აჭარის ტელევიზიის 13-მა ოპერატორმა დღეს გაფიცვა დაიწყო


დღეს 19 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების 13 ოპერატორი გაიფიცა. ისინი ტელევიზიის შენობის წინ არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მუშაობას არ გააგრძელებენ.

„ჩვენ გვქონდა მოთხოვნა გუშინ სახელფასო ანაზღაურებაზე და შეხვედრები გვქონდა მენეჯმენტთან, ეს პირველი შეხვედრა არ იყო, არამედ ბოლო იყო, რადგან უშედეგოდ დამთავრდა. იყო საუბარი – „მოდით ჩვენ ერთად დავიწყოთ მშენებლობა, ერთად რაღაც ვაკეთოთ“. ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს“, – ამბობს ომარ ბერიძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენი პროცენტით ითხოვენ ხელფასების მატებას, გაფიცული ოპერატორები არ აკონკრეტებენ. „ხელფასების მომატებაზე საერთოდ არ იყო საუბარი და შემდეგ წავიდა მუქარის ტონი, რომ „შენ გადიხარ გაფიცვაზე?“ მაშინ ავდექით და წამოვედით“, – ამბობს ომარ ბერიძე, რომელმაც გვითხრა, რომ ის ყველა გაფიცული ოპერატორის სახელით აკეთებს განცხადებას.

ოპერატორები დღეს დაგეგმილ სამეურვეო საბჭოს სხდომაზეც აპირებენ დასწრებას. დღეს, 13:00 საათზე სამეურვეო საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს.

ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს, როგორც რისკს სარედაქციო დამოუკიდებლობის კუთხით.

ამავე თემაზე:

ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com