რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – აფიშა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 15 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა, დღეიდან, 16 სექტემბრიდან, კი კინოჩვენებები მიმდინარეობს კინოთეატრ „აპოლოში“.

რა ფილმებს ნახავთ დღეს? – შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ დღევანდელ განრიგს, ფილმის თრეილერებსა და ფოტოებს.

კინოჩვენებებზე დასწრება „აპოლოში“ უფასოა, თუმცა დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ ე.წ. „უფასო ბილეთების“ (რაც კონტროლისა და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ “აპოლოში” მხოლოდ 160-მდე ადგილია, დასწრების მსურველებმა უმჯობესია აიღონ უფასო ბილეთები ადგილის რეზერვაციის მიზნით. ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ 2 დღის კინოსეანსების ბილეთების აღება. „უფასო ბილეთების“ დაჯავშნა შესაძლებელია ცალკეულ კინოჩვენებებზე  ინტერნეტითაც. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: ბილეთების დაჯავშნა BIAFF 2019.

დღეს, 16 სექტემბერს კი, შეგიძლია ნახოთ ეს ფილმები: 

  • 12 საათზე –  „მაფიის გადაღება“, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, [დოკუმენტური ფილმი]

ბრიტანელი რეჟისორის ფილმი 2019 წელსაა გადაღებული. სურათი კორლეონური მაფიის პირობებში სიცოცხლისა და სიკვდილის მძიმე რეალობას წარმოაჩენს. ფოტოგრაფი ლეტიცია ბატალია მაფიას დაუპირისპირდა და სწორედ მისი კამერის საშუალებით ვაკვირდებით რიტუალური ჟლეტის, ომერტის, ნაწილობრივ რელიგიური ჩაგვრის და ფეოდალური მართვის სამყაროს. მაფიის სისასტიკისა და გავლენის მასშტაბი ნაჩვენებია იშვიათი, საარქივო მასალების, ვიდეოჩანაწერების, პირადი სურათებისა და მოგონებების დახმარებით. 

  • 14 საათზე – „თეთრი ქარავანი“, ელდარ შეგელაია, საქართველო

რეჟისორ ელდარ შენგელაიას ეს სურათი 1964 წელსაა გადაღებული. გამოცდილი მწყემსი მარტია სხვა მწყემსებთან ერთად ცხვარს ზამთრის საძოვრებისკენ მიერეკებაფილმი მონაწილეობდა 1964 წელს კანის საერთაშრისო კონკურსის პროგრამაში.

„თეთრი ქარავანი“. ფოტო: festival-cannes.com

  • 16 საათზე  -„სიცარიელე“, ალექსი სალმენპერა, ფინეთი

ფინელი რეჟისორის ფილმი მწერალზე გვიამბობს, რომლის კარიერა დაღმა მიექანება. ალექსი სალმენპერა ერთ -ერთი ყველაზე აღიარებული ფინელი კინორეჟისორია, რომლის ფილმები ნაჩვენები  იყო საერთაშორისო კინოფესტივალებზე  – ბერლინალე (ცუდი ოჯახი, 2009), Hot Docs ფესტივალი (Alcan Highway, 2013) და სან სებასტიანი (მამაკაცის სამუშაო 2007). მან მოიგო Jussi პრემია საუკეთესო რეჟისორისთვის distractions (2105), ხოლო ფილმი „მაღარო“ (2016) ნომინირებული იყო საუკეთესო სკანდინავიური ფილმის ნომინაციაზე.  „სიცარიელე“ 2018 წელს გადაღებული სურათია. 

  • 18 საათზე – „ბიუზჰალტერი“, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი

გერმანელი რეჟისორის 2018 წელს გადაღებული ფილმი მემანქანეზე გვიამბობს, რომელიც  პენსიაზე გასვლამდე ბაქოსკენ უკანასკნელად მიემართება. ქალაქის უბნებში გამავალი მისი მატარებელი სარეცხის თოკიდან ლურჯ ლიფს ააწყვეტს. მძღოლი თავის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი თავგადასავლის გზას ადგება, მას უნდა ლამაზი ლიფის მფლობელი იპოვოს. 

  • 20 საათზე – „ეთერი“, ქშიშტოფ ზანუსი, პოლონეთი / უკრაინა/ლიტვა/უნგრეთი/იტალია

ცნობილი პოლონელი რეჟისორის, ქშიშტოფ ზანუსის 2018 წელს გადაღებული ფილმი. ფილმში მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში, მეფის რუსეთის იმპერიაში ხდება. ექიმი ახალგაზრდა ქალს ეთერული ნარკოზის სასიკვდილო დოზას აძლევს მასთან დაწოლის მიზნით. შემდეგ ავსტრო-უნგრულ ციხეში იწყებს მუშაობას, სადაც განაგრძობს თავის ექსპერიმენტებს. მისი მიზანი ეთერული ნარკოზის საშუალებით ტკივილის შემცირებასთან ერთად ადამიანის ქცევით მანიპულირებაა. 

„ეთერი“. ფოტო: hollywoodreporter.com

  • 22.30 საათზე – „ალფა: მკვლელობის უფლება“, ბრილანტე მენდოზა, ფილიპინები

ფილმი ნაჩვენები იქნება „დიდოსტატთა კოლექციის“ სექციის ფარგლებში. ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისთვის ფილიპინების მთავრობის სადამსჯელო ღონისძიებების ფონზე, პოლიცია მანილას ნარკობარონის – აბელის – დაკავების ოპერაციას იწყებს. მშვიდობიანად დაწყებული ოპერაცია მალე პოლიციასა და აბელის ბანდას შორის ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზრდება. 

 

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ბიუზჰალტერი“. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com