განათლება,მთავარი,სიახლეები

წითელი ყელსახვევი ანუ საბჭოთა აჩრდილი სკოლებში

17.09.2019 • 2964
წითელი ყელსახვევი ანუ საბჭოთა აჩრდილი სკოლებში

საჯარო სკოლებში, პერიოდულად, სხვადასხვა კონტექსტში ჩნდება ხოლმე წითელი ყელსახვევი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დროინდელი მოსწავლის სიმბოლოა. საბჭოთა ეპოქაში ამ სიმბოლოს გარეშე მოზარდების სკოლაში ყოფნა დაუშვებელი იყო. საბჭოთა მოსწავლე ვალდებული იყო, ყოველდღე ეტარებინა ალისფერი ყელსახვევი. ასევე მოსწავლეები ატარებდნენ საბჭოთა ბელადის გამოსახულებიან გულსაბნევს.

16 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა გადაწყვიტა, რომ მისი მოსწავლეები წითელი ყელსახვევებით დაესაჩუქრებინა. წითელი ყელსახვევი მან გოგონებს მოახვია, ბიჭებს კი ლურჯი ყელსახვევები გაუკეთა.

პედაგოგის ამ ინიციატივაზე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პარალელი მაშინვე გაავლო საბჭოთა პიონერის სიმბოლოსთან. მასწავლებელი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ მისი იდეა არ იყო საბჭოთა წარსულთან კავშირში, რომ უბრალოდ მოსწონს ეს ფერი (ბორდოსფერი) და ამიტომ გადასცა მოსწავლეებს საჩუქრად ყელსახვევები. პედაგოგი ამბობს, რომ არ უფიქრია, თუ ვინმე წითელ ყელსახვევს საბჭოთა სიმბოლოსთან გააიგივებდა.

ამავე წლის მაისში მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის პირველკლასელებს შემოახვიეს ალისფერი ყელსახვევი და კითხვის ნიშნები მაშინაც გაჩნდა. დამრიგებელი მაშინაც თავის მართლების პოზიციაში ჩადგა და ამბობდა, რომ „არ უფიქრია თუ  პიონერის ყელსახვევად აღიქმებოდა“ წითელი ყელსახვევი.

ისევ მაისში იყო შემთხვევა, როცა ოზურგეთის წმ. გაბრიელის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში მოსწავლეებს საბჭოთა წარსულის სადიდებელი სიმღერა ამღერეს. ამ შემთხვევაშიც ითქვა, რომ ღონისძიება საბჭოთა სისტემის გაშარჟებას ემსახურებოდა, თუმცა სიმღერის ტექსტი პოზიტიურად წარმოაჩენს სტალინს და გურიის განვითარებას სწორედ მას უკავშირებს.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუქის გამოხმაურებებიც აჩვენებს, რომ ზოგიერთ პედაგოგს საბჭოთა წარსულისადმი ნოსტალგია ჯერ კიდევ აქვს. „მერე რა, ჩვენ რომ გვეკეთა ყელსახვევი, ამით რა დაშავდა,“ – ეს დამოკიდებულებები ნათლად აჩვენებს, რომ განათლების სისტემა ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულა საბჭოთა სკოლის აჩრდილისგან.

განათლების სპეციალისტი, კოალიცია „განათლება ყველასთვის – საქართველო“ პოლიტიკის ანალიზის ოფიცერი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის წევრი რევაზ აფხაზავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საბჭოთა რეჟიმის მიმართ ნოსტალგიური დამოკიდებულებები პედაგოგთა გარკვეულ ნაწილში ისევ არსებობს, მაშინ როცა ქართული სკოლის ერთ-ერთი ამოცანა საბჭოთა იდეოლოგიისგან გათავისუფლებაა: „სკოლა უნდა იყოს ფლაგმანი ამ საქმეში, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ თანამედროვე, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი და უნდა დავამთავროთ ჩვენშიც და მომავალ თაობაშიც საბჭოთა კავშირი.

მე არ ვიცნობ ამ კონკრეტულ პედაგოგს, ვინც ყელსახვევი გაუკეთა პირველკლასელებს და გამიჭირდება მის შინაგან მოტივაციაზე საუბარი, მაგრამ, ზოგადად, ეს ტენდენცია არის, რადგან საბჭოთა იდეოლოგია ძალიან მყარად იყო გამჯდარი 70 წლის განმავლობაში და ხდებოდა მისი კულტივირება.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, მათ შორის პედაგოგებიც, რომლებსაც აქვთ არაადეკვატური ნოსტალგიური დამოკიდებულებები საბჭოთა წარსულის მიმართ,“ – გვეუბნება რევაზ აფხაზავა.

მისი თქმით, შესაძლოა ამ კონკრეტულ პედაგოგს მართლაც არ გაუვლია პარალელი საბჭოთა წარსულთან, მაგრამ „ჩვენმა მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში, სადაც  საბჭოთა რეჟიმი არსებობდა, ამაზე ექნებათ მგრძნობელობა ადამიანებს და  კარგიცაა, რომ არ გვსიამოვნებს ასეთი გამოვლინებები,“ – დასძენს ის.

რევაზ აფხაზავას თქმით, წითელი ყელსახვევი პიონერთან ასოცირდება პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამიტომ პედაგოგები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ.

„სკოლაში მასწავლებლობა არ ნიშნავს მარტო საგნის სწავლებას, იქ ხდება მოქალაქის აღზრდა და შენ თვითონ, როგორც მასწავლებელი, თუ არ აღიარებ იმ ღირებულებებს, რასაც სახელმწიფო, მაშინ შენ ვერც გადასცემ ამ ღირებულებებს სხვა ადამიანს. კარგად უნდა გაარკვიონ ადამიანებმა, მათ შორის მასწავლებლებმაც, რას ემსახურებიან თავისუფალ, დემოკრატიულ, ქართულ საზოგადოებას, თუ საბჭოთა იდეოლოგიას. თუ პედაგოგი არ იქნება თანამედროვე დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი და რაიმე ბმა ექნება საბჭოთა წარსულთან, ან იქნება შოვინისტი, დისკრიმინაციის მატარებელი და ასე შემდეგ, ასეთი პედაგოგების ადგილი სკოლაში არ არის“.

რევაზ აფხაზავას თქმით, მასწავლებელი თვითონ უნდა იყოს როლური მოდელი და მაგალითი დემოკრატიული ღირებულებების.

„მაგრამ ვხედავთ ადამიანებს რას წერენ ფორუმებში, ფეისბუქში, რაც სამწუხაროდ აჩვენებს, რომ საბჭოთა ნოსტალგია ჯერ კიდევ არსებობს გარკვეულ პედაგოგებში. ამიტომ დირექცია, საზოგადოება უნდა იყოს ყურადღებით, რომ ჩვენ მომავალ თაობას არ დავუმახინჯოთ მსოფლმხედველობა,“- ამბობს ის.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მანანა რატიანსაც ესაუბრა. მისი თქმით, საგანმანათლებლო სივრცეში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სასწავლო მიზნის მისაღწევად, რომ ეპოქის გასააზრებლად. „სხვა შემთხვევაში, არამცთუ მიუღებელია, კანონითაც დაუშვებელია“.

მანანა რატიანის თქმით, სამწუხაროდ, არის ღირებულებითი პრობლემები სკოლებში. ქობულეთის სკოლის შემთხვევაზე კი შესაბამისმა კომისიამ უნდა იმსჯელოს და რეაგირებაც მოახდინოს.

„იმედია, ეს მომხდარი უკანასკნელი იქნება და ჩვენ მეტი ინიციატივა გვექნება ევროპული ღირებულებების დამკვიდრების მიმართულებით. გვქონდა პროექტი „ევროპა ჩვენს გაკვეთილზე“, რომლის ფარგლებში ჩაუტარდათ პედაგოგებს სხვადასხვა ტრენინგი და გამოიცა საგანმანათლებლო რესურსიც,“ – ამბობს მანანა რატიანი.

მისი თქმით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთობლივი ყოველწლიური კონფერენცია „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“, ემსახურება ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას სკოლაში, ამ ტიპის აქტივობებში პედაგოგების ჩართვა ნებაყოფლობითია.

„წლევანდელი ეროვნული კონფერენციის თემატიკა და რამდენიმე ტრენინგი ღირებულებით განათლებაზეა მომზადებული და უკვე ოქტომბერში შევთავაზებთ ყველა მასწავლებელს,“ – ამბობს მანანა რატიანი.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/228468/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: