მთავარი,სიახლეები

ემიგრანტების ნამდვილი ისტორიები საფრანგეთიდან [ფოტო-ვიდეო]

18.04.2019 • 7301
ემიგრანტების ნამდვილი ისტორიები საფრანგეთიდან [ფოტო-ვიდეო]

„დაახლოებით ორი თვე ქუჩაში ვიყავი, ანუ სტაბილური საცხოვრებლის გარეშე… ხან დილის 6 საათზე ვრეკავდი 115-ზე, რომ ღამით იქნებ ერთი ადგილი გამოეყოთ ჩემთვის. ცხელ ხაზზე უამრავი ზარი შედის, სულ დაკავებაა… პირველად მეტროს დახურულ სადგურში მომიწია ადგილი, ის იყო თავშესაფარი, იატაკზე დაგებულ მატრასებზე ხალხი ეყარა, გასასვლელში დარბოდნენ ვირთხები… ძლივს დავიძინე.

იგივე მეორდებოდა – დილით ისევ ვრჩებოდი ქუჩაში მარტო და გამუდმებით უნდა მერეკა ცხელ ხაზზე, რომ ღამით ღია ცისქვეშ არ დავრჩენილიყავი,“ – ამას პარიზის რეგიონში მყოფი ირაკლი გვიყვება [სტატიაში შეცვლილია იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ლტოლვილის სტატუსის მიღებას ითხოვენ].

ირაკლი ერთ-ერთია ასეულობით საქართველოს მოქალაქეს შორის, ვინც საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსის მიღებას ელის. ახლა ირაკლი მეგობართან ერთად ცხოვრობს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 18 ათასამდე გაიზარდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 მარტს გამართულ შეხვედრაზე გიორგი ტაბატაძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ განსაკუთრებით საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა – ევროპის ქვეყნებიდან საფრანგეთში გამორჩეულად მეტი ადამიანი მიდის ჯანმრთელობის პრობლემით.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/324188631612253/

რა რეალობა ხვდებათ საფრანგეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს? სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანების ნაწილი საერთოდ სამედიცინო მომსახურების გარეშე რჩება? რა რისკები ხვდებათ უცხო ქვეყანაში ჩასულ ადამიანებს? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვებზე პასუხის მიღება საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებთან სცადა, მათ შორის, მათთან, ვინც ჯანმრთელობის პრობლემის გამო დატოვა საქართველო. ვესაუბრეთ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებსაც.

ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს ელიან

„როგორც ვიცი, სიტუაცია რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს,“ – განაგრძობს ირაკლი, რომელსაც „ფეისბუქში“ ვესაუბრეთ. – „ვფიქრობ, რომ ქართველების აღარ სჯერათ, ან იშვიათად სჯერათ. ქართველები აქ ჩამოდიან ოჯახებით, ბავშვებით… გადაჭედილია პრეფექტურები, ზოგი რას იტყუება და ზოგი – რას. ამას წინათ ვნახე, ორსულ ქალს ქუჩაში ეძინა… მეც რამდენიმე დღე მეტროში გავათენე. იცით, რომელი იყო ყველაზე გამორჩეული ადგილი ძილისთვის? – ტელეფონის ჯიხური. თუ მოვასწრებდი ყველას იქ მისვლას, კაი „პონტში“ ვიყავი, მთელი ღამე მშვიდად მეძინა. ახლა ვმუშაობ ხან რაზე, ხან – რაზე. შემწეობასაც ვიღებ, მაგრამ არაფერში მყოფნის… ინტერვიუ უკვე მქონდა ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე და ახლა პასუხს ველი. თუ უარს მეტყვიან, გავასაჩივრებ,“ – დაასრულა ირაკლიმ.

„ლოგიკურია ეს მაჩვენებელი სიკვდილიანობის მატებაზე. სადაც ადამიანები სამკურნალოდ და თავის გადასარჩენად მიდიან, იქ კვდებიან კიდეც,“ – გვითხრა შალვამ. ის პარიზის დროებით საცხოვრისშია მოთავსებული და მკურნალობს. ისიც ლტოლვილის სტატუსის მიღებას ცდილობს.

„ჩემი მეგობარიც გარდაიცვალა, რამდენიმე დღის წინ გადავასვენეთ ცხედარი საქართველოში, ახალგაზრდა კაცი იყო. სიმსივნე ჰქონდა… საქართველოში უთხრეს, ორ თვეში მოკვდებიო. აქ ჩამოვიდა და ორი წელი იცოცხლა…“ – ამბობს შალვა.

შალვას თავშესაფრის სტატუსის მიღებაზე უკვე უარი უთხრეს, თუმცა გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია და ახლა განსხვავებულ შედეგს ელის. შალვა მიიჩნევს, რომ საქართველოდან საფრანგეთისკენ წამსვლელთა რიგი არ შემცირდება, თუკი საქართველოს ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემებით, კონკრეტულად კი ექიმების პროფესიონალიზმით არ დაინტერესდება.

პარიზის რეგიონი, საფრანგეთი, 2019 წელი, გიორგი ჯუგაშვილის ფოტო

კიდევ ერთი მიგრანტი საქართველოდან – სალომე ასევე ჯანმრთელობის პრობლემით წავიდა საფრანგეთში. ის გვიყვება, რომ მიგრანტები ლტოლვილის სტატუსის მისაღებად ყოველთვის „სხვა მიზეზს“ ასახელებენ, რადგან საქართველო აღარ მიიჩნევა იმ ქვეყნად, სადაც ადამიანებს საფრთხე ელით ჯანდაცვის პროგრამაზე ხელმიუწვდომლობის გამო.

სალომეს ემიგრაციის მიზეზად ოჯახში ძალადობა დაუსახელებია. ის ამ დრომდე თავშესაფრის სტატუსს ელის.

„აქ არ აინტერესებთ საქართველოში დასმული დიაგნოზი, თავიდან გიკვლევენ, თუნდაც წარადგინო დიაგნოზი… მე საქართველოში სიმსივნე დამიდგინეს, აქ ტუბერკულოზის საწყისი ფორმა. დამიჯერეთ, ფრანგ მედიკოსებს უამრავი სასწაული აქვთ ნანახი ქართველი ექიმებისგან,“ – ირწმუნება სალომე. მისივე თქმით, საფრანგეთში ჩასული საქართველოს მოქალაქე სამედიცინო დაზღვევას დაახლოებით 3 თვეში იღებს. ამ პერიოდში კი, სამედიცინო გამოკვლევები სრულდება. დაზღვევა ერთწლიანია, თუმცა იგი შესაძლოა გახანგრძლივდეს, თუკი ექიმი ამის საჭიროებას დაინახავს,“ – გვითხრა სალომემ.

რა ხვდებათ საფრანგეთში სამკურნალოდ ჩასულებს

საფრანგეთის კლინიკური კვლევების ცენტრის ქართველი თანამშრომელი, ჯანდაცვის სპეციალისტი ზაზა ფუტკარაძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რის გამოც ადამიანები მკურნალობისთვის საფრანგეთში მიდიან. ის ასევე არის ასოციაციის „ქართველები საფრანგეთში“ ხელმძღვანელი და ხშირად უწევს სხვადასხვა ადამიანის ისტორიის მოსმენა. ზაზა ფუტკარაძე აღწერს პრობლემებს, რასაც საქართველოდან საფრანგეთში ჩასული ადამიანი, მათ შორის, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი აწყდება. იგი მიიჩნევს, რომ მთავარი მაინც ინფორმაციის ნაკლებობაა, ან „მითების იმედად“ ყოფნა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2085630348396401/

„ხშირად ადამიანები აქ ჩამოდიან ისე, რომ არ აქვთ ინფორმაცია: როგორ უნდა იმკურნალონ, სად მივიდნენ. იმისთვის, რომ საფრანგეთმა უფასოდ უმკურნალოს ადამიანს, საჭიროა კონკრეტული კრიტერიუმების დაცვა. საფრანგეთში ჩასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად მიიღებ სამედიცინო მომსახურებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს სამედიცინო დაზღვევა, უნდა დაადასტუროს დოკუმენტურად, რომ თავის ქვეყანაში ვერ უმკურნალეს, ან ვერ უმკურნალებენ, მაგალითად, ის, რომ შესაბამისი მეთოდი საქართველოში არ გამოიყენება…“ – განმარტავს ზაზა ფუტკარაძე.

„ქართველები საფრანგეთში“ – ამ ასოციაციის ინფორმაციით, ხშირად გვიანდება მკურნალობის კურსის მიღება: „მაგალითად, იქმნება ენის პრობლემა, ეს სერიოზული პრობლემაა… ყოფილა შემთხვევები, როცა საკმაოდ დამძიმებულ ვითარებაში ჩამოუყვანიათ საქართველოდან პაციენტი. ამ დროს უცნობია, მკურნალობის რა კურსი ჩაუტარდა მას საქართველოში, როგორია პაციენტის ისტორია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით მკურნალობის მიღება გვიანდება და პაციენტის მდგომარეობა მძიმდება,“ – გვიყვება ზაზა ფუტკარაძე.

ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის – საფრანგეთში მცხოვრები ზაზა ფუტკარაძე ფიქრობს, რომ ეს ისევ მთავარი ფაქტორია, რის გამოც ადამიანები რისკების მიუხედავად საფრანგეთში, ან ევროპის სხვა ქვეყნებში მიდიან და ფიზიკურ გადარჩენას ცდილობენ.

„აქ ჩამოსული ადამიანების ისტორიებიდან ჩანს, რომ საქართველოში ისევ გვაქვს პრობლემები დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით. ისინი ბოლო შანსს იყენებენ ევროპის ქვეყანაში წასვლით,“ – დასძინა ჩვენთან ზაზა ფუტკარაძემ.

ვინ იღებს რეალურად თავშესაფარს ევროპაში? 

თავშესაფრის მოლოდინში ორსული ქალებიც კი ქუჩაში ათევენ ღამეს.

„ადამიანებს რომ ჰქონდეთ რეალური ინფორმაცია, რა პროცედურებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული ლტოლვილის სტატუსის მიღება, 50 პროცენტი არ გარისკავდა ამას, მით უმეტეს, მძიმე დაავადების მქონე, თოთო ბავშვებით ხელში, ან ორსული ქალები,“ – ამბობს სალომე საძაგლიშვილი, საფრანგეთის მიგრაციის და ინტეგრაციის სამსახურის თანამშრომელი, ასოციაციის French Refugee Council ვიცე-პრეზიდენტი. მას საქართველოდან ყოველკვირეულად საშუალოდ 20 ადამიანი უკავშირდება. თითოეულ მათგანს საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსის მიღება სურს.

„ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა არ ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთში ავტომატურად მოგცემს სახლს და შეგიქმნის კომფორტს. სამწუხაროდ, ხშირად ასე ფიქრობენ. ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა მარტივად ნიშნავს იმას, რომ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდები, რადგან შენს სიცოცხლეს იქ კონკრეტული მიზეზით საფრთხე ემუქრება და სახელმწიფო ამის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებს. რაც მთავარია, ეს უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად. საუბარია შემთხვევაზე, როცა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები ილახება, მაგალითად, ქალი გინეიდან, რომელიც ამბობს, რომ მის ქვეყანაში გოგონებს ისევ უსახიჩრებენ სასქესო ორგანოებს. ჩამოვიდა ქალი და თქვა, რომ მისი და ამ საშინელი ტრადიციის შედეგად ბავშვობაში გარდაიცვალა, თვითონ გადაიტანა და ახლა თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად გამოაღწია ქვეყნიდან.. ლტოლვილის სტატუსს იღებენ ადამიანები საომარი ტერიტორებიდან და ასე შემდეგ,“ – გვიყვება სალომე საძაგლიშვილი.

ძირითადად რა რისკების გადალახვა უწევთ საფრანგეთში ჩასულ მოქალაქეებს, ვიდრე ისინი სტატუსს მიიღებენ? – სალომე საძაგლიშვილის თქმით, მთავარი სირთულე საფრანგეთში და კონკრეტულად პარიზის რეგიონში ღამის გასათევის პოვნაა.

„ჩვენ, ანუ მიგრაციის სამსახურიც კი, როცა ვრეკავთ ცხელ ხაზზე, 115-ზე, ხშირად ვერ გვპასუხობენ და საათობით ველით დაკავშირებას… ბინა პარიზის რეგიონში განსაკუთრებით ძვირია. ერთხელ როცა მიიღებ დროებით ღამის თავშესაფარს, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღესაც იქ იქნები. არა მხოლოდ ქართველები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თავად ფრანგებიც ხშირად რჩებიან ქუჩებში. ისინი ღამეს ათევენ მეტროებში, სადგურებში, ხიდების ქვეშ… საბუთების შეტანიდან ინტერვიუს ჩანიშვნას ზოგჯერ რამდენიმე კვირა სჭირდება.

ხშირად ადამიანები საქართველოდან მოდიან ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე. ამ ხალხმა არ იცის, რომ საფრანგეთი არავითარ შემთხვევაში არ ანიჭებს თავშესაფარს არავის იმიტომ, რომ მას თავის ქვეყანაში უჭირს, ან სახლი არ აქვს, ეს გამორიცხულია,“ – კატეგორიულად ხაზს უსვამს საუბრის ამ ნაწილს საფრანგეთის მიგრაციის სამსახურის თანამშრომელი. ის ამავდროულად არის ასოციაციის „ქართველები საფრანგეთში“ ვიცე-პრეზიდენტი.

სალომე საძაგლიშვილი – საფრანგეთის მიგრაციის და ინტეგრაციის დეპარტამენტის OFII-ის თანამშრომელი

„უსაფრთხო ქვეყანა“ – ევროპის ქვეყნები და მათ შორის საფრანგეთი ამ სტატუსს აღიარებს. ეს სტატუსი ლტოლვილის სტატუსის მიღებას კიდევ უფრო ართულებს. სალომე საძაგლიშვილის თქმით, საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებიდან დაახლოებით 93 პროცენტს უარს ეუბნება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

როცა ლტოლვილის სტატუსის მომლოდინეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

რას უნდა აკეთებდეს ასეთ ვითარებში საქართველოს ხელისუფლება, როცა ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ლტოლვილის სტატუსის მომლოდინეთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება? – ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში, ვანო ჩხიკვაძე მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმაზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლება „თითქოს ყველა არსენალს“ იყენებს, მაგრამ ეფექტური საინფორმაციო კამპანია ამ მიმართულებით არ არსებობს.

„საინფორმაციო კამპანიას ხელისუფლება აწარმოებს, მაგრამ ამას დიდი ეფექტი არ გააჩნია. სამიზნე ჯგუფის წინასწარი ანალიზი უნდა ჩატარდეს, უნდა შევისწავლოთ წინასწარ, რა აინტერესებს ხალხს და მათზე მორგებული გზავნილები უნდა გავრცელდეს. შესაძლოა ერთი-ორი წარმატებული ისტორია გავრცელდეს, როგორ მიიღო კონკრეტულმა პირმა თავშესაფარი და ამან შესაძლოა გადაწონოს მთელი საინფორმაციო კამპანია. შესაბამისად, საინფორმაციო კამპანიის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – გვითხრა ვანო ჩხიკვაძემ.

ევროინტეგრაციის ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მიღებაზე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და ეს უნდა მოხდეს საქართველოში დისკრიმინაციის ფაქტების აღმოფხვრის რეალური და ეფექტური მექანიზმების შექმნის პარალელურად.

„სიღარიბე – ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ევროპის ქვეყნებში ითხოვენ თავშესაფარს. გრძელვადიან გეგმაში ამას ვგულისხმობდი – ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე,“ – ამბობს ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში, ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძე

„შეჩერების მექანიზმი“, ანუ უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ეს თემა ევროსტრუქტურებში გააქტიურებულია. ექსპერტი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ძირითადად პოლიტიკური ფაქტორით ინარჩუნებს ამ დრომდე დუმილს.

„ოფიციალურად არა, მაგრამ რეალურად ამაზე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ხშირად ესაუბრებიან. შეჩერების მექანიზმს აქვს არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ პოლიტიკური განზომილება – რეალურად ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება პრორუსულად განწყობილი ძალებისთვის, ეს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერებსაც ძალიან დაარტყამს,“ – დასძენს ექსპერტი.

რას აკეთებს ხელისუფლება? 

საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებას  ევროპელი პარტნიორები რომ სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას, ამას ვლადიმერ კონსტანტინიდიც ადასტურებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველა საკომუნიკაციო არხს იყენებს. პრობლემას კი უფრო „სტერეოტიპული აზროვნება“ ქმნის.

„ყველა საკომუნიკაციო არხი გვაქვს გამოყენებული ფაქტობრივად, რაც არის ხელმისაწვდომი და გათვლილია ყველა სეგმენტზე, მათ შორის, იმ ადამიანებზე, რომლებიც, ვთქვათ, ვერ ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს… საინფორმაციო კამპანიას იმდენად ინტენსიური ხასიათი აქვს, რომ რეგიონებშიც კი დავიწყეთ სიარული. ჩვენ მათ ვაცნობთ, როგორც სიკეთეებს, ასევე რისკებს, რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს. აქცენტირება კეთდება იმაზე, რომ თუკი კონკრეტული ადამიანი, ბოროტად გამოიყენებს ამას, ეს შეიძლება ცუდად აისახოს საჯარო ინტერესებსა და ქვეყნის ინტერესებზე.

ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს სტერეოტიპული წარმოდგენები: 90 -იანი წლების შუა პერიოდიდან ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპაში იყო მიგრაციის მაღალი ტალღა. ეს, ძირითადად, ეკონომიკური პირობებით იყო გამოწვეული. ადამიანები ამ დროს ასე თუ ისე ახერხებდნენ გარკვეული სტატუსის მოპოვებას. არსებობდა მექანიზმები, რომ მათ ფიზიკურად ყოფნა ევროპაში გაეხანგრძლივებინათ. ეს წარმოდგენები იმდენად იყო გავრცელებული, რომ ეს შემორჩათ ადამიანებს…“ – მიიჩნევს ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში არ იზიარებენ პოზიციას, რომ საინფორმაციო კამპანიას შესაძლოა სხვაგვარად სჭირდება დაგეგმვა.

ვლადიმერ კონსტანტინიდის დაკვირვებით, ადამიანებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში თავშესაფარს ითხოვენ, ხშირად ატყუებენ „დამკვალიანებლებიც“, რომლებიც ფულს იღებენ სამუშაოს დაპირებითა და უცხო ქვეყანაში ვიზის ლეგალური სტატუსის მინიჭებით.

რა მოლოდინს უჩენენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებს, როცა საუბარი სიღარიბეს ეხება, როგორც მიგრაციის მთავარ მიზეზს? – ვლადიმერ კონსტანტინიდმა ამჯერადაც არჩია ადამიანების მორალზე გაემახვილებინა ყურადღება და არა ხელისუფლების  პასუხისმგებლობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აქვე დაგვამშვიდა, რომ „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების რეალური საფრთხე ჯერ არ არსებობს.

„დასამალი არ არის, რომ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება, არის ის, რომ გაიუმჯობესონ მატერიალური პირობები… ჩვენი, როგორც საგარეო უწყების ამოცანაა, რომ ეს ისტორიული მონაპოვარი შენარჩუნებულ იქნას და საფრთხე არ დაემუქროს… „შეჩერების მექანიზმი“ არსებობს და იგი იდგა სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც, თუ ეს მიიღებს უკონტროლო ხასიათს. დღეისთვის ამის რეალური საფრთხე არ არსებობს. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ხედავენ, რომ რეადმისიის პირობებს ზედმიწევნით ვასრულებთ,“ – გვითხრა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია იმაზეც, რომ იგივე საფრანგეთში იმატა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის მაჩვენებელმა. სამინისიტროს წარმომადგენელს, ვლადიმერ კონსტანტინიდს ჩვენ ასევე ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რადგან ადამიანები საზღვარგარეთ მიდიან მაშინ, როცა სამშობლოში მათ ვერ მკურნალობენ.

„არა, ეს არ არის ჩვენი უწყების კომპეტენცია,“ – გვიპასუხა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მისივე თქმით, საფრანგეთის ოფიციალური, ან არაოფიციალური უწყებებიდან სამინისტროს არ აქვს კონკრეტული მონაცემები, საქართველოს რამდენი მოქალაქე რჩება იგივე საფრანგეთში სამედიცინო მომსახურების მიღმა, რამდენი იღუპება, რამდენი იღებს დაზღვევას და ასე შემდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა შეამცირებს არალეგალური მიგრაციის მაჩვენებლებს.

მთავარი ფოტო: კარვები პარიზის რეგიონში. ხიდის ქვეშ ლტოლვილის სტატუსის მოლოდინში მყოფ ადამიანებს, მათ შორის, ქართველები კარვებში ცხოვრობენ. გიორგი ჯუგაშვილის ფოტო

__________

რეალური ისტორიების გაცნობის შემდეგ შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რა გზის გავლა უწევს ლტოლვილის სტატუსის მოპოვების ნებისმიერ მსურველს. ტესტი მომზადებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალებისა და ასოციაცია „ქართველები საფრანგეთში“ მიერ გამოცემული ცნობარის მიხედვით.

დაიწყეთ ტესტის შევსება

https://batumelebi.netgazeti.ge/news/197947/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: