29 ივნისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციით ბათუმელმა ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს. იდენტური იყო მთავარი მოთხოვნაც – გადადგეს გიორგი გახარია.
„მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა, რასაც მოყვა ადამიანების დასახიჩრება. აქციის რამდენიმე მონაწილე დღესაც გადარჩენისთვის იბრძვის.
ჩვენ, აქ შეკრებილი ადამიანები ვამბობთ, რომ ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და მთელ მმართველ პოლიტიკურ კლასს.
მოვითხოვთ, დაისაჯოს დარბევის ბრძანების გამცემი პირები და ასევე სისტემას ჩამოშორდეს ჯალათები, რომლებიც მზად არიან, მათ წინ მდგომ მშვიდობიან თანამოქალაქეებს დამიზნებით ესროლონ ტყვია.
ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არაერთხელ გასცეს პასუხი ხელისუფლებას, რომელიც მშვიდობიან დემონსტრანტებს იარაღით დაუპირისპირდა. უარი ვუთხარით 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას სწორედ ამ მიზეზით. დღეს კი, როდესაც არსებული ხელისუფლება იმავე მეთოდებით იბრძის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ვდგავართ ქუჩაში, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და ვამბობთ რომ ამას არ შევეგუებით!
ქართველი ხალხი არ იმსახურებს არსებულ პოლიტიკურ კლასს, რომელიც მზადაა საკუთარი ინტერესებისთვის საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოს. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ადარდებს ქართული სახელმწიფო და ქართული დემოკრატია იფიქროს ხვალინდელ დღეზე და გადადგას ნაბიჯები ახალი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის დასაწყებად, რომელიც უარს ეტყვის არსებულ პოლიტიკურ კლასს“- აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.
მომღერალი ნინო ქათამაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს. იგი 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ რუსეთში კონცერტის გამართვას აღარ აპირებს:
„ჩემო ძვირფასო მსმენელო და უმაგრესო ადამიანებო ვინც 10 დღეა აპროტესტებთ, ძალადობას და უსამართლობას, პირველ რიგში მოგმართავთ თქვენ. ჩემი გული, ჩემი სიტყვა, ჩემი ხმა და პროტესტი თქვენთან არის!
ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს იმას რომ რაიმე მქონდა საფიქრალი და გადასაწყვეტი, პირველივე წამიდან ვგრძნობ იმას, რასაც თითოეული თქვენგანი გავრილოვის სპიკერის სავარძელში ხილვისას! არასოდეს არ მომრიდებია ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ წასვლა, არასოდეს არ დამეზარა და ჩემი ხმით, ქართულად მსოფლიოს ყველა ნაწილში და მათ შორის რუსეთშიც ყოველთვის ვამბობ, რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩემი ქვეყნის მტერი და მაშასადამე ჩემი მტერიც! ერთია ჩემი საგასტროლო გრაფიკი და მეორეა ჩემი შინაგანი შეგრძნება ჩემი ქვეყნის, ქართული სიტყვის, მუსიკის წინაშე. ჩემს ხელში მხოლოდ ეს იარაღია, მხოლოდ ამით შემიძლია ვუთხრა ჩემს მსმენელს ის ტკივილი რაც ჩემს ქვეყანას სტკივა, იმ უმარავ მსხვერპლს რაც საქართველოს გაუღია თავისუფლებისთვის, კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდას თვალის ჩინი დაემატა და ადამინი რომელიც ამ წუთამდეა უმძიმეს მდგომარეობაშია, თითოეული მტკივა და თითოეულს ვგრძნობ დღე და ღამე!
ბოდიშს ვიხდი ჩემო ძვირფასებო. რომ არ ვიდექი თქვენთან ერთად იმ ღამეს, რომ ვერ დაგიცავით ფიზიკურად და ერთ ტყვიაშიც ვერ შეგეხიდეთ, არჩევანი რომ მქონდეს უყოყმანოდ მივიღებდი ყველა იმ ტყვიას რაც თითოეულ თქვენგანს მოგხვდათ ოკუპაციის გაპროტესტებისთვის. დიახ, რა თქმა უნდა გახარია უნდა გადადგეს და ეს მოთხოვნა სრულიად ჯანსაღი და ლეგიტიმურია.
ზუსტად მესმის საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა ჩემს მიმართ და ვიზიარებ თითოელ შენიშვნას, ამ პოსტის შემდეგაც მზად ვარ მოვისმინო და წავიკითხო ყველას აზრი თუნდა ყველაზე მძიმე ფორმით გადმოცემული! ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე 20 ივნისი და უმძიმესი კონცერტი 22 ივნისი, რომელზეც უარი მხოლოდ უსინათლო 9 წლის გოგოს გამო ვერ ვთქვი. მე ამ კონცერტზე ვთქვი და თქვენც მინდა გითხრათ, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!!! მინდა, რომ იმ ახალგაზრდებს, რომელიც 10 დღეა ქვეყნის სამსახურში 19:00 საათიდან იკრიბებიან ვუთხრა: არასდროს ჩემს გულში სამშობლოს ღალატი არ ყოფილა, არასოდეს რუსულად არ მიმღერია, არასოდეს სამთავრობო (რუსეთში) დაფინანსებულ კონცერტიში მონაწილეობა არ მიმიღია, არ მიმღერია არც ერთი რუსი პოლიტიკოსის დაბადების დღეზე. ჩემი მუსიკა ეკუთვნის უბრალოდ ადამიანებს განურჩევლად, ეროვნებისა, რასისა, რელიგიისა და სექსუალური ორინტაციისა!
ამ პოსტით მინდა ჩემი პროტესტი გამოვხატო პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ, შეუერთდე მოთხოვნას, რომ გახარია უნდა გადადგეს! რუსთი ოკუპანტია, პუტინი ჩვენი საერთო მტერი! თითოელი თქვენგანის სახის დანახვისას, თოთოელი თქვენი ქცევისას ყურებში მკაფიოდ ჩამესმის დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ზურაბ ჟვანიას ხმა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“. მხოლოდ თქვენ ხართ ნათელი გამოხატულება ევროპელი ქართველისა, თქვენ დაამტკიცეთ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერასოდეს ვერავინ ვეღარ შეცვლის. უდიდესი მადლობა თქვენ ამისთვის, ქედს ვიხრი თქვენი თავდადების წინაშე“ – წერს მომღერალი.
კომპანია „ალიანს სიტიმ“ ბათუმში, ზღვის პირას, ე.წ. „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟი დაიწყო. ქალაქის მერიამ შენობის დანგრევაზე ნებართვა იმ დროს გასცა, როცა კომპანიას მასთან ახალი პროექტი შეთანხმებული არ ჰქონდა. თუმცა, დამტკიცებული იყო გენგეგმა, რომელიც სამომავლოდ გარკვეული პარამეტრების მშენებლობას უშვებს. ამ პარამეტრების მიხედვით, კომპანია „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად 50-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ადგილზე შეიძლება ააშენონ არა ერთი, არამედ სამი ცათამბჯენი, რომლებსაც ერთი სივრცე გააერთიანებს.
ავტორი: ტარიელ ნაკაიძე, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე
_______________
გუშინ „ბათუმელებში“ გავრცელდა ბათუმის მერის, ბატონ ლაშა კომახიძის ინტერვიუ. ინტერვიუში მოცემული შინაარსი სამწუხაროდ ამოვარდნილია რეალურ მსჯელობისგან, ეს არ შეშვენის სახელმწიფო მოხელეს. შეიცავს დისკრიმინაციულ მიდგომებს და ადასტურებს ჩვენ შიშების მიზეზებსაც, რის გამოც მუსლიმი მრევლი უარს ამბობს საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთი გადასცეს მუსლიმთა სამმართველოს. ამ ინტერვიუმ ასევე გამოააშკარავა საკითხის მოლაპარაკების გზით მოგვარების მიმართ მერის არაგულწრფელი დამოკიდებულება. აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებისთვის განვმარტავ რამდენიმე საკითხს.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი დაახლოებით 15 წელია დგას. ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს მუსლიმი მრევლი, რომელსაც წარმოადგენდა ოფიციალურად არარეგისტრირებული, თუმცა სახელმწიფოსგან აღიარებული „აჭარის სამუფთო სამმართველო“. მეჩეთის მშენებლობისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის მოთხოვნით არაერთხელ გაეგზავნა მიმართვა ხელისუფლებას. რიგ შემთხვევებში, როცა პოლიტიკური საჭიროებები (არჩევნებს ვგულისხმობ) იჩენდა თავს, ხელისუფლება მუსლიმ მრევლს ჰპირდებოდა მეჩეთის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემას. მეჩეთის მშენებლობისათვის ნებართვას და მიწის ნაკვეთის გადმოცემას „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოც“ (რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა 2011 წელს) ითხოვდა. ამ მიმართულებით არაერთი მიმართვა გაეგზავნა ხელისუფლებას მიწის გადაცემის მოთხოვნით. 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება. ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ დაპირდა მუსლიმ მრევლს, რომ გადასცემდა მიწის ნაკვეთს მეჩეთის მშენებლობისათვის და ასევე აცხადებდა, რომ პირადად თვითონ მზად იყო 30 მილიონი ლარამდე გაეღო მეჩეთის მშენებლობისათვის შემოწირულობა.
ტარიელ ნაკაიძე
2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდა „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“ (საეჭვო რეპუტაციის მქონე ხელმძღვანელითა და ორგანიზაციული წარმონაქმნით). 2014 წლის ოქტომბერში, სავარაუდოდ რელიგიის საკითხთა სააგენტოს მკაცრი ზეწოლის ქვეშ (აღნიშნული ზეწოლის მსხვერპლი ნაწილობრივ თავადაც ვიყავი), ხელი მოეწერა წერილს და მოთხოვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე (აღნიშნული წერილი არ მოუმზადებია მუსლიმების წარმომადგენლობას). შემდეგ, დიდი ზეწოლის ქვეშ, სამწუხაროდ წერილს ხელი მოაწერეს მუსლიმთა სამმართველოს მუფთებმა და რამდენიმე მორწმუნემ. წერილის შინაარსი შედგენილი იყო რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ და სხვადასხვა საკითხთან ერთად მესამე მუხლის პირველ ნაწილში ეწერა შემდეგი: „ქ. ბათუმში მოქმედ „ორთა ჯამეს“ გაფართოების ან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ალტერნატივად, მოვითხოვთ სახელმწიფომ უზრუნველყოს ბათუმის „ორთა ჯამეს“ რეკონსტრუქცია-რესტავრაცია და სათანადოდ მოწყობა“. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მოთხოვნა იყო რეზიდენციის გადმოცემის შესახებ. ამ ხელწერების შემდეგ სახელმწიფომ მეჩეთთან დაკავშირებით შეცვალა დამოკიდებულება. განაცხადა, რომ ბათუმში, მეჩეთს მუსლიმი მრევლი აღარ ითხოვსო. სამწუხაროდ მუსლიმთა სამმართველომაც შეაჩერა მეჩეთის მშენებლობისათვის მოთხოვნა.
მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებთან საუბრისას ნათლად ირკვეოდა, რომ ამ მუხლში მოცემულ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ, რაც ასევე დაადასტურეს შემდეგ 12 კაცის მიერ ხელმოწერებში თავიანთი ხელმოწერებით, რომლითაც საინიციატივო ჯგუფი ითხოვდა მეჩეთის მშენებლობას.
აღნიშნულმა წერილმა და მუსლიმთა სამმართველოს წევრებზე ხელისუფლების რეპრესიულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია მუსლიმთა სამმართველოსა და მუსლიმი მრევლის ერთგვარი დაშორება და ასევე, გაამყარა ხელისუფლებისა და მათ შორის მუსლიმთა სამმართველოსადმი უნდობლობა. ამ გარემოებამ განაპირობა დამოუკიდებლად ჩამოყალიბებულიყო სახალხო მოძრაობა არარეგისტრირებული ფორმით – „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“.
საინიციატივო ჯგუფში ძირითადად გაერთიანდა ბათუმის ორთა ჯამეს მრევლი, რომლებიც ასევე წარმოადგენდნენ აჭარის სხვადასხვა რეგიონებსა და დაბებს. (მინდა აქვე შენიშვნის სახით დაგიდასტუროთ, რომ „ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის“ ჩამოყალიბების არცერთ ეტაპზე არ მიმიღია მონაწილეობა, არც მქონია ინიციატივა. საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება იყო საზოგადოების ერთობლივი აზრი და მოწადინება. საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბებიდან სამი კვირის შემდეგ ამირჩიეს ამ ჯგუფის ხელმძღვანელად). ამის შემდეგ დაიწყო მოძრაობა და დაგეგმვა, თუ როგორ შეიძლებოდა სამმართველოს მიერ ხელმოწერილი მოთხოვნა მეჩეთის არაშენებაზე გაუქმებულიყო. ამისათვის საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, მეჩეთის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და ნებართვის გაცემის მოთხოვნით.
ერთი თვეში შეგროვდა 12 ათასი კაცის ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ხელწერებს შორის არის მუსლიმთა სამმართველოს ყველა წევრის ხელმოწერა და უშუალოდ იმ ადამიანების ხელმოწერები, რომელებმაც, სამწუხაროდ, ვერ გაუძლეს ზეწოლას და როგორც ავღნიშნეთ ზემოთმოცემულ უარზე მოაწერეს ხელი. ეს იყო დასტური მათი მხრიდან, რომ სამმართველოს წევრები არ ეწინააღმდეგებოდნენ მეჩეთის მშენებლობას.
ამის შემდეგ საინიციატივო ჯგუფმა შეისყიდა მიწის ნაკვეთი და მიმართა ბათუმის მერიას მეჩეთის მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის თაობაზე, რაზედაც მიიღო უარი. პროტესტის ნიშნად მუსლიმმა მრევლმა მიიღო გადაწყვეტილება ღია ცის ქვეშ გაეხსნათ მეჩეთი. 2017 წლის 26 მაისს მუსლიმმა მრევლმა ოფიციალურად გახსნა მეჩეთი და ამ დღიდან დაიწყო ღია ცისქვეშ ლოცვის შესრულება. მეჩეთი დღესაც მოქმედებს თავისი ყველა აუცილებელი ატრიბუტით (გარდა შენობისა). სამწუხაროდ მუსლიმთა სამმართველო ამ პროცესებში ღიად ვერ ჩაერთო, ამის მიზეზი იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს (რაც ამავე დროს ნიშნავს ხელისუფლების პოზიციასაც) კიდევ ერთი ზეწოლა. სამი წლის განმავლობაში მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ მხოლოდ ერთხელ შეძლო მისვლა ახალ მეჩეთში.
საინიციატივო ჯგუფმა მერიის უარი სასამართლოში გაასაჩივრა. მერიამ პირველსავე სასამართლო სხდომაზე გამოთქვა მოლაპარაკების სურვილი. პირველი შეხვედრა მოლაპარაკების შესახებ შედგა 2018 წლის მარტში. მერიის შემოთავაზება იყო შემდეგი: „მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაგვეცა მუსლიმთა სამმართველოზე და შემდეგ მერიას, მუსლიმთა სამმართველო თუ მიმართავდა ნებართვაზე, ემსჯელა ნებართვის გაცემაზე“. რა თქმა უნდა ეს საკითხი განვიხილეთ მრევლში და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. კრებები ჩავატარეთ სხვადასხვა მეჩეთებშიც. მიწის ნაკვეთის სამმართველოზე გადაცემის თაობაზე ყველგან მივიღეთ უარი.
მრევლის მოსაზრება იყო, რომ მუსლიმთა სამმართველოზე მიწის გადაცემა ნიშნავდა მუსლიმი მრევლის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის დაკარგვას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილით მოგვმართა მუსლიმთა სამმართველოს ხულოს რაიონის 50-მდე წინამძღვარმა, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ „აღნიშნული მიწის ნაკვეთისთვის ჩვენ სოფლებში შევაგროვეთ თანხები, ჩვენ წარმოვადგენთ მუსლიმთა სამმართველოს წინამძღვრებს, მაგრამ ფული ჩაგაბარეთ საინიციატივო ჯგუფს. ეს განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ თქვენს მიმართ არის ნდობა და დარწმუნებული ვართ თქვენ ააშენებთ მეჩეთს. ვეწინააღმდეგებით მუსლიმთა სამმართველოზე მიწის გადაცემის ფაქტს“.
აღნიშნულმა წერილმა საბოლოოდ მიგვაღებინა გადაწყვეტილება, არ გადაგვეცა მიწის ნაკვეთი მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაში. პასუხი წერილობით ვაცნობეთ მერიას. სამწუხაროდ მერია დღესაც მუსლიმი მრევლისათვის მიუღებელ წინადადებებს გვთავაზობს. რა თქმა უნდა, ჩვენ აღნიშნულ შეთავაზებას არ ვეთანხმებით და არ ვაპირებთ მიწის გადაცემას მესამე პირებზე. ვფიქრობთ, მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის გადაცემა მუსლიმთა სამმართველოზე ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის წართმევას. რასაც ნამდვილად ვერ დავუშვებთ.
ჩვენ გვაქვს შემდეგი მიდგომა მუსლიმთა სამმართველოსთან ამ საკითხში თანამშრომლობის:
1. მზად ვართ მუსლიმთა სამმართველომ თანაბარი უფლებით მიიღოს მონაწილეობა ჩვენთან ერთად ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაში. მეჩეთის აშენების შემდეგ ვიმსჯელებთ მეჩეთის მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემა – არ გადაცემის საკითხზე.
2. ვთავაზობთ ბათუმის მერიას, მუსლიმთა სამმართველოს გადასცეს სხვა მიწის ნაკვეთი სადაც მოხდება ახალი მეჩეთის მშენებლობა, ჩვენის მხრივ მხარს დავუჭერთ ამ პროცესს, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაშიც გავაგრძელებთ სასამართლო დავას.
და ბოლოს, ვფიქრობთ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ საკულტო ნაგებობის მშენებლობას. ეს იქცა ერთგვარად საქართველოს დემოკრატიის განვითარებისათვის ბრძოლად. ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ვთქვათ უარი და რაიმე მიზეზიდან გამომდინარე დავთმოთ პოზიციები.
მართალი გითხრათ, ძალიან გვიმძიმს, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შედგენილ ანგარიშებში ბათუმის მეჩეთის მშენებლობის საკითხი სახელდება ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებად, რაც ულახავს იმიჯს ჩვენს ქვეყანას. ასევე, ხელისუფლებას ვთხოვთ, ნუ გვაიძულებთ ჩვენი უფლებების დაცვისთვის ვეძებოთ მომხრეები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე. ხელისუფლების არასწორი ქმედებები მუსლიმებს გვაიძულებს მუდმივად ვიყოთ ჩვენი უფლებების დაცვის ბრძოლაში, რაც ხელს უწყობს მუსლიმი მრევლის კონსოლიდაციას, როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკური მიმართულებით.
დარწმუნებული ვართ, ადრე თუ გვიან ჩვენ შევძლებთ მივიღოთ მშენებლობის ნებართვა. ჩვენ ამოვწურავთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს. თუ ვერ მოვახერხებთ ამ მექანიზმებით მეჩეთის მშენებლობას, მაშინ ვიმოქმედებთ იმ ხერხებით, რაც აქამდე არის აპრობირებული ეკლესიების მშენებლობის დროს. საბოლოოდ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ავაშენებთ მეჩეთს.
______
ფოტოზე: ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
თაგო სოფელია მაღალმთიან აჭარაში, სადაც ბათუმიდან სულ რაღაც 2 – 2.5 საათში აღმოჩნდებით. თუმცა ჯერ ხულოს ცენტრამდე უნდა ახვიდეთ, რისთვისაც ბათუმის ძველ ავტოსადგურს უნდა მიაკითხოთ, აქედან ხულოს მიმართულებით მიკროავტობუსები ყოველ საათში ერთხელ დადიან, დილის 8-დან საღამოს 4-5 საათამდე. მგზავრობა ძვირი არ ღირს, სულ რაღაც 5 ლარი. გზად გაივლით ქედის, შუახევისა და ხულოს სოფლების ულამაზეს გზას, აჭარისწყლის ხეობას, ამწვანებულ მთებს და ველებს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მძღოლი გზადაგზა ბევრგან გააჩერებს.
თავიდანვე აირჩიეთ ადგილი ფანჯარასთან, რომელიც იღება. თუ „მარშუტკით“ მგზავრობა გეზარებათ, კი ბატონო, იმგზავრეთ ავტომობილით, სწრაფადაც ჩახვალთ და უფრო კომფორტულადაც, მაგრამ იცი როგორ არის? მოგზაურობა ავტობუსითა თუ „მარშუტკით” ნამდვილ ქვეყანას, ნამდვილ მხარეს გაჩვენებს, ნამდვილი ადამიანებით, ცოცხალი ურთიერთობებითა და შეულამაზებელი პეიზაჟებით. დაბურულმინიანი მანქანიდან ეს ყველაფერი არ ჩანს. რას მივედ-მოვედები? კარგი ბატონო, წადით მანქანით.
მოკლედ სულერთია რითაც, ხულოს ცენტრამდე რომ ახვალ, იქვე დაგხვდება საბაგირო, საიდანაც პატარა, წითელი ვაგონით ერთი მთიდან თითქმის ორი კილომეტრით დაშორებულ მეორე მთაზე გადადიხარ. აქ პატარა სოფელი, თაგოა გაშენებული. სოფელში გზა ვიწრო ბილიკით შედის, ზუსტად ისე, როგორც ზღაპრების უღრან ტყეში, სადაც აუცილებლად სხვა სამყარო დაგხვდებათ.
სოფელში ყველაფერი პატარაა: სკოლა, მეჩეთი და ხის სახლები, მაგრამ ტყე და მთებია დიდი. აუცილებლად მოგჭრით თვალს ხის ძველი სახლები, აქ სხვანაირ სახლს ვერც ნახავთ ერთი მარტივი მიზეზის გამო: ტყე აქვეა და სახლს ფიცრებით აშენებენ, ცემენტის და სხვა მძიმე სამშენებლო მასალების მოტანა კი ერთადერთი ვიწრო და რთული სამანქანე გზით ჭირს.
ხის ნალიებით, ყანებითა და ბოსტნებით ამწვანებული სოფელი ზაფხულში ბავშვებითაა სავსე. ზოგი სტუმარია, ზოგიც წელიწადის ყველა დროს თაგოში ატარებს. „სად მიდიხარ? საიდან ჩამოხვედი? გაგაცილოთ? გზას გასწავლით!” მომძახიან ორღობეებში მაჟალოს და ბლის ხეებზე გაბმული ბავშვები. პირი წითელი ბლით აქვთ მოთხუპნული, ყურებამდე გიღიმიან, კამერით რის გადაღებასაც ასწრებ ესაა.
დაჩი, აჩი, მათი მშობლები და ბებია მუდმივად თაგოში ცხოვრობენ. ამბობენ, რომ აქ ცხოვრება რთული არ არის. თესენ კარტოფილს, სიმინდს, ლობიოს, ხეხილი აქვთ ეზოში, ძროხები და ქათმები ჰყავთ – არაფერი აკლიათ და სუფთა გარემოში, ქალაქიდან შორს ცხოვრობენ. აქ ხმაური არ აღწევს და ყველგან პირველყოფილი სიმშვიდეა, შენც ყველაფერი გავიწყდება რაც გღლის და ნერვებს გიშლის, გრძნობ ერთადერთი რამეა საჭირო ბედნიერებისთვის: ბუნებრივი გარემო, სიმწვანე, სუფთა ჰაერი, ადამიანების მშვიდი, ღიმილიანი სახეები, ჩიტების ხმა, მთებზე ნისლი და ცაზე ღრუბლები.
მაღალმთიანი აჭარის ამ სოფელში ზამთრობით დიდი თოვლი მოდის, ქალებს ხელსაქმისთვის ბევრი დრო რჩებათ, ნაქარგებს და ნაქსოვს გოგოებს მზითევში ატანენ ან ერთმანეთს ჩუქნიან.
ხის სახლებში ზოგან საოჯახო სასტუმროებია მოწყობილი, სადაც 30-50 ლარად ღამესაც გაათევთ და ტრადიციულ აჭარულ კერძებსაც დააგემოვნებთ: ბორანოს, ქალაჯოს, ხავიწს, ნაღბიბორასა და სინორს.
სინორი
სხვანაირად გძინავთ და სუნთქავთ ზაფხულში წარმოუდგენლად გრილ ხის სახლებში, ისეთში, მაგალითად, როგორიც ასლან ცეცხლაძის საოჯახო სასტუმროა: სიმინდის ყანაში ჩაფლული სახლი. დიასახლისი აქ შინ მოყვანილი პროდუქტებით მომზადებული ტრადიციული კერძებით გაგიმასპინძლდებათ. სახლი თაგოს საბაგიროდან სულ რაღაც 900 მეტრის დაშორებით მდებარეობს. საოჯახო სახლებს ერთი რამ გამოარჩევს ღამის სხვა გასათევებისგან – აქ სტუმარი არ ხარ, შინ მოდიხარ – საღამოს სიგრილეში ბუხარს შეგიძლია შენით შეუკეთო, დიასახლისის ფუსფუსს უყურო ან სულაც შენივე სალათის მომზადებაში მიეხმარო.
აქვეა ზურაბ ცეცხლაძის საოჯახო სასტუმროც, პირველ სართულზე ოჯახს შეშის საწყობი მოუწყია ყოველდღიური საჭიროებისთვის, თაგოში თითქმის ყველაფერს შეშის ღუმელზე ამზადებენ და ზამთარ-ზაფხულ ორღობეებში ხის სასიამოვნო სუნი დგას, კვამლი ყველა საკვამურიდან ამოდის.
საოჯახო სასტუმროებიდან სოფლის ულამაზესი ხედები იშლება მთებით და ტყეებით. თუ თაგოში 2-3 დღით მაინც გადაწყვეტთ დარჩენას, აუცილებლად უნდა გაიაროთ 9-კილომეტრიანი თაგო-სხალთის მარტივი საფეხმავლო ბილიკი. გზად შერეულ წიწვოვან და ფოთლოვან ტყეს გადიხართ. მარშრუტი მთლიანადაა მარკირებული ტურისტული ნიშნულებით და დაკარგვა შეუძლებელია. ტყეში 1, 2 კილომეტრის გავლის შემდეგ, მდელოდან ხულოს სოფლების ულამაზესი ხედები იშლება, სადაც შეგიძლიათ პიკნიკი მოაწყოთ ან იქვე კარვით დარჩეთ.
ტყეში ერთსაათიანი შეჩერებაც კი სისხლის გადასხმასავითაა, ცოცხლდები, ენერგია გემატება. მდელოზე ჩათვლემის შემდეგ სხვანაირად ახელ თვალებს და ფიქრობ, მაგრად გაგიმართლა შენი სამსახური რომ სხვა რამეებთან ერთად ზურგჩანთით ხეტიალს და ნანახ-გაგონილზე წერას გულისხმობს. ვრთავ ტელეფონს, არ ვპასუხობ ზარებს და ღრმად ვსუნთქავ, ბეტონის ქალაქში დაბრუნებულს ეს ჟანგბადი დიდხანს რომ მეყოს.
ბილიკი ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიას მიუყვება, ტყის დასასრულს მოასფალტებულ გზაზე კილომეტრნახევრის გავლის შემდეგ სხალთის ხეობაში გადადიხართ, აქ შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმის და სხალთის XII-XIII საუკუნეების მონასტრის დათვალიერება შეგიძლიათ. სხალთის მონასტერი პირვანდელი სახითაა მოღწეული და კედლებზე დღემდეა შემორჩენილი XIV-XV საუკუნის ფრესკები.
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი გამჭოლია. ეს იმას ნიშნავს, რომ გზის გავლა პირიქითაც შეგიძლიათ: სხალთის ხეობიდან თაგომდე, ამ შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი აღმართის ავლა იქნება საჭირო, მაგრამ თაგოს საოჯახო სახლებში დარჩენისას ამწვანებული ხედები დაღლას დაგავიწყებთ.
უკან დაბრუნებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხულოდან ბათუმისკენ ბოლო სამარშრუტო ავტობუსი 17:00 საათზე მიდის, ისევ ქათმებით, პომიდვრიანი ხის ყუთებით, გზაში გაგონილი ამბებით, მგზავრები ერთმანეთს რომ უყვებიან ოჯახის ტვირთსა და მძიმე შრომაზე, მწვანილების ტომრებით და მძღოლის შეძახილებით შავი ღრუბლების დანახვაზე: „ნენეეეეევ! რაფერი ღრუბლებია ჯოვ! ჯერ ეწკლარტუნება, მერე დუუშვებს ბათუმშიც!” – ესაა ჩემი ქვეყანა. არა, არ წახვიდეთ თაგოში დაბურულმინებიანი მანქანით.
ბათუმის რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი აირი, 29 ივნისის ათი საათიდან აღარ მიეწოდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში გაზი არ მიეწოდება მელიქიშვილის, ასათიანის, ბაგრატიონისა და მისი მიმდებარე ქუჩებს.
„სოკარ ჯორჯია გაზი ბათუმის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებეს“ უთხრეს, რომ არ იციან რამდენი აბონენტია ამ დროისთვის გამორთული. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდება ავარიული დაზიანების გამო შეწყდა.
„სოკარის“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ გაზის მიწოდება ამ აბონენტებისთვის ხვალ, 1-ელ ივლისიდან აღდგება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსის, რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, წვიმიანი ამინდები ბათუმში დღეს და ხვალ, 30 ივნისსა და 1 ივლისს შენარჩუნდება, გამოდარებას კი ბათუმში სამშაბათიდან, 2 ივლისიდან უნდა ველოდოთ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა ბათუმში იქნება:
დღისით: 22-24 გრადუსი
ღამით: 15 გრადუსი
ზღვაზე შენარჩუნდება შტორმული ამინდი.
ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
10 მრავალსულიანი, დევნილი ოჯახი ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ბინის მფლობელი გახდა.
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა.
სამინისტრომ 154 ბინა, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში გაანაწილა. დარჩენილ 10 ოთხოთახიან ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება გამოცხადდა და ისინი დევნილ ოჯახებს დღეს გადაეცათ.
ამავე კორპუსებში საცხოვრებელი ფართები სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა 208 ეკომიგრანტმა ოჯახმაც მიიღო.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ოთხოთახიანი ბინების გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გადასცეს.
გასაღების გადაცემა. ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო
პროკურატურა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეს, ჯემალ დიასამიძესა და შპს „კრისტალის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მუხრან ელიაძეს შორის მომხდარ ინციდენტს სწავლობს. 27 ივნისს, სასამართლოსთან ჩხუბის შემდეგ მუხრან ელიაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მერიის თანამშრომელი მას 10 ათას ლარს და ძვირადღირებულ ავტომანქანას სძალავდა. პროკურატურაში ამბობენ, რომ დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა დაიწყოს გამოძიებაც.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მხარეები პროკურატურამ გუშინ, 28 ივნისს გამოკითხა.
27 ივნისს, 15:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯემალ დიასამიძე და ერთ-ერთი მშენებელი, მუხრან ელიაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ფაქტს „ბათუმელები“ ადგილზე შეესწრო, თუმცა მერიის თანამშრომელი ჯემალ დიასამიძე ინციდენტს უარყოფს.
მუხრან ელიაძის კომპანია მერიის ერთ-ერთ ტენდერის ფარგლებში გონიო-კვარიათში ასფალტს აგებდა. მერიამ ამ ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და არც შესრულებული სამუშაოების თანხა გადაიხადა სრულად. ამ ტენდერთან დაკავშირებით მხარემ სასამართლოში იჩივლა.
„ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მუხრან ელიაძემ განაცხადა, რომ მერიის თანამშრომელი ქრთამის სახით ძვირადღირებულ ავტომანქანას და 10 000 ლარს სძალავდა.
დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციით ბათუმელმა ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს. იდენტური იყო მთავარი მოთხოვნაც – გადადგეს გიორგი გახარია.
აქციას, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, პოლიცია ავტომობილებიდან ადევნებდა თვალყურს. აქციის დროს ბათუმში კოკისპირულად წვიმდა.
საპროტესტო აქცია ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებისაპროტესტო აქცია ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიაქციაზე ოკუპაციასაც აპროტესტებდნენ ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებისაპროტესტო ბანერის გამო, რომელზეც ეწერა “სისხლიანი 9+7 წელი” ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქციას არ შეუერთდა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებისაპროტესტო ბანერის გამო, რომელზეც ეწერა “სისხლიანი 9+7 წელი” ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქციას არ შეუერთდა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებისაპროტესტო აქცია ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებისაპროტესტო აქცია ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებისაპროტესტო აქცია ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
დღეს, 29 ივნისს, ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს. ბათუმის ქუჩები უკვე არაერთხელ დაიტბორა. ბათუმში წყლის ნაკადის გატარებას სანიაღვრე სისტემა ახერხებს და, შესაბამისად, მოქალაქეებს პრობლემები ნაკლებად ექმნებათ. თუმცა „ოცნების ქალაქში“ ასე არ ხდება – ქოხებში მცხოვრები ოჯახები მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ძალებით ცდილობენ ქოხებიდან წყლის დაცლას, მაგრამ ეს არც ისე მარტივია.
„ოცნების ქალაქიდან“ გვწერენ, რომ რამდენიმე ქოხებში ამ დროისთვისაც დგას წყალი და, როგორც ჩანს, ქოხების მესაკუთრეებს ღამის გათევა ასეთ პირობებში მოუწევთ.
აქ ამბობენ, რომ უკვე გამოიძახეს სამაშველო სამსახური, მაგრამ მისულმა ჯგუფმა თქვა, რომ წყალს ქოხებიდან ვერ ამოტუმბავენ, რადგან არ იციან, სად შეიძლება გადატუმბონ ეს წყალი. აქ მცხოვრების თქმით, დარეკეს ბათუმის წყლის ცხელ ხაზზეც, სადაც უთხრეს, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის.
ოცნების ქალაქი. 2019 წლის 29 ივნისი. ფოტო როინ გუნდაძეოცნების ქალაქი. 2019 წლის 29 ივნისი. ფოტო როინ გუნდაძეოცნების ქალაქი. 2019 წლის 29 ივნისი. ფოტო როინ გუნდაძეოცნების ქალაქი. 2019 წლის 29 ივნისი. ფოტო როინ გუნდაძეოცნების ქალაქი. 2019 წლის 29 ივნისი. ფოტო როინ გუნდაძე
მიუხედავად თავსხმა წვიმისა, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სოლიდარობის აქცია მაინც გაიმართა. დასაწყისში ამ აქციაზე მცირედი ინციდენტი მოხდა. აქციაზე მისული ენმ-ის წევრებში უკმაყოფილება გამოიწვია პლაკატმა – „სისხლიანი 9+7 წელი“. ენმ-ის წევრებმა თქვეს, რომ ერას მოედანზე აქციის ორგანიზატორების მიწვევით მივიდნენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მალხაზ ჭკადუას თქმით, „პლაკატებზე წარწერების გაკეთება გადაწყდა ღია ხმის მიცემით და „სისხლიანი 9+7 წელი“, ისე როგორც პლაკატებზე დასატანი სხვა გზავნილები, ხმათა უმრავლესობით შეირჩა. ეს არის ამ ადამიანების მოსაზრება და თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ეს მისაღები არ არის, ეს მათი არჩევანია“, – უთხრა „ბათუმელებს“ მალხაზ ჭკადუამ.
ამ მცირე ინციდენტის შემდეგ ენმ-ის წევრებმა აქცია დატოვეს. მანამდე კი მათ მოისმინეს რეპლიკები – „ვერც ესენი დარჩებიან და ვერც თქვენ მოხვალთ“, „ეს თქვენი 9 წელი იყო“.
ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, აქცია გაგრძელდა მთავარი მოთხოვნით, „გადადგეს გახარია“. აქციის მონაწილეებმა გააკრიტიკეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, რომელმაც 20 ივნისის აქცია დაარბია.
აქციის მონაწილეები ახლა უკვე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის გავლით იუნკერთა სკვერისკენ მიემართებიან.
მა წუთებში თბილისში „რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს სახელწოდებით – “თავისუფლების მარში”. აქციის მონაწილეები 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
სოლიდარობის აქცია ერას მოედანზე. ბათუმი, 2019 წლის 29 ივნისისოლიდარობის აქცია ერას მოედანზე. ბათუმი, 2019 წლის 29 ივნისისოლიდარობის აქცია ერას მოედანზე. ბათუმი, 2019 წლის 29 ივნისი
კომპანია Avis Rent a Car in Georgia საკუთარ FB-გვერდზე ავრცელებს მოკლე შეტყობინებას ფლაიერებთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია – ტერიტორია, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, წითელი ფერით არის აღნიშნული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნაცრისფრად. დღეს ეს ფლაიერები ბათუმელმა ფოტოგრაფმა ედო მჟავანაძემ გადაიღო ბათუმის აეროპორტში.
„ვიზიარებთ საზოგადოების მოსაზრებას ფლაერზე დატანილ რუკის ვიზუალურ გამოხატვასთან დაკავშირებით. აქამდე რუკაზე საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში განსხვავებული დაშტრიხვით მონიშნული გვქონდა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, სადაც ბუნებრივია კლიენტების მომსახურებას ვერ ვახორციელებთ. ამიერიდან, ჩვენი ფლაერები კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გამოხატავს ამ რეგიონების რუსეთის ოკუპაციის ფაქტს“, – წერია Avis Rent a Car in Georgia , მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქვეყანაში ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული აქციების შემდეგ, ბათუმის საკრებულოს წევრები სოციალურ ქსელში ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ ფოტომონტაჟს აქტიურად აზიარებენ. საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ არც იმას მალავენ, რომ ლგბტ თემის მიმართ შემწყნარებლობით არ გამოირჩევიან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყველა განსხვავებულის უფლებები კონსტიტუციით გარანტირებულია.
ბათუმის საკრებულოს წევრი ელგუჯა ანდრიაძე, რომელიც საკრებულოში „ქართული ოცნების“ კვოტით შევიდა, სხდომებზე დიდი აქტიურობით არასდროს გამოირჩეოდა. სამაგიეროდ, ის გააქტიურდა ფეისბუქში. საკრებულოს წევრი პერიოდულად აზიარებს სიძულვილის ენის შემცველ სტატუსებს, ფოტოშოპით დამონტაჟებულ შეურაცხმყოფელ ფოტოებს, რაც პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.
ლევან ბერძენიშვილზე მომზადებული ეს ფოტომონტაჟი წარწერით – „უცნობი ჯარისკაცი“ ელგუჯა ანდრიაძემ დღეს, 29 ივნისს გააზიარა
ელგუჯა ანდრიაძის პოსტები პრაიდსაც შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩატარება გადაიდო. საკრებულოს წევრის მიერ გაზიარებული პოსტები ლგბტ თემის დისკრიმინაციას ახალისებს. იდენტური ფოტომონტაჟი გაზიარებული აქვს საკრებულოს წევრს გოჩა მგელაძესაც.
გარდა ამისა, ელგუჯა ანდრიაძემ გააზიარა ოპონენტების ფოტოები წარწერით – „დასაჭერია“.
ელგუჯა ანდრიაძემ მსგავსი წარწერით გააზიარა ასევე სერგი კაპანაძის, გრიგოლ ვაშაძის, ირმა ნადირაძის ფოტოები
კოლეგას ოპონენტების მადისკრიმინირებელი პოსტების გავრცელებაში არც საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე ჩამორჩება. ოპონენტების ფოტოებს წარწერით – „დასაჭერია“ ისიც ავრცელებს. მის მიერ გაზიარებული ფოტოების მიხედვით, „დასაჭერია“ სალომე სამადაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი, დავით ბაქრაძე.
გოჩა მგელაძემ ბოლო პერიოდში გამოაქვეყნა ოპონენტების მაკონტროლებელი ე.წ. ნიუსები სათაურებით: „როცა ქმარი რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს და ცოლი კრემლშია“ [საუბარია ნინო ანანიაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეზე]. „გრიგოლ ვაშაძე: მე ძალიან მიყვარს რუსეთი, თანაბრად ვთვლი თავს რუსად“, „ნაცმოძრაობის წევრი სპეცრაზმის ათმეთაურად ასაღებდა თავს! მიზანი: გახარიას და პოლიციელთა დისკრედიტაცია“
საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, განათლების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე ბოლო პერიოდში ასევე აქტიურად აზიარებს ფოტოამბებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებული ადამიანები არიან აღბეჭდილი. მან გააზიარა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ნაცემი კობა დავითაშვილის ფოტო და სულხან მოლაშვილის ვიდეო კადრები, სადაც ის ყვება, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად.
დღეს, 29 ივნისს ირაკლი პატარაძემ გააზიარა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ფოტო შემდეგი წარწერით: „არცერთი მინისტრი ისე არ მეამაყებოდა არასოდეს, როგორც დღეს მეამაყება გახარია“. მან გააზიარა ასევე ელექტრონული პეტიცია სათაურით – „არ გადადგე გახარია“. პატარიძე რეზინის ტყვიების თემასაც გამოეხმაურა, მან გააზიარა მინაწერიანი ფოტო რეზინის ტყვიის შესახებ, სადაც ამტკიცებენ, რომ ტყვია არ არის სასიკვდილო და თავდაცვისთვის გამოიყენება.
ნატალია ზოიძემ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ აზიარებს ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტს – „რუსთაველზე 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია წამის სიზუსტით“. ფეისბუქის მის გვერდზე ბერას ვიდეოსაც ნახავთ, სადაც ბერა წერს, რომ ტკივილს კომპოზიციით გამოხატავს და ამ კომპოზიციას პიანინოზე ასრულებს.
გვერდზე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არ გამოხმაურებიან საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, იგივე შეიძლება ითქვას მის მოადგილეებზე. ამ თემაზე არაფერი დაუწერიათზურაბ ნაკაიძეს,ნერიმან ცინცაძეს, ნატალია ძიძიგურს, ირაკლი თოფურიძეს, ანზორ დევაძეს და სხვები.
საკრებულოს წევრმა თამაზ დევაძემ კი გააზიარა კადრები, სადაც ნიკა მელია აგრესიული გამოსვლებით გამოიჩევა. ოპონენტების შეურაცხმყოფელი ფოტოებისა და სხვა ტიპის მასალების გაზიარებით ისიც გამოირჩევა.
ოპონენტების მაკომპრომატირებელ პოსტებს ოპოზიციაც აზიარებს, ამ მხრივ განსაკუთრებით საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე გამოირჩევა.
“სისხლიანი 9+7 წელი”, “გახარია წადი”, “აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია,” “აჯანყდი, რადგან შესაძლოა შენი ბოლო შანსი იყოს,” – ბათუმის ქუჩებში წუხელ ამ შინაარსის სტენსილები გამოჩნდა.
სტენსილის ავტორები ამ ფორმით 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურებიან.
სტენსილი ბათუმის ქუჩებშისტენსილი ბათუმის ქუჩებში
დღეს, 29 ივნისს ბათუმში, 19 საათზე, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები უერთდებიან თბილისში, 20 ივნისის ღამის შემდეგ ყოველდღიურად მიმდინარე აქციების მოთხოვნას, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ.
24 ივნისს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: „პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება“. 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, დისკუსიის მიზანი იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა ძალა აქვს მოქალაქეების პროტესტს და რა უნდა გავითვალისწინოთ მსგავსი ფორმით მოსაზრებების გამოხატვის დროს.
შეხვედრას უძღვებოდა მალხაზ ჭკადუა – „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ რეგიონალური ოფისების მენეჯერი. დისკუსიაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
საუბრისას ძირითადი ყურადღება დაეთმო წარსულში მშვიდობიანი პროტესტის, მანიფესტაციის, აქციების მაგალითებზე, მათი მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტებსა და საფრთხეებს.
შეხვედრის დასაწყისში მალხაზ ჭკადუამ ისაუბრა 20 ივნისის მოვლენებზე და საპროტესტო აქციებზე, რომელიც დღემდე გრძელდება.
მალხაზ ჭკადუა
მალხაზ ჭკადუა: საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შეკრებილია რუსთაველის გამზირზე [თბილისში], ფიქრობს, რომ გიორგი გახარიას [შს მინისტრი] პასუხისმგებლობაა ის, რაც მოხდა აქციაზე. სპეცრაზმი არ მუშაობს ავტონომიურად. თუ იმუშავა ავტონომიურად, მაშინ ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავზე დაგვექცა. ნებისმიერ შემთხვევაში გახარიას პასუხისმგებლობაა.
ამავე დროს, ნებისმიერი მცდელობა აქციაზე – შეჭრისა, კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფოს დამხობის არის უკანონო.
ჩვენ აბსოლუტურად დაცულები ვართ კანონით, როცა გვინდა შეკრება, ვერავინ ვერ შეგვიშლის ხელს, რადგან ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება. კანონი უპირატეს მდგომარეობაში აყენებს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად ითვალისწინებს იმას, რომ იმ შენობაში მომუშავე ადამიანების უფლებები არ უნდა დაირღვეს და არც იმ ადმინისტრაციული ორგანოს, რომლის ახლოსაც მართავ აქციას. არსებობს 20-მეტრიანი რადიუსის ზღვარი, რომ ხელი არ შევუშალოთ ადამიანებს მუშაობაში.
დისკუსია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით
რამდენად სწორად მოქმედებდა პოლიცია 20 ივნისის მოვლენების დროს – რას ფიქრობენ დისკუსიის მონაწილეები
ლიზი ანთაძე: ადამიანებს ძალიან ახლოდან ესროდნენ რეზინის ტყვიებს.
მარი თავბერიძე: სოციალურ ქსელში წავიკითხე კომენტარი, რომ ჯერ პოლიციას წყლის ჭავლი უნდა გამოეყენებინა და თუ ვერ დაშლიდა აქციას, შემდგომ უნდა მიემართა უფრო რადიკალური ზომებისთვის.
მარიამ ლავასოღლი: გაფრთხილებული არ იყო მოსახლეობა. ასევე ეს ტყვია ძირს უნდა ესროლათ და შემდგომ ასხლეტილიყო. ამ შემთხვევეში კი პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ.
მალხაზ ჭკადუა: აბსოლუტურად სწორად აღწერეთ ის, რაც დააშავა პოლიციამ. პარალელი გავავლოთ 2011 წლის 26 მაისთან, ძირითად განსხვავებაზე გავაკეთოთ აქცენტი. 20 ივნისს პოლიციას გასასვლელები არ ჩაუკეტავს, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მივიდა და უთხრა აქციის მონაწილეებს, რომ თქვენ ახლა არასანქცირებულ აქციას ატარებთ, ხვალ აქ უნდა გაიმართოს აღლუმი, გაძლევთ ალტერნატიულ ფართობს, დედაენის ბაღთან, ჩადით და ჩაატარეთ აქცია, ხელს არავინ შეგიშლით. გაფრთხილება იყო სამჯერ. რომ არ დაიშალა გამოიყენეს წყლის ჭავლი, მერე დაიწყო გაზის გაშვება, ცემა.
2019 წლის 20 ივნისს კი არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, არ გამოუყენებიათ წყლის ჭავლი, მოვიდა ბრძანება და მყისიერად დაიწყეს გაზის გაშვება, გაზს მიაყოლეს ტყვიები. საერთაშორისო სტანდარტი იმას ამბობს, რომ ადამიანს ესვრი რეზინის ტყვიას მხოლოდ მაშინ, როცა მისგან მოდის საფრთხე. პოლიცია უნდა იყოს 30 მეტრის დაშორებით იმ ადამიანისგან და უნდა ესროლოს მიწას, რომ ანასხლეტი მოხვდეს მას. უკიდურეს შემთხვევაში, თუ არ რეაგირებს ამაზეც, მაშინ უნდა ესროლო ფეხში.
აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ წესები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კანონის ფარგლებში. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში წესების ცოდნა არ ნიშნავს რისკებისგან თავის აცილებას, რადგან ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც წესებს არ დაემორჩილება. საქართველოში, როგორც წესი შეკრებები არის მშვიდობიანი, უმეტესწილად. 20 ივნისის შემდეგ ბათუმში 5-6 აქცია ჩატარდა, არც ერთ მათგანზე არ მომხდარა შეხლა-შემოხლაც კი, რადგან ადამიანებს აერთიანებდა ერთი მიზანი, რომ გაეპროტესტებინა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.
პარლამენტი ისევე, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო გასცემს აკრედიტაციას ჟურნალისტებზე, სხვებს არ შეუძლიათ შენობაში შესვლა საშვის გარეშე. პარლამენტში იყო სხვა სიტუაცია. კანონმდებლობა ცალსახად გამოყოფს ჟურნალისტის უსაფრთხოებას. როგორც აქციის ორგანიზატორებმა, ისე სამართალდამცველებმა არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობაში. ჟურნალისტი არის პერსონა, რომელსაც იცავს კანონი, რადგან ჟურნალისტი აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას. თუ რაიმე ტიპის შეზღუდვა დაწესდა გაშუქებაზე, ეს არის დანაშაული და სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ ეს ფაქტი.
ჟურნალისტისთვისაც არსებობს ქცევის სტანდარტი – ნორმა, რომლითაც ის უფრთხილდება ერთის მხრივ საკუთარ უსაფრთხოებას და მეორე მხრივ მუშაობს იმიტომ, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.
დისკუსია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით
მარიამ ლავასოღლი: მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჟურნალისტებს ტექნიკას ართმევდნენ და ნაგვის ურნაში ყრიდნენ.
მალხაზ ჭკადუა: 32 ჟურნალისტი დაზარალდა ამ აქციაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციფრი დაზარალებული ჟურნალისტებისა. სადღაც რომ წახვალთ, რომელიმე შეხვედრაზე, ყოველთვის იფიქრეთ უსაფრთხოებაზე. არის თუ არა იმ ტერიტორიაზე რამდენიმე გასასვლელი, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ. ასევე ორგანიზატორებს უნდა ჰკითხოთ, არის თუ არა სანქცირებული ეს აქცია. პოლიცია ან თვითმმართველობა არის თუ არა საქმის კურსში.
რაც შეეხება რუს ტურისტებს – არსებობენ ადამიანები, რომლებიც გრძელვადიანად ვერ ხედავენ მოვლენებს. პუტინმა აკრძალა ფრენა, იმის გამო, რომ ჩვენ ასე გავაგდეთ მათი დეპუტატი. ბოდიშს ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან და თან ითხოვენ, რომ ჩაგვრთეთ საგამოძიებო მოქმედებაშიო. ბოლო სამი წელია, საქართველოში შეინიშნება მომრავლება რუსი ტურისტების. დაახლოებით მილიონ-ნახევარ ადამიანზეა საუბარი.
წლევანდელი მონაცემებით საქართველოში, მაისის ჩათვლით, შემოსულია 540 000 რუსი ტურისტი. აზერბაიჯანიდან შემოსულია 500 000. მე მირჩევნია რუს ტურისტთან ერთად ჩამოვიდეს, ბევრი გერმანელი, ბევრი ამერიკელი, ბევრი ბრიტანელი და ა.შ. რუსებს საქართველოში მარტო ბუნება, ჭამა და ტრადიციები კი არ მოსწონთ. მათ აქ თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. აქ ადამიანებს არ დასდევენ, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელია.
დისკუსიის ვიდეო-ჩანაწერი:
დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება“ იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.
კარგა ხანია საქართველო „ქლაბინგის“ რუკაზე მნიშვნელოვან ერთეულად მოინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაინც თბილისის ღამის კლუბების დამსახურებაა, დიჯეინგი და ელექტრონული მუსიკის წარმოება, მთელ საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
ადრე კლუბური ივენთების თუ ელექტრონული მუსიკის ფესტივალების ლაინაფებში, ძალიან იშვიათად შეხვდებოდით მთავარ სცენაზე ქალ DJ-ებს. როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე საქართველოში ძირითადი ჰედლაინერები კაცი შემსრულებლები იყვნენ. ახლა ელექტრონული მუსიკის სფეროში ქალი DJ-ები წამყვან პოზიციებს იკავებენ. ქალები აქტიურად ჩნდებიან ელექტრონული მუსიკის ქართულ სცენაზეც.
კათიშა ცეცხლაძე 29 წლის ბათუმელი DJ და პროდიუსერია. მოღვაწეობა სამი წლის წინ დაიწყო. “ხელოვნებასთან ბავშვობიდან ახლოს ვიყავი, დიჯეინგის სწავლა ძალიან მინდოდა და ჩემს მეგობარს ვთხოვე, რომ ესწავლებინა… მერე თბილისში მომიწია გადასვლა, რამაც ძალიან შემაფერხა. უკვე იმ დროს, როცა ვიწყებდი დიჯეინგს, აქტიურად ვიყავი ჩართული ივენთების ორგანიზებაში, ვმუშაობდი გამომცემლობებში, სადაც ვაკეთებდით ყველანაირ ივენთს, კორპორატიულ წვეულებებს, დაჯილდოებებს და ამ მუსიკოსებთან, DJ-ებთან კომუნიკაციამ მომცა შთაგონება, რომ მეც შემეძლო ჩემი თავი ასე გამომეხატა. ასე დავიწყე დიჯეინგი. მე რომ მეგონა მარტივი, ასე არ აღმოჩნდა”, – ამბობს ის.
კათიშა ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრ რამეს სწავლობს. „თავს ჯერ ვერ ვუწოდებ პროფესიონალ მუსიკოსს, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური სკოლის შვიდწლედიც დავამთავრე. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ, მინდა ბევრი რამ აღმოვაჩინო. სამი წელია ვუკრავ, ეს არ არის დიდი დრო, მაგრამ არც ცოტაა. ამ პერიოდში მოვახერხე ის, რომ ხშირად მიწვევენ თბილისში, სხვადასხვა ბარებში დასაკრავად. ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ბარი აღებს ჩემთვის კარს, მსიამოვნებს განმეორებით რომ მიწვევენ. შარშან ვუკრავდი ფესტივალზე, ეს იყო ჩემი პირველი ფესტივალი, სადაც დიდ სახელებთან ერთად მეც მოვხვდი სცენაზე. სამი წლის წინ ამას საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი. წელს კი პირველად გავალ საქართველოს საზღვრებს გარეთ”.
კათიშა იქამდე გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. ამბობს, რომ ძველი საქმიანობისგან განსხვავებით, ამ სფეროში გოგოები კარგი გარეგნობის და ხასიათის გამო არ აღწევენ წარმატებას, საამისოდ საჭიროა მონდომება, მოთმინების უნარი და ცოტა იღბალიც: – “ამ ინდუსტრიაში არ აქვს მნიშვნელობა გოგო ხარ თუ ბიჭი, არავინ დაგაკვრევინებს მხოლოდ იმის გამო, რომ გოგო ხარ, თუ სათანადოდ არ უკრავ. მე ვიცი, რომ უნდა ვიყო შემდგარი არტისტი, რომ დავიმსახურო კარგი კლუბის სცენაზე დგომა”.
კათიშა ამბობს, რომ ქალი DJ-ები საქართველოშიც გამოჩნდნენ, თუმცა რაოდენობრივად ელექტრონული მუსიკის სცენაზე, კაცები კვლავ სჭარბობენ: – “რაოდენობრივად ვერ ვუტოლდებით, მაგრამ ვინც ვართ სცენაზე, საკმაოდ ნიჭიერები ვართ და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი გოგო გამოჩნდება, ვისაც საკუთარი თვის წარმოჩენა ამ ფორმით მოუნდება”.
მარიამ მესტუმრიშვილი
მარიამ მესტუმრიშვილი 20 წლისაა, რამდენიმე წელია ბათუმში ბარმენად მუშაობს, ელექტრონული მუსიკით ერთი წლის წინ დაინტერესდა, ელექტრონული მუსიკის წერა-წარმოების პროგრამა Ableton Live-ც ისწავლა, დიჯეინგის კურსიც გაიარა და ახლა ცდილობს საქმეს უფრო პროფესიონალურად მოჰკიდოს ხელი.
“თავიდან მეგობრების ივენთებზე ვუკრავდი, ამ გაზაფხულზე პირველად დავუკარი უცხო მსმენელის წინაშე. ძალიან ვნერვიულობდი, დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ადამიანების, მსმენელის განწყობა და ემოციები შენზეა დამოკიდებული. ბევრს ჰგონია, რომ დიჯეინგი ძალიან მარტივი საქმეა. მეუბნებიან ხოლმე “რა უნდა ჯერ ერთ ტრეკს ჩართავ, მერე მეორესო”. არ არის ასე, ტემპი არ უნდა დააგდო, რიტმი შეინარჩუნო… Dj ივენთის ერთ-ერთი მთავარი პერსონაა, ადამიანების განწყობა სრულადაა დამოკიდებული იმაზე, რასაც შენ უკრავ”, – ამბობს ის.
მარიამ მესტუმრიშვილი
მარიამი ამბობს, რომ ამ დარგში ფეხის მოკიდება რთულია, თუმცა ეს სირთულეები გოგო და ბიჭ DJ-ებსაც თანაბრად ეხება: – “ზოგადად, ძალიან არასწორია სფეროების დაყოფა სქესის მიხედვით, მუსიკის მით უმეტეს, მუსიკა ყველასია და ძალიან მიხარია, რომ ბოლო დროს როგორც მსოფლიო სცენაზე, ისე საქართველოში და კერძოდ ბათუმშიც, ძალიან ნიჭიერი ქალი არტისტები გამოჩნდნენ ელექტრონული მუსიკის სცენაზე.
საერთოდ არ მიყვარს ჩემს ემოციებზე საუბარი, როცა დავფიქრდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ხერხი, რითაც ჩემს გრძნობებსა და მესიჯებს ადამიანებს გავუზიარებდი, მივხვდი, რომ ეს მუსიკა იყო. მინდა ვხედავდე, რომ ადამიანებს უხარიათ, ბედნიერები არიან… ჩემი მთავარი მესიჯი, რისი გაზიარებაც მსურს – ალბათ თავისუფლებაა, მუსიკა ათავისუფლებს”.
ბათუმელი ედო მჟავანაძე ამბობს, რომ დღეს ბათუმის აეროპორტში გადაიღო ბუკლეტები, რომელზეც საქართველოს რუკაა გამოსახული. ამ რუკაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია – ტერიტორია, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, წითელი ფერით არის აღნიშნული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნაცრისფრად. სარეკლამო ფლაიერს აწერია, რომ ის ტურისტულ კომპანია – „ავი ჯორჯიას“ ეკუთვნის. ამ ფლაიერებს შემოსულ ტურისტებს ურიგებენ.
„ბათუმელები“ კომპანიას ბუკლეტზე მითითებულ ნომერზე დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რატომ არის დატანილი ბუკლეტზე საქართველოს რუკა მსგავსი ფორმით.
კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ბუკლეტზე მხოლოდ ის ადგილები მიანიშნეს, სადაც კომპანიის ოფისებია წარმოდგენილი.
„ეს არ არის საქართველოს რუკა, აქ მინიშნებულია ის ადგილი, სადაც ჩვენი ოფისებია. ბათუმის, ქუთაისის და თბილისის სერვისები აწერია. არანაირი პოლიტიკური არ არის აქ“, – გვეუბნება კომპანიის წარმომადგენელი.
კითხვაზე, კომპანიის სერვისები ერთ ფერში გამოსახულ საქართველოს რუკაზე რატომ არ დაიტანეს? კომპანიის წარმომადგენელი ამბობს: ის, რომ რუკაზე საქართველოს შემადგენლობაში არ ჩანს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მხოლოდ დიზაინის ამბავია.
„არანაირი პოლიტიკური ამბავი აქ არ არის და არ ვაპირებთ არანაირი დიზაინის შეცვლას“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
სტატია გამოქვეყნებიდან მალევე კომპანია გამოხმაურება, მათი გადაწყვეტილების შესახებ შეგიძლიათ აქვე წაიკითხოთ.
ზურაბ კვესიტაძემ და ალექსანდრე ნადიბაიძემ მყინვარწვერი დალაშქრეს. „მშვიდობიანმა საპროტესტო ტალღამ მყინვარწვერამდეც ამოაღწია, 5054 მ“, – წერს ფეისბუქში ზურაბ კვესიტაძე. ფოტოები, რომელიც 25 ივნისსა გამოქვეყნებული, აქვს რამდენიმე ჰეშთეგი: #რუსეიოკუპანტია;#ნუგვაბრმავებთ;#სირცხვილია;#წადი
„ეს არ იყო დიდი დაგეგმილი აქცია, არც ექსპედიცია მოწყობილა სპეციალურად ამ თემაზე. მთა ჩვენი სახლია, იქ ვცხოვრობთ, ტურისტები დაგვყავს, ვმუშაობთ, ვვარჯიშობთ, სპორტულ ასვლებს ვაკეთებთ. როცა აქციაზე ჩემი მეგობრების გვერდში დგომა არ შემიძლია, სიმბოლურად შემოვუერთდი ამ პროტესტს მყინვარწვერიდან, სადაც რუსეთისა საქართველოს საზღვარი გადის“, – გვითხრა ზურაბ კვესიტაძემ.
დღეს მთელ საქართველოში დაგეგმილია „თავისუფლების მარში“ და მათ შორის ბათუმშიც, სადაც დემონსტრანტები ერას მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ იუნკერთა სკვერამდე.
დემონსტარაცია თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც 19:00 საათზე იწყება.
აქციის მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა ამ დროისათვის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, თუმცა მინისტრი გადადგომას არ აპირებს. მას მხარდაჭერას უცხადებს სახელისუფლებო გუნდი და ამ მოთხოვნას არ იზიარებს.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 20-21 ივნისის დარბევაზე პასუხისმგებელი არის სწორედ გიორგი გახარია.
საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებას უკვე სასამართლოს გზით ცდილობს, მერია ისევ სთავაზობს სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორიის მუსლიმთა სამმართველოსთვის დათმობას. რატომ უნდა გადასცეს ჯგუფმა საკუთრებაში არსებული ნაკვეთი სამმართველოს და როგორ შეუწყობს ეს ხელს მშენებლობის ნებართვის მიღებას, ან შეუწყობს თუ არა? – მერის წარმომადგენელმა მოსამართლეს, რომელიც ამ საქმეს განიხილავს, ბოლო სასამართლო სხდომაზე შეატყობინა, რომ ლაშა კომახიძე მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს 8 ივლისს შეხვდება. რას ეტყვის მერი მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც მის უწყებას სასამართლოში უჩივიან – „ბათუმელების“ კითხვებს ლაშა კომახიძე პასუხობს.
ბატონო ლაშა, მინდა გკითხოთ მერიის შეთავაზებაზე მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფთან, რომელიც საკუთარ მიწაზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვას ითხოვს. თქვენ მათ ისევ სთავაზობთ, რომ მათ თავიანთი საკუთრება გადასცენ მუსლიმთა სამმართველოს და ამ საკითხზე მერია სამმართველოს დაელაპარაკება, რატომ?
მე შევთავაზე მათ, რომ დიალოგი სასამართლო დარბაზიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაგვეტანა. გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან, პირველ შეხვედრას ვიხსენებ, რა დროსაც მე გავაჟღერე, რომ მერიას აქვს პრეტენზიები ლოკაციასთან დაკავშირებით, რომ იქ უნდა გაიაროს გზამ, ეს არის ერთგვაროვანი ზონა, სადაც არ არის დასაშვები მშენებლობა. ვიცით კონტრარგუმენტებიც, რომ, მაგალითად, ეკლესიებია აშენებული ასეთ ადგილებში და ასე შემდეგ. ვხვდები და ვიაზრებ ამ ყველაფერს ბრწყინვალედ. ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმ მოცემულობიდან, როდესაც მერიას და საინიციატივო ჯგუფს უკვე ჰქონდა სასამართლო დავა, შევთავაზეთ დასრულებულიყო ეს პროცესი, გამოეხმოთ სარჩელი და მხარედ გამოსულიყო სამუფტო სამმართველო, როგორც მუსლიმთა ორგანიზაცია, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობებშია სახელმწიფოსთან. ამის უპირატესობაზე ბევრი დეტალი მოვიყვანე მაშინ, მაგალითად, რამდენი მეჩეთია მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემული, თუ რა სიკეთეებია და რა ნაბიჯებია გადადგმული სახელმწიფოს მიერ.
ჩვენ მხარედ გვევლინება კერძო საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გამოდის მუსლიმი თემის სახელით. სწორედ იმ პირველ შეხვედრაზე მე და ჩემმა თანამშრომლებმა მოვისმინეთ უკიდურესად რადიკალური გამონათქვამები მუსლიმთა სამმართველოს მიმართ საინიციატივო ჯგუფის მხრიდან. მაგალითად, მოიხსენიეს, როგორც კაკებეს აგენტები, უმაქნისები, მუსლიმთა მტრები და ასე შემდეგ. ჩემთვის, როგორც მერისთვის, ძალიან საგანგაშო გახდა ის ფატი, რომ მელაპარკება ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც არ მალავენ თავიანთ ნეგატიურ და რადიკალურ დამოკიდებულებას მუსლიმთა სამმართველოს მიმართ, რომელიც არის მუსლიმთა თემის ერთ-ერთი ძირითადი წარმომადგენელი საქართველოში. შეურაცხმყოფელი გამოთქმების პარალელურად საინიციატივო ჯგუფი მუსლიმთა თემის სახელით ლაპარაკობს და პრეტენზიებს წარმოადგენს მუსლიმთა თემის სახელით.
მუსლიმთა სამმართველოში ათობით ათასი ადამიანია გაერთიანებული და საინიციატივო ჯგუფი, რამდენიმე ათეული ადამიანით, რომელიც არ მალავს თავის რადიკალურ დამოკიდებულებას სამმართველოს მიმართ, საზიზღარი სიტყვებით მოიხსენიებს და შეურაცხყოფს მათ. ვგულისხმობ არამხოლოდ ხელმძღვანელობას, არამედ ჩვეულებრივ მრევლსაც. რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში ჩვენ? – ეს არის შეკითხვა, არა როგორც მერის, უბრალოდ კითხვაა. ხვალ ეს საინიციატივო ჯგუფი რომ გამოვიდეს ისევ მუსლიმი თემის სახელით… რამდენად აქვს მას უფლება ისაუბროს მუსლიმი თემის სახელით… ხვალ რომ გამოვიდეს უფრო რადიკალური ტიპის გამონათქვამებით ჩვენ რის წინაშე დავდგებით? კიდევ ერთ კითხვას დავსვამ, ამ საინიციატივო ჯგუფის ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ასე უარყოფითად და რადიკალურადაა განწყობილი მუსლიმთა სამმართველოს მიმართ, ხომ არ წაახალისებს მუსლიმი თემის გახლეჩას, წახალისება იმისა, რომ სამმართველოს დაუპირისპირდეს, რომ მას აქვს რაღაცა ტიპის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა ბოროტად იქნას გამოყენებული. ზოგადად, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ისმება.
მე ეს ნიუანსები არ გამიჟღერებია. ყოველთვის ვაცხადებდი, რომ თემა არის სენსიტიური და უნდა მოვეპყროთ ფაქიზად. ეს ყველაფერი, რაც ახლა ჩემგან გესმით, მე მათთან დაფიქსირებული მაქვს პირველივე შეხვედრაზე. სწორედ ამ რისკების მაგიდაზე დალაგებით, ყოველგვარი გასაჯაროების გარეშე, მე მათ ვთხოვე, რომ გადაეხედათ ამ პოზიციებზე და სწორედ აქედან გამომდინარე განეხილათ შესაძლებლობა, მუსლიმთა სამმართველო გამოვიდეს მხარედ მერიასთან სასაუბროდ და არა კონკრეტული საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ ის წარმოადგენს აჭარაში მუსლიმი თემის ინტერესებს.
საინიციატივო ჯგუფი არის სამართლებრივ დავაში მერიასთან, მერიისთვის მნიშვნელოვანია მუსლიმთა სამმართველო გამოვიდეს მხარედ, ერთი მხრივ იმისათვის, რომ პრობლემაზე საუბარი გავაგრძელოთ და დავიწყოთ გადაწყვეტაზე მუშაობა და მეორე იმისთვის, რომ მოვხსნათ ყველა კითხვის ნიშანი. მუსლიმთა სამმართველოს მხრიდან მე არ გამიგია ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ აი ამ მხარეების რადიკალიზმი ჩამოვაშოროთ იმიტომ, რომ მე ვგრძნობ იმის პასუხისმგებლობას, რომ ხვალ შეიძლება მე დამისვან კითხვა, თუ სად მიიყვანა გარკვეულმა ტიპის ქმედებამ, ეს საკითხი კი არა და უფრო გლობალური საკითხი შესაძლოა.
საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ სამმართველო ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას. ჩვენ გვახსოვს ფაქტი, როცა სამმართველოს მუფტებმა წერილობით დაადასტურეს, რომ ახალი მეჩეთის აშენება ბათუმს არ სჭირდება. ითქვა ისიც, რომ მათ ეს განცხადება სუს-ის ზეწოლის პირობებში გააკეთეს. ანუ სამმართველო ვერ არის პრინციპული ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნაში.
რაც შეეხება ხელმოწრას, არ ვიცი ამის შესახებ, ალბათ თავად სამმართველომ უნდა უპასუხოს. მე შემიძლია გითხრათ, რომ არის ალბათ ერთი-ორი ადამიანი, რომელიც ამას თქვენს წინაშე ასე, ლამაზად აყალიბებს, მაგრამ მეორე არის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ბევრი ადამიანი, მათ შორის მერიის თანამშრომლებიც, სადაც ისინი ასეთი რბილი ახსნა-განმარტებითი წინადადებებით არ ხსნიან სამმართველოს როლს. ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, მუსლიმთა სამმართველოს მიმართ, ეს არის რადიკალური განწყობების დემონსტრირება. ამოიღეთ ჩანაწერების არქივი და დაინახავთ სახელმწიფოს მიმართაც კი საკმაოდ მწვავე გამონათქვამებს, რომ სახელმწიფო ჩიხშია…
როგორია სამმართველოს პოზიცია ამ საკითხზე, იცნობთ მათ პოზიციას?
დიახ, ჩვენ გვქონდა მათთან საუბარი და ამ საუბრის შედეგად ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მათთვის ეს რადიკალიზმი, რომელიც მოდის საინიციატივო ჯგუფიდან, არის ძალიან სამწუხარო და მიუღებელი. მოდით გავაიგივოთ ეს მართლმადიდებლურ რელიგიასთან. არის საპატრიარქო, რომელსაც ჰყავს მრევლი, საპატრიარქო ხელმძღვანელობს მათ, კი ბატონო არის რაღაც დაპირისპირებები, მაგრამ ხომ არ არის ძირითად პრინციპებში, ვთქვათ ეკლესია ვისი იურისდიქციის ქვეშაა და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, რომ ჩნდება ადამიანების ჯგუფი, რომელსაც უნდა ეკლესიის მშენებლობა და ამავე დროს ამბობს, რომ პატრიარქი, მეუფე და ასე შემდეგ… და მიდის ლანძღვა, მიწასთან გასწორება ამ ადამიანების. ესენი კი ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა ცალკე ეკლესიის აშენება. ხედავთ გახლეჩის საფრთხეებს?
თქვენ, როგორც ქალაქის მერი, ამას როგორ დაარეგულირებთ, თქვენ ხომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ნებართვის გამცემი ორგანო ხართ?
დიახ, რა კარგ წერტილზე მიხვედით. პირველ რიგში, ნებართვის გაცემას, ტექნიკურ ნაწილს რაც ეხება, მერია არის დავაში. მერიას აქვს მისი არგუმენტები, მაგრამ ამის პარალელურად ვამბობ, რომ მე ძალიან მეშინია და არ მინდა გავხდე ინსტრუმენტი გარკვეული ტიპის მოთამაშისა შიდა დაპირისპირებებში.
მთავრობის მხრიდან მეჩეთის აშენებაზე წლების განმავლობაში შექმნილი ხელოვნური ბარიერები ხომ არ არის ამ დაპირისპირების მიზეზი?
არა, არა. არ მოტყუვდეთ, მთავრობა ყოველთვის საუბრობს საინიციატივო ჯგუფთან და მთავრობა ყოველთვის აი ამ პასუხებს აძლევს საინიციატივო ჯგუფს, რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით.
სანამ ეს საინიციატივო ჯგუფი გაჩნდებოდა, ისინი ერთად ძალიან დიდხანს ითხოვდნენ მეჩეთის აშენების უფლებას. მთავრობა მათ წლების განმავლობაში დუმილით პასუხობდა. ეს ხომ არ არის სინამდვილეში მათ შორის დაპირისპირების მიზეზი?
მე თქვენ ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ეს ისეთი ტიპის შეკითხვაა, რომელსაც ორი მხარე აქვს, გააჩნია საიდან შევხედავთ. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ეჭვების დონეზე, მაშინ ნებისმიერი რაღაც შეგვიძლია გავხადოთ ეჭვის საგნად. ამ შემთხვევაში მე გეუბნებით ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით – მერიას აქვს დავა. მერია უნდა გაემიჯნოს ნებისმიერი ტიპის შიდა დაპირისპირების პროცესს, მაქსიმალურად უფრთხილდება რა მუსლიმთა სამმართველოს ავტორიტეტს, მუსლიმი თემის ინტერესებს და იმათ გრძნობებს, რომლებიც სამმართველოში არიან გაერთიანებულნი. მუსლიმ თემი ამბობს, რომ მუსლიმთა სამმართველო გამოვიდეს მხარედ და არა კონკრეტული საინიციატივო ჯგუფი.
თქვენ ახლა მაინც პოლიტიკურ ასპექტზე საუბრობთ. რატომ?
იმიტომ, რომ ეს ორი მხარე ერთმანეთთან პოლიტიკურ ასპექტშიც ძალიან დაკავშირებულია. ამიტომ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, ჩვენ ვამბობთ – ის ფაქტი, რომ საინიციატივო ჯგუფი არც კი განიხილავს იმას, რომ მუსლიმთა სამმართველო წარმოადგენდეს მხარეს, კიდევ უფრო ამძაფრებს [სიტუაციას]…
ვინ თქვა, რომ არ ითხოვს. მე მათთანაც მქონდა შეხვედრა, მათთვის ეს თავშეუკავებელი და რადიკალური გამონათქვამი იყო მიუღებელი. აბსოლუტურად ნათელი გახდა ერთი რამ, რომ ჩვენ გვერდით უნდა გავდგეთ, რომ რელიგიურ თემებში ზედმეტი ჩარევა ძალიან საზიანოა და უპატიებელი შეიძლება იყოს ჩვენთვის, ამიტომაც გამოვიწიეთ გვერდით. ამიტომაც ვითხოვთ, მოდი წინადადება წარმოადგინოს მუსლიმთა სამმართველომ და არა კონკრეტულმა ჯგუფმა. თუკი კანონი ითვალისწინებს, რომ საინიციატივო ჯგუფს შეუძლია მოითხოვოს გარკვეული ტიპის პოზიციების შექმნა და დაფიქსირება, ჩვენ ამ მიდგომით ხვალ სად მივალთ არავინ იცის.
თუ სამმართველო მოვა იგივე მოთხოვნით იგივე ნაკვეთზე, სხვაგვარად განიხილავთ ამ საკითხს?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამმართველოსთან დავიწყოთ, როგორც მხარესთან საუბარი. როცა ინტერესი არის ჯანსაღი, მე ვერ ვხედავ იმ მხრიდან რატომ უნდა იყოს წინააღმდეგობა. ჩემთვის გაუგებარია ასეთი თავგამოდება – ჩვენ, ჩვენ ჩვენ… ხომ არ არის ეს ვიღაცის კონკრეტული ინტერესების გატარების მცდელობა. პიროვნებებს ვგულისხმობ მე და სხვას არაფერს.
რა კონკრეტული ინტერესზე საუბრობთ?
არ ვიცი. მე ვგულისხმობ შიდა დაპირისპირებებს, ვიღაცის უფრო ძლიერად წარმოჩენას… აქ მილიონი კითხვა შეიძლება დაიბადოს და ეს პოლიტიკური ასპექტის თანმხლებია.
თქვენ, როგორც ნებართვის გამცემმა, როგორ უნდა დაასაბუთოთ, გადაწყვეტილების ეს პოლიტიკური საფუძველი?
პოლიტიკურ საფუძველს მე არ ვიყენებ ნებართვის გაცემის დროს, ამ საფუძველს მე ვაჟღერებ იმის პასუხად, რატომ უნდა გამოვიდეს მუსლიმთა სამმართველო მხარედ, რადგან თქვენ ასე მკითხეთ.
სახელმწიფოს კონკრეტული ჯგუფი გედავებათ ევროსასამართლოში რელიგიურ დისკრიმინაციის მუხლით.
გასაგებია, მაგრამ დისკრიმინაცია რაშია და რითი განისაზღვრება, ეს არის წმინდა სამართლებრივი მხარე ამ საკითხის. მერიის გადაწყვეტილებები მე მიმაჩნია სამართალუნარიანად, რომ აწარმოოს ამ საკითხზე დავა. მაგრამ პოლიტიკური ნაწილი არის ის ნაწილი, რომელსაც მე ჩემს ინტერვიუებში ყოველთვის ვუწოდებ სენსიტიურ მხარეს, ვცდილობ ნაკლები ვისაუბრო და ვისაუბრო მხოლოდ დახურული შეხვედრების დროს ამ ჯგუფებთან.
თუნდაც წლების შემდეგ თუ დაგა შედეგი, რომ დადგინდა რელიგიური დისკრიმინაცია, ეს იქნება ძალიან ცუდი ფაქტი ქვეყნისთვის, იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას?
ჩვენ ყველას ჩვენი წილი პასუხიმგებლობა გვაქვს.
მართლა გაუგებარია, რატომ უნდა გაარკვიოს მერიამ ამ ორ ჯგუფს შორის ურთიერთობა…
მერი არაფრის გარკვევას არ ცდილობს, ჩემმა მსჯელობამ რაიმე არასწორი მიმართულება არ მოგცეთ. ჩვენ გვაქვს დავა, სადაც ვითხოვეთ, რომ სამმართველო გამოვიდეს მხარედ – სამმართველო არის საქართველოში მუსლიმი თემის გამაერთიანებელ ორგანიზაცია, რომელიც არის სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოსთან.
ანუ ამ საინიციატივო ჯგუფის წევრი მოქალაქეების უფლებები არაფერს ნიშნავს?
შეხვედრაზე, რომელსაც მე არ ვესწრებოდი, მაგრამ ჩემი თანამშრომლები ესწრებოდნენ, განმეორდა საინიციატივო ჯგუფის მხრიდან სამმართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები. შესაბამისად, ვემიჯნებით რა ამ პროცესს და არ გვინდა ვიყოთ რაიმე ტიპის შიდა პროცესების ბიძგის საფუძველი, ვამბობთ, რომ საკულტო რელიგიურ ნაგებობებთან დაკავშირებით გაცილებით უფრო სწორია გამოვიდეს სამმართველო, რომელიც წარმოადგენს ოფიციალურ ორგანიზაციას. ის, რომ ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია გამოვიდეს ამ ინიციატივით, შესაძლოა ხვალ, რომელიმე არამუსლიმმა ადამიანებმა ძალიან ცუდი მიზნებით, პარალელებს არ გავავლებ, ვახდენ შესაძლებლობის კონსტატაციას, შეიძლება გამოვიდნენ ინიციატივით მეჩეთის ან ეკლესიის…
თუ არსებობს რაიმე შეფარული მიზანი, თქვენ ეს როგორ უნდა განსაზღვროთ, როცა მე სრულუფლებიანი მოქალაქე ვითხოვ მშენებლობის უფლებას კანონის ფარგლებში?
მე განვსაზღვრავ რისკებს და მე მაქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ეს რისკები ან შევამცირო ან მოვხსნა. მე ხომ არ ვამბობ, რომ მე უფლებამოსილი ვარ პოლიტიკური უფლებამოსილებით გარკვეული გადაწყვეტილება გამოვიტანო, ამისთვის არსებობს სასამართლო.
ხვალ თუ მოვალთ და გეტყვით, რომ გვინდა, მაგალითად, ეკლესიის აშენება, როგორ გამოიცნობთ კეთილი მიზნები გვაქვს თუ არა?
მნიშვნელოვანია თქვენს მხარეს გამოდის თუ არა საპატრიარქო, თუ ეს არის თქვენი ინიციატივა.
ღია ცის ქვეშ ილოცა ორთა ჯამეში მისული მუსლიმების ნაწილმაც. ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევდა
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სკამები ლურჯი ფერის იქნება. მშენებარე სტადიონზე, სკამები ყველაზე ბოლოს დამონტაჟდება, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით სტადიონის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე გაცილებით ადრე დასრულდეს. არსებული გეგმით, მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დამთავრდეს.
„სამუშაოები წინსწრებით მიმდინარეობს… კონკრეტულად რა დროში დასრულდება მთლიანად მშენებლობა, ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით. არსებული ტემპით ვადაზე ადრე დამთავრდება“ – გვითხრეს შპს „სტადიონში“.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სკამის ფერის შესარჩევად დისკუსია ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში ფეისბუქში დაიწყო. „მხოლოდ თეთრი და ლურჯი“ –„დინამო ბათუმის“ ფანები ითხოვდნენ, ბათუმის ახალ სტადიონზე მხოლოდ ამ ორი ფერის სკამები დამონტაჟებულიყო.
მოგვიანებით კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თავის ფეისბუქგვერდზე მშენებარე სტადიონის სავარძლების ფერის შესარჩევად გამოკითხვა გამოაქვეყნა. სამინისტრო მომხმარებელს ორ ფერს – ცისფერსა და ლურჯს სთავაზობდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფერები ქალაქის, ზღვისა და ბათუმის „დინამოს“ ლოგოს ფერების მიხედვით შეარჩიეს.
ამ გამოკითხვის მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა: ცისფერი – 35%, ლურჯი – 65%.
ფეისბუქგამოკითხვის შედეგები / წყარო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
შესაბამისად, სამინისტროში გვითხრეს, რომ გადაწყდა ლურჯი ფერის სკამების დამონტაჟება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველ ტენდერში [პირველი ეტაპის სამუშაოები] გამარჯვებულ კომპანია „ანაგთან“ ხელშეკრულება 99 448 408 ლარზეა გაფორმებული დღგ-ს გარეშე [117 349 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით].
ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. „ანაგმა“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულება „სტადიონს“ 20 მილიონ 780 ათას ლარად შესთავაზა [სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო]. ხელშეკრულება კი მასთან 24 520 400 ლარზე [დღგ-ს ჩათვლით] 2019 წლის 10 აპრილს გაფორმდა.
სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულებას ტექნიკურ ზედამხედველობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სიემსი“ უწევს, რომელთანაც ხელშეკრულება 2 388 580 ლარზეა გაფორმებული.
„სტადიონი“ მეორე ეტაპის სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველსაც ტენდერით შეარჩევს. სატენდერო თანხა 576 670 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 7 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დამთავრდება.
ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / მაისი, 2019 / ფოტო: ბათუმელები
დღეს, 29 ივნისს, 19 საათზე, ევროპის მოედანზე ის ადამიანები შეიკრიბებიან, რომლებიც უერთდებიან თბილისში, 20 ივნისის ღამის შემდეგ ყოველდღიურად მიმდინარე აქციების მოთხოვნას, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ.
„მამუკა ბახტაძემ და გიორგი გახარიამ არაერთხელ ახსენეს, რომ “გავრილოვის ღამეს” გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური და რომ ტყვიები, რომლითაც ხელებაწეულ დემონსტრანტებს ესროდნენ, იყო მისაღები.
შს მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიების დამთავრებამდე არსად წასვლას არ აპირებს. ანუ, საქმეს იძიებს გახარიას უწყება, მისივე ხელმძღვანელობით და არ შეიძლება, რომ ეს დავუშვათ!
გახარია არის მხარე, ბრძანების გამცემი და მისივე თქმით, ყველაფერზე პასუხისმგებელი, ამიტომ, არ შეიძლება, მხარე იძიებდეს რამეს სამართლიანად. შს მინისტრი უნდა გადადგეს!
ხვალ, 29 ივნისს,19:00 საათიდან, ვიკრიბებით ბათუმის ევროპის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გავემართებით იუნკერთა მემორიალისკენ.
შემოგვიერთდით და კიდევ ერთხელ, მოვითხოვოთ გიორგი გახარიას გადადგომა!“ – ვკითხულობთ საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ფეისბუქზე გავრცელებულინფორმაციაში.
დღეს, 29 ივნისს, მასობრივი დემონსტრაციების დაწყებიდან მეათე დღეს, თავისუფლების მარში გაიმართება თბილისშიც.
დემონსტრანტები 19.00 საათზე შეიკრიბებიან რესპუბლიკების მოედანზე და თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას მოაწყობენ.
აქციის მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა ამ დროისათვის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, თუმცა მინისტრი გადადგომას არ აპირებს. მას მხარდაჭერას უცხადებს სახელისუფლებო გუნდი და ამ მოთხოვნას არ იზიარებს.
„ვერ გეტყვით, რა იყო უარის მიზეზი, მე დეპარტამენტის თანამშრომელი ვარ,“ – ასე გვიპასუხა აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით ბექაიამ კითხვაზე: რატომ ვერ მიიღო თანხმობა ამ უწყებამ საქართველოს მთავრობიდან ექსკავატორების შეძენაზე.
აჭარის გზების დეპარტამენტს ექსკავატორების შეძენაზე თბილისიდან რომ უარი უთხრეს, ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი რომანაძემ გუშინ, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. გიორგი რომანაძის თქმით, დეპარტამენტს სპეციალური ტექნიკის დაქირავება უწევს, რაც ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე მისი შეძენა. გიორგი რომანაძე საფინანსო კომიტეტის უფროსია და მანამდე გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. გუშინვე თორნიკე რიჟვაძემ დეპუტატებს უთხრა, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
დავით ბექაია, აჭარის გზების დეპარატმენტის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობიდან მათ არ მიუღიათ წერილობითი დასაბუთება, რის გამო ეთქვათ უარი ექსკავატორების შეძენაზე. დეპარტამენტი დაახლოებით მილიონნახევარი ლარით 5 ერთეული ტექნიკური საშუალების შეძენას გეგმავდა. გზების დეპარტამენტმა მთავრობისგან მხოლოდ ორი ექსკავატორის შეძენაზე მიიღო თანხმობა და ამისთვის ბიუჯეტიდან 513 ათასი ლარი დაიხარჯა.
„დეპარტამენტი ახორციელებს გზების გაწმენდით სამუშაოებს, არხების გაწმენდას… გამომდინარე იქედან, რომ ავტოპარკი მოძველებულია, იგი საჭიროებს ყოველწლიურ განახლებას. სტიქიების დროს ჩვენ გვიწევს ტექნიკის დაქირავება მუნიციპალიტეტებში. რა თქმა უნდა, ქირაობას შეძენა სჯობს,“ – გვითხრა დავით ბექაიამ.
გზების დეპარტამენტში ასევე გვითხრეს, რომ ტექნიკის შეძენის საჭიროებას რამდენიმე ცენტრალური უწყება ერთობლივად სწავლობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს თავი შეიკავონ ზღვაში შესვლისგან შტორმის გამო.
ამ დროისათვის საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 4-ბალიანი შტორმი და უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება.
კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე – აღნიშნულია საგანგებო სტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
საგანგებოს განცხადებით, სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად.
შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.
პირველ რიგში, სასურველია ფეხზე გახდა და შარვლის აკაპიწება.რა თქმა უნდა, ცოტა ხანს ვყოყმანობთ.კიდევ ერთხელ ვამოწმებთ, ხომ კარგადაა აკაპიწებული შარვლის ტოტები.წყალი შესაძლოა ცოტა ცივი გვეჩვენოს, მაგრამ არა უშავს, ზაფხულია.გავზომოთ სიღრმე.ამაყად შევაბიჯოთ წყალში.სულ ცოტაც და დატბორილი ქუჩის გადალახვის მისია შესრულებულია, გავედით!
დღეს, 28 ივნისს, ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გარკვეული მონაკვეთები დაიტბორა. როგორც „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, ამ დროის მონაცემებით [23:00] ქუჩების მასობრივი დატბორვა არ ფიქსირდება და დაიტბორა ძირითადად ის მონაკვეთები, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, განსაკუთრებით – ჭავჭავაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთა.
„მობილიზებული გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ სანიაღვრე ჭებზე, რომ ჭებმა გამტარუნარიანობა არ დაკარგონ ზედაპირზე ნაგვის მოგროვების გამო. დემეტრე თავდადებულისა და ბაგრატიონის კვეთა, რომელიც ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება ბათუმში წვიმიანი ამინდის დროს, მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობაშია, თვითონ ქუჩაზე დიდი დატბორვა არ ფიქსირდება. ამჟამად განაწილებული ვართ მთელი ქალაქის მასშტაბით, დასახმარებლად გამოსულია სამაშველოც“ – გვითხრა მარიკა გვიანიძემ, „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ქალაქში ავტომობილით გადაადგილება ყველგან არის შესაძლებელი, გარდა იმ ქუჩებისა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„რაც შეეხება მაღაზიებს, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მაღაზიები მაღალზეა და რაც ვნახეთ, წყალი შესული არ იყო. კალიევის ქუჩაზე ვიყავით და არც იქ არ იყო შესული წყალი მაღაზიებში. ერთი ზარია შემოსული ბერიძის ქუჩიდან, სადაც მოხდება მობილიზება სატუმბო მანქანის. ნოემბერში დატბორვასთან შედარებით, ქუჩები, სადაც ყველაზე მეტი დატბორვა დაფიქსირდა, პუშკინის იქეთ ტერიტორია, ბაგრატიონის მხარეს, თითქმის სუფთაა.
ამჟამად ვარ ჩაიკოვსკის ქუჩაზე, სადაც საკმაოდ დაბალი სახლებია და არსად არ ფიქსირდება ეზოში წყლის შესვლა“ – ამბობს მარიკა გვიანიძე.
23:00 საათის მონაცემებით, „ბათუმის წყალში“ შვიდი შეტყობინება შევიდა გამოძახებაზე.
ბათუმის საკრებულოში ენმ-ის წევრი, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის აქტივისტს, გიორგი დიასამიძეს უცნობი პირი თავს დაესხა. ამ თავდასხმის შედეგად გიორგი დიასამიძეს შუბლზე აქვს ნახეთქი ჭრილობა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.
მირდატ ქამადაძის თქმით, აქტივისტს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ის ენმ-ის ბათუმის ოფისიდან გამოვიდა და შეკვეთილში მიდიოდა აქციის მონაწილეებთან სოლიდარობის გამოსახატად:
„ოფისიდან მანქანით დაიძრნენ აღმაშენებლის ქუჩით და როგორც კი კობალაძის ქუჩა დასრულდება, ყირამალასთან მოხდა ეს ამბავი. მაგრამ მანამდე, გზად ვიღაცამ მანქანა ჩაუყენა, ოღონდ ქართული ნომრებით. რუს ტურისტს ამბობენ, მაგრამ ნომრები ქართული იყო. ძალიან საეჭვოდ მოძრაობდა ეს მანქანა, სხვა მანქანებს ატარებდა, გარდა ჩვენი მეგობრების მანქანისა. ბოლოს როგორც კი მოახერხეს ჩვენებმა ამ მანქანისთვის გვერდის ავლა, მოუწოდეს, რომ ნორმალურად ევლო. ამ ადამიანმა იქედან რუსულ ენაზე შეაგინა. შემდგომ ეს მანქანა ისევ ჩაუდგა წინ. ბოლოს კი მანქანა ისე გაუჩერეს, რომ ჩვენებმა მოძრაობა ვეღარ გააგრძელეს“.
მირდატ ქამადაძის თქმით, რომელმაც თავის თანაპარტიელებისგან მიიღო ინფორმაცია, მანქანის გაჩერებისთანავე „საეჭვოდ მოძრავი მანქანიდან“ გადავიდა ერთი კაცი და ასევე მანქანიდან გადასულ გიორგი დიასამიძეს მიახლოებისთანავე ყოველგვარი საუბრის გარეშე დაარტყა. „ის კვლავ აგრძელებდა სიტყვიერ შეურაცყოფას, როგორც ჩვენი მეგობარი ყვება, რუსულ ენაზე“.
მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ „ეს ჰგავს პროვოკაციას, რომელსაც აწყობს სავარაუდოდ სუსი, რადგან მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ენმ-ის წევრები მიემგზავრებოდნენ შეკვეთილში სოლიდარობის აქციაზე“.
მირდატ ქამადაძის თქმით, გიორგი დიასამიძე კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში იმყოფება გამოსაკითხად.
საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, 2019 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.5 პროცენტით გაიზარდა.
სების მონაცემებით, თუ აპრილში ინფლაციის მაჩვენებლის [4.1 პროცენტით] მატების მთავარი მიზეზი სიგარეტისა და კარტოფილის გაძვირება იყო, მაისში აპრილთან შედარებით ინფლაციის მატებაზე მნიშვნელოვნად კარტოფილის და ბენზინის გაძვირებამ იმოქმედა, რომლებიც შესაბამისად 31 და 5 პროცენტით გაძვირდა.
„საპირისპიროდ, სეზონური ფაქტორების გამო, ყველის და ზოგიერთი ბოსტნეულის გაიაფებამ ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იმოქმედა“ – აღნიშნულია სების მაისის თვის მიმოხილვაში.
მიმოხილვის მიხედვით, წლიურ გამოხატულებაში, მაისში სამომხმარებლო კალათაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება 2019 წლის დასაწყისში სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდის [შედეგად, სიგარეტის გაძვირების] გამო მოხდა. იმპორტირებული და ადგილობრივად წარმოებული ფილტრიანი სიგარეტი, შესაბამისად, 30 და 31 პროცენტით, ხოლო ადგილობრივად წარმოებული უფილტრო სიგარეტი 104 პროცენტით გაძვირდა.
მაისში სურსათის ინფლაციამ 8.4 პროცენტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი წვლილი პურის გაძვირებაზე მოდის, რომელიც გასული წლის დეკემბერში
გაძვირდა და, შესაბამისად, მაისში წლიურად 15-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. საპირისპიროდ, წლიურად მნიშვნელოვნად გაიაფებული იყო ვაშლი [36 პროცენტით].
„გრძელდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული გაიაფების ტენდენცია. ამ ჯგუფის ფასები წინა წლის მაისთან შედარებით საშუალოდ 7 პროცენტით დაბალი იყო. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, მაისში მთლიან ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და 1.1 პროცენტს შეადგენდა… დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა“ – აღნიშნულია ბანკის ანგარიშში.
ბათუმში, მაიაკოვსკის #15-ში, სასტუმრო „ბათუმის“ პირველ სართულზე „მაგნიტის“ 170-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ცერემონიას კომპანიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები დაესწრნენ. დღის განმავლობაში ტარდებოდა გასართობი აქტივობები და მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, სპეციალური აქციით ესარგებლათ, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ აჭარის მოსახლეობისთვის დაიგეგმა.
„ყოველთვის მაგნიტური ფასებით“, რომელიც ბრენდის მთავარი დაპირებაა, „მაგნიტის“ ახალ სუპერმარკეტში წარმოდგენილია ქართული და უცხოური პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ასევე, ექსკლუზიური პროდუქტები.
კომპანიას კიდევ ერთი სიახლე აქვს, „მაგნიტი“, რომელიც მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს ფასდაკლებებით, კიდევ ერთ აქციას იწყებს. ახალი ფასდაკლების სერია – „დღის ფასი“ მომხმარებელს ყოველდღე, მხოლოდ 1 დღით, ყველაზე მოთხოვნად 10 პროდუქტზე საუკეთესო ფასს შესთავაზებს.
სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებზე გააკეთა და დღესდღეობით, საქართველოს მასშტაბით, 170 ფილიალს და 2000-ზე მეტ დასაქმებულ ადამიანს აერთიანებს. ჩვენი მისია „რეგიონში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მეტი აქტიურობის შეტანაა“ – აცხადებენ კომპანიაში.
„მაგნიტი“ აჭარაში 15 ფილიალით არის წარმოდგენილი, უახლოეს მომავალში კი, კიდევ ხუთი ობიექტის გახსნას გეგმავს, უშუალოდ ბათუმში კი 12 სუპერმარკეტი ფუნქციონირებს. კომპანიას აჭარაში ჯამში 200 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „მაგნიტის“ უპირატესობა რეგიონში ფილიალების სიმრავლე და ფასდაკლებებია. სწრაფად განვითარებადი სუპერმარკეტების ქსელი, საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა დიდ ქალაქში და სოფელშია წარმოდგენილი.
„ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, პირველად მესმის“, – გვითხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნის და ბიზნესმენის დაპირისპირებაზე. მშენებელი მუხრან ელიაძე აცხადებს, რომ მას მერიის მაღალჩინოსანი – ჯემალ დიასამიძე ქრთამის სახით 10 ათას ლარს და ძვირადღირებულ მანქანას სთხოვს. მათ შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გუშინ, 27 ივნისს, „ბათუმელების“ ჟურნალისტი შეესწრო. მათ სასამართლოს შენობის წინ იჩხუბეს.
მუხრან ელიაძე სამშენებლო კომპანია „კრისტალს“ ფლობს, რომელიც მერიის ერთ-ერთი ტენდერის ფარგლებში გონიო-კვარიათში ასფალტს აგებდა. მერიამ ამ ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და არც შესრულებული სამუშაოების თანხა გადაიხადა სრულად. მხარეები ამ ეტაპზე სასამართლოში დავობენ.
გუშინ მომხდარ ინციდენტს უარყოფს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯემალ დიასამიძე.
დღეს „ბათუმელებმა“ ბათუმის მერიაში იკითხა ხომ არ დაუწყიათ მოკვლევა მშენებლის განცხადებაზე, რომ მას მერიის თანამშრომლები ქრთამს სთხოვდა. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „მოკვლევა ბათუმის მერიას არ დაუწყია“.
მერიის პრესსამსახურის განმარტებით, მათ ფაქტის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, პროკურატურის მოთხოვნით გაათავისუფლეს. თავდაპირველად ბრალდებულ გიორგი ტ.-სთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ ითხოვა. რამდენიმე დღეში მოსამართლესთან საკუთარი ინიციატივით ისევ პროკურორმა იშუამდგომლა და იგივე გიორგი ტ.-ს გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვა. გიორგი ტ. პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი – სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა, მათ შორის ერთი, გამოძიების ვერსიით, შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. ვერ დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელმაც, ასევე გამოძიების ვერსიით, ორი ადამიანი დაჭრა დანით. მას ამ დრომდე ეძებენ.
„რესპუბლიკურში დაჭრის საქმეზე“ 4 პირი გამოძიებამ ხულიგნობის მუხლით დააკავა. არც ერთ მათგანს იარაღი არ ჰქონია და ხელით იჩხუბა. მათი საქმის სასამართლო განხილვა ამ დრომდე გრძელდება.
დღეს, 28 ივნისს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს უნდა მოესმინა ამ საქმის მოწმეებისთვის, თუმცა სასამართლო განხილვა გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი პენიტენციური სამსახური გახდა, რომელმაც „რესპუბლიკურში დაჭრის საქმეზე“ ხულიგნობის მუხლით დაკავებულების სასამართლოში წარმოდგენა ვერ შეძლო. ადვოკატების თქმით, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამ ეტაპზე არც საპროცესო შეთანხმებაა მიღწეული. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ამ ოთხ ადამიანს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
რაც შეეხება ამ საქმეზე დაკავებულ გიორგი ტ-ს – მას პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე წაუყენეს ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენას-შენახვას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგი ტ.-ს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
„გიორგი ტ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა გამოყენებისათვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღს, რომელსაც 2019 წლის 2 მარტს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქ. ბათუმში, შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე, რაც შემდგომში პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული…“ – აღნიშნულია საქმის მასალებში.
მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის მიუხედავად, ხულიგნობაში ბრალდებული პირები პატიმრობაში დატოვეს, იარაღის უკანონო ტარებაში ბრალდებული პირი კი გარეთაა.
რატომ გაუშვეს ბრალდებული გიორგი ტ. პატიმრობიდან? – ადვოკატებს და ხულიგნობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებს ამ თემაზე საუბარი არ სურთ. ადვოკატ ზვიად მარკოიძის თქმით, ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ადვოკატმა ჯემალ კიკნაძემ კი გვითხრა, რომ ამავე საქმეზე ბრალდებული გიორგი ტ.-ს შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
კომენტარზე უარი გვითხრა ადვოკატმა თეონა გვაზავამაც. ის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი ტ.-ს ინტერესებს იცავს.
რამდენად სამართლიანია, როცა პროკურატურა ერთ კონკრეტულ საქმეზე დაკავებული პირისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს, რამდენიმე დღეში კი მის გათავისუფლებას? რატომ არ მოითხოვა პროკურორმა ამ საქმის კიდევ 4 ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება?
„გიორგი ტ.-მ გამოძიების ეტაპზე ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა ჩადენილი დანაშაული, მიაწოდა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტზე, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე,“ – მოგვწერეს პროკურატურის პრესცენტრიდან.
ქობულეთის რამდენიმე სოფელს წლებია წყალი შეზღუდვით მიეწოდება, განსაკუთრებით რთული სიტუაცია სოფელ ქვედა კვირიკეშია, კერძოდ, ბერაძეების უბანში, სადაც ზაფხულობით წყალი ყველაზე სანუკვარი სითხე ხდება – აქ წყალი კვირაში რამდენჯერმე, თითო საათით მოდის. აქაური ქალები სუფთა წყლის მოსაპოვებლად დღეში რამდენჯერმე, დამრეც ფერდობზე, ტყის გავლით, წყაროზე ჩადიან. 300-400 მეტრ მანძილზე მინიმუმ 10-15 ლიტრი წყლის ზიდვა მათთვის უსიამოვნო რუტინაა. მათი ხელები ამ მძიმე შრომისთვის გაწაფულია.
დალი აბუსელიძე კვირიკეში 26 წელია ცხოვრობს. ამბობს, რომ წყალი აქ ყოველთვის პრობლემა იყო, მაგრამ ერთ ხანს ცოტათი გამოსწორდა სიტუაცია, ახლა კვლავ იმავე პრობლემის წინაშე დგანან. დალი ამბობს, რომ ზაფხულობით წყალი მასთან კვირაში ერთხელ მოდის, ისიც ერთი საათით – “21-ე საუკუნეა, ამაზე არ უნდა გვიწევდეს ლაპარაკი. კვირიკეში ზაფხულობით ონკანში წამოსული წყალი ფუფუნებაა. წყალი აქ მაშინ მოდის, როცა ძლიერი წვიმაა, ისიც მღვრიე“. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება – დღეს, 28 ივნისს, კვირიკეში ნამდვილად მოვიდა ძლიერი წვიმა, მაგრამ წყალი ონკანებში მაინც არ აქვთ.
დალი აბუსელიძე, სოფელ კვირიკეს მცხოვრები
დალი წყლის ეკონომიურ მოხმარებაზე აქაური ქალების გამოცდილებას გვიზიარებს. ამბობს, რომ იატაკებსა და აივნებს ხელის ნაბანი წყლით რეცხავენ – “ბოსტანში მწვანილი აღარ მაქვს, მაგრამ მაგას რას დავეძებ, დაბანას რომ ვახერხებდეთ ნორმალურად”.
დალიმ იქვე, კვირიკეს წყაროზე ჩაგვიყვანა, სადაც დღეში რამდენჯერმე ჩადიან სასმელი წყლის მოსაგროვებლად. “ეს ერთადერთი სუფთა წყაროა, საიდანაც სასმელ წყალს ვიღებთ. 15 წლის წინ სარეცხი აქ ჩამოგვქონდა გასარეცხად, აქვე იდგა პატარა ოთახი, სადაც დასაბანად მოდიოდა ხალხი. მერე თითქოს რაღაც სამუშაოები ჩატარდა, გამოცვალეს ძველი მილები, მაგრამ ზაფხულობით წყალი ისევ არ გვაქვს. წყაროც თითქმის დამშრალია, ალბათ ერთი საათი უნდა ელოდო,, ორი ლიტრი დასალევი წყალი რომ მოაგროვო”, – ამბობს ის.
2012-2015 წლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ქობულეთის ოთხ სოფელში, მათ შორის სოფელ კვირიკეში, 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
უშუალოდ ქვედა კვირიკეში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2013 წელს გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „უნივერსალ ჯორჯია 2008“-მ გაიმარჯვა. შესრულებულ სამუშაოებში ქობულეთის გამგეობამ 186 944 ლარი გადაიხადა.
2013 წელს მარტო სალექარის რეაბილიტაციისთვის ქობულეთის ბიუჯეტიდან 19 690 ლარი გამოიყო.
სოფელ კვირიკეს წყალსადენის სათავე ნაგებობის, რეზერვუარებისა და ქსელის რეაბილიტაციისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 167 668 ლარი 2015 წელსაც დახარჯა.
2019 წელს ხუთ სოფელში, მათ შორის კვირიკეში [ასევე ქვედა აჭყვა, ბობოყვათი, სამება, მუხაესტატე], ჭაბურღილების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც შეისყიდა 13 353 ლარად, თუმცა ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.
კვირიკეში თითქმის ყველა ეზოში შეგხვდებათ დიდი ზომის, ლურჯი წყლის ავზი, რომლის საშუალო ფასიც 200-500 ლარია. ავზის დასამაგრებელი კონსტრუქცია დაახლოებით 500 ლარი ჯდება, წყლის საქაჩი ელექტრომოწყობილობის ფასი კი – 150 ლარია. დალი ამბობს, რომ სისტემის გამართვის საშუალება ბევრს არ აქვს, ზოგიერთ მათგანს ეს სისტემა განვადებითაც კი აქვს შეძენილი.
ამ სოფელში იმედი ჰქონდათ, რომ სიღარიბეს ტურისტების წყალობით დაძლევდნენ, მაგრამ ტურისტები უწყლობის გამო მაქსიმუმ 2 დღეს ჩერდებიან და მერე ტოვებენ სოფელს. ასე მოუვიდა დალისაც, „სტუმრები ორი დღის მერე წავიდნენ იმის გამო, რომ წყალი შეწყდა”, – გვიყვება დალი.
ციცინო კახიძემ წყლის ავზი 7 წლის წინ შეიძინა. “მაშინ მხოლოდ ბაკში 600 ლარი გადავიხადე. იმ დროს წყალი საერთოდ არ იყო, დაქირავებული მანქანით ამომქონდა სხვადასხვა ჭურჭლით და ბაკს ვავსებდი. ახლა ზოგჯერ მოდის, მაგრამ ისიც ძალიან მღვრიეა, საჭმლის მოსამზადებლად არ გამოდგება, მხოლოდ დასაბანად და გასარეცხად ვიყენებთ”, – ამბობს ის.
ციცინო კახიძე, სოფელ კვირიკეს მცხოვრები
ციცინო კახიძის ეზოში ორი ონკანია, მათგან ერთი გაუქმებულია – ეს იმიტომ, რომ ბავშვებმა თამაშისას შემთხვევით არ დაცალონ მოგროვებული წყალი. როგორც დალი ამბობს, აქ ყველა წვეთი ძვირფასია.
“სოფელში წყალს ყველა ეკონომიურად მოიხმარს, მაგრამ მაინც არ გვყოფნის. სოფელში მწვანილი არ უნდა იყოს? ვერაფერს ვრწყავთ, წყალი საოჯახო საქმეებისთვისაც არ გვყოფნის, სარწყავებზე საუბარიც ზედმეტია”.
ციცინოს მეზობლის, ნინო ნიქაბაძის ოჯახის მდგომარეობა კი უწყლობის გამო ბევრად ცუდ დღეშია, ვიდრე სხვა მისი მეზობლების. ნინო სამი შვილის დედაა, ყოველ დილით ხუთ საათზე დგება და სამსახურში მიდის, სახლში მოსულს კი წყლის ამოსატანად ქობულეთისკენ რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს.
[toggle title=”დააწკაპუნეთ აქ და ნახეთ ქობულეთის მერიის არგუმენტები კვირიკეში უწყლობაზე”]ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ბოლო წლებში კლიმატის ცვლილების გამო ფიქსირდება გვალვა, რაც წყლის დებეტის ნაკლებობას იწვევს. ამიტომაც მერიის გადაწყვეტილებით, იმ სოფლებში, სადაც ზაფხულში წყალი შრება და ალტერნატიული წყლის მიწოდების საშუალება ვერ გამოიძებნა, გადაწყდა, რომ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიაწოდონ.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტი დამატებითი ჭაბურღილების შეძენისთვის რიგ ღონისძიებებს ატარებს. მათ შორის გათვალისწინებულია სოფელ მუხაესტატეში 2 დამატებითი და სოფელ ჯიხანჯურში 4 ახალი ჭაბურღილის ამოქმედება. მუნიციპალიტეტის სამი სოფლისთვის – სამება, კვირიკე და ბობოყვათი – ჭაბურღილების მოწყობის პროექტი უკვე შეძენილია.
“საკითხის სირთულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერია გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო,” – იუწყება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია სპეციალურ განცხადებაში.[/toggle]
“ორჯერ ჩავდივარ, წყალი არ გვყოფნის, ბავშვები სკოლისთვის და ბაღისთვის უნდა მოვამზადო. სამსახურიდან მოსულმაც უნდა გადავივლო, წყალი კი წვეთიც არ არის. ბაკის შესაძენად სახსრები არ მყოფნის, ეს თანხა ისევ ბავშვების საჭმელს მოაკლდება, ამიტომაც წყალს ვიმარაგებთ, როგორც შეგვიძლია. ამას წინათ მთელი კვირა ხელით ვრეცხე სარეცხი, სხვა დროს ნახევარი საათით მოსული წყალი ნახევრად რეცხავს სარეცხს, ამიტომ მიწევს სარეცხის გამოღება მანქანიდან და ხელით დასრულება რეცხვის”, – ამბობს ის.
ნინო წყაროზე თავის პატარა ანანოსთან ერთად პლასტმასის ბოთლებით მომარაგებული ჩადის, ცარიელი ბოთლის წაღებაში პატარაც ეხმარება, უკანა გზაზე კი წყლით დამძიმებული ჭურჭელი ნინოს მოაქვს.
ნინო ნიქაბაძე, სოფელ კვირიკეს მცხოვრები. ნინო ყოველდღე ამ ჭურჭლით ეზიდება სუფთა წყალს რამდენიმე კილომეტრიდან
“ქვეყანას ავარიდეთ საფრთხე,”- მიიჩნევს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. მან დღეს, 28 ივნისს, მთავრობის სხდომა 20 ივნისის მოვლენების შეფასებით დაიწყო.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად გაიზიარა. “გადადგა ირაკლი კობახიძე,”- აღნიშნა მან.
თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა საპროტესტო აქციებზეც.
“ახალგაზრდების გულწრფელი ემოციები დესტრუქციულმა ძალებმა გამოიყენეს… არ დავუშვებთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას,”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეეხო ტურისტულ სეზონსაც. მისი თქმით, რეგიონის ტურისტული ბაზარი უკვე დივერსიფიცირებულია და ამას გარდა, მთავრობა საბანკო ორგანიზაციებთან აპირებს მუშაობას. თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის დახმარებას გეგმავს მთავრობა ტურისტული ობიექტების მესაკუთრეებისთვის.
მომცრო ზომის ბლოკნოტი, რომლის ყდაზეც სტალინია გამოსახული, ბათუმში, „ბიბლუს გალერეაში“ იყიდება, იმავე სერიის, იმავე ზომისა და ფორმის სხვა ბლოკნოტებთან ერთად, რომლებზეც გამოსახულია აჭარული ხაჭაპური და ხინკალი.
ამ სერიაში გამოცემულ ბლოკნოტებს უკან ინგლისურენოვანი წარწერა აქვს, რომელიც ყდაზე გამოსახულებას განმარტავს. მაგალითად, ხინკლისგამოსახულებიანი ბლოკნოტის უკანა ყდაზე ვკითხულობთ, როგორ უნდა ვჭამოთ ხინკალი; სტალინის ბლოკნოტზე დატანილი ინგლისურენოვანი ტექსტი კი იმის შესახებ გვამცნობს, რომ მან სახელი „სტალინი“ დაირქვა რევოლუციონერობისას. კერძოდ, გააერთიანა რკინის რუსული სახელწოდება „სტალ“ და „ლენინი“. ლენინმა სიკვდილამდე დაწერა ანდერძი, რომლითაც მოუწოდებდა ძალაუფლებიდან სტალინის ჩამოშორების შესახებ და მას „დაწყევლილ, ბრუტალურ მოძალადეს“ უწოდებდა. სტალინმა შექმნა გულაგი, შრომითი ბანაკი, სადაც მონებივით შრომობდნენ კრიმინალები და პოლიტპატიმრები. აღნიშნულია, რომ სტალინის მარჯვენა ხელი იყო მოლოტოვი.
აქვე ვკითხულობთ, რომ სანამ სტალინს უწოდებდნენ, ის იყენებდა კობას სახელს, კობა კი იყო გმირი რუსული ლიტერატურიდან [სავარაუდოდ, იგულისხმება ქართველი მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის „მამის მკვლელის“ პერსონაჟი].
ბლოკნოტების ეს სერია შპს „კოლორში“ დაიბეჭდა, რომელიც „პალიტრა ჯგუფს“ ეკუთვნის. „პალიტრას“ ეკუთვნის „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელიც.
რა ნიშნით შეირჩა სტალინის პორტრეტი ბლოკნოტის ყდაზე დასაბეჭდად? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „კოლორიდან“ „ბიბლუსში“ გადაგვამისამართეს. „ბიბლუსის“ შესყიდვების სამსახურში კი გვითხრეს, რომ სტალინის გამოსახულებით ბლოკნოტები ქსელიდან უკვე ამოღებულია და როგორც ჩანს, მხოლოდ ბათუმის „ბიბლუსში“ დარჩა.
„გარკვეულ პერიოდში შემოტანილი გვქონდა და ახლა, განსაკუთრებით რაც ეს ამბები დაიწყო [თბილისში 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ], მას შემდეგ ალაგებულია სრულად ქსელიდან და არსად არ იყიდება, განსაკუთრებით სტალინის თემა. მანდ, როგორც ჩანს, რამდენიმე ცალი ჩარჩენილი იყო. ისე კი, პირველები ვიყავით, ვინც ამ თემას მაქსიმალურად განუდგა, ასე ვთქვათ. პირიქით, ახლა ახალი მაისურები შემოგვაქვს რუსეთი ოკუპანტია და ასე შემდეგ,“ – გვითხრა ნათია ვაშაკიძემ, შესყიდვების მენეჯერმა.
ნათია ვაშაკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბლოკნოტებზე მხოლოდ სტალინის პორტრეტი არ იყო და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანის პორტრეტითაც დაბეჭდეს ბლოკნოტი, თუმცა კიდევ რომელი ისტორიული პირის პორტრეტით დაიბეჭდა ბლოკნოტები ამ სერიაში, ნათია ვაშაკიძემ ვერ გაიხსენა. მან აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ ბლოკნოტს ბეჭდავენ და ასე ვერ გვიპასუხებს.
სტალინის გამოსახულებით სუვენირების გაყიდვა საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო. „ბათუმელებმა“ ამ თემაზე არაერთი მასალა მოამზადა.
ეს კანონდარღვევაა – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი „თავისუფლების ქარტიას“ ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც „კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა − ისეთი სიმბოლიკაა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.“
იურისტი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევაზე რეაგირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა სპეციალურმა კომისიამ უნდა მოახდინოს.
„მიმართვის შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას,“ – ამბობს ანნა მდინარაძე. მისივე თქმით, მითითების შეუსრულებლობა 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ვან გოგი და ლადო გუდიაშვილი გამორჩეულად უყვარს. ხუთი წლიდან ხატავს, სამხატვრო აკადემია დაამთავრა და მას შემდეგ ზეთით, გუაშით, ნახშირით, აკრილით მუშაობს. საპატიმროში ყოფნისას, სადაც საღებავები არ იყო, ასანთით ხატავდა მუყაოსა და კედლებზე. ციხიდან ნახატებს არ ატანდნენ და იქვე ჩუქნიდა პატიმრებს.
მიშა ვაზაგაშვილი სასჯელს თითქმის 3-წელიწადნახევარი იხდიდა.
„ციხის წლები? ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ვისთვის როგორ, მაგრამ ციხე ჩემთვის ფსიქოლოგიური ტრავმა იყო, არ მინდა გახსენება. 2018 წლის ივნისში გავთავისუფლდი. ხატვა მსიამოვნებს, ამ დროს სხვაგან ვარ. ადრე ქედაში ჩოგბურთის კორტები იყო, ორი წელი ვთამაშობდი, 35 ბავშვს ვავარჯიშებდი… ახლა აღარ“, – ამბობს მიშა.
ახლა მხატვართა კავშირის წევრია, მხატვრები თვეში ერთხელ იკრიბებიან და გამოფენებს გეგმავენ. მიშას პერსონალური გამოფენა ჯერ არ ჰქონია, თუმცა სამომავლოდ ამაზეც ფიქრობს.
გათავისუფლების შემდეგ დასაქმება ყოფილი პატიმრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, გამონაკლისი არც მიშა ვაზაგაშვილია, ამჯერად სტაბილური სამსახური არ აქვს.
ადამიანებს ვერ ვუგებ, ასე მოხდა ციხის შემდეგ. რატომ? არ ვიცი, უცნაურად მეჩვენებიან, ბათუმიც სხვანაირია უკვე, მიყურებენ როგორც ციხიდან გამოსულს, ამას ვგრძნობ… მაგრამ ახლობლებისა და ნათესავებისთვის ასე არ არის. სხვები არ მაინტერესებს“, – ამბობს მიშა.
ძირითადად შინ ხატავს. მოლბერტი, პალიტრა, საღებავები და ფუნჯები – ცოტა ხნის წინ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მიშას ხატვისთვის საჭირო ნივთები და მასალები გადასცეს. პროგრამის მიზანი ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაცია – რესოციალიზაციაა.
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო – ზემო სვანეთში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია.
„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს:
ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; იურიდიულ დახმარებას
ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას
ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:
სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 17.8 მლრდ აშშ დოლარი [48 მილიარდი ლარი] შეადგინა.
„2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 10.2 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 5.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 50.2 მლნ. აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 23.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.1 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.
სების მონაცემებით:
სახელმწიფო საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი , რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 376.4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 810.3 მლნ აშშ დოლარი და 886.2 მლნ აშშ დოლარი.
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.2 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.4 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.4 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 89.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი (28.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 64.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.9 მლრდ აშშ დოლარია (10.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.2 პროცენტია.
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 7.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 8.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო, ვალი 0.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
„მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის” – 2003, შესაბამისად“ – აცხადებს სები.
2019 წლის 27 ივნისის მდგომარეობით ლარი დოლართან 3.2 თეთრით, ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა – სავალუტო ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.87 ლარი, ხოლო ერთი ევროს ფასი 3.27 ლარია.