მთავარი,სიახლეები

ჯავახიშვილის ქუჩაზე ბათუმის მერიამ 650-მეტრიანი არხი „აღმოაჩინა“

17.09.2019 • 3090
ჯავახიშვილის ქუჩაზე ბათუმის მერიამ 650-მეტრიანი არხი „აღმოაჩინა“

ქალაქის ბიუჯეტიდან 387 485 ლარის გაუთვალისწინებელი ხარჯი დასჭირდება იმ არხის რეაბილიტაციას, რომლის შესახებ ბათუმის მერიამ არაფერი იცოდა. ჯავახიშვილის ქუჩის მორიგი გადათხრისას მერიამ „აღმოაჩინა“, რომ მიწისქვეშ არის 650 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხი, რომელსაც, თურმე, გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება. ეს ქუჩა ერთხელ უკვე გადაითხარა, როცა აქ ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყო [სამუშაოები დასრულდა 2018 წელს], მორიგი სამუშაოები კი ახლა მიმდინარეობს, რაზედაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მერიას 2,2 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ჯავახიშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მერიამ ისე დაგეგმა, აქ არსებული არც მიწისქვეშა სანიაღვრე არხის შესახებ იცოდა და არც ახალი არხის მოწყობა გაუთვალისწინებია.

„2019 წლის 12 სექტემბერს ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის დროს გატანილი იქნა რამდენიმე ფენა გრუნტი. მუშაობის პროცესში გამოჩნდა სანიაღვრე არხი მყიფე, შლადი კედლებით… ვინაიდან ის მიწისქვეშა არხია, მისი მდგომარეობის შესახებ შემსყიდველი [ანუ, ბათუმის მერია – ავტ.] ინფორმაციას არ ფლობდა. არც მოსახლეობის მხრიდან არ შემოსულა რაიმე სახის შეტყობინება, ამიტომ კეთილმოწყობის სამუშაოები მოცემულ პერიმეტრზე დაიგეგმა და დაპროექტდა სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის გარეშე. თუმცა, სამუშაოების განხორციელებისას პირველსავე ეტაპზე გამოვლინდა არხის რეაბილიტაციის აუცილებლობა. სანიაღვრე არხი არ ფუნქციონირებს დანიშნულებისამებრ და უხვი ნალექის შემთხვევაში მოხდება წყლის ნაკადების გადინება გვერდზე ქუჩის მონაკვეთებში: დაიტბორება ეზოები და სარდაფები. ასევე დაგეგმილი კეთილმოწყობის სამუშაოები ვერ გაგრძელდება მანამ, სანამ არხი არ შეკეთდება,“ – აღნიშნულია მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს განაცხადში.

ჯავახიშვილის ქუჩის [ორბელიანის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე] კეთილმოწყობაზე ტენდერი მერიამ 2018 წლის თებერვალში გამოაცხადა და გამარჯვებულთან, შპს „ბონდი-2009“-სთან ხელშეკრულება ამავე წლის აპრილში გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 2 293 468 ლარი და 63 თეთრია [საწყისი სატენდერო თანხა 2 959 322 ლარი იყო. ტენდერში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა].

რატომ დაგეგმა ბათუმის მერიამ ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ისე, რომ არ გაითვალისწინა სანიაღვრე არხი? – „ბათუმელებმა“ შეისწავლა სატენდერო დოკუმენტაცია, საიდანაც ჩანს, რომ ამ სარეაბილიტაციო არხის შესახებ მერიამ მართლა არაფერი იცოდა. ასევე დანამდვილებით იცოდა, რომ აქ არხი არ არსებობდა. ამის მიუხედავად, სანიაღვრე არხის მოწყობა, რაც ნებისმიერ ქუჩისთვის აუცილებელია, პროექტში მაინც არ გაითვალისწინა.

„დასაპროექტებელ ქუჩაზე, ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, გზის საფარი მოწყობილია გასული საუკუნის 80-იან წლებში… ვინაიდან ქუჩას არ გააჩნია გამართული სანიაღვრე არხები, ატმოსფერული ნალექების დროს მოდინებული წყლების ძირითად ნაწილს „იწოვს“ არსებული გრუნტი, ხოლო დარჩენილი წყალი გროვდება გზის ზედაპირზე გუბეების სახით,“ – აღნიშნულია 2018 წლის სატენდერო განაცხადში.

ფასების ცხრილში კი აღნიშნულია: „არსებული საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების გადახურვის ფილების მოყვანა საპროექტო ნიშნულამდე [ამაღლება ან დაწევა საჭიროებისამებრ]“. გამოდის, რომ სატენდერო პირობით მერია ტენდერში გამარჯვებულს არარსებული [უკეთეს შემთხვევაში, გაუმართავი] სანიაღვრე არხის ჭების სახურავების ფილების ამაღლება-დაწევას ავალდებულებდა.

რას ნიშნავს ბათუმში, ისიც „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩის კეთილმოწყობა სანიაღვრე არხის გარეშე, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ჩანს [თუ „შეიარაღებული თვალით“ დააკვირდები], რომ მერიას ამაზე „უფიქრია“, თუმცა გამოსავალი შემდეგნაირად უპოვია:

„დაბალ ნიშნულის ადგილებში გავრცელებული ზედაპირული დაჭაობება შეიძლება ლიკვიდირებულ იქნეს სადრენაჟო გრუნტის [ხრეშ-კენჭნაროვანი ქვიშის შემავსებლით] დაყრით და ზედაპირული შემკვრივებით [შეიძლება გამოყენებულ იქნეს საწრეტი არხები]“ – ეს ერთი, რაც პროექტშია აღნიშნული და მეორე – „პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ უბანში არსებული ქუჩებისა და მონაკვეთების გზის არსებული საფარის შეცვლას. საჭიროების შემთხვევაში სანიაღვრე მილებისა და არხების მოწყობას“.

ეს „საჭიროების შემთხვევა“, ბათუმის მერიაში მას შემდეგ დამდგარა, რაც ტენდერიც ჩაატარეს, ხელშეკრულებაც გააფორმეს, სამუშაოები დაიწყო, თუმცა მიწისქვეშა არხის გამო გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ასეთი „საჭიროებით“ კი, ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი [საბოლოოდ ტერიტორია რომ არ დაიტბოროს] თითქმის 400 000 ლარით გაძვირდა.

„სანიაღვრე არხი ამორტიზებულია. ორბელიანის და ჯავახიშვილის ქუჩებიდან შეკრებილი სანიაღვრე წყლები უერთდება ამ არხს და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამ ტერიტორიაზე წყლის შეკრებისა და ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ კოლექტორში ჩაშვებისათვის. აქედან გამომდინარე, არხი საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტაციას“, – აღნიშნულია მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 2019 წლის 16 სექტემბრის განაცხადში, რომლითაც სამმართველო არხის რეაბილიტაციისთვის  387 485 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვას გეგმავს – „აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები… გამოჩნდა სანიაღვრე არხი, რომლის კედლები იშლება, ინგრევა ოდნავი ვიბრაციის დროს და იმ ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება შეუძლებელი ხდება, როგორც ტექნიკური კუთხით, ასევე მიზნობრივადაც, რადგან ტერიტორიის კეთილმოწყობა აუცილებლად ითვალისწინებს ასევე მიწისქვეშ არსებული სანიაღვრე არხის სწორ ფუნქციონირებას, რომელიც პროექტით არ იყო გათვალისწინებული და ეს გარემოება დადგა, როგორც გაუთვალისწინებელი“.

ტენდერის გარეშე ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას კანონი არეგულირებს. შესყიდვების სააგენტო საჯარო უწყებებს ასეთ შეკითხვასაც უსვამს – „რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?“ – ამ კითხვაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პასუხი ასეთია – „შემყიდველს [ამ შემთხვევაში ბათუმის მერიას-ავტ.] არ ექმნება საფრთხე“, – თუმცა, „ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს, რადგან დღეის მდგომარეობით არის ასეთი მოცემულობა: ჯავახიშვილის ქუჩის რამდენიმე კვარტალი გადაკეტილია და გადათხრილია, სანიაღვრე არხი არ ფუნქციონირებს დანიშნულებისამებრ და წვიმის შემთხვევაში მოხდება წყლის ნაკადების გადინება გვერდზე ქუჩის მონაკვეთებში: დაიტბორება ეზოები და სარდაფები. ასევე დაგეგმილი კეთილმოწყობის სამუშაოები ვერ გაგრძელდება მანამ, სანამ არხი არ შეკეთდება“.

ასეთი „აპოკალიფსი“, რაზეც მერიის სამმართველო აკეთებს აქცენტს, ბათუმის გარკვეული უბნებისთვის უცხო არ არის, მაგრამ ჯავახიშვილის ქუჩის ამ მონაკვეთში სანიაღვრე არხი რომ „არ ფუნქციონირებდა დანიშნულებისამებრ“, ამ ვითარების შესახებ ბათუმის მერიამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ შარშან, ტენდერის გამოცხადებამდე იცოდა, ტენდერის მიმდინარეობისას და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების დროსაც.

ამჯერად, „ვითარების აღმოსაფხვრელად“, ბათუმის მერია ერთ თვეს და დამატებით 387 485 ლარს ითხოვს ქალაქის ბიუჯეტიდან.

„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების“ დადგომას კი მერია არა საკუთარ თავს, უფრო ბუნებას აბრალებს – „ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში ხელშეკრულების დადება შესაძლებელი იქნება სულ მცირე 45 დღეში, ამ პერიოდში უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, შესაძლებელია მთლიანად მოხდეს არხის ჩამოშლა და ირგვლივ ტერიტორიის დატბორვა [ეზოების, სარდაფების], რადგან მეზობელი ქუჩებიდან შეკრებილი სანიაღვრე წყლები უერთდება სწორედ ამ არხს და [არხი] სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე“.

სანიაღვრე არხების მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს და მათ გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მერიის შპს „ბათუმის წყალი“. როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, მერიის და „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლებმა „ვითარება ჯავახიშვილის ქუჩაზე 2019 წლის 12 სექტემბერს შეისწავლეს და მიიღეს გადაწყვეტილება სანიაღვრე არხის აუცილებელი რეაბილიტაციის შესახებ“.

შესაბამისი წერილი მერიას „ბათუმის წყლისგან“ 2019 წლის 16 სექტემბერს მიუღია, ამის შემდეგ მერიას მიუმართავს ერთ-ერთი საპროექტო ორგანიზაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით. საპროექტო ორგანიზაციას კი მერიისთვის პროექტი ასევე 2019 წლი 16 სექტმბერს მიუწოდებია. ამავე დღეს, 16 სექტემბერს, მიმართა შესყიდვების სააგენტოსაც მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ თანხის ტენდერის გარეშე დასახარჯად თანხმობის მისაღებად. შესყიდვების სააგენტოში საკითხის განხილვის საბოლოო თარიღად 19 სექტემბერია მითითებული.

მერიის სამმართველოს განაცხადში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმის მერიას „აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხრევად არ გააჩნია არც შრომითი და არც სამართლებრივი რესურსი“.

ცალკე საკითხია 2018 წელს გამოცხადებული ტენდერი, რომლის მიხედვითაც ჯავახიშვილის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის [ორბელიანის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე]  კეთილმოწყობა 2019 წლის 1-ელ ივლისს უნდა დასრულებულიყო. 9 დღით ადრე, 2019 წლის 21 ივნისს, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სამუშაოების დასრულების ვადად 2019 წლის 20 დეკემბერი განისაზღვრა.

ცვლილების მიზეზად დასახელებულია ის, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობდა სანიაღვრე კოლექტორის [ე.წ. ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის] მოწყობა, „რის გამოც კომპანია [„ბონდი-2009“] ვერ ახერხებდა სამუშაოების დაწყებას“.

შესყიდვების გვერდის დღევანდელი, 2019 წლის 17 სექტემბრის მონაცემებით, 2 293 468 ლარიდან კომპანია „ბონდი-2009“-სთვის ქალაქის ბიუჯეტიდან გადახდილია მხოლოდ 385 645 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 17%].

ჯავახიშვილის ქუჩა [ორბელიანისა და ბაგრატიონის ქუჩებს შორის] სადაც სანიაღვრე არხის მოწყობა აუცილებელია. ამ მონაკვეთთან 30-მდე მრავალბინიანი კორპუსია დაკავშირებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: