კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციაში 782 ათასი ლარი დაიხარჯება

19.04.2019
თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციაში 782 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის 765 ათას 297 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს, რომელთანაც აღნიშნულ თანხაზე ხელშეკრულება 2019 წლის 17 აპრილს გაფორმდა. სამუშაოები 2020 წლის პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს საავტორო ზედამხედველობას „ძეგლებისა და ღირსშესანისნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კავშირი“ გაუწევს, რომელმაც ამ შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა. ზედამხედველობისთვის კავშირს ქალაქის ბიუჯეტიდან 16 836 ლარს გადაუხდიან.

დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მის რესტავრაცია-რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. სატენდერო თანხა 944 809 ლარი იყო.

ტენდერში სულ ოთხი კომპანია მონაწილეობდა. ყველაზე დაბალ ფასს სამმართველოს შპს „ფელიქსი“ სთავაზობდა – 755 848 ლარი. თუმცა სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა.

გამარჯვებულად შპს „იუკონი და კომპანია“ გამოცხადდა, რომელმაც შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება სამმართველოს 765 297 ლარად შესთავაზა. კომპანია 2010 წელს თბილისშია რეგისტრირებული. მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი მაყვალა აბულაძეა.

———

დემეტრე თავდადებულის 35-ში მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ინვესტორს [გელა მახარაძეს], რომელიც თავდადებულის ქუჩის მხარეს სახლის ფასადს ინარჩუნებდა, ამ ადგილზე „პიაცას“ ტიპის კვარტალის აშენება სურდა. გელა მახარაძე კომპანია შპს „ექსელენტ დეველოპმენტის“ 100% წილის მფლობელი იყო, რომელმაც კომპანიის წილები სრულად, ათას ლარად მიჰყიდა ნარიმან თურმანიძეს 2018 წლის მარტში. ეს კომპანია დემეტრე თავდადებულის N33, N35 და N37-ში გარკვეულ ფართობებს უკვე ფლობს და აქვს აღებული ვალდებულებები მესაკუთრეთა ბინებით დაკმაყოფილებაზეც.

ამ თემაზე:

მერია, კულტურული მემკვიდრეობა და ინვესტორი – რა ხდება თავდადებულის 35-ში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008