როგორ დავეხმაროთ მეტყველებისა და სმენის პრობლემების მქონე ბავშვებს? – ამ თემაზე დღეს, 18 აპრილს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდის“ ორგანიზებით, მშობლებსა და სპეციალისტებს ტრენინგი ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში ამავე თემაზე ლექცია განათლების, მედიცინისა და ფსიქოლოგიის მიმართულების ბსუ-ს სტუდენტებისთვისაც ჩატარდა.
„პორტუგალიის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდა სპეციალისტი, განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით, რომელიც უშუალოდ სმენის პრობლემებზე მუშაობს. დღეს შეხვედრა გვქონდა სმენის პრობლემების მქონე ბავშვების მშობლებთან და ამ მიმართულების სპეციალისტებთან.
პროექტის მიზანია, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს სტრატეგიები და მიდგომები სმენის პრობლემების მქონე ადამიანების დასახმარებლად. მუშავდება ამ მიმართულებით ტრენინგ-კურსები და მომავალ წელს იქნება პილოტირება. პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ნებისმიერი სფეროდან იმისათვის, რომ შეძლონ სმენის პრობლემების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა“, – გვეუბნება ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ნანა მაკარაძე. ბსუ პროექტის ერთ-ერთ პარტნიორია.
ტრენინგზე 19 მშობელი იყო მიწვეული. ერთ-ერთი სმენადაქვეითებული ბავშვის მშობლის – ქრისტინა ბერიძის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტები მას ეხმარება იმაში, რომ სწორად დაგეგმოს თავისი შვილის განვითარება.
„ჩემს შვილს აქვს მეოთხე ხარისხის სმენის დაქვეითება, ესაჭიროება ოპერაცია და მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდე, როგორ უნდა ვიზრუნო იმისთვის, რომ ჩემი შვილი განვითარდეს. დღეს მივიღე საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ჩემს შვილთან მიმართებაში დამეხმარება“, – გვეუბნება ის.
„სთეფ ფორვარდის“ დირექტორი მანანა ინაიშვილი: „საქართველოში სმენადაქვეითებულ პირთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ ათას ბავშვზე სამი სმენადაქვეითებული და ერთი ყრუ ბავშვი იბადება. აჭარაში ჩვენ დავიწყეთ მონაცემთა ბაზის შეგროვება და გამოკითხვებით შევაგროვეთ დაახლოებით 250 ბავშვი და ახალგაზრდა, ვისაც სმენის პრობლემები აქვს.
ვინაიდან შარშან დაიწყო სახელმწიფო უნივერსალური სკრინინგი და ხდება ახალშობილების შემოწმება, ასევე იქნება კონფიდენციალური რეგისტრაციისა და მიდევნების სისტემა. ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენი სმენადაქვეითებული ბავშვი გვყავს ქვეყანაში“.
პროექტის ფარგლებში ავეიროს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სკოლის ლექტორი, იზაბელ მონტეირო და კოსტაც იმყოფებოდა ამერიკულ კუთხეში. ის ამბობს, რომ სმენადაქვეითებული ბავშვების პრობლემების მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია დროული ზომების მიღება. ამ პროცესში ერთნაირად მნიშვნელოვანია მშობლის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი ჩართულობა.
იზაბელ მონტეირო და კოსტა ტრენინგზე
„ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, შევძლებთ ჩვენი გამოცდილების გაზიარებას. მეტყველებისა და სმენის მიმართულებით საქართველოში ახლა იწყება მუშაობა. ვფიქრობ, მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეტყველების თერაპევტთან თანამშრომლობა, რადგან მხოლოდ მშობელი მარტო ვერ მოახერხებს პრობლემის მოგვარებას“, – გვეუბნება ის.
პროექტი 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროექტი ხორციელდება ERASMUS+-ის „უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში.