, შესაძლებელია, სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დამდგარიყო? შეუძლებელია, ჩვენ ამაზე ვილაპარაკოთ,“ – ასე პასუხობს „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილი შეკითხვას სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის რისკთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებით დაიწყოს. დღეს, 19 აპრილს, მრჩეველთა საბჭოს ოთხმა წევრმა დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი დააკმაყოფილა.

ნატა იმედაშვილს ვკითხეთ, რის გამო დაუჭირა მხარი მან იმპიჩმენტს, რომელიც 10 აპრილს საბჭოს წევრებმა გიგა ჩხარტიშვილმა [„ქართული ოცნების“ კვოტა] და ირაკლი დარცმელიძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა] დასვეს. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი პოზიცია დღეს ნათია კაპანაძის არაარგუმენტირებულობამ განაპირობა.

„რაზეც ნათია კაპანაძეს ჰქონდა არგუმენტი, ეს შეეხებოდა რეიტინგს, რომელიც მე ყველაზე ნაკლებად მაღელვებს… იყო დასაბუთება, რომ არსებობს ნდობა და გვყავს მაყურებელი, რომელმაც იცის, რომ აჭარის ტელევიზია არსებობს“, – ამბობს ნატა იმედაშვილი.

რა საკითხზე ვერ მიიღო პასუხი მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძისგან? – ნატა იმედაშვილი რამდენიმე საკითხს ასახელებს, მათ შორის, პრიორიტეტების შეუსრულებლობას და უსამართლობის განცდას, რომელიც თანამშრომლების ნაწილს აქვს.

„დღეს უწოდეს ამ პროცესს მართული, მაგრამ ეს საბაბის გარეშე არ არსებობდა… ბოლო სხდომაზე ანგარიშის წარმოდგენის დროს იყო საუბარი იმაზე, რომ შესრულდებოდა პრიორიტეტები და გაკეთდებოდა გადაცემები განათლების შესახებ, ასევე საბავშვო გადაცემები და დოკუმენტური ფილმები. ჩვენ ველოდით, რომ დღეს იქნებოდა უფრო მეტი არგუმენტები…

ასევე თანამშრომლების ნაწილს აქვთ უსამართლობის განცდა იგივე სახელფასო გადანაწილებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ თანამშრომელს აქვს უსამართლობის განცდა. თანამშრომლებისთვის უცხო არ არის, რომ მან ერთ-ერთ მოწვეულ კონსულტანტს ორ თვეში 16 ათასი ლარი გადაუხადა,“ – აღნიშნა ნატა იმედაშვილმა.

საბავშვო გადაცემების არქონა, ან განათლების შესახებ ცალკე გადაცემა არის თუ არა საკმარისი მიზეზი იმპიჩმენტისთვის? – ნატა იმედაიშვილის თქმით, წლების განმავლობაში განიხილებოდა ეს პრობლემები და ბოლოს, როცა უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა, როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ჰქონდა პირობა, რომ ეს პრობლემები მოგვარდებოდა.

„აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა, როგორც მიუკერძოებელი მაუწყებელი. ნატა იმედაშვილს ასევე ვკითხეთ, რატომ არ გახდა მისთვის ანგარიშგასაწევი იგივე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშ, სადაც აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზამრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გვითხრა, რომ კვლევებს და, მათ შორის, ეუთოს დასკვნებს ენდობა, თუმცა ტელევიზიის მუშაობას დადებითად მაშინაც აფასებდნენ, როცა ის მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტი იყო.

„მე ვერ მოვიძიე ეს კვლევები, ხელთ არ მაქვს, მაგრამ 2013 წლამდეც კეთდებოდა აჭარის ტელევიზიის მისამართით დასკვნები, რომ არჩევნებს ეს ტელევიზია კარგად აშუქებდა… ეს მაღალი სტანდარტი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. მე მგონია, რომ მრჩეველთა საბჭომ უნდა აიღოს სწორედ ეს პასუხისმგებლობა. მე არ ვფიქრობ, რომ მრჩეველთა საბჭო, ან დირექტორია თავისუფლების გარანტი. მგონია, რომ ერთიანად უნდა მოხდეს ამის გადანაწილება,“ – აღნიშნა ნატა იმედაშვილმა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს.

103 თანამშრომელი და ქარტიის მონიტორინგი – არის თუ არა კაპანაძე აჭარა TV-ის დამოუკიდებლობის გარანტი 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: