ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათება 15 დეკემბრამდე მოეწყობა – გზების დეპარტამენტი

16.09.2019 • 2204
ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათება 15 დეკემბრამდე მოეწყობა – გზების დეპარტამენტი

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები 2019 წლის 15 დეკემბრამდე ჩატარდება. „დროის აღნიშნულ პერიოდში საჭიროა საავტომობილო გზის მონაკვეთებზე სავალი ნაწილის დროებით შევიწროება ერთ მხარეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომელიც ორზოლიანია და სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კმ/სთ-ია, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. გზის სიგრძე 31,7 კილომეტრია და ის სრულად 2018 წლის 25 ივნისს გაიხსნა. ამ გზის ქობულეთიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი კი, დღემდე გაუნათებელია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „Sinohydro Corporation limited“-ის და მისი ქვეკონტრაქტორი შპს „ჯავას“ მიერ დაგეგმილი იყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის არსებულ კმ12+400-კმ31+259 (საპროექტო კმ0+000-კმ17+964, ლოტი 2) მონაკვეთზე, გარე განათების მოწყობის სამუშაოების განხორციელება – 2019 წლის 18 სექტემბრამდე, „თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, სამუშაოების შემსრულებელმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო დაგეგმილ პერიოდში აღნიშნული სამუშაოების ჩატარება“.

„სამუშაოების წარმოების პერიოდში, სამუშაოთა წარმოების ადგილი ღამის საათებში იქნება განათებული და საავტომობილო გზის მონაკვეთზე განთავსდება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე, სამუშაოთა წარმოების და შეზღუდვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი  თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობის ინტენსიურობის გაზრდის და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში შეწყვეტილ იქნება სამუშაოები. სამუშაოების დაწყების და დასრულების შესახებ წინასწარ ეცნობება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სამორიგეო ნაწილს,“ – აცხადებს დეპარტამენტი.

ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთი, სადაც გარე განათებაა დამონტაჟებული / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზა გარე განათების გარეშე / აგვისტო, 2019 /  ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო? – 15 კილომეტრი გარეგანათების გარეშე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: