განათლება,მთავარი,სიახლეები

Write On! – კრეატიული წერის სამი გამარჯვებული ბათუმიდან

18.04.2019 • 3287
Write On! – კრეატიული წერის სამი გამარჯვებული ბათუმიდან

Write On! – არის ინგლისურენოვანი საერთაშორისო კონკურსი კრეატიულ წერაში. ის საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ორგანიზებით ტარდება. წელს, ნაციონალურ კონკურსზე სამმა გოგონამ გაიმარჯვა ბათუმიდან. კონკურსის პრინციპი ასეთია – გაძლევენ ამბის დასაწყისს, შემდეგ კი ამბავი კონკურსის მონაწილემ საკუთარი შემოქმედებითი უნარის მიხედვით უნდა განავითაროს და დაასრულოს. ფინალში ყველაზე კრეატიული იდეის ავტორები გადადიან.

თამარ ტაბიძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-11 კლასელია, ის Write On!-ის მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

თამარ ტაბიძე

„საკონკურსო თემის თეზა იყო, რომ პრინცესა იჯდა მაღალ კოშკში გამოკეტილი და ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფრისგან თავი დაეღწია. თემა განვავითარე იმ მიმართულებით, რომ გოგონას და ბიჭსაც და, საერთოდ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ყველაფერს, რაც სურს, თუკი მოინდომებს და არ დაელოდება სხვას.

ჩვენს ნაცვლად სხვამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ“.

თამარი ამბობს, რომ წერა ძალიან უყვარს, მათ შორის ლექსების. „როცა სკოლაში მასწავლებელი რაიმე დასაწერს გვაძლევს, ერთი სული მაქვს, როდის მივალ სახლში და დავწერ“.

თამარს მოსწონს გენდერული საკითხებზე წერა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ქალთა უფლებებზე საუბარია და წერა, რადგან გენდერული თანასწორობის საკითხები დღესაც კამათს იწვევს საზოგადოებაში.

„ახლა სკოლაში სამიჯნურო ნაწილს გავდივართ ნაწარმოებებში და ხშირად ვკამათობთ ამ თემის ირგვლივ. ბიჭების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ სტერეოტიპულად უყურებს ქალის როლს და ამბობს, რომ „ქალი ყველა უბედურების მომტანია“ და „როცა ქალი გამოჩნდება, იქ ყველაფერი ინგრევა“.

„ხევისბერ გოჩას“ როცა გავდიოდით, იქ წამოვიდა კიდევ ასეთი დამოკიდებულება – „ქალი რომ არ ყოფილიყო, ხომ არ იჩხუბებდნენ მეგობრები“, „ხომ არ მოხდებოდა ეს ტრაგედია“ და ა.შ. ვფიქრობ, სულ სხვანაირად უნდა შევხედოთ ამ ტიპის საკითხებს, რადგან სიყვარული არ შეიძლება იყოს დანაშაული და ქალი არ შეიძლება იყოს დამნაშავე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას შეუყვარდა“.

თამარი ამბობს, რომ თავის  მომავალს ლიტერატურაში ხედავს. „ზოგადად, ჩემი ასაკი არის საკუთარი თავის ძებნის და პოვნის ასაკი, ამიტომ მეც ძიებაში ვარ“, – გვეუბნება ის.

ვალერია ჩაზმავა მესამე ადგილის მფლობელი გახდა ამ კონკურსში. ის ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის მე-12 კლასელია. კონკურსში პირველად მონაწილეობდა.

ვალერია ჩაზმავა

ვალერია ამბობს, რომ პრინცესას ცხოვრება მან ასე განავითარა: „სკოლაში წავიდა და იქ ერთი ბიჭი გაიცნო, რომელმაც შემდეგ იმედები გაუცრუა, რადგან დანაპირები არ შეასრულა.

იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში მხოლოდ სიტყვები არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია ადამიანების ქცევა. გარდა ამისა, კოშკიდან გაქცეული პრინცესა იმასაც მიხვდა, რომ სხვაზე არ უნდა იყო დამოკიდებული და შენი თავისუფლება შენ თვითონ უნდა მოიპოვო“, – ამბობს ვალერია.

თამარის მსგავსად წერა ვალერიასაც ძალიან უყვარს. კიდევ უყვარს სპორტი და ბათუმის ნაკრებში ფრენბურთს თამაშობს. „საქართველოს ჩემპიონატი გვაქვს რამდენჯერმე მოგებული“, – გვეუბნება ის.

მომავალში ვალერია ადვოკატობას აპირებს. ამბობს, რომ ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობა აინტერესებს. „ვფიქრობ, ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ავიღოთ თუნდაც ბავშვის უფლებები, აქაც გვაქვს ხარვეზები. ბავშვის აზრს ამ ქვეყანაში პატივს არ სცემენ სათანადოდ“, – გვეუბნება ის.

თამარ თურაძეც მესამე ადგილის მფლობელია. ის სკოლა „განათლების“ მეათე კლასის მოსწავლეა. თამარის ამბობს, რომ კონკურსის ფორმატი და თემაც მისთვის ძალიან საინტერესო იყო.

თამარ თურაძე

„ამბავი იწყებოდა ასე, – „ტყეში შევიდა გოგონა და დაინახა დიდი კვერცხი“. შემდეგ აზრი უნდა გამევითარებინა მე. დავწერე, რომ გოგონამ კვერცხი აიღო და წაიღო სახლში. გოგონას წარმოდგენაში კვერცხში ლამაზი და ძვირფასი ნივთები უნდა ყოფილიყო ჩალაგებული, მაგრამ როცა კვერცხი გატეხა, შიგნით ძველი ტანისამოსი აღმოჩნდა. ამით ის ვთქვი, რომ ხშირად გარეგნულ მხარეს შეცდომაში შევყავართ“.

თამარს ასევე მოსწონს გენდერულ საკითხებზე წერა. ბოლოს USAID-ის კონკურსში გაიმარჯვა, სადაც სწორედ გენდერულ უთანასწორობაზე დაწერა.

„ის, რომ ქალი არ არის კაცის თანასწორი“, რომ „ოჯახში ფულის შემომტანია კაცია“ და „ქალის ადგილი არის „კუხნაში“, ასეთი ფრაზები დღესაც ისმის ჩვენს ირგვლივ. ვფიქრობ, ამ პრობლემაზე ხშირად უნდა ვისაუბროთ და ვწეროთ“, – გვეუბნება თამარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: