მთავარი,სიახლეები

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1 273 პირველკურსელი მიიღო

16.09.2019
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1 273 პირველკურსელი მიიღო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 16  სექტემბერს, სწავლა დაიწყო. წელს უნივერსიტეტმა 1 273 პირველკურსელი მიიღო. აქედან, სახელმწიფო გრანტი 100-მდე სტუდენტს აქვს, 400 სტუდენტი კი 10 პრიორიტეტულ პროგრამაზე ჩაირიცხა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს.

ბათუმის უნივერსიტეტმა წელს 1273 პირველკურსელი მიიღო. აქედან 100-მდე სტუდენტი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა.

ბსუ-ს ინფორმაციით, 140 სტუდენტი სხვა უნივერსიტეტებიდან გადმოვიდა. მთლიანობაში, უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს, აქედან 650 სტუდენტი უცხოელია. ისინი, ძირითადად, ტურიზმისა და სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლობენ.

ბსუ-ში სწავლა დაიწყო / 16.09.2019
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბსუ-ს ინფორმაციით,  განახლდა უნივერსიტეტის ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა. 200-მდე სტუდენტი ახალ საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს:„ამჟამად მიმდინარეობს ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა, სადაც ტექნოპარკი განთავსდება, ასევე ოქტომბერში გაიხსნება ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო ცენტრი“.

სწავლის დაწყების ცერემონია უნივერსიტეტის ბენდმა გახსნა/16.09.2019

როგორც ბსუ-ს ადმინისტრაციაში ამბობენ, გაცვლითი პროგრამების სტატისტიკით, ბსუ, საქართველოს მასშტაბით, მესამე ადგილზეა. „ამოქმედდა ახალი გაცვლითი პროგრამა, ერაზმუს+-ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) შერჩევის შედეგების მიხედვით, ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით 6 პროექტი დაფინანსდა, აქედან ოთხი ბსუ-ს ჩართულობით“.

უნივერსიტეტის რექტორის, მერაბ ხალვაშის თქმით, გასულ წელს უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით, გამოკითხული 2 000 კურსდამთავრებულიდან, 70 პროცენტი არის დასაქმებული. „მათ შორის, 55-დან 60-პროცენტამდე არის სპეციალობით დასაქმებული, რაც საერთაშორისო სტანდარტებით არის კარგი მაჩვენებელი,“ – ამბობს ხალვაში.

სწავლის დაწყება სტუდენტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემაც მიულოცა / 16.09.2019

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: