მთავარი,სიახლეები

„ადვოკატებს მოწმის დისკრედიტაცია სურთ“ – პროკურორი „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

16.09.2019 •
„ადვოკატებს მოწმის დისკრედიტაცია სურთ“ – პროკურორი „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„სადაა დოკუმენტი, სადაც გაწერილია სატენდერო კომისიის ვალდებულება, რომ მას უნდა მოეთხოვა საბანკო ამონაწერი?“ – ეს კითხვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე დაუსვა აუდიტორ ჰენრი სანიკიძეს.

დღეს, 16 სექტემბერს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა „მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე“ აუდიტორის ჩვენება მოისმინა. აუდიტის დასკვნა მთავარი მტკიცებულებაა ამ საქმეში.

სასამართლო პროცესზე ადვოკატების საპასუხოდ მოწმის სახით დაბარებულმა მთავარმა აუდიტორმა, ჰენრი სანიკიძემ რამდენჯერმე თქვა, რომ შესაძლოა, ყველაფერი გაწერილი არ იყოს ნორმატიულ აქტებში, მაგრამ საჯარო მოხელეებს ჰქონდათ „თანხის გადარჩენის ვალდებულება“.

აუდიტორის ამ პასუხის შემდეგ ადვოკატი რამინ პაპიძე მიიჩნევს, რომ აუდიტს კომპეტენცია აკლია, ან ის მიზანმიმართულად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

„გაირკვა, რომ აუდიტის დასკვნა გაცემულია არასწორად, ეს მოხდა მიზანმიმართულად და არაკომპეტენტურად. დასკვნაში ისეთი ფაქტებია მიჩნეული დარღვევებად, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. აუდიტორი ამბობს, რომ ყალბი საბანკო ამონაწერი წარმოადგინა კონკურსანტმა და მიზანმიმართულად არ გაუკეთეს დისკვალიფიკაციაო. კანონით, კომისიას არ ევალებოდა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა მოეთხოვა კომპანიისთვის. აუდიტის დასკვნა არ ეყრდნობა კანონის მოთხოვნებს. ჩვენ საჯარო მოხელეების ქმედება უნდა შევაფასოთ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და არა მორალური და ადამიანური მოქმედების ფარგლებში. მტკიცებულება, რომელიც არის საკმარისი პროკურატურის აზრით, ვერ გამოდგება ბრალის დასადასტურებლად,“ – გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ შესვენების დროს.

აუდიტორმა შესვენების დროს ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. საქმის პროკურორმა, რამაზ შავაძემ კი თქვა, რომ ადვოკატებს „მოწმის დისკრედიტაცია სურთ“. პროკურორს ვთხოვეთ დაესახელებინა კონკრეტებული სამართლებრივი აქტები, რის დასახელებასაც ადვოკატები სთხოვდნენ სასამართლო პროცესზე აუდიტორს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში არის გაწერილი საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებები, სისხლის სამართლის საქმეში არის შესაბამისი ტენდერის დოკუმენტაცია, არსებობს „შესყიდვების შესახებ“ კანონი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა იყოს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ამას შესაბამის შეფასებას მისცემს სასამართლო,“ – ამბობს პროკურორი რამაზ შავაძე.

კიდევ ერთი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე კი საქმეში არსებულ რუსულენოვან დოკუმენტზე ამახვილებს ყურადღებას. საუბარია, ბათუმის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანდართულ დოკუმენტაციაზე.

„საქართველოში სამართალწარმოების ენა არის ქართული. სხვა ენაზე წარმოდგენილი მტკიცებულება არის დაუშვებელი მტკიცებულება, რომელსაც ვერ დაეფუძნება გამამტყუნებელი განაჩენი…“ – ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

პროკურორ რამაზ შავაძის თქმით კი,  კონკრეტული რუსულენოვანი დოკუმენტები გამოძიების ეტაპზე ითარგმნა ქართულ ენაზე და საქმეში დევს.

„სასამართლოში დღეს დაბარებულმა მოწმემ თქვა ის, რომ აუდიტის შემოწმებაში რამდენიმე აუდიტორი მონაწილეობდა, მათ შორის, იყო აუდიტორიც, რომელსაც რუსული განათლება გააჩნია და მან მიიღო აღნიშნული დოკუმენტის შემოწმებაში მონაწილეობა,“ – გვითხრა რამაზ შავაძემ.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/214616/

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: