სიახლეები

სიცოცხლისათვის საშიშ სახლებში 753 ოჯახი ცხოვრობს – რას გეგმავს ბათუმის მერია

17.04.2019 • 3650
სიცოცხლისათვის საშიშ სახლებში 753 ოჯახი ცხოვრობს – რას გეგმავს ბათუმის მერია

ბათუმში სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთა. მერიის თანამშრომლების მიერ ზედაპირული დათვალიერების შემდეგ ექპერტიზის ბიუროს 34 სახლის მონაცემები მიაწოდეს. ამ სახლებიდან სპეციალისტებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს 19 სახლის აღდგენა-გამაგრება: „ავარიულია და სახლის ან მისი ცალკეული ზონების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.“

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, დამატებით ორი შენობის არსებული სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია [ტბეთის ქ. #4, ოჯახების რაოდენობა – 10 და ი. ნონეშვილის ქ. #3, ოჯახების რაოდენობა -3].

განმარტების მიხედვით, რომლებიც ბათუმის მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, ამ საკითხს მერიის სპეციალისტები აფასებენ, როგორც „ურთულეს გამოწვევას, რაც დაკავშირებულია ავარიული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობების ლიკვიდაციასთან.“

მერიაში მიიჩნევენ, რომ პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ის ვერ მოგვარდება მხოლოდ  ბათუმის მუნიციპალიტეტის ფინანსური და ქონებრივი რესურსებით. ერთ-ერთ საშუალებად მათ პროცესში დეველოპერების ჩართვა მიაჩნიათ: „მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შეთავაზების მიზნით და ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად“.

მერიის განმარტებითი ბარათით ირკვევა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. მათ შორისაა მუნიციპალური პროგრამის შემუშავება, რაც მერიის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდის გამოყენებასაც გულისხმობს. მერიის გათვლებით, ამ პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.

ტბეთის ქუჩა #7 ფოტო: ნანა ცეცხლაძე [ბათუმელების სტაჟიორი]

მერია ერთ-ერთ ვერსიად ასევე განიხილავს სახლების მესაკუთრეებისთვის ერთჯერადად 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის კომპენსაციის გაცემას. ამის სანაცვლოდ მესაკუთრემ მერიას უნდა დაუთმოს საკუთარი ავარიული საცხოვრებელი. საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში არაფერი წერია იმის შესახებ, როგორ გამოთვალა მერიამ ეს თანხა მაშინ, როცა ამ სახლებში მცხოვრები ოჯახები ქალაქის სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა ფართობს ფლობენ, რამდენიმე სახლი ქალაქის ცენტრთან ახლოსაა, რამდენიმე კი მოშორებით. საკრებულოს წევრებს სხდომაზე საკითხის განხილვისას ამ საკითხზე კითხვები არ დაუსვამთ.

განკარგულების ბარათის მიხედვით, მერიამ კომპენსაციის გასაცემად, ასევე ახალი მშენებლობების დასაწყებად, თანხის მობილიზება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2020 წლისა და გაგრძელდეს საფრთხის შემცველი ყველა შენობა-ნაგებობების სრულ ლიკვიდაციამდე.

მერია ამ საკითხის მოგვარებაში დეველოპერების ჩართვას აპირებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, ავარიული სახლებიდან რამდენიმეს შესყიდვით და მათ ნაცვლად ახალი მშენებლობის წამოწყებით კერძო კომპანიები ამ დრომდეც დაინტერესებულები იყვნენ – განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში და ცენტრის მიმდებარედ. ერთ-ერთი ასეთია, მაგალითად, ყაზბეგის #16.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, „მერია უზრუნველყოფს დეველოპერული კომპანიების ინფორმირებას ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ავარიული სახლების შესახებ. მშენებელ კომპანიებს მიაწვდიან ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს იმ მიზნით, რომ კომპანიებმა, დაინტერესების შემთხვევაში, უზრუნველყონ სალიკვიდაციო შენობების ადგილებზე ახალი მშენებლობები. ბათუმის მუნიციპალიტეტი კი შესაძლებლობის ფარგლებში „პოტენციური ინვესტორების წინაშე არსებული ტექნიკური სახის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მიიღებს მონაწილეობას“. ამ ჩანაწერით მერია, სავარაუდოდ, მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს გულისხმობს.

მერიაში ასევე მიიჩნევენ, რომ საჭიროა სათანადო საინფორმაციო სამუშაოს ჩატარება, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველა სხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. პროცესის დასაწყებად მერიას ბათუმის საკრებულოსგან თანხმობა უკვე აქვს.

როგორც „ბათუმელებმა“ ადგილზე გადაამოწმა, ავარიულ სახლებში მცხოვრებთა უმეტესობამ არაფერი იცის მათი საკუთრებასთან დაკავშირებით მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მათ შორის ბევრი ინვესტორს ელოდება, ბევრიც არსებული ვითარების გამოსწორებას შეუძლებლად მიიჩნევს: „ჩვენ არ გვაქვს საშუალება და ინვესტორს ველოდებით“.

მერიაში განმარტავენ, რომ მესაკუთრეებს ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწვდიან. შეტყობინების ფორმასთან დაკავშირებით კი,  როგორც უკვე დამტკიცებული განკარგულების განმარტებით ბარათშია მითითებული, მერია უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 52-ე მუხლის შესაბამისად იმოქმედებს.

ამ მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იგი ვალდებულია მიმართოს შესაბამის ორგანოებს და აცნობოს ასეთი საფრთხის შესახებ. მესაკუთრე ვალდებულია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

ეს ჩანაწერი მერიას განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს იგივე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებულ სახლებთან მიმართებაში მიმართებაში.

საერთო ჯამში, უკვე გამოვლენილ სიცოცხლისათვის საშიშ სახლებში 740 ოჯახი ცხოვრობს. მერია აგრძელებს  ბათუმის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, შესაძლო ავარიული, ამორტიზებული და საფრთხის შემცველი სხვა შენობა-ნაგებობების გამოვლენის სამუშაოებს.

იმ შემთხვევაში, თუ საინჟინრო კვლევის შედეგად დადგინდება, რომ შენობა-ნაგებობის არსებული სახით ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია ადამიანთა სიცოცხლისათვის, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მისი აღდგენა არ არის მიზანშეწონილი და ექვემდებარება სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას, მერია აპირებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 52-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეების მობინადრეების ინფორმირებას მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/195417/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: