2019 წლის 7 ივლისს, დღის 16 საათიდან, მახუნცეთში, რესტორან „ჭადრების“ მიმდებარე ტირიტორიაზე, ქედის ღვინის ფესტივალი გაიმართება, სადაც ქედელი და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტის მეღვინეები საკუთარი წარმოების ღვინოს წარმოადგენენ.
ფესტივალზე შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაცია და შეძენა, ასევე, გაიმართება კონკურსი ქედელ მეღვინეებს შორის, სადაც გამოვლინდება „საუკეთესო წითელი ღვინო“ – ორი გამარჯვებული ნომინაციაში, „საუკეთესო თეთრი ღვინო“ – ორი გამარჯვებული, „საუკეთესო ვარდისფერი ღვინო“ – ერთი გამარჯვებული ნომინაციაში.
ფესტივალის მიზანია ქედის ღვინის პოპულარიზაცია, ქედაში შემორჩენილი უნიკალური ვაზის ჯიშების წარმოჩენა, მევენახე/მეღვინე ფერმერების მოტივაციის ამაღლება და მუნიციპალიტეტში „ღვინის უძველესი გზის“ გამოცოცხლება. ფესტივალი წელს პირველად იმართება.
ფესტივალის ბიუჯეტი 21 000 ლარია. ღონისძიებას ორგანიზებას ქედის მუნიციპალიტეტის მერია და აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაუწევს.
ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, N24-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ორსართულიანი სახლის სარეაბილიტაციოდ 338 ათასი ლარია გათვალისწინებული. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ძეგლზე სამუშაოები 2020 წლის პირველ მარტამდე უნდა დასრულდეს. სახლის რეაბილიტაცია იმ პროექტის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს.
რესტავრაცია-რეაბილიტაციის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია 2017 წელს მომზადდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, „ნაგებობა გორგასლის ქ. #24-ში, XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლია. იგი იმ ეპოქისთვის სტრუქტურული თვალსაზრისით ახალი ტიპის ნაგებობა იყო;
სახლი ორგანულად არის ჩაწერილი ბათუმის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში და მორგებულია ადგილმდებარეობას. თავისი სტრუქტურით ეს ნაგებობა
საინტერესოა, როგორც XX საუკუნის დასაწყისის ბათუმის საცხოვრებელი სახლების განსაზღვრული ტიპი და სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ეტაპის ამსახველი
რეალობა. სახლი თავისი საფასადე სტრუქტურით მკაფიო აქცენტს ქმნის და განსაზღვრავს განაშენიანების ხასიათს.“
შენობას პირველ და მეორე სართულებზე აქვს საშუალო და დიდი ზომის ბზარები [ერთი მათგანი გამჭოლია]; სახურავი დაზიანებულია, ჩამოდის წყალი; მოსალოდნელია შენობის წინა ფლიგელის და სახურავის ჩამოშლა. შენობის დაზიანებული ნაწილი გასამაგრებელია, სახურავის კონსტრუქცია და ბურული აღსადგენია.
კვლევითი და საპროექტო დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის ამ უბანში ქუჩების ქსელი ჩაისახა XIX ს-ის შუა პერიოდში და ჩამოყალიბდა XIX ს-ის ბოლოს. თავიდან ბათუმის გეგმებზე ქუჩების სახელწოდებები ჯერ კიდევ არ იყო აღნიშნული. სახელწოდებები მათ დაერქვა მხოლოდ XIX ს-ის ბოლოს. ამჟამინდელი გორგასლის ქუჩა სახელის გარეშეა 1878 წლის გეგმაზე; კათოლიკური – ამ სახელითაა 1914 წლის გეგმაზე; ცხაკაიას – 1920-იანი წლებიდან და ვახტანგ გორგასლის ქუჩა – 1990-იანი წლებიდან დღემდე.
გორგასლის 24-ში მდებარე სახლის „შემკვეთი იყო ბათუმელი მოქალაქე (გვარი არ არის ცნობილი); არქიტექტურული სტილი – ფსევდორენესანსული, მოდერნის ჩანართებით [უცნობია არქიტექტორის ვინაობაც]. თავდაპირველად შენობა კერძო მფლობელის საცხოვრებელი სახლი იყო; შემდეგ რამდენიმე მფლობელის, ამჟამად კი კერძო მფლობელების საცხოვრებელი სახლია.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ამ სახლის თავდაპირველად ჩამოყალიბებული ზოგადი სახე და გეგმარება ძირითადად შენარჩუნებულია. სამწუხაროდ, არქივებში არ აღმოჩნდა დაცული ნაგებობის თავდაპირველი პროექტი. რაც შეეხება მეზობელ ნაგებობებს – სახლის აღმოსავლეთ ყრუ კედელზე მიდგმული იყო ფონური ნაგებობა [N22-ში], რომელიც დაანგრიეს და მის ნაცვლად რამდენიმე წლის წინ მიადგეს ხუთსართულიანი მასიური სახლი…“
ძეგლის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 2 ივლისამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 200 000 ლარის ჯამური ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასრულებული სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
სარეაბილიტაციო ძეგლი ბათუმში, გორგასლის ქუჩა N24-ში
ოფიციალური მონაცემებით, რომელიც „ბათუმელებმა“ ახლახან გამოითხოვა, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში სულ 2 971 საქმეზე შედგა იძულებითი აღსრულება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში უსახლკაროდ სწორედ ამდენი ოჯახი დარჩა.
იძულებით გამოსახლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს იყო – 700 ოჯახი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წელს, მაისის ჩათვლით, იძულებით 261 ოჯახი უკვე გამოასახლეს საცხოვრებლიდან.
იძულებითი აღსრულება წლების მიხედვით:
[checklist]
2018 წელი – 700 ოჯახი
2017 წელი – 579 ოჯახი
2016 წელი – 246 ოჯახი
2015 წელი – 373 ოჯახი
2014 წელს – 298 ოჯახი
2013 წელს – 233 ოჯახი
2012 წელი – 181 ოჯახი
[/checklist]
აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის დარჩენილ პერიოდში უკვე 181 მიმდინარე საქმე აქვს. არ არის გამორიცხული ამ საქმეების რაოდენობა ისევ გაიზარდოს.
„სირცხვილია!” „გადადგეს შსს მინისტრი გიორგი გახარია!”- ამ ტრანსფარენტებით ბათუმის ევროპის მოედანზე ისევ შეიკრიბნენ. შეკრებილები პროტესტს უცხადებენ რუსულ ოკუპაციას.
ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმში უკვე მესამედ შეიკრიბნენ აქტივისტები, რომლებიც უერთდებიან თბილისში მიმდინარე აქციის მოთხოვნას – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.
საპროტესტო აქციები საქართველოში 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა – გავრილომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, საპროტესტო აქციის მონაწილეები კი ძალის გამოყენებით დაშალეს.
სტანდარტულ ინფორმაციას ბათუმი-თბილისის მატარებელში ვეღარ მოისმენთ. ინფორმაცია უკვე მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე ცხადდება.
„საქართველოს რკინიგზის“ ამ სიახლის შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მგზავრმა შეატყობინა.
„ეს გადაწყვეტილება რკინიგზამ ოთხი თვის წინ მიიღო,“ – ირწმუნებიან „საქართველოს რკინიგზის“ პრესცენტრში. პრესცენტრის ინფორმაციით, რუსულ ენაზე ინფორმაციის გამოუცხადებლობა არ უკავშირდება 20 ივნისის მოვლენებს და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს. პრესცენტრში ვერ გვითხრეს, რატომ ცხადდებოდა მანამდე ინფორმაცია რუსულ ენაზე და რის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება რკინიგზაში.
მიუხედავად საქართველოს რკინიგზის პრესცენტრის განცხადებისა, ადამიანებმა, რომლებმაც ბათუმი-თბილისის მატარებლით მაისსა და ივნისის დასაწყისში იმგზავრეს, გვითხრეს, რომ ინფორმაცია სამ ენაზე მოისმინეს: ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. კონკრეტულად 4 ივნისს ბათუმიდან თბილისისკენ მოძრავ მატარებელში ინფორმაცია სამ ენაზე გამოცხადდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 23 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ვ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები აღმოაჩინეს“.
უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება 6,408 ლარია.
ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების შენიშვნები მოისმინა ბათუმში და არა მარტო ამ ქალაქში, ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ შედგა, გიდები საუბრობდნენ იმაზე, რომ ქალაქის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც დატანილია ტურისტულ რუკაზე და რომელთა სანახავადაც მიჰყვათ ტურისტები, ისე არ გამოიყურება, როგორც სარეკლამო ბუკლეტზე.
მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ობიექტი „ალი და ნინო“, ღამით გაუნათებელია. „მოძრაობს ნელა და მეტალიც გასაწმენდია“, – ამბობდნენ გიდები.
მოუწესრიგებელიანავსადგურთან არსებული „ჭაჭის თაუერიც“, რომელმაც თავდაპირველი ფუნქცია დიდი ხანია დაკარგა. ჭაჭის თაუერში არც ჭაჭაა და კარებიც დაკეტილია. კოშკის ირგვლივ არც შადრევნები მუშაობს. ქალაქის სასეირნო ზოლში მდებარე შენობის ღიობები კი სანაგვედ არის ქცეული.
დიდი ხანია არ ფუნქციონირებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დრამატული თეატრის წინ განთავსებული ნეპტუნის შადრევანიც. შესაბამისად, შადრევანში წყალი არ არის და არც ღამის განათებებია ჩართული.
ნეპტუნის შადრევანი ადრე
ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა. რა შეიცვალა სეზონის გახსნის შემდეგ და მოაგვარა თუ არა მერიამ ამ ობიექტებთან დაკავშირებული პრობლემები? „ბათუმელები“ ამის გასარკვევად ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ნეპტუნის შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და მისი ჩაბარება 15 დღეში იგეგმება.
„გლუვი გამოიცვალა და დაემატა რვა რქოვანა, შადრევნის შიგნით კაბელები შეიცვალა, განახლდა იზოლაცია, ეს ყველაფერი დაჯდა 102 ათასი ლარი. შესრულებულ სამუშაოებს მალე ჩავიბარებთ“, – გვითხრეს სამმართველოს პრესსამსახურში.
რაც შეეხება ჭაჭის თაუერს, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ თაუერთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, რაიმე ცვლილება ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.
„ალი და ნინო“ ბათუმის ბულვარის ბალანსზეა. ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ სკულპტურის განათებასთან დაკავშირებული პრობლემა წელს მოგვარდება, თუმცა სკულპტურის მოძრაობა ვერ აჩქარდება.
„ჩვენ დიდი ხანია გვაქვს მიმოწერები გერმანელ სპეციალისტებთან, რომლებმაც თავის დროზე დაამონტაჟეს ეს ქანდაკება. როგორც ისინი გვიხსნიან, ამ ორი ქანდაკების ერთმანეთში გადასვლის დრო ვერ ჩამოვა 10 წუთზე, რადგან პროექტით 20-წუთიანი ინტერვალია გათვალისწინებული. ჩვენ შეგვიძლია დავაპროგრამოთ ათ წუთზეც, თუმცა ეს ძეგლის მიმართ იქნება არასწორი მოქცევა, რადგან ტექნიკური ინჟინრის რეკომენდაციაა, რომ მოძრაობის დაჩქარება ქანდაკების დეფორმაციას გამოიწვევს“, – ამბობს ირაკლი ჯინჭარაძე.
რაც შეეხება განათებას, ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, გერმანელი სპეციალისტები 20 ივლისისთვის აპირებენ ჩამოსვლას და განათებას თვითონ დაამონტაჟებენ. „ეს ის ინჟინერია, რომელმაც განათება 2010 წელს დააპროექტა თამარ კვესიტაძესთან ერთად. განათების განახლება 7 ათასი ევრო ჯდება და თანხის პრობლემა არ არის, ველოდებით სპეციალისტს და ეს საკითხი მოგვარდება“, – გვეუბნება ბულვარის დირექტორი.
ბათუმმა 9 ივლისს, „World Travel Awards“-ის ჯილდო მიიღო პორტუგალიაში, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ქალაქმა.
„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას დროულად ვერ ასრულებს. სამეტაპიანი სამუშაოდან პირველი და მეორე ეტაპების დროულად შეუსრულებლობისთვის კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს – 24 ათასი ლარის გადახდა უკვე დააკისრა.
ამხანაგობა „ინჟარქიტექტთან“ სამინისტრომ ხელშეკრულება 2019 წლის 25 მარტს გააფორმა. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საბოლოო პროექტი და სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია ამხანაგობას სამინისტროში 2019 წლის 25 ივნისამდე უნდა წარედგინა. შესყიდვების გვერდზე კი მიღება-ჩაბარების აქტი ამ დრომდე [2 ივლისი] არ არის ატვირთული.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიამ პროექტი წარადგინა, თუმცა სამინისტროს ჰქონდა შენიშვნები და კომპანიას ეთხოვა, პროექტის კორექტირებული ვერსია ხელახლა წარადგინოს. „კორექტირებულ პროექტს უკვე ველოდებით,“ – გვითხრეს სამინისტროში.
ამხანაგობა „ინჟარქიტექტის“ თავმჯდომარე შალვა უგრეხელიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ზუსტ დროს, თუ როდის იქნება მზად საბოლოო პროექტი, ვერ დაასახელებს: „არის მოლაპარაკება, მუშა პროცესია. მიმდინარეობს სხვადასხვა ვარიანტის განხილვა… ჩვენს ინტერესშიც შედის დროულად წარვადგინოთ საბოლოო პროექტი. პირველ რიგში კი იმით ვართ დაინტერესებული, რომ ხარისხიანად გაკეთდეს ყველაფერი. “
სამინისტროს, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, შენიშვნები კომპანიასთან მეორე ეტაპის სამუშაოების მიღების დროსაც ჰქონდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის წერილის მიხედვით, კომპანიას საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ჩაუტარებია მიწის იმ მონაკვეთზე, სადაც კორპუსის განთავსება არ იგეგმება.
„თქვენ მიერ მეორე ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიმართ გაგვაჩნია რიგი შენიშვნები:
1. სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ჩატარებულია სამშენებლო მიწის იმ მონაკვეთზე, სადაც არ არის გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების განთავსება. მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე (მდინარის მიმდებარე), შემდგომში დამატებითი სამუშაოების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ჭაბურღილების განთავსება დაიგეგმოს საპროექტო ობიექტის კონტურში. ასევე, საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას ხელს არ აწერს უშუალოდ სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტი – ინჟინერ-გეოლოგი;
2. კონსტრუქციული გადაწყვეტის სქემის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, რკინაბეტონის კონსტრუქციებში გამოყენებულია ბეტონი კლასით B-30, ხოლო პირველ ეტაპზე წარმოდგენილ განმარტებით ბარათში სართულშუა გადახურვაში, ანუ რკინაბეტონის კონსტრუქციებში და გამსხვილებულ ხარჯთაღრიცხვაში გამოყენებულია ბეტონი კლასით B-25. ეს უზუსტობა ზეგავლენას მოახდენს მშენებლობის საბოლოო ღირებულებაზე…“ – აღნიშნულია მინისტრის წერილში.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიისთვის მომსახურების თანხა ჯერ არ გადაურიცხიათ. ხელშეკრულების მიხედვით, სამინისტრო ანგარიშსწორებას განახორციელებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან ათი სამუშაო დღეში. ამავე ხელშეკრულებით, დასაშვები იყო ავანსის გადახდაც, ოღონდ სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე.
კომპანიას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, წარდგენილი აქვს „თიბისი ბანკის“ მიერ 2019 წლის 18 მარტს გაცემული გარანტია 16 000 ლარზე. აღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაა 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
——
ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ ორმა კომპანიამ დააფუძნა: შპს „გეოანალიტიკამ“ და შპს „სენსონიმ“. შპს „სენსონი“ კი ის კომპანიაა, რომელმაც შეადგინა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 3 750 000 ლარით უნდა დაფინანსდეს.
სსიპ ბათუმის ბულვარი ზაფხულის სეზონის განმავლობაში მზადაა უფასოდ დაუთმოს სივრცე მხატვრებს და ხელოვანებს თავიანთი შემოქმედების წარმოსაჩენად. სპეციალურად გამოყოფილი სივრცე ცენტრალურ შესასვლელთან, ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე იქნა შერჩეული, კერძოდ, ბულვარის მთავარი შადრევნების მარჯვენა მხარეს მდებარე ხეივანში.
სსიპ ბათუმის ბულვარის მიზანია მხატვრებისა და ხელოვანი ადამიანების შემოქმედება წარმოდგენილი იყოს არა ქაოტურად, არამედ ერთ სივრცეში და მიეცეს კოლორიტული და ტრადიციული სახე.
სსიპ ბათუმის ბულვარის მზადაა კიდევ ერთი ძალიან მიმზიდველი და საინტერესო ღია სივრცე დაუთმოს მხატვრებსა და ხელოვანებს სასტუმრო ინტურისტების წინ მდებარე სკვერში პერსონალური გამოფენების მოსაწყობად.
დაინტერესების შემთხვევაში, ხელოვანებს შეუძლიათ მიმართონ სსიპ ბათუმის ბულვარს ( მისამართი: კ.გამსახურდიას N2 ) და შეათანხმონ გამოფენების ვიზუალური და პრაქტიკული დეტალები.
ქობულეთის სოფელ ციხისძირში, იმ ადგილზე, სადაც გასულ წელს მრავალწლოვანი ხეები ამოთხარეს და ბიძინა ივანიშვილის პარკში გადაიტანეს, მიწის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ აღადგენდნენ [რეკულტივაცია] იმ ადგილს, საიდანაც ხეები ამოთხარეს შეკვეთილში გადასატანად. თუმცა, „ბათუმელებმა“ ახლახან გაარკვია, რომ ციხისძირის გადათხრილ ფერდობზე სტადიონს აშენებენ. ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაშია და იქ ხეებიც თავის დროზე უნებართვოდ ამოთხარეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სტადიონს სწორედ ის კომპანია – შპს „ჯორჯტრანსი“ აშენებს, ვინც ხეები ამოთხარა. ამ კომპანიის დირექტორი ქობულეთის საკრებულოს წევრის ძმა – ადგილობრივი ბიზნესმენი თენგიზ შავიშვილია, რომლის სახლს და მშენებარე სტადიონს ციხისძირში ერთმანეთისგან ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალი ჰყოფს. თენგიზ შავიშვილმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ სტადიონს არა კომპანია, არამედ პირადად ის აკეთებს.
„სტადიონი მაქ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იყო. არის ქობულეთის გამგეობის 2006 წლის გადაწყვეტილებაც, რომ მაქ სტადიონი მოწყობილიყო. ხეების ამოღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადგილს. სოფლის ახალგაზრდობის თხოვნაც არის, რომ რაღაცნაირად მოწესრიგდეს. ახლა ახალი ბალახი დავთესეთ, კორდი ამოდის… ფართომასშტაბიანი არაფერი იგეგმება – ტრიბუნები და ასეთი რაღაცები არ იქნება. შემოღობვას რაც შეეხება, გამოვნახავთ ალბათ რაღაცას, რომ ბურთი არ გადავარდეს“, – გვითხრა თენგიზ შავიშვილმა.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, სადაც სტადიონი უნდა მოეწყოს, თენგიზ შავიშვილის თქმით, „არის მოსახლეობის მიერ წერილი შეტანილი, 300-მდე ადამიანი აწერს ხელს, რომ სტადიონის ტერიტორია გადმოეცეს სოფელს. ამ თხოვნით, 2 თვეა ალბათ, შესული ვართ ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც და აჭარის მთავრობაშიც შუამდგომლობით. ოფიციალურად უნდა მიეცეს ყველაფერს ისეთი სახე, რომ წყლის მიყვანა, საშხაპის მოწყობა მოხერხდეს, რათა უფრო მიმზიდველი იყოს ეს ადგილი ახალგაზრდებისთვის.“
„ბათუმელები“ დაინტერესდა, არის თუ არა ამჯერად მიწის მესაკუთრის [სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს] თანხმობა – ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურების ნებართვა და არსებობს თუ არა გეოლოგიური დასკვნა, ამ ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ჩასატარებლად.
ქობულეთის მერის წარმომადგენელი ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში, რუსლან ანთაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ აქ სტადიონის აშენებას მოსახლეობა ჯერ კიდევ 2006 წელს ითხოვდა: „არის საბუთები, ხელმოწერები… მუნიციპალიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ადგილობრივ ბიზნესმენს, თენგიზ შავიშვილს მისცა თანხმობა აეშენებინა სტადიონი. რატომღაც მშენებლობა ვერ განხორციელდა, თუმცა ის ახლა აშენებს სტადიონს. რამდენადაც ვიცი, ქობულეთის მერიამ უშუამდგომლა ქონების ეროვნულ სააგენტოშიც, ვინაიდან ახლა მიწა, სადაც სტადიონი შენდება, სახელმწიფოს საკუთრებაა. მოსახლეობა ითხოვს ტერიტორია გადმოეცეს მუნიციპალიტეტს იმ მიზნით, რომ აქ სტადიონი იყოს. სააგენტოს პასუხი არ ვიცი.“
„რაიმე ნებართვას, როგორც ასეთი, ჩვენი სააგენტო არ გასცემს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით იყო დაინტერესება 2018 წელს, თუმცა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კონსულტაციის შემდეგ ქონება პრივატიზაციისთვის აუქციონზე აღარ გაგვიტანია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პოზიცია იყო, რომ ციხისძირში ეს ქონება არ გასხვისებულიყო. მართალია, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია, თუმცა ასეთ დროს, ზოგადად, ჩვენ ყოველთვის მივმართავთ მოსაზრებისთვის შესაბამის მუნიციპალიტეტებს“, – გვითხრეს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.
მუნიციპალიტეტისთვის ქონების შესაძლო გადაცემაზე პასუხი სააგენტოსგან ვერ მივიღეთ.
აჭარის მთავრობის პრესსამსხურის ინფორმაციით, ციხისძირის მოსახლეობისგან განცხადება მათთან შევიდა, თუმცა, მთავრობამ ის ქობულეთის მერიაში გადააგზავნა.
ქობულეთის მერიიდან პასუხები ჩვენს კითხვებზე ამ დრომდე ვერ მივიღეთ. მერიის განმარტებას მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.
ადგილი, სადაც მრავალწლოვანი ხეები ამოთხარეს და ახლა სტადიონი შენდება / 25.06.2019 / ფოტო: ბათუმელებიადგილი ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან ციხისძირში, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები გაიტანეს და ახლა სტადიონი შენდება / 25.06.2019 / ფოტო: ბათუმელებიადგილი, სადაც ახლა სტადიონს აშენებენ / ფოტო გადაღებულია 2018 წელს / ბათუმელების არქივიდან
პოეტი ზვიად რატიანი საქართველოში 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე აქციებს ეხმიანება. ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, ზვიად რატიანი ამბობს, რომ ეს თაობა გააკეთებს იმას, რაც ვერ შეძლო წინა თაობამ:
„ეს უკვე სხვა თაობაა, გაიზარდნენ ჩვენი შვილები, გაიზარდნენ და არიან ჩვენზე გაცილებით ჭკვიანები, ჩვენზე სუფთები, არ არიან საბჭოიდები, არ ახსოვთ და კიდიათ მაგრად ის საბჭოთა კავშირი, არც ის ბნელი და საშინელი 90-იანი წლები არ ახსოვთ და თუ ახსოვთ, ძალიან ბუნდოვნად. ამათ წინააღმდეგ დღევანდელი ხელისუფლება არის სრულიად გაკოტრებული, იმათ იციან ბოროტება, იმათ იციან საშინელებების კეთება, მაგრამ ამას ვერაფერს უხერხებენ.
თვითონ ის ფორმები, რა ფორმებითაც ეს დემონსტრაციები ტარდება, არის არაჩვეულებრივი. არა ისე, როგორც ჩვენ ვატარებდით, როცა მათი ტოლები ვიყავით, ტანჯვით და ჭინთვით, არა. 7 საათზე მოსვლა, საღამოს დაშლა, ძალების გამოზოგვა, ეს მოწესრიგებულობა და რაც მთავარია, ხალისი. კი არ იტანჯებიან, ხალისობენ, ლამაზები არიან, მღერიან, უხარიათ ერთმანეთი და უყვართ ერთმანეთი. ამის წინააღმდეგ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ წავა და მითუმეტეს ასეთი ჩანჩურა ხელისუფლება, დღეს რომ ჰყავს. გახარიაც წავა და ყველანი მიყვებიან ზედ და გაცილებით მალე, ვიდრე ახლა გვეჩვენება.
სამწუხაროდ ჩემმა თაობამ და ჩემზე უფროსებმაც და უმცროსებმაც, ბევრი ვერაფერი შევძელით და ამ სირცხვილის მოწმენდა და ამ ნაგვის გატანა შევატოვეთ ჩვენს შვილებს. თუმცა ეს ლოგიკურიც არის, ახალი ადამიანები და სხვანაირი ადამიანები თუ შეძლებენ ამის გაკეთებას.
ეს ახალგაზრდები, როგორც რამდენიმე წლის წინ მზიურს და შემოგარენს ალაგებდნენ და წმენდდნენ და როგორც დღეს აქციის შემდეგ, პლასტიკური პაკეტებით მიდიან და იქაურობას ალაგებენ, ისე გადაწმენდენ ამ ჭრილობას, ისე დასპირტავენ და გაუკეთებენ სტერილიზაციას. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და გაცილებით მალე, ვიდრე ახლა გვგონია, ვიდრე ჩანს.
მორჩა, მოვიდნენ ჩვენი შვილები, გაიზარდნენ. არ უნდოდათ, ეკიდათ პოლიტიკა და უმეტესობამ სულ არ იცოდა ალბათ გახარიას სახელი რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ აიძულეს და ჯინი ამოიხმეს ბოთლიდან. ყველაფერი იქნება მაგრად, ძალიან მიყვარხართ, ჩემო შვილებო.“ – ამბობს ზვიად რატიანი.
____________________
პოეტი ზვიად რატიანი ამჟამად ევროპაში ცხოვრობს. ის გასული წლის 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავებოდა, პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. რატიანის თქმით, პოლიციელებმა მას შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენეს, რომ ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა.
რატიანის დაკავების კადრები პოლიციელებმა პირადი მობილურით გადაიღეს. ეს კადრები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-დან გამოითხოვა და ახალი ამბების გამოშვებაში უჩვენა. მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-ს ვიდეო თავისი პლატფორმიდან წაშალა.
5 ივლისს ბათუმში, „თავისუფალ სივრცეში“, წარმოდეგნილი იქნება რეჟისორ ლაშა შეროზიას მონოსპექტაკლი – „დაბადების დღე“ ჟესტურ ენაზე. სპექტაკლი ადაპტირებულია და მორგებულია სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ადამიანებზე.
ადაპტირებული სპექტაკლი პირველად კეთდება ბათუმში, პროeქტ „მედიArt2“-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“.
„სპექტაკლი „დაბადების დღე“ მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგოს ისტორიას და წარსულთან ფსიქო-ემოციურ გამოთხოვებას ახალი ცხოვრების დასაწყებად,“ – ნათქვამია ანოტაციაში.
სპექტაკლში თამაშობს მსახიობი ინგა კირცხალი, სურდო თარჯიმანი კი სოფი იაკობიძეა.
პროექტი ხორციელდება სოციალურ საწარმო კაფე „თავისუფალ სივრცეში“. სპექტაკლი მიმდინარეობს სრულად ჟესტურ ენაზე, სინქრონული ხმოვანი თარგმანით და განკუთვნილია როგორც სმენის არმქონე, ასევე, სმენის მქონე ადამიანებისთვის.
მონოსპექტაკლი „დაბადების დღე“ თავისუფალ სივრცეში გაიმართება.
აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების ინიციატივების რაოდენობა შემცირდა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლევისანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2017-2018 წლებში უშუალოდ ფრაქციების და ფრაქციათა ინიციატივების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო 2014-2016 წლების საკვლევ პერიოდთან შედარებით. 2014-2016 წლებში 35 ფრაქცია ფუნქციონირებდა, ხოლო 2017-2018 წლებში – 29, შემცირდა ინიციატივების რაოდენობაც – 38-დან 33-მდე.
საანგარიშო პერიოდში ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის საკრებულოებში რეგისტრირებულ 16 ფრაქციას არც ერთი ინიციატივა არ წარუდგენია.
ბათუმის საკრებულოში წარდგენილია 25 ინიციატივა
ქედის საკრებულოში – 6
ქობულეთის საკრებულოში – 2
წარდგენილი 33 ინიციატივიდან, 14 ოპოზიციურ ფრაქციებს ეკუთვნოდა. ოპოზიციური ფრაქციების ინიციატივების გაზიარების სტატისტიკური მაჩვენებელი დაბალია – ოპოზიციური ფრაქციის ინიციატივას მხარი მხოლოდ ქედის საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.
„ფრაქციათა ინიციატივების რაოდენობის კლება განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, 2017 წლის დეკემბრიდან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეობაც ანაზღაურებადი თანამდებობა გახდა. ცვლილების ინიციატორი კანონმდებლების ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ის იყო, რომ ახალი თანამდებობის დაწესებას ფრაქციების გააქტიურება და ეფექტიანობის ზრდა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა როგორც წინამდებარე კვლევამ აჩვენა, ეს მოლოდინი არ გამართლდა,“ – აღნიშნულია კვლევაში.
2017-2018 წლების საკვლევი პერიოდის განმავლობაში ფრაქციების თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) სახელფასო ანაზღაურებაზე ჯამში 1, 394, 635. 23 ლარია დახარჯული.
„უარყოფითად შეიძლება შეფასდეს ის გარემოებაც, რომ წარდგენილი ინიციატივების უმრავლესობა ეხება არა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის კონტროლის გაძლიერების მოთხოვნას, არამედ უმეტესწილად ადმინისტრაციული დატვირთვის საკითხებზეა ფოკუსირებული.
ამასთან, ძალიან დაბალია საკრებულოების მოქმედი უმრავლესობების მიერ ოპოზიციური ფრაქციების ინიციატივების გაზიარების მაჩვენებელი. ასეთი ტენდენცია არასასურველ გარემოს ქმნის ადგილობრივი დემოკრატიის გასაძლიერებლად და პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის შესაქმნელად.
მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს თვითმმართველობისათვის. ის ორიენტირებული უნდა იყოს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდაზე. ფრაქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გასაზრდელად, ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად და მოქალაქეთა პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ.“ – ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ივლისის 21 საათიდან 3 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 4– 9 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 7-12 დმ – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 4-5 ივლისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტში, რომელიც ქალაქის მერიამ 2016 წელს 25 ათას ლარად შეისყიდა, ცვლილებებია შესატანი. ამ ცვლილებების გარეშე კი, როგორც ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო აცხადებს, ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დაიწყება. ამასთან, ბარცხანის ხიდის „არსებული მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ძალზე კვალიფიციურობას მოითხოვს“.
ამ ხიდის სიგრძე 366,3 მეტრია და მასზე ინტენსიური [მათ შორის სატრანზიტო] მოძრაობაა. ხიდის სავალი ნაწილი ხშირად ზიანდება, იქმნება ავარიული სიტუაციები, მწყობრიდან გამოდის ავტომანქანები.
არსებული პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2019 წელს ორჯერ გამოაცხადა, თუმცა არც ერთი არ შედგა. ტენდერებში, რომლებშიც საწყისი თანხა 778 140 ლარი იყო, მონაწილეობა არავინ მიიღო. პროექტში ცვლილების შეტანას კი, სამმართველოს გათვლებით, 5 000 ლარი დასჭირდება.
„პროექტის ავტორთან ინფორმაციიის გაცვლის შემდეგ გამოიკვეთა შემდეგი: პროექტი საჭიროებს როგორც ტექნიკური პირობების ცვლილებას, ასევე, საბაზრო ფასებთან შესაბამისობას. აღნიშნულიდან გამომდინარე საპროექტო ორგანიზაციასთან მიმოწერის შედეგად დადგინდა, რომ შპს „საქგზამეცნიერებას“ სპეციალისტები გამოთქვამენ თანხმობას მათ მიერ შედგენილი პროექტის კორექტირება-რედაქტირებაზე, ვინაიდან ეს მათი ექსკლუზიური უფლებაა, მხოლოდ მათ შეუძლიათ შეცვალონ ეს პროექტი“, – აღნიშნულია ბათუმის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს განაცხადში.
საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანას მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება. შესაბამისად, დროში გადაიწევს სატენდერო პროცედურები, ხოლო ბარცხანის ხიდზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება, დიდი ალბათობით, გაიზრდება.
„გთხოვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოგვცეთ თანხმობა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით (ექსკლუზიური უფლებამოსილება) გავაფორმოთ ხელშეკრულება შპს „საქგზამეცნიერებასთან“, ვინაიდან მხოლოდ ამ მიმწოდებელს შეუძლია განახორციელოს ეს ცვლილებები, როგორც პროექტის ავტორმა“, – აღნიშნულია ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში. ამ წერილის სააგენტოში განხილვის ბოლო ვადა 2019 წლის 4 ივლისია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, შეკვეთილში მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილე ერთი პირი – ბათუმელი მინდია ადაძე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა მას დახმარება აღმოუჩინა და ის ამ წუთებში [21:40] ქობულეთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გია აბულაძის თქმით, მოშიმშილეს „წნევა ჰქონდა მაღალი და შაქარი დაუვარდა“. მდგომარეობის გათვალისწინებით სამედიცინო ჯგუფმა მისი გადაყვანა საავადმყოფოში აუცილებლად მიიჩნია.
გია აბულაძის ინფორმაციით, შეუძლოდაა ასევე კიდევ ერთი მოშიმშილე – დათო შავაძე, რომელსაც ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, თუმცა ის საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ.
მინდია ადაძე და დათო შავაძე დღეს მე-6 დღეა, რაც შიმშილობენ.
თავდაპირველად შეკვეთილის რეზიდენციასთან ენმ-ის ხუთმა აქტივისტმა დაიწყო შიმშილობა, მაგრამ შიმშილობიდან მალევე ორ პირს პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტა მოუხდა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
შიმშილობას დღემდე აგრძელებდნენ მინდია ადაძე, დათო შავაძე და ხათუნა ბერიძე. მათ შიმშილობა 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად დაიწყეს.
დღეს, პირველ ივლისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ისევ შეიკრიბნენ აქტივისტები, რომლებიც თბილისში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და სოლიდარობას უცხადებენ პარლამენტის წინ მიმდინარე პერმანენტულ აქციებს. საპროტესტო აქციები პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა. აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ კი აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასაც ითხოვენ.
საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე ფოტო: ლელა დუმბაძის
„ქართული საზოგადოება არის ერთიანი და ჩვენი სახელმწიფოებრივი ღირსების და ჩვენი ინდივიდუალური ღირსების შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ, მით უმეტეს რუს ოკუპანტს და ყველა იმ პირს, ვინც არის ასოცირებული ამ რეჟიმთან“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე, რომელიც აბუ დაბის ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტია და ბათუმში არდადეგებზე დაბრუნდა.
„ჩვენი აქ დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, „გახარია წადი“, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მარიეტა იობიძე.
„სირცხვილია“- საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე
„ვითხოვ გახარიას გადადგომას, რადგან ის არის შს მინისტრი და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ სისხლისღვრაზე, რაც მოაწყო 20-21 ივნისს თბილისში. უნდა დამთავრდეს პოლიტიკოსობანას თამაში და მთავრობამ გაიაზროს ის, რაც ჩაიდინა. რუსი ფიგურები არ უნდა იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“, – გვეუბნება აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გოჩა სურგულაძე.
საპროტესტო აქცია -„სირცხვილია“ ბათუმის ევროპის მოედანზე ამ წუთებშიც გრძელდება.
20 ივნისის მოვლენების შემდგომ მიმდინარე საპროტესტო აქციებს ბათუმში დღესაც შეუერთდებიან.
დღეს, პირველ ივლისს, საღამოს შვიდ საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება აქცია მოთხოვნით – „გახარია უნდა წავიდეს“.
აქცია ბათუმში 29 ივნისსაც გაიმართა. საპროტესტო აქციით ბათუმელმა ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს.
„მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეში“ შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს, თუკი ხვალ, 2 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლო ბათუმის მერიის სარჩელის განხილვას დაასრულებს. ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ ზიანის ანაზღაურებას სთხოვს „იაფი სახლის“ გამო. ეს ის სახლია, რომელიც ვერ აშენდა ბათუმში.
„იაფი სახლის საქმის“ გამო დააკავეს 30 მაისს 7 მაღალჩინოსანი – პროკურატურა დაკავებულებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს, მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. ბათუმის სასამართლოში მიმდინარე ამ სისხლის სამართლის საქმის პარალელურად კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად სამართლიანად გასცა თავის დროზე, ანუ 2016 წელს საბანკო გარანტიის დადასტურება „ბაზისბანკმა“. თუ გაირკვა, რომ „ბაზისბანკმა“ არასწორად დაადასტურა საბანკო გარანტიის ნამდვილობა, ზიანის ანაზღაურებაც მას მოუწევს, რასაც ახლა მაღალჩინოსნებს ედავებიან.
ეს ამბავი 2015 წელს დაიწყო, როცა ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ მშენებლობა წამოიწყო და ტენდერი გამოაცხადა. მაშინ ტენდერი „კონვენტ ჯორჯიამ“ მოიგო. მას 4 მილიონ 279 ლარად უნდა აეშენებინა „იაფი სახლი“ ბათუმში. ხელშეკრულების გაფორმებამდე და ავანსის ჩარიცხვამდე ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საბანკო გარანტია და მისი დადასტურება მოსთხოვა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საბანკო გარანტია ბრიტანულმა Point Bank-მა მისცა, „ბაზისბანკმა“ კი – ავიზირება ანუ დადასტურება.
დავის საგანი ახლა „ბაზისბანკის“ მიერ 2016 წელს გაცემული ავიზირების დოკუმენტია, რომლითაც Point Bank-ის საბანკო გარანტიის ნამდვილობა დასტურდება. მას შემდეგ, რაც „კონვენტ ჯორჯიამ“ მერიისგან ავანსად გადარიცხული მილიონ 430 ათასი ლარი აიღო, სახლი არ ააშენა და გაუჩინარდა, ბათუმის მერიამ აღმოაჩინა, რომ საბანკო გარანტიის გამცემი ბანკი არ ყოფილა.
„დადასტურდა, რომ ეს Point Bank-ი არათუ ბანკი, არამედ სამეწარმეო საქმიანობის მქონე ორგანიზაციაც კი არასდროს ყოფილა, იგი 2006 წელს არის დაფუძნებული… „ბაზისბანკს“ თავის დროზე რომ ეთქვა, რომ ეს ბანკი რეალურად არ არის, ან ვერ გაარკვია, ბანკია თუ არა, ეს არ მოხდებოდა – აღარ გააფორმებდა მერია ხელშეკრულებას იმ კომპანიასთან, ვინც ტენდერი მოიგო,“ – აცხადებს ვახტანგ გედენიძე, ბათუმის მერიის იურისტი.
Point Bank-ი რომ ბანკი არ არის, ეს ბათუმის მერიის მიერ დაქირავებულმა ბრიტანულმა კომპანიამ „ფლექსიჯობსმა“ 2017 წელს დაადგინა. ამ კომპანიის დასკვნის მიხედვით, Point Bank – ს „არააქტიური კომპანიის კოდი აქვს“ და „არ ეწევა არანაირ სამეწარმეო საქმიანობას“.
მერიის საპასუხოდ, „ბაზისბანკი“ სასამართლოს შესაგებელში აღნიშნავს, რომ ავიზირების პროცესში მას არ დაუდგენია, ჰქონდა თუ არა საბანკო ლიცენზია Point Bank-ს.
„ბაზისბანკს“ არ მოეთხოვებოდა, არც მოუკვლევია და, შესაბამისად, არც ბენეფიციარისთვის დაუდასტურებია, ფლობდა თუ არა Point Bank-ი საბანკო საქმიანობის ლიცენზიას, რადგან გარანტიების ავიზირების პროცესში „ბაზისბანკს“ ევალებოდა და განახორციელა კიდეც მხოლოდ SWIFT-ით მიღებული შეტყობინებების ავთენტურობის დადასტურება და ადრესატისთვის მისი უცვლელად და სრულად გადაცემა“, – წერია „ბაზისბანკის“ შესაგებელში.
„ბაზისბანკი“ შესაგებელში განმარტავს, რომ მან ავიზირების პროცესში SWIFT – ის, ანუ საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ უნიფიცირებული წესების შესაბამისად იმუშავა. SWIFT -ის სისტემით „ბაზისბანკი“ უკრაინული credit Dnepr Bank-ს დაუკავშირდა. აქვე წერია, რომ უკრაინულმა ბანკმა საბანკო გარანტიის ნამდვილობის შესახებ ინფორმაცია მოსკოვში დაფუძნებული Rico Trust-გან მიიღო, რუსულმა ბანკმა კი, მიიღო დადასტურება Point Bank-ისგან.
სასამართლოს შესაგებელში არ წერია, რატომ ვერ დაუკავშირდა უშუალოდ „ბაზისბანკი“ Point Bank-ს, რომელმაც საბანკო გარანტია მისცა კომპანიას, რომელსაც ბათუმში „იაფი სახლი“ უნდა აეგო.
„რატომ არ გამოჩნდა ამ სისტემაში ის, რომ Point Bank-ი ბანკი არ არის, არ ვიცი… როგორც ვიცი, არსებობს კონკრეტული გასაღები, რითაც ამოწმებენ კონკრეტული ბანკის მონაცემებს. „ბაზისბანკი“ ამბობს, რომ მას არაფრის ნამდვილობის დადგენა არ ევალებოდა. შემდეგ გვწერს, რომ ამ უკრაინული ბანკის ნამდვილობა დაადგინა. ჩვენთვის ამოსავალია საბანკო გარანტიის ნამდვილობა. ნამდვილობა კი ნიშნავს იმას, რომ გარანტია გაცემული იყოს ბანკის ან საფინანსო ინსტიტუტების მიერ. „ბაზისბანკმა“ ისე გააკეთა ავიზირება, რომ ეს არ გაურკვევია,“ – აღნიშნავს ბათუმის მერიის იურისტი, ვახტანგ გედენიძე.
რას გულისხმობს ავიზირება, რაზეც მხარეები სასამართლოში დავობენ? – კანონმდებლობაში ეს ტერმინი და არც საბანკო გარანტიის ნამდვილობის დადასტურება არ გვაქვს. იურისტებმა გვითხრეს ისიც, რომ მსგავსი დავა აქამდე სასამართლოში არ ყოფილა და ამ კუთხით პრეცედენტული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება.
„ბაზისბანკი“ სასამართლო შესაგებელში წერს: „ავიზირება გულისხმობს მეავიზის [ანუ შეტყობინების მიმღები მხარის] ან მეორე მეავიზე მხარის მიერ საერთაშორისო ბანკთაშორისო საფინანსო სატელეკომუნიკაციო არხის SWIFT-ის საშუალებით მიღებული ავიზირების შეტყობინებების [გარანტიების] გადაცემას იმავე შეტყობინებაში მითითებული ადრესატისთვის ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებების აღების გარეშე…“
ბათუმის მერიის იურისტი კი, იშველიებს ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომს – ნინო ჭიპაშვილის „საბანკო გარანტია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო უნიფიცირებული წესების მიხედვით“, სადაც წერია: „ავიზირების მხარე ატყობინებს ბენეფიციარს, რომ გარემოების შესაბამისად ის ნათლად დარწმუნდა გარანტიის ნამდვილობაში და რომ გაგზავნილი შეტყობინება ზუსტად ასახავს იმ გარანტიას, რაც მიიღო ავიზირების გამცემმა…“
როგორია ამ ყველაფერზე ეროვნული ბანკის პოზიცია, რომელიც ადგენს წესებს კომერციული ბანკებისთვის?
„ტერმინი „ავიზირება“ სამართლებრივ დონეზე არ არის განმარტებული ქართულ კანონმდებლობაში და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტებში. შესაბამისად, საბანკო სექტორში ავიზირება ხორციელდება უშუალოდ კომერციული ბანკების მიერ მოქმედი პრაქტიკის და გამოცდილების მიხედვით,“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის წერილში, რომელიც ასევე დევს სასამართლო საქმეში.
„ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სხვადასხვა კომერციული ბანკისგან. მოგვწერეს და სასამართლოსაც დაუდასტურეს, რომ ავიზირების პროცესში, პირველ რიგში, ადგენენ ბანკის ნამდვილობას. ზოგიერთი ბანკი ავიზირების პროცესში ადგენს საბანკო გარანტიის გამცემი ბანკის რეიტინგსაც,“ – დასძენს ბათუმის მერიის იურისტი.
საბანკო გარანტიის ნამდვილობის დამოწმება „ბაზისბანკს“ „კონვერტ კორჯიამ“ სთხოვა. უცნობია, რა დაუჯდა ეს კომპანიას.
რატომ იხდის კომპანია ფულს ავიზირებაში, თუკი ამ დოკუმენტის არსებობის მიუხედავად, საბანკო გარანტიის გამცემი შესაძლოა ბანკი საერთოდ არ აღმოჩნდეს? – ამ და სხვა კითხვებით „ბაზისბანკს“ მივმართეთ, სადაც განმარტებებს დაგვპირდნენ. ჩვენ პასუხის მიღებისთანავე გაგაცნობთ „ბაზისბანკის“ პოზიციას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ბათუმის მერიამ „ბაზისბანკის“ წინააღმდეგ სარჩელით 2018 წლის 5 ნოემბერს მიმართა.
ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ იმ მგზავრებს, რომელთაც ბილეთი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგიდან საქართველოსკენ გამოსაფრენად ჰქონდათ ნაყიდი, სთავაზობს ბილეთის უფასოდ გადაცვლას მაგადანის მიმართულებით ან ბილეთის უკან დაბრუნებას თანხის ანაზღაურებით. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ფეისბუქგვერდზეა განთავსებული.
მაგადანი ქალაქია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ამავე სახელწოდების ოლქში. სწორედ აქ მდებარეობდა ყველაზე სასტიკი საბჭოთა შრომა-გასწორების ბანაკი, „გულაგი“, რომელშიც 1930-1956 წლებში დაახლოებით 1, 6 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
accuweather.com-ის მონაცემებით, მაგადანში ივლისის დასაწყისში საშუალო ტემპერატურა 10-12 გრადუსია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.
ურალის ავიახაზებს ფეისბუქმომხმარებლები ეხმიანებიან. „ეს რა, ვირუსული მარკეტინგია? ბათუმის, ზღვისა და მზის ნაცვლად მაგადანში წასვლა? რატომ არა გულაგში?!“ „მაგადანი? სერიოზულად?“ – წერენ კომპანიის ფეისბუქგვერდზე.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს იმ პედაგოგების საყურადღებოდ, რომლებმაც ვერ მოასწრეს განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების ატვირთვა, გამოქვეყნება ან არასწორად ატვირთეს დოკუმენტები.
ცენტრის განცხადებით, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, 2019 წლის 8 ივლისის ჩათვლით eFlow-ში წერილობითი მიმართვის საფუძველზე გეძლევათ შეცდომების გასწორების საშუალება.
ცენტრი განიხილავს შემდეგი ტიპის დარღვევებს:
[checklist]
დოკუმენტაცია ატვირთულია ელექტრონულ სივრცეში, მაგრამ არასწორ ველში;
დოკუმენტაცია ატვირთულია, მაგრამ არ არის გამოქვეყნებული;
დოკუმენტაცია არ აიტვირთა ტექნიკური პრობლემის გამო (აღნიშნული გადამოწმდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში).
[/checklist]
ცენტრის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ კვლევის ეთიკა არის დარღვეული, მაგალითად, ატვირთულია ბავშვების სურათები, ან სახელები და გვარები, რაც იძლევა მონაწილეების იდენტიფიცირების საშუალებას, აღნიშნული კვლევა ფასდება უარყოფითად.
ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ერთ ველში ატვირთული არის ორი ან მეტი აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგალითად, ორი რესურსი, ორი გაკვეთილი) და სკოლის შეფასების ჯგუფს ტექნიკურად აქვს საშუალება, აქტივობის გასწვრივ დააფიქსიროს ჯამური შეფასება.
განათლების კოალიციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება – „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანი მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება.
მასწავლებლებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები, ასევე, მოწვეული ექსპერტები დაეხმარებიან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. „მასწავლებლების მონაწილეობით მომზადდება ვიდეორგოლები, ბროშურები და გზამკვლევი კრიტიკული აზროვნების შესახებ“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების კოალიცია 2013 წელს ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. „კოალიციის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში“.
დღეს, 1 ივლისს, აჭარაში 6 ადამიანს – ფატყუმე გელაძეს, ფატი საგინაძეს, შადიე ცეცხლაძეს, ნინა შაინიძეს, აიშე დეკანაძეს და ამირან ბოლქვაძეს ასი წელი შეუსრულდა. მათგან ხუთი ქალია და ერთი კაცი. ყველა მათგანი ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
ბოლო ხუთი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კაცი ასი წლის გახდა. აჭარაში ასი ან ას წელს გადაცილებული სულ 34 ადამიანი ცხოვრობს. 33 ქალი და 1 კაცი. მათგან ყველაზე უხუცესი 114 წლისაა.
100 წლის ნინა შაინიძე. ცხოვრობს სოფელ ყინჩაურში. ჰყავს 5 შვილი, 21 შვილიშვილი, 44 შვილთაშვილი და შვილთაშვილიშვილი.
100 წელს გადაცილებულ ადამიანებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 1000 ლარს გადასცემს.
ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ პაქსაძეების მოსახლეობამ დღეს, პირველ ივლისს, პროტესტის ნიშნად ხულოს ცენტრალური გზა გადაკეტა.
მოსახლეობა ადიგენისა და გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გზის მოწესრიგებას მოითხოვს. მათი განცხადებით, ამ მიმართულებით ზამთარში გადაადგილება შეუძლებელია.
„ყველა არჩევნების წინ მთავრობა გზის რეაბილიტაციას გვპირდება, თუმცა უშედეგოდ“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებთან იმყოფება ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე შეხვდა.
„მერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გზის კეთილმოწყობა უმოკლეს ვადაში დაიწყება“.
ამ დაპირების შემდეგ მოსახლეობამ გზის გადაკეტილი მონაკვეთი გაათავისუფლა. ისინი ამბობენ, რომ თუ მერი დანაპირებს არ შესრულებს, მოსახლეობა აქციებს გააგრძელებს.
სოფელ პაქსაძეების მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ხულოს ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა
პირველი ივლისიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო.
2020 წლის პირველ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მიღება შეუძლიათ პირებს, თუ:
მათ სახელზე 2019 წლის პირველ ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული;
მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019 წლის პირველ ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის პირველ ნოემბრამდე;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
რეგისტრაციიდან არიან მოხსნილნი, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და აქციის ფარგლებში დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, აქვთ გაუქმებული პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან კონკრეტულ მისამართზე;
რეგისტრირებულნი არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.
აქციით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. სურვილის შემთხვევაში საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც 2021 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი.
მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 32 2 40 10 10.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პირადობის ელექტრონული მოწმობა 3 020 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მასში 3 მილიონზე მეტი დაზუსტებული მონაცემია. მათგან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 1 630 000-მდე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
ბათუმის მერიის პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ კონკურსის სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი „ბათუმის ფრანების ფესტივალია“, რომელმაც ბათუმელებისგან 336 ხმა მიიღო. იდეის ავტორი ლაშა კუკულაძეა.
„Batumi Kite Festival პირველი ფესტივალია საქართველოში, რომელსაც შავიზღვისპირეთში ანალოგი არ გააჩნია. მსგავსი ფესტივალის ჩატარება საქართველოში არის ახალი კულტურული მოვლენა“, – ნათქვამია იდეის დასაბუთებაში.
ფრანების ფესტივალი პირველად 2018 წელს ჩატარდა. „საზოგადოების მაღალმა აქტივობამ და დადებითმა შეფასებამ გადაგვაწყვეტინა ფესტივალს ყოველწლიური, ტრადიციული ხასიათი მიეცეს“.
ფრანების ფესტივალი ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, სანაპიროს ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს აგვისტო-სექტემბერში. „Batumi Kite Festival ორდღიანი ფესტივალია, რომლის დროსაც გაიშვება სხვადასხვა სახის და ზომის კლუბი KiteDreams – ის კუთვნილი 30 000 ლარის ღირებულების 100-მდე ფრანი: გიგანტური ჯადოსნური თევზი, დიდი მეგა ბურთები, დელტები, რვაფეხები, გულები და ა.შ.
ფრანების ფესტივალი
იდეის ავტორის თქმით, ფესტივალი ასევე გაფორმებული იქნება სხვადასხვა სახის და ზომის ბანერებითა და დროშებით. „იმისათვის, რომ ფესტივალი უფრო სანახაობრივი გახდეს, აუცილებელია ყოველწლიურად მოხდეს სხვადასხვა ზომისა და დიზაინის ფრანების შეძენა“.
„შენი იდეა ბათუმს“ კონკურსის გამარჯვებული პროექტია „ნატვრის ხე“, რომლის ავტორი თამთა ჯინჭარაძეა. პროექტმა 287 ხმა მიიღო. პროექტის ბიუჯეტი 40 ათასი ლარია. აღწერის მიხედვით, „ნატვრის ხე“ ბათუმის ცენტრალურ პარკში უნდა დაიდგას.
„ნატვრის ხე“
იდეების კონკურსის გამარჯვებულია წარწერა „ბათუმი“, რომელიც იდეის მიხედვით ბათუმგორაზე უნდა განთავსდეს. პროექტის დასაბუთებაში წერია, რომ წარწერის განთავსება „ტურისტებისა და ბათუმელებისთვის ულამაზესი სანახაობა იქნება, ქართული და ლათინური ასოებით დაწერილი ბათუმი, შუაში ბათუმის ლოგოთი. განსაკუთრებით ღამით“.
ანბანის სიმაღლეს 3,5 მეტრია, ხოლო სიგანე – 37 მეტრი. იდეის ავტორი თეონა კეშელევაა, იდეამ 352 ხმა მიიღო. პროექტებზე ხმის მიცემა სპეციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს.
წარწერა ბათუმგორაზე „ბათუმი“.
გამარჯვებული პროექტების დამტკიცება დაგეგმილია დღეს პირველ ივლისს, საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე.
მომხმარებლებს, რომლებსაც ანაბრის გახსნა სურთ, შესაძლებლობა აქვთ, ტერაბანკის ახალი შეთავაზებით ისარგებლონ და 12-თვიან დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი მიიღონ.
სიახლე ტერაბანკის ორ პროდუქტზე — ვადიან ანაბარსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ იგი პორტირების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, რომელსაც ამჟამად მომხმარებლებს ქართულ საბანკო სივრცეში მხოლოდ ტერაბანკი სთავაზობს. ახალი პირობების შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სხვა ბანკში გახსნილი დეპოზიტით ტერაბანკში დანაკარგის გარეშე დაპორტირდეს. პორტირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მათ ტერაბანკი აუნაზღაურებს. აღნიშნული პირობა 2019 წელს გახნილ დეპოზიტებზე ვრცელდება.
„ეს არის შეთავაზება, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, თანხა არა მარტო საუკეთესო პირობებით დაზოგონ, არამედ 12-თვიან ანაბარზე ყველაზე მაღალი სარგებელი და დამატებითი საჩუქრებიც მიიღონ. ამავდროულად, დეპოზიტების პორტირება, რომელიც ქართული საბანკო ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული შეთავაზებაა, მათ კიდევ უფრო მეტად მოქნილ არჩევანს სთავაზობს“, – აღნიშნავენ ტერაბანკში.
მომხმარებლებს, რომელთა ანაბრის ოდენობა 3,000-დან 10,000-მდე ერთეული იქნება, ტერაბანკისგან საჩუქარად ვიზა კლასიკს გადაეცემათ, ხოლო თუ ანაბრის თანხა 10, 000 ერთეულს გადააჭარბებს, ანაბრის ვადა კი — მინიმუმ 12 თვეს შეადგენს, ისინი
უფასოდ ვიზა გოლდს მიიღებენ. ორივე შემთხვევაში მომხმარებლები SMS დიჯიპასიანი ინტერნეტბანკით დასაჩუქრდებიან. შეთავაზებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტერაბანკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 55 00
6 ივლისს ბათუმში, სპორტის ახალ სასახლეში, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციის ეგიდით, სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი – KOKKAI OPEN CUP 2019 გაიმართება. აღნიშნულ ტურნირზე მოწვეულია ყველა ის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუმოს აქტიური ფედერაცია.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის, უნგრეთის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთისა და იტალის სუმოს ფედერაციები, ასევე, ქართველი სპორტსმენები.
„საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია ევროპიდან პირველი სუმოისტია, რომელმაც იაპონიაში 12 წელი იასპარეზა და სუმოს ელიტაში ღირსეული ადგილი დაიკავა. მას მთელი იაპონია და ევროპა საასპარეზო სახელით KOKKAI – თი იცნობს, რაც თავის მხრივ ითარგმნება, როგორც შავი ზღვა. სწორედ ამიტომ სიმბოლურია, რომ ტურნირი იმართება ბათუმში, რაც კიდევ უფრო ამაღლებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას,“ – ვკითხულობთ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.
6 ივლისს ტურნირი დილის 10:00 საათზე დაიწყება და საღამოს 19:00 საათამდე გაგრძელდება.
ტურნირის ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციას ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციისგან აქვს შემოთავაზება, მომავალ წელს საქართველო ჩაჯდეს სარეიტინგო სიაში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ყოველ წელს, ევროპის მასშტაბით, ყველა აქტიური სპორტსმენი ჩამოვა საქართველოს სარეიტინგო ტურნირზე, ხოლო 2021 წელს დაგეგმილი სუმოს ევროპის ჩემპიონატი, დიდი ალბათობით, ჩატარდება საქართველოში.
დღეს, პირველ ივლისს, ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები დღეს პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. 2019 წლის ეროვნულ გამოცდაზე 41 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. წელს საქართველოს უნივერსიტეტები 41 ათასამდე სტუდენტის მიღებას აპირებენ. ცენტრის ინფორმაციით, 2500-მდე ადგილი კი ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზეა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო სექტორები აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, ასევე სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
„10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17-24 ივლისს კი გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება“, – ნათქვამია ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ბათუმის პარაოლიმპიური კომიტეტი 2012 წელს შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა სახეობის სპორტული ჯგუფები არიან გაერთიანებული და სადაც 20-მდე შშმ პირი ვარჯიშობს. პარაოლიმპიურ თამაშებში ჩართულ პირებს ამპუტირებული აქვთ კიდურები, აქვთ მხედველობის, სმენის პრობლემები, თუმცა ამ ადამიანებისთვის აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა სპორტსმენებისთვის.
ათამდე პარასპორტსმენი თამაშობს ფეხბურთს. ერთ-ერთი, სოსო გოგიტიძე აგვისტოს ომის მონაწილეა. სხვებმა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიიღო მძიმე ტრავმა, რის გამოც კიდურები დაკარგეს.
ანდრეი სლეპტსოვმა 5 წლის ასაკში ელექტროტრავმა მიიღო და ორივე ხელი დაკარგა. ამბობს, რომ ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში საკუთარი თავი და შემდეგ ოჯახი, ასევე ახლობლები და მეგობრები დაეხმარნენ.
ანდრე სლეპტსოვი პარასპორტსმენი
„სახლში ჩაკეტვა აზრადაც არ მომსვლია, ეს ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა“, – გვეუბნება ანდრეი. მისი აზრით, საკუთარი თავი არასდროს არ უნდა შეზღუდო. „გამოწვევებთან ბრძოლას ცხოვრება გვასწავლის“, – ამბობს ის.
ანდრეი მეკარეა. სპორტი ადრეც და დღესაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისთვის და ბავშვობაში მიღებული ტრავმის მიუხედავად, აქტიურად ცხოვრობს.
ზვიად დუმბაძეც პარასპორტსმენია. როგორც გვიყვება, ტრავმა რვა წლის ასაკში მიიღო. „ბენზინის მანქანა აფეთქდა და კიდური დავკარგე. ოთხი თვე ისე ვცხოვრობდი, რომ არ ვიცოდი რა უბედურება შემემთხვა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ფეხი მქონდა მოტეხილი“, – გვეუბნება ზვიადი. ის იმ დღეებს იხსენებს, როცა პირველად მოუწია პროთეზის გამოყენება. „ცრემლები მომადგა, ვერ წარმოვიდგინე, რომ ამით სიარულს შევძლებდი. რაღაც მომენტში უარი ვთქვი სიარულზე, შემდეგ გადავლახე ეს ბარიერიც და მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა“, – გვეუბნება ის.
ზვიადი ამბობს, რომ ტრავმამ გარკვეულწილად მისი ცხოვრება უკეთესობისკენაც შეცვლა, „ეს ტრაგედია რომ არა, დღეს ალბათ სულ სხვა ცხოვრებით ვიცხოვრებდი, სხვა მენტალობით და სხვა გარემოში. ვფიქრობ, სპორტმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა“.
2011 წელს ზვიადი მშვილდოსნობით დაინტერესდა და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. არის მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი, 2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული აჭარის ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებში.
ამბობს, რომ ფეხბურთი მისთვის უფრო ჰობია, მშვილდოსნობას კი უფრო სერიოზულად უყურებს და აპირებს, რომ ტოკიოს ოლიმპიადისთვის ლიცენზია მოიპოვოს. „მინდა უფრო მეტ შედეგებს მივაღწიო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე“.
ზვიადის აზრით, დღეს შშმ პირების ხილვადობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, უფრო მეტად ჩანან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა ცნობიერება ამ მხრივ მაინც ასამაღლებელია და უფრო მეტია სამუშაო იმ მშობლებთან, ვისაც შშმ შვილები ჰყავთ, რომ ხელი შეუწყონ მათი ბავშვების რეალიზებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას.
ზვიად დუმბაძე პარასპორტსმენი
„მქონია შემთხვევები, როცა მშობლებს დაუმალავთ შვილები, რომ არავის ენახა, რა პრობლემა ჰქონდათ ბავშვებს, ეს არასწორია. ყოველთვის უნდა მოძებნო საკუთარ თავში ძალა, რომ ცხოვრება გააგრძელო და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდე.
გერმანიაში, შტუდგარდში ვიყავი ჩემპიონატზე და იქ ვნახე ამერიკელი, რომელსაც არც ერთი ხელი არ ჰქონდა და ფეხით ისროდა მშვილდს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითი იყო და ამის შემდეგ მივხვდი, რომ უფლება არ მქონდა, ბრძოლა შემეწყვიტა“, – გვეუბნება ზვიადი.
ბავშვობაში, ათი წლის ასაკში დაკარგა ფეხი 27 წლის გიორგი ალიშანიძემ. „ბავშვობაში მამას ტყეში გავყევი, ტრაქტორი გადაბრუნდა და ფეხზე დამეცა. მას შემდეგ ასე ვარ“, – გვიყვება თავის ისტორიას გიორგი.
ამბობს, რომ ტრავმამ მისი ცხოვრება შეცვალა. „მშობლები მეუბნებოდნენ, თუ გინდა სახლში დარჩიო, მაგრამ მე სახლში ჯდომას სკოლაში სიარული ვარჩიე. ასე უფრო დავძლევდი ჩემს პრობლემას, გულს გადავაყოლებდი. დარდსა და ნერვიულობას აზრი არ აქვს, ამით არაფერი იცვლება და მეც შევეგუე“, – გვეუბნება გიორგი ალიშანიძე.
გიორგი სოფელ დაგვადან დადის ბათუმში ფეხბურთის სათამაშოდ. „სოფელში თამაშს ვერ ვახერხებ, რომ გავიგე ასეთი გუნდი არსებობდა ბათუმში, გადავწყვიტე მევლო. ახლა სპორტი ჩემი ცხოვრების წესია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, – გვეუბნება ის.
გიორგი ალიშანიძე პარასპორტსმენი
ნუგზარ ჯიჯავაძე 64 წლისაა. ფეხი ოთხი წლის წინ, ავარიის შედეგად დაკარგა. ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ფეხბურთს ითამაშებდა, თანაც კიდურის გარეშე.
„ახალგაზრდობაში დავდიოდი სპორტზე, ვჭიდაობდი და ველოსპორტითაც ვიყავი დაკავებული, თუმცა შემდეგ – ნაკლებად. ამ ყველაფერმა მომცა ძალა, ცხოვრება ისევ გამეხადა საინტერესო“, – გვეუბნება ის.
ნუგზარ ჯიჯავაძე ამბობს, რომ სპორტი არა მარტო ჯანმრთელობა, არამედ სტიმულია, რომ დაივიწყო პრობლემები. „არც ერთ შეხვედრას არ ვაცდენ, ყველა თამაშს ვესწრები და სახლშიც ვვარჯიშობ.
ჯანმრთელი როცა ხარ, სპორტს არაფერი სჯობს, თუმცა შეზღუდვის შემთხვევაშიც აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. ახალგაზრდა პარასპორტსმენებიც გვყავს, 12 წლის ბიჭიც გვყავს გუნდში, უჭირს და ვცდილობ, გავამხნევო“, – გვეუბნება ის.
ნუგზარ ჯიჯავაძე პარასპორტსმენი
პარასპორტსმენები ამბობენ, რომ წარმატებები აქვთ და სხვადასხვა ქალაქში გასვლა შეჯიბრების დროს მათ სტიმულს აძლევს.
„გვაქვს გარკვეული ხელშეწყობა, თუმცა უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლება“, – გვეუბნებიან პარაოლიმპიელები.
აჭარის განათლების სამინისტროს სპორტის დეპარტამენტი პარაოლიმპიურ კომიტეტს 12 ათასი ლარით აფინანსებს. ასევე, ფეხბურთის ფედერაცია პერიოდულად უფინანსებს მივლინებებს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს.
ფრიდონ ხალვაშის გამზირი არ არის ერთადერთი გამონაკლისი ბათუმის ქუჩებს შორის, რომელიც წვიმის დროს იტბორება. ამ ქუჩაზე ინტენსიური მოძრაობა და ვაჭრობაა.
30 ივნისს ერთ-ერთმა მოქალაქემ, ტროტუარზე წყლის დონე რომ დაკლებულიყო, კუსტარული „სატუმბი სადგური“ მოაწყო. ამ „სადგურით“ გზაზე დაგუბებული წვიმის წყალი გვერდით მდებარე ნაკვეთში იტუმბებოდა.
„გაუმარჯოს საქართველოს! რუსეთი ოკუპანტია“ – ეს შეძახილები ორ საათზე მეტ ხანს ისმოდა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის ცენტრში 30 ივნისს, სადაც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც შეუერთდნენ.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამ ფორმით ცდილობენ გერმანიას და ევროპას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია და ოკუპატმა არამარტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია განახორციელა, არამედ დღითი დღე წევს საზღვრებს და მცოცავი ანექსია მსოფლიოს ყურადღების მიღმა რჩება.
გერმანიისათვის უჩვეულო სიცხის, +35 გრადუსის მიუხედავად, დემონსტრანტები დიდი შემართებით იდგნენ და ესაუბრებოდნენ გამვლელებს, რომლებიც ინფორმაციას არა მარტო სიტყვით გამომსვლელთაგან იღებდნენ. ქართული ცეკვა პატარა ქართველებმა შეასრულეს. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა სიამაყით და საქართველოს დიდი მონატრებით შესრულეს საქართველოს ჰიმნი გერმანის ყველაზე დიდი მიწის დედაქალაქში.
ბათუმში, არდაგანის ტბის დაბინძურების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ტბა, წვიმის დროს სანიაღვრე არხებიდან ბინძურდება, ხოლო მშრალ ამინდში დაჭაობებას იწყებს. ტბის დაჭაობების მიზეზი, ამ დრომდე დაუდგენელია და ამ კუთხით მას არავინ იკვლევს.
არდაგანის ტბის ერთადერთი „მეპატრონე“ დღეს „ბათუმის წყალია“, რომლის თანამშრომლები ბადეებით თუ სპეცტექნიკით ტბის ზედაპირს თითქმის ყოველ დღე წმენდენ შლამისა [მშრალ ამინდში] თუ იმ ნარჩენებისგან, რომელიც ტბაში სანიაღვრე არხებიდან ხვდება [წვიმის დროს].
28 ივნისის წვიმის დროს ტბა, ძირითადად, ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი სანიაღვრე არხით დაბინძურდა. ეს არხი მოძველებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. ამ არხის რეაბილიტაცია და ტბასთან სატუმბი სადგურის მშენებლობა, ბათუმის მერიის გეგმით, 2020 წლის მარტში უნდა დასრულდეს.
„დემოკრატიის ინსტიტუტი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს „ყოფილიპატიმრების, პატიმართაოჯახებისადაპრობაციონერებისმხარდაჭერისპროგრამას“საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობას მცირე ბიზნესის წახალისების გზით, ტრენინგ-სემინარებში ჩართვას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, უფასო იურიდიულ კონსულტაციებსა და სამედიცინო დახმარებას, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
პროგრამის მიმდინარებისას ბენეფიციარები აღნიშნავენ, რომ ყველაზე რთული პრობლემა მათთვის დასაქმებაა, თუმცა რამდენიმე მათგანმა პროექტის დახმარებით და მათივე მონდომებით შეძლო დაეძლია არასასიამოვნო დამოკიდებულება, რაც ხშირად საზოგადოებას კანონთან კონფლიქტში მყოფების მიმართ აქვთ – ამ ბენეფიციარებმა საკუთარი საქმე უკვე იპოვეს და ყველა მათგანს მიაჩნია, რომ მიუხედავად ბევრი სირთულისა, რესოციალიზაციის გზაზე მთავარი ძალისხმევაა, რაც აუცილებლად უნდა გამოიჩინონ ყოფილმა პატიმრებმა გათავისუფლების შემდეგ.
62 წლის ფოთოლა ლაგვილავამ საპატიმროში 7 წელი გაატარა და აღკვეთილი თავისუფლების წლები ხელსაქმეს დაუთმო. ახლა ხისგან ჩარჩოებს, სკამებს და საქანელებს ამზადებს, ქარგავს, ქსოვს და თექაზე მუშაობს. ნამუშევრებს ყიდის და ეს მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამბობს, რომ 300-ლარიან სამსახურს ასე შრომა ურჩევნია – მეტსაც გამოიმუშავებს და დროსაც საკუთარი სურვილით ანაწილებს.
ფოთოლა ლაგვილავა
ხის დასამუშავებელი დაზგის შეძენაში „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ დაეხმარა. ცხოვრობს რძალთან და შვილიშვილებთან ერთად, პენსიასთან ერთად 62 წლის ყოფილი პატიმრისთვის ხელსაქმე მნიშვნელოვანი ფინანსური სიძლიერეა.
ბორის მაისურაძე 37 წლისაა და საპატიმროში 15 წელი გაატარა. მთელი ეს დრო კინოლოგიური ლიტერატურის შესწავლას მოანდომა და ციხიდან გამოსულს უკვე უამრავი ინფორმაცია ჰქონდა. ცხოველბი ბავშვობიდანვე უყვარდა. გათავისუფლების შემდეგ ცხოველთა თავშესაფარში დაიწყო მუშაობა მოხალისედ, მერე კი კინოლოგი და ძაღლების ინსტრუქტორი გახდა. ახლა მისი საყვარელი საქმიანობა ძაღლების სეირნობა, მათთან თამაში და წვრთნაა.
ბორისი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართვას აპირებს, რისი საშუალებითაც ის კინოლოგისთვის საჭირო ინვენტარს შეიძენს.
ბორის მაისურაძე
გრიგოლ მახარაძე მუსიკოსია, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჰობი – მუსიკა მისთვის პროფესიად იქცა: ხმის ჩამწერი აპარატურა შეიძინა და ოზურგეთში მეგობართან ერთად სტუდია მოაწყო. ოცნებობს საქართველოს სხვადასხვა სოფელსა და რაიონში კონცერტები ჩაატაროს, ზაფხულობით ბათუმის კლუბებშიც იწვევენ მუსიკალურ საღამოებზე, გრიგოლი ამბობს, რომ შეძლო და ახლა იმას აკეთებს რისი კეთებაც სულ უნდოდა.
გრიგოლ მახარაძე
35 წლის გიორგი თორდია მოპედებითაა გატაცებული, გათავისუფლების შემდეგ ყოფილმა პატიმარმა გადაწყვიტა, სახელოსნო მოეწყო და მოპედები, სკუტერები აეწყო – ეს მისი საყვარელი საქმიანობაა და იმასაც ამბობს, რომ ღამით სიზმარშიც კი მოპედებს ხედავს. გიორგის გაუმართლა და მოპედები საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ამიტომ მომხმარებლები მის სახელოსნოს არ აკლია და საქმე სულ აქვს.
გიორგი თორდია
ალექს წეველიძემ მხედველობა ციხეში დაკარგა, 42 წლის უსინათლო ყოფილ პატიმარს ჟოლოსა და კენკრის მეურნეობა აქვს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში და ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფინანსურ დახმარებაზე მცირე ბიზნესის წასახალისებლად უარს ამბობს, ფიქრობს, რომ ეს რესურსი მასზე უფრო ამჯერად სხვებს სჭირდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსი ვერ ხედავს, ახერხებს ყველგან მიმოსვლას, ამაში მეგობრები ეხმარებიან: უსინათლოთა კავშირის ალტერნატიული ორგანიზაცია დააარსა წლების წინ, სადაც არამხოლოდ უსინათლოები არიან გაერთიანებულები.
სპეციალური, ხმოვანი პროგრამების დახმარებით ალექსი შეუფერხებლად სარგებლობს ინტერნეტით, წერს პროექტებს და უვლის მეურნეობას.
ალექს წეველიძე
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
თურქეთში ლგბტქ თემს სოციალურ მედიაში ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს იმ მუნიციპალიტეტების მერიებმა, სადაც 2019 წლის არჩევნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვა.
„სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს“ – ვკითხულობთ ბოდრუმის მერიის ოფიციალურ გვერდზე ტვიტერზე; „სიყვარული გაიმარჯვებს“ – წერს ქემალფაშას მერია; „სამყარო მშვენიერია ყველა ფერით“ – ედირნეს მერია; „ვისურვებდი მომავალ წელს ერთად გაგვევლო“ – წერს იზმირის მერი. ჯამში, თურქეთის 20-მდე ქალაქის მერიის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ლგბტქ თემის მხარდამჭერი ტვიტი ჰეშთეგით – #Pride2019.
წყარო: twitterწყარო: twitterწყარო: twitter
ასევე, ლუდის კომპანია „ბომონტმა“ საგანგებოდ ცისარტყელას ფერებით ბრენდირებულ ბოთლში ჩამოასხა ლუდი.
წყარო: twitter
წელს პრაიდის გამართვა სტამბულში იგეგმებოდა, თუმცა სტამბულის გუბერნატორმა, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის კადრია, ორგანიზატორებს პრაიდის ჩატარების ნებართვა არ მისცა.
პრაიდი სტამბულში 2003 წლიდან იმართება, ბოლო ხუთი წელია პრაიდის ჩატარების უფლებას ლგბტქ თემს ხელისუფლება არ აძლევს, თუმცა თემის წევრები მაინც გამოდიან ქუჩაში. შარშან ათასამდე ადამიანი სტამბოლის ცენტრში ლგბტ დროშებითა და ტრანსპარანტებით გამოვიდადა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზების ფონზე სპეციალური განცხადება წაიკითხეს, რომლითაც ლგბტ თემის მიმართ მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკეს.
ბათუმში, ბარგატიონისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაზე, გზა ჩავარდა. ამ ადგილას კომპანია „ევროლუქსი“ 21-სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, გზის ჩავარდნა საძირკვლის ამოთხრის პროცესს მოჰყვა.
გზა შემოსაზღვრულია ამკრძალავი ლენტით. ასფალტი დაბზარულიასათამაშო მოედნის ნაწილი ჩაწეულიაჩამოშლილია ბორდიური ნაწილი
კომპანია „ევროლუქსში“ გზის ჩავარდნის მიზეზად უამინდობას ასახელებენ.
„აქ არის ჭაობი და სახლის მდგრადობისთვის, საფუძვლის ხარისხისთვის, საჭიროა მთლიანი ჭაობის ამოღება. ჩვენ 9 თვის განმავლობაში ვმუშაობთ და აქამდე არ მომხდარა ჩამოშლა. უამინდობამ და წყალმოვარდნამ გამოიწვია ეს, ვერ გაატარა წყალი ნიადაგმა და მოხდა მისი დამძიმება, რამაც გამოიწვია ჩამოშლა. 9 მეტრი რომ ამოღებული გექნება, საფუძველი, რა თქმა უნდა ჩამოვარდება. თუ გინდა სახლის საფუძველი კარგად გააკეთო, მაშინ უნდა იმუშაო ხარისხიანად. უკვე მოვიტანეთ ნიშნულები, მივიღეთ ბაგრატიონის ქუჩის შეზღუდვის ნებართვა, ჩამოგვაქვს თბილისიდან ნიშნულები, რომლებიც შეზღუდვას გააკეთებენ. ვმუშაობთ ამ ეტაპზეც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. მშენებლობაზე სხვა საქმე არ მიმდინარეობს, გარდა უსაფრთხოების ნორმებისა“ – გვითხრა გელა კახიძემ, კომპანია „ევროლუქსის“ წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას.
გზის ნაწილი ჩავარდნილია ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზეც, სადაც კომპანია „DS ჯგუფი“ აწარმოებს მშენებლობას.
ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე გზის ჩამოშლასთან დაკავშირებით საქმისწარმოება მიმდინარეობს.
„თითქმის ყოველ დღე დავდივართ მაგ ობიექტზე, ობიექტს არ ვაძლევთ მშენებლობის გაგრძელების საშუალებას. სათამაშო მოედნის დაახლოებით ნახევარი „ევროლუქსის“ საკუთრებაა. პირველ რიგში უსაფრთხოების ღობე უნდა ყოფილიყო, ანუ ადამიანის მოხვედრა იმ ტერიტორიაზე არ შეიძლება. ობიექტის მშნებელობა შეჩერებულია იმ დრომდე, სანამ არ კომპანია არ გამოასწორებს [ხარვეზებს] და სანამ უსაფრთხოება არ იქნება ბოლომდე დაცული“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.
რაც შეეხება „DS ჯგუფის“ მშენებლობასთან ჩამოშლილი გზის მონაკვეთს, ირაკლი მოქიას თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.