მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

გამარჯობა!

18.04.2019 • 1661
გამარჯობა!

ავტორი: იუჯელ ალფაი დემირი

ყველაფერი ჩემი ცოლის ნათასავის, მურად მასწავლებლის სიტყვებით დაიწყო: წამო, ბათუმში წავიდეთ!

წესად არ მაქვს, ვიკითხო: „ხომ მშვიდობაა? რა საქმე გაქვს?“,  არც მისთვის მიკითხავს.

ჩემი ხშირი მოგზაურობები ქვეყნის ფარგლებშიც და საზღვარგარეთაც, უმეტესად ასე სპონტანურად და ბევრი ფიქრის გარეშე დაწყებულა.

მოგზაურობის დეტალები აეროპორტში გაცნობილ შოთა გაბაიძესთან საუბარში გავიგე.

შოთას ქოჯაელის უნივერსიტეტში უსწავლია. დახვეწილი, გამჭრიახი ქართველი ყმაწვილია.

ჩემ ართვინელ ქვისლს ქართული ფესვები აქვს. მისი მამა, ძია დურსუნ ალი,  შოთას მამის, ჯამბულ გაბაიძის ძველი მეგობარი ყოფილა. სწორედ მათი მეგობრობა გახდა ჩვენი გაცნობის მიზეზი.

მურად მასწავლებელი სტუმრად მიუწვევიათ და ამის წყალობით, მათთან სტუმრობის ბედნიერება მეც მხვდა წილად.

შოთას მამა, ჯამბულ გაბაიძე, დედა, გიული გაბაიძე და მათი ნათესავები უკეთილშობილესი ადამიანები არიან. ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობით მიგვიღეს და გამოგვაცილეს.

როგორც ახალციხელ მესხს, უცხოობა სულ არ მიგრძვნია, პირიქით, გამაოცა ჩვენი სამზარეულოსა თუ კულტურის მსგავსებამ.

იმან კი, დედაჩემის გაკეთებული  ხინკლის, სინორის, ხაჭაპურის და ლობიოს გემო საოცრად რომ ჰგავდა შოთას დედის, გიულის ნახელავს, განსაკუთრებული ელფერი შეჰმატა ყველაფერს.

სასწავლებლად თუ სავაჭროდ ბევრი ქართველი დადის თურქეთში და  თურქულიც ბევრმა იცის, ამიტომ არც ენობრივი ბარიერის გამო მიგრძვნია უცხოობა…

საგზაო მოძრაობის წესებს ჩვენზე გაცილებით უკეთ იცავენ, მაღაზიებში თავაზიანად გექცევიან, არავინ არაფრის შეძენას არ გაძალებს. ამ პატარა ქალაქში არის მოედანი, როგორსაც ვერ ნახავთ ჩვენს ქალაქებში – 145-მეტრიანი ანბანის კოშკი, ნინოს და ალის სიყვარულის საგალობელი – 8-მეტრიანი მოძრავი ქანდაკება, შავი ზღვის პლაჟები, უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომლის სანახავად ერთი დღე ნამდვილად არ გეყოფათ, განსაკუთრებული არქიტექტურის სახლები ქალაქის ყველა ადგილას, რომლებიც გიადვილებენ მისამართის მიგნებას და ქართული სამზარეულო.

ეს ქალაქი თავს გამახსოვრებს, გიწვევს კიდევ ერთხელ სანახავად.

თქვენც გირჩევთ.

ისინი კი ისეთ თურქებს ელიან, ვინც მხოლოდ აზარტული თამაშებისა და ღამის ცხოვრებისთვის არ ჩადის.

ტურიზმის ეს ნაწილი თურქეთიდან ჩასული მეწარმეების ხელშია, რომლებიც იმ უბანს, რომელიც „ინტენსიურად“ არის დასახლებული, ამ ადამიანებით სტამბოლის ლალელის  ამსგავსებენ. თუმცა…

არ შევხვედრივარ არცერთ ქართველს, რომელიც ფიქრობს, რომ აი, თურქეთიდან ტურისტი ჩამოვიდეს და მოვატყუოთ, ვითაღლითოთო, როგორც ამას, ზოგ სოციალურ მედიასა და ფორუმებზე წერს – პატიოსანი, მშრომელი ხალხია.

რა თქმა უნდა, ასეთებიც იქნებიან, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ ის თაღლითი ჩვენი ქვეყნიდან ჩასული ვინმე მეწარმეც იყოს.

აბა, საკუთარ თავსაც შევხედოთ, სხვა ქვეყანაში ჩასულთ!

ანგელოზი არავინ არ ვართ, მაგრამ კარგი იქნება ზოგჯერ მაინც დავფიქრდეთ, ზიანს ხომ არ ვაყენებთ მუსულიმი თურქების იმიჯს!

ეს კრიტიკა ჩვენს იმ თანამემამულეებსაც ეხება, აზარტული თამაშებს, სასმელს, ფულს რომ არიან დახარბებული!

რადგან მათ ყველაზე მეტად უჩივიან!

კარგი იქნება, თუ მომავალ თაობას უკეთეს ნაკვალევს დავუტოვებთ, რომ მათაც ჩვენსავით იამაყონ წინაპრებით.

საბედნიეროდ, ბათუმში არის თურქული სკოლები და თურქი მასწავლებლები, რომლებიც სწორი კუთხით წარმოაჩენენ თურქებს. მათი წყალობით შენარჩუნებულია ბათუმელი ქართველების კარგი შეხედულება მუსლიმი თურქი ხალხის მიმართ.

თუ წახვალთ, წადით, ნახეთ ბათუმი.

გამარჯობამ თუ დაგაინტერესათ, მისალმებაა ქართულ ენაზე და ამით გამარჯვებას გისურვებენ.

და თუ ქართველს ეტყვით „გამარჯობა!“, ის გიპასუხებთ – „გაგიმარჯოს!“ და ნაცნობობაც ასე ადვილად დაიწყება.

ბედნიერი დღე გქონოდეთ!

სიყვარულით…

მთავარი ფოტო: შოთა გაბაიძე და იუჯელ ალფაი დემირი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: