მთავარი,სიახლეები

„ზოგჯერ ნარეცხ წყალს გვასხამენ სართულებიდან“ – „ბირჟის“ მუშები ბათუმიდან 

18.04.2019 • 3134
„ზოგჯერ ნარეცხ წყალს გვასხამენ სართულებიდან“ – „ბირჟის“ მუშები ბათუმიდან 

ბათუმში პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაში, ზამთარ-ზაფხულ, წლებია დგანან კლიენტების მომლოდინე მუშები. ისინი ძირითადად იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან არიან ჩამოსულები და თვიდასაქმების ამ ფორმის არჩევა მოუხდათ: როგორც თავად ამბობენ, ახლომახლო მცხოვრებ მოქალაქეებს მუშების ქუჩაში ჯგუფ-ჯგუფად დგომა აწუხებთ და სართულებიდან ნარეცხ ან ცხელ წყალსაც ასხამენ ხოლმე.

კორპუსის კედლებზე, რომლის ახლომახლოც მუშები იკრიბებიან, მათი ჩანთები კიდია. ჩანთებში მუშების სამოსი და პირადი ნივთებია. აქვე აწყია სამუშაო იარაღების დიდი, მძიმე ჩემოდნებიც. დგანან და კლიენტებს ელიან.

მუშების ბირჟა ბათუმში

 

კორპუსის კედლებზე, რომლის ახლომახლოც მუშები იკრიბებიან, მათი ჩანთები კიდია. ჩანთებში მუშების სამოსი და პირადი ნივთებია.

კაფელ-მეტლახის დაგება, სარემონტო სამუშაოები, მძიმე ტვირთების გადაზიდვა-გადმოზიდვა – ვისაც მუშის დახმარება სჭირდება ბათუმში ამ ადგილს აკითხავს. თუმცა თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ კლიენტი ძალიან ცოტა ჰყავთ, დღეში შეიძლება ,,ბირჟაზე“ ორი კლიენტი მივიდეს და სულ 5 კაცი დასაქმდეს, მაგრამ დანარჩენები იდგნენ და კვირაობით ელოდნენ სამუშაოს. „ვართ აქანა დამდგარი მაინც და ველოდებით ბედს“, – ამბობს გელა ხვედელიძე, რომელიც ბათუმში ჭიათურიდან ჩამოვიდა სამუშაოდ ათი წლის წინ.

გელა ხვედელიძე – თვითდასაქმებული მუშების ბირჟიდან.

„შეიძლება ისე დაღამდეს, ერთი კლიენტიც არ მოვიდეს. ბინის ქირა გვინდა, ჭამა გვინდა, ოჯახი მყავს ჭიათურაში, რომელიც ჩემგან ორ კაპიკს ელოდება. თუ რამეს ვიშოვი ბარათზე ვურიცხავ, თუ ვერ ვიშოვი კი ვარ ასე, რა ვქნა. მუშები რაც შეიძლება იაფიან ბინებს ვქირაობთ, ძირითადად პირველ სართულზე ,,პადვლებში“, – ამბობს გელა ხვედელიძე.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/321500525114433/?v=321500525114433

ვიდეო, მონტაჟი – ია ფრანგიშვილი.

მისი თქმით, კაფელ-მეტლახის და სარემონტო სამუშაოების მცოდნე ხელოსნებს გაუმართლათ, რადგან რაღაც იციან და შედარებით უკეთესი მდომარეობა აქვთ.

„კაფელი, მეტლახი – ასეთი რამეები რომ შემეძლოს კარგია. ვისაც ხელოსნობა არ გვეხერხება ფიზიკურად ვმუშაობთ, შემოვა ახლა მანქანა აგერ, რაღაცა აქვს დასაცლელი, შევთანხმდებით თანხაზე და წავიმუშავებ. ან შეიძლება მძიმე ტვირთი, სამშენებლო-სარემონტო მასალები ჰქონდეს ვინმეს ასატან-ჩამოსატანი მაღალ სართულებზე, ესაა ჩვენი საქმე. შარშან 80 დღე არ გაწვიმებულა ჭიათურაში – გვალვა, ფაროსანა, ყველაფერი მოგვესპო, რა მოსავალი უნდა მიგვეღო?“ – ამბობს გელა ხვედელიძე.

სანამ ბათუმში ჩამოვიდოდა, ჭიათურაში სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოჰყავდა. თუმცა, მისივე თქმით, იქ მიწა მწირია, ხვნა-თესვისა და სასუქების საფასური მიღებული პროდუქტების ფასს აჭარბებდა და შრომამ სოფლად გელა ხვედელიძისთვის აზრი დაკარგა.

მუშების „ბირჟა“ ბათუმში საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოსაა. კლიენტების მოლოდინში მუშები ხან კარტს თამაშობენ, ხანაც ხმამაღლა საუბარი უწევთ, რაც იქვე მდგარი კორპუსის მცხოვრებლებს აღიზიანებთ.

„აქ ოჯახები ცხოვრობს და ხანდახან ცოტა ხმამაღალი საუბარიც მოგვდის, ამიტომ ზოგჯერ ნარეცხ წყალს გადმოგვასხამენ ხოლმე სართულებიდან, ხან ცხელს, ხან ცივს (ცივი გვირჩევნია), მაგრამ ვითმენთ, რას ვიზამთ. ხანდახან ჩვენც ვაშავებთ, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა მეტისმეტია. მუშები ვართ, მაგრამ ადამიანები ვართ“, – ამბობს გელა ხვედელიძე.

მუშების ბირჟა ბათუმში.

39 წლის ირაკლი ვერულიძეც მუშების ,,ბირჟიდანაა“ – მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ქობულეთიდან ბათუმში სამუშაოდ 15 წლის წინ ჩამოვიდა, ქობულეთში ოჯახი კორპუსში ცხოვრობდა და მცირე მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რაზეც მხოლოდ ცოტა კიტრის, პომიდვირს მოყვანას ახერხებდნენ. ეს საკმარისი აღარ იყო და ირაკლი ბათუმში წამოვიდა ოჯახთან ერთად. თავს ,,შავ მუშას“ უწოდებს და გელა ხვედელიძის მსგავსად კონკრეტული ხელობა არ აქვს. მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევა, რაც დიდი შემოსავლის წყარო არ არის. ოჯახი ერთი კვირის, ხანაც ათი დღის განმავლობაში 20 ლარით ცხოვრობს.

ირაკლი ვერულიძე – თვითდასაქმებული ბათუმის მუშების ბირჟიდან.

„ერთი კვირაა აქ ვდგავარ და ერთი თეთრის არ მიმუშავია. ორი დღეა ბავშვი მეხვეწება კანფეტი მომიტანეო და ვერ მიმაქვს, ეს ცხოვრებაა?

ჩვენი მთავრობა მთავრობა არაა. ყველა საკუთარი ჯიბისთვის იბრძვის. ქარხნები, საწარმოები რომ იყოს, გააკეთოს მთავრობამ და დაასაქმოს ეს ხალხი, ხო აღარ ვიწვალებდით ასე. რა თქმა უნდა, ქარხანაში წავიდოდა კაცი. აქ წანწალს ურჩევნია, რომ ერთ ადგილზე დასაქმდეს და ხელფასი ჰქონდეს“, – ამბობს 39 წლის მუშა.

ირაკლი ამბობს, რომ ზამთარი ყვეელაზე რთული დროა ,,ბირჟაზე“ თვითდასაქმებულებისთვის – ამ დროს სამუშაო თითქმის არაა, მაგრამ ყველა მაინც აქ დგას  იმედით, რომ რაღაც მაინც გამოჩნდება.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2328085634139771/

ვიდეო, მონტაჟი – ია ფრანგიშვილი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: