მთავარი,სიახლეები

რატომ შეწყვიტეს აჭარის ტელევიზიის ოპერატორებმა გაფიცვა

19.04.2019 • 1495
რატომ შეწყვიტეს აჭარის ტელევიზიის ოპერატორებმა გაფიცვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ, ტელევიზიის ოპერატორებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ისინი ამ წუთებში ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას. ერთ-ერთი ოპერატორის, ლაშა ჯოყილაძის განმარტებით, გაფიცვა მხოლოდ დროებით შეწყვიტეს:

„მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ საშუალება მივცეთ ახალ მენეჯმენტს განიხილოს ჩვენი პრობლემები, თუ სიტუაცია ისევ შევა ჩიხში, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ გამოვიდეთ გარეთ და გავაგრძელოთ გაფიცვა“.

ოპერატორები აცხადებენ, რომ ხელფასის მომატებას ისინი დიდი ხანია ითხოვენ და ამის თაობაზე არაერთხელ მიმართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილ  დირექტორს ნათია კაპანაძეს, თუმცა ამ საკითხის განხილვა 2020 წლისთვის გადაიდო.

აჭარის ტელევიზიის ოპერატორები დღეს გაიფიცნენ, მანამდე, ვიდრე ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭო დირექტორის გადაყენების პროცედურას დაიწყებდა. ბორდმა დირექტორი უკვე გადააყენა.

ოპერატორი ლაშა ჯოყილაძე აცხადებს, რომ ეს პროცესი იმპიჩმენტის პროცედურისთვის შეგნებულად არ დაუმთხვევიათ:

„ჩვენი პროცესი დაიწყო იანვრის თვეში, ამ დროს ქალბატონი ნათიას იმპიჩმენტზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ გაფიცვის შესახებ სამი დღით ადრე განვაცხადეთ, ბორდი 18-ში გეგმავდა იმპიჩმენტის პროცედურის განხილვას. მე არ გამოვრიცხავ, შესაძლებელია ჩვენი პრობლემაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი, ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვებული, თუმცა ეს ბორდის პრეროგატივა იყო და ბორდმა გადაწყვიტა.“

ოპერატორი ამბობს, რომ ჯერ არ შეთანხმებულან ვადაზე, რასაც ისინი ხელფასების მომატების საკითხის განსახილველად ახალ მენეჯმენტს მისცემენ.

 

აჭარის ტელევიზიის „ახალი ამბების“ ოპერატორები შესაძლოა გაიფიცნონ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: