რატომ არ აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს საერთო გზავნილები ნატოსა და ევროკავშირზე?


დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმში „დემოკრატიის სკოლის“ ოფისში, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მუჩაიძემ დემოკრატიის ასპექტებზე ისაუბრა, რაც მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. დისკუსიის დროს საკითხი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ევროკავშირის  როლს კონფლიქტის მოგვარებაში. გიორგი მუჩაიძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ვერ უპირისპირდება სახელმწიფო რუსულ პროპაგანდას.

„პატრიოტთა ალიანსი“ ხშირად იყენებს პრორუსულ ნარატივს ნატოსთან მიმართებაში – „რა საჭიროა, როცა ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან ავღანეთში“ და ბევრ სხვა საკითხზე, რაც რუსულ ნარატივს აძლიერებს ქვეყანაში. ხელისუფლება კი ვერ უპირისპირდება ამ ყველაფერს ერთიანი, შეთანხმებული გზავნილებით.

საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შენ არ იყო მხოლოდ სარგებლის მიმღები, არამედ  შენი კონტრიბუციაც უნდა შეიტანო უსაფრთხოებაში, რომ გაიზარდოს შენი როლიც. ამაზე კი ჩვენ ნაკლებად ვსაუბრობთ,“ – ამბობს გიორგი მუჩაიძე.

შეხვედრაზე კითხვა დაისვა იმის თაობაზე, თუ რა წვლილი შეაქვს ევროკავშირს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მათი პრობლემების მოგვარებაში. გიორგი მუჩაიძის თქმით, სწორედ ევროკავშირის მონიტორინგის მისია ეხმარება საქართველოს იმაში, რომ პროაქტიულად გაიტანოს ობიექტური ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში და შეასუსტოს რუსული პროპაგანდა.

„რუსული პროპაგანდა საქართველოში და არა მარტო აქ, ძალიან ძლიერად მუშაობს. ამ პროპაგანდას რომ დავუპირისპირდეთ საჭიროა მეტი რესურსი, რაც საქართველოს ნაკლებად აქვს, ამ შემთხვევაში  ევროკავშირი არის ყველაზე სანდო დამხმარე პიარის კუთხით, რომ საერთაშორისო საზოგადოება სწორად იყოს ინფორმირებული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

ევროკავშირის მისია ოკუპაციის ხაზზე მუდმივად პატრულირებს და თუ რაიმე დარღვევაა, მაშინვე აწვდის საერთაშორისო საზოგადოებას,“ – განაცხადა მან.

გიორგი მუჩაიძის თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების  წარმომადგენლების მესიჯბოქსი განსხვავებულია და ხშირად რუსულ ნარატივს აძლიერებს:

„კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, ახლახან რაჭაში  გვქონდა საინფორმაციო შეხვედრა, ბევრი ვისაუბრეთ და შეხვედრის ბოლოს გუნერნატორი ხალხის თანდასწრებით ამბობს, რომ რა კარგია ეს გზა რომ კეთდება, რადგან რუსი ტურისტები შემოვლენ და მაშინ გვეშველებაო. წარმოიდგინეთ, რა ევროკავშირზე და ნატოზე უნდა ესაუბრო ხალხს, თუ მთავრობისთვის ეკონომიკის ბურჯი და მთავარი ხსნა რუსი ტურისტები არიან?

კახეთში ვიყავი, სადაც გლეხებს ვკითხე, მათი აზრით, საიდან მოდის ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის. მეუბნებიან, რომ რუსეთიდან, მაგრამ როცა ვეკითხები, თუ რაშია ჩვენი შველა, ამბობენ, რომ რუსეთში.  სამწუხაროდ,  ეს არალოგიკური ბმა არსებობს და ის, რომ „ევროკავშირი და ნატო კარგია, მაგრამ შორია“, – ამ ნარატივით შეუძლებელია რუსულ პროპაგანდას მოერიო“.

მისი თქმით, პროპაგანდასთან საბრძოლველად საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაცია და გზავნილები, თუ რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირთან თანამშრომლობას, ნატოში გაწევრიანებას და ა.შ.:

„ეს უნდა მოხდეს ყველა დონეზე, იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობა თუ ცენტრალური ხელისუფლება,  სხვადასხვა მედიასაშუალებით, სხვადასხვა ტრიბუნიდან გაჟღერებით, ამისთვის კი აუცილებელია ეროვნული სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის აწყობა.

ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს პრემიერ-მინისტრის დონეზე, მონიტორინგიც იქ უნდა ხდებოდეს და შესაბამისად, ყველას ერთნაირი გზავნილი უნდა ჰქონდეს ევროკავშირისა და ნატოს თემაზე.

როცა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის მიერ წამოიწია საკითხი, რომელიც პირიქით გეხმარება იმაში, რომ რუსეთის ვეტო გადალახო და ამ დროს ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ლიდერი იძახის, რომ ეს მავნეა, ეს პირდაპირ თუ არა ირიბად რუსულ ნარატივს აძლიერებს“.

მუჩაიძის თქმით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ სახელმწიფო დონეზე შეიქმნას სისტემა, სადაც გუბერნატორიც და მინისტრიც  თავიანთი განცხადებებით რუსულ პროპაგანდას არ გააძლიერებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com